"ომი" გზებზე - როდის დასრულდება "მარშრუტკების"რბოლა წესების გარეშე - კვირის პალიტრა

"ომი" გზებზე - როდის დასრულდება "მარშრუტკების"რბოლა წესების გარეშე

გასულ კვირას მივლინებით კახეთში გამგზავრებამ მომიწია. გადაჭარბებული ნათქვამი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მე და ჩემი ფოტოგრაფი სიკვდილს რამდენჯერმე სასწაულებრივად გადავურჩით. გადატვირთულ მაგისტრალზე მიკროავტობუსის მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მიგვაქროლებდა და რამდენჯერმე სერიოზული საავარიო სიტუაციაც შექმნა. თუმცა მგზავრების შენიშვნებისა და უკმაყოფილო შეძახილებისთვის ყურადღება არ მიუქცევია და არც სიჩქარის შენელებაზე უფიქრია.

მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა, გაუმართავი ტრანსპორტი, გადაჭარბებული სიჩქარე და სამთავრობო უწყებების არაკოორდინირებული მუშაობა - ეს ის ძირითადი ჩამონათვალია, რომელსაც ექსპერტები ავარიის გამომწვევ მიზეზებად ასახელებენ. ზაფხულში საგზაო მოძრაობა უფრო ინტენსიური გახდა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებმა იმატა. სამწუხაროდ, უმეტესობა ფატალურად და მძიმე ტრავმებით დასრულდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევებმა 30%-ით მოიმატა.

დავით მესხიშვილი, საქართველოს გზებისა და ტრანსპორტის ასოციაციის“ხელმძღვანელი:

- საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების გამართულობაზე პასუხისმგებლობა იმ ავტოსადგურებს ეკისრება, საიდანაც კონკრეტული მარშრუტი გადის. ისინი დარღვევებზე თვალს ხუჭავენ. სატრანსპორტო მოძრაობაზე ზედამხედველობა სახმელეთო ტრანსპორტის ეროვნულ სააგენტოსაც ევალება. თუმცა სააგენტო არაფერს აკეთებს.

როგორ შეიძლება კუსტარული გზით, ბუნებრივ აირზე გადაყვანილი ან ტაბურეტჩადგმული მიკროავტობუსით მგზავრების გადაყვანა? აღარაფერს ვამბობ გადაჭარბებულ სიჩქარეზე, რის გამოც უამრავი ადამიანი დაიღუპა. "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის თანახმად, მიკროავტობუსმა 80 კმ/სთ სიჩქარით უნდა იმოძრაოს. ჩვენს მძღოლებს კი 120კმ/სთ სიჩქარით დაჰყავთ. შედეგად, მკვეთრად მოიმატა ავარიით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ. საგანგაშო სიტუაციაა!

შალვა ოგბაიძე, თბილისის საკრებულოს წევრი: - ამ სისტემას ერთიანი მაკონტროლებელი ორგანო არა ჰყავს. პრაქტიკულად, ამ სფეროში გამეფებულია "მე არ მეხებას" პრინციპი. ეს არის უბედურება.

- მძღოლებში არ არის პრობლემა? გადაჭარბებული სიჩქარით საავარიო სიტუაციებს ქმნიან და საკუთართან ერთად მგზავრების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებენ.

- პრაქტიკულად, სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს მოთხოვნა, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მძღოლობის პრეტენდენტი. მეორე პრობლემაა გადაკეთებული ავტომობილები, სამარშრუტო ტაქსებში სავარძლები ისეა ჩაყენებული, რომ უმნიშვნელო საგანზე დაჯახების შემთხვევაშიც კი მგზავრის უსაფრთხოება დაცული არ არის.

- სამგზავრო ტრანსპორტი პრაქტიკულად ტექდათვალიერების გარეშე მუშაობს...

- ამ საკითხს ხელისუფლება პოლიტიკური მიზნისთვის იყენებს. სააკაშვილმა ტექდათვალიერება გააუქმა, რასაც წინასაარჩევნოდ ოსტატურად იყენებდა...

საგზაო-სატრანსპორტო სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ სახმელეთო ტრანსპორტის ეროვნულ სააგენტოშიც ადასტურებენ. როგორც სააგენტოში განმარტეს, ამ მიმართულებით მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები მუშავდება და პრობლემის მოგვარება კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ამასობაში კი ჩვენს გზებზე ნამდვილი ომია გაჩაღებული, რასაც ყოველდღიურად ერთი ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა მაინც ეწირება.

შემზარავი სტატისტიკა

შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტისა და მთავრობის სახელზე საგანგებო მიმართვა გაავრცელეს:  "საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს განსაკუთრებით საგანგაშოა ბავშვების, ახალგაზრდების ტრავმატიზმისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც მრავალი ქართული ოჯახის ტრაგედიის მიზეზი გახდა. რამდენიმე ფაქტის გახსენებაც საკმარისია სამწუხარო რეალობის წარმოსადგენად: 21თებერვალს აგარა-გომის მონაკვეთზე გარდაიცვალა დედა და 2 ჩვილი ბავშვი; 21 მაისს ორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად;  25 მაისს ორი ბავშვი და ერთი ქალბატონი დაიღუპა სენაკი-ფოთის საავტომობილო გზაზე, სოფელ ჭალადიდში; 28 მაისს კახეთში ავარიის შედეგად სკოლის  3 მოზარდი და ერთი მასწავლებელი დაშავდა; 29 მაისს, დაბა ჩაქვში, ავტო-ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გარდაცვლილია  მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ქალბატონი, 1 აგვისტოდან 3 აგვისტოს ჩათვლით გარდაიცვალა 13 ადამიანი".

სალომე გოგოხია