თანამედროვე დრამა "წერეთლის" სკვერში - "ღმერთს ვეხვეწები, მე მომკლას, ოღონდ დედაჩემს და ჩემს შვილს ჭერი გაუჩინოს" - კვირის პალიტრა

თანამედროვე დრამა "წერეთლის" სკვერში - "ღმერთს ვეხვეწები, მე მომკლას, ოღონდ დედაჩემს და ჩემს შვილს ჭერი გაუჩინოს"

ერთ სკამზე მობინადრე სამი თაობის ტრაგედია

ბებია, დედა და შვილიშვილი ოთხ თვეზე მეტია, რაც მეტრო "წერეთლის" სკვერში ცხოვრობენ, სხვა თავშესაფარზე ოცნებაც აღარ შეუძლიათ. მათ შესახებ ახლობელმა გამაგებინა, - სამ ქალს ზეზეულად ეძინა ერთ სკამზეო.

წავედი და არ დამხვდნენ. პოლიციელმა სკვერის მოპირდაპირე კორპუსისკენ მიმითითა, - შუადღისას მზე ისე აცხუნებს, აქ ვერ ძლებენ და იმ კორპუსის ეზოში გადადიანო.

ასე შევხვდი დღევანდელი ცხოვრების ხიზნებს.

მათგან ყველაზე ახალგაზრდამ ცრემლმორეულმა მთხოვა, - ფოტოს ნუ გადამიღებ, ყველაფერი კი დავკარგე, მაგრამ სირცხვილის გრძნობა დამრჩა, უნივერსიტეტის მეგობრები ამომიცნობენ და თავს მოვიკლავო.

ამის თქმაზე სკამზე ჩამოძინებულმა მისმა მოხუცმა ბებიამ თვალი გაახილა და ატირდა, - ასე რატომ დავისაჯეთო...

თანამედროვე დრამა თამარ კოკაიამ ტირილით მიამბო...

- ჩვენ, სამივენი - დედაჩემიც, ჩემი შვილიც და მეც სულ ამ კითხვას ვუტრიალებთ - როგორ, რატომ მივედით აქამდე... თუმცა, დედაჩემი და ჩემი შვილი რა შუაში არიან, ყველაფერში მე ვარ დამნაშავე, ჩემ გამო დაკარგეს ჭერი...

მე გავუმწარე სიბერე დედაჩემს, დავუნგრიე მომავალი შვილს. ხუთი თვეა, ქუჩაში ვცხოვრობთ და ვის დავემალებით?

ღმერთს ვეხვეწები, მე მომკლას, ოღონდ დედაჩემს და ჩემს შვილს ჭერი გაუჩინოს...

- რა მოხდა...

- წერეთლის პროსპექტზე ოროთახიანი ბინა დედაჩემმა მუხლჩაუხრელი შრომით მიიღო. რაც შემეძლო, მეც ვშრომობდი, ორი გოგონა გავზარდე და თავი არ დამიზოგავს, რომ გზაზე დამეყენებინა... ჭკვიანი ბავშვები არიან, განათლებაც მიიღეს, ურჩნი არასდროს ყოფილან, ნეტავ ყოფილიყვნენ და იმ საშინელი გადაწყვეტილების მიღებისას შემწინააღმდეგებოდნენ, რომ ბინა იპოთეკარისთვის არ მიმეცა...

- ასეთი რა გაგიჭირდათ, რომ თქვენი შვილების ჭერი იპოთეკარს ანდეთ?!

- საბავშვო ბაღში ვმუშაობდი მზარეულად. ქალურმა დაავადებამ სისხლისგან დამცალა. ოპერაციის ფული სამი შვილის პატრონმა დეიდაშვილმა გამომიტანა ბანკიდან. ფეხზე რომ წამოვდექი, სხვას ხომ არ გავაუბედურებდი, - 240 ლარი ხელფასი მქონდა და 210 ლარს ბანკში ვიხდიდი. დედის პენსიის ამარა დავრჩით. ასე ცხოვრება შეუძლებელი იყო. ერთმა შვილმა ოჯახი შექმნა, მეორემ სამსახური ვერ იშოვა.  ამასობაში ჩემმა ნათესავმა მითხრა, - თამარ, ხომ იცი, ჩემს ახლობელს წარმატებული ბიზნესი აქვს, ახლა რესტორანს ხსნის და ფული სჭირდება. ჩადე შენი ბინა იპოთეკაში და ფული კანონიერად, ნოტარიუსით მიეცი სესხად, ის თავისი ბიზნესით არა მარტო იპოთეკარის სესხს გადაიხდის, ყოველთვიურ მოგებასაც მოგცემს და თავს ირჩენო. დავყაბულდი. იპოთეკარმა სესხად 18 000 დოლარი მომცა. სესხი კანონმდებლობით გავაფორმე და გული დავიმშვიდე.

- და "წარმატებულმა ბიზნესმენმა" სესხი არ გაისტუმრა, იპოთეკის ვალს კი დამატებით პროცენტებიც ემატებოდა და ემატებოდა.

- და ეს ხდება ისე, რომ ჩემნაირები აზრზეც ვერ მოდიან, რა შავ დღეს უმზადებენ თაღლითები. ვიჩივლე, მაგრამ რა ხეირი?! ამასობაში კი უფრო მეტ უბედურებაში გავეხვიე, - ასეთ დროს თითქოს ადამიანს ბოროტი მართავს, თორემ გონზე რომ ვყოფილიყავი, ბინას გავყიდდი, იპოთეკარს თავისას მივცემდი და რაც დამრჩებოდა, იმ ფულით სარდაფში მაინც ვიცხოვრებდი. მე კი ამის ნაცვლად

ბინა მეორე იპოთეკარს 22 000 დოლარად მივეცი, ამ ფულით პირველი იპოთეკარი გავისტუმრე და სულ დავიღუპე.

ბინა კიდეც რომ გამეყიდა, გროშებიც აღარ დამრჩებოდა. ასე აღმოვჩნდი ქუჩაში...

- ნუთუ ახლობელი არავინ გყავთ, ვინც დროებით შეგიფარებდათ?

- ერთხანს გათხოვილ შვილთან ვცხოვრობდით. მერე მივხვდი, თუ მისი ბინიდან არ წამოვიდოდით, ჩემს მეორე შვილსაც გავაუბედურებდი. მას შემდეგ აქ ვართ. წერეთლის მეტროს სკვერში გათენებამდე სამივე ერთმანეთს მივეყრდნობით, ასფალტზე რომ არ გადავვარდეთ. ერთ ღამეს დედას ისე ჩაეძინა, რომ 84 წლის უძლური ქალი მთელი ძალით დაენარცხა მიწას. სულ დაჟეჟილია. ფეხები ისე დაუსივდა, რომ ექიმთან გამიხდა წასაყვანი. წამლის ფული კი ძნელი საშოვნელია. ექიმმა - შარდმდენი უნდა სვასო, მაგრამ ტუალეტამდე ხშირ-ხშირად მისვლა არ შეუძლია...

დედაჩემს რომ მაინც მიიღებდეს მოხუცთა თავშესაფარი, ღმერთს მადლობას შევწირავ, მაგრამ გვეუბნებიან, ადგილი არ გვაქვსო.

ჩემი შვილი მეგობართან მიდის დასაბანად, მაგრამ ღამით არ რჩება, რომ არ შეაწუხოს... აღარაფრის იმედი აღარ გვაქვს. თუკი ქუჩაში სიკვდილი გვიწერია, ღმერთს ვთხოვ, მარტო ჩემთან მოვიდეს და ჩემს შვილს და დედას საშველი გამოუჩინოს...