მაკულატურა - კვირის პალიტრა

მაკულატურა

"კვირის პალიტრის" რუბრიკაში, "დააგემოვნე", საშუალება გაქვთ გაეცნოთ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის გამოცემულ მხატვრულ ლიტერატურას. ამჯერად გთავაზობთ ამონარიდს  ჩარლზ ბუკოვსკის  წიგნიდან  "მაკულატურა"

კაბინეტში ვიჯექი ჩემთან, იჯარას ვადა გაუვიდა და მაკელვის გამოსახლების პროცედურა წამოეწყო უკვე. ჯოჯოხეთურად ცხელოდა, თან კონდიციონერიც გაფუჭებული იყო. ბუზი გამოხოხდა მაგიდაზე, მეც გაშლილი ხელი გავუქანე და ფაფუ, გავიყვანე თამაშიდან. მერე ხელისგული შარვლის მარჯვენა ტოტზე შევიხოცე და ტელეფონმაც დარეკა.

ყურმილი ავიღე.

- ალო!

- სელინი წაგიკითხავთ? - მკითხა, ქალი იყო. საკმაოდ სექსუალური ხმა ჰქონდა. ბოლო დროს არ მყოლია არავინ. ბოლო დროს რა, ბოლო წლები.

- სელინი, მმმ... - ავლუღლუღდი.

- სელინს ვეძებ, - მითხრა მან, - მჭირდება.

აუ, რა ხმა ქონდა, ჭკუიდან გადავყავდი პირდაპირ.

- სელინი? მიამბეთ რამე მის შესახებ, მელაპარაკეთ, ქალბატონო, არ გაჩერდეთ...

- დუქანი შეიკარით.

დაბლა დავიხედე.

- როგორ მიხვდით?

- რა მნიშვნელობა აქვს. სელინს ვეძებ.

- სელინი მკვდარია.

- არა, არ არის. მინდა მოძებნოთ, მჭირდება.

- და ცარიელი ძვლები რომ დამხვდეს?

- არა, სულელო, ცოცხალია.

- სად არის?

- ჰოლივუდში. მითხრეს, რედ კოლდოვსკის წიგნის მაღაზიასთან ტრიალებს ხოლმეო.

- კი მაგრამ, თვითონ რატომ არ მოძებნით?

- პირველ რიგში, იმიტომ, რომ მინდა, ზუსტად ვიცოდე, მართლა სელინია თუ არა. დარწმუნებული უნდა ვიყო აბსოლუტურად.

- რაღა მე დამირეკეთ? ასობით მაძებარია ქალაქში.

- ჯონ ბარტონმა მირჩია თქვენი თავი.

- ოჰ, ბარტონმა გირჩიათ? მოკლედ, მისმინეთ, ავანსი მჭირდება და პირადად უნდა შეგხვდეთ აუცილებლად.

- ხუთ წუთში მანდ ვიქნები, - მითხრა და ყურმილი დაკიდა.

მე დუქანი შევიკარი.

ლოდინი დავიწყე.

შემოვიდა.

იმის თქმა მინდა, ნაღდი უსამართლობა იყო რა. კაბა ისე ჰქონდა მომდგარი, ლამის ნაკერებზე გადამსკდარიყო. იმსიმაღლე ქუსლებზე იდგა, იფიქრებდით, ოჩოფეხები წამოუცვამსო. მთვრალი ინვალიდივით მოქანაობდა ოთახში. ღვთაებრივი, თავბრუდამხვევი სხეული ჰქონდა.

- დაბრძანდით, ქალბატონო, - შევიპატიჟე.

ისიც დაჯდა და ფეხი ფეხზე ისე გადაიდო, კინაღამ თვალი გამომთხარა.

- მიხარია, რომ გაგიცანით, ქალბატონო.

- რას მომშტერებიხართ. ისეთს ვერაფერს ნახავთ, რისთვისაც აქამდე არ მოგიკრავთ თვალი.

- ცდებით. შეიძლება გავიგო, რა გქვიათ?

- ქალბატონი სიკვდილი.

- ქალბატონი სიკვდილი? ცირკიდან ხართ? თუ კინოდან?

- არც ერთიდან და არც მეორიდან.

- დაბადების ადგილი?

- რა მნიშვნელობა აქვს.

- დაბადების წელი?

- არ გამოგდით ხუმრობა...

- რა ხუმრობა, ცნობების შეგროვებას ვცდილობ.

ავირიე როგორღაც და ფეხებზე დავუწყე ყურება. ჩემთვის ფეხებიდან იწყება ყველაფერი. აბა როგორ, დაბადებისას ხომ ჯერ ფეხები დავინახე. ოღონდ მაშინ გამოძვრენას ვცდილობდი. მას მერეა, სულ პირიქით ვცდილობ, მაგრამ დიდი წარმატებით-მეთქი, ვერ დავიკვეხნი.

თითები გაატკაცუნა.

- ჰეი, გამოფხიზლდით.

- ა? - ავხედე.

- სელინზე ვლაპარაკობდით, გახსოვთ?

- დიახ, რა თქმა უნდა.

ქაღალდის სამაგრი გავხსენი და იმით ვანიშნე.

- ჩემი სამსახური თუ გინდათ, ჩეკი დამჭირდება.

- ცხადია, - გამიღიმა იმან, - რამდენს იღებთ?

- ექვს დოლარს საათში.

ჩეკების წიგნაკი ამოიღო, გაჯღაბნა რაღაცა, ამოხია ფურცელი და გადმომიგდო. მაგიდაზე დაეცა, ავიღე. 240 დოლარიო. ამდენი ფული, 1988 წელს ჰოლივუდის პარკში კუში რომ დავსვი, მას მერე არ მენახა.

- დიდი მადლობა, ქალბატონო...

- სიკვდილო, - მიკარნახა.

- მართალია, - ვუთხარი მე, - ახლა ცოტა რამე ამ ეგრეთ წოდებულ სელინზეც მითხარით. რაო, რა წიგნის მაღაზიაო?

- რედის მაღაზიაში დაეხეტებოდა, ათვალიერებდა წიგნებს... ფოლკნერი თუ გაქვთო, კარსონ მაკალერსიო, ჩარლზ მენსონიო...

- წიგნების მაღაზიაში დაეხეტებოდა, არა? მმმ...

- დიახ, ხო იცით რედი. როგორ უყვარს თავისი მაღაზიიდან ხალხის გაყრა. კაცმა ათასი დოლარიც რომ დახარჯოს და მერე ერთი-ორი წამი ისე გაჩერდეს, რედი აუცილებლად მივა და ეტყვის: `რატომ ჯანდაბაში არ წახვალთ?“ კარგი ბიჭია რედი, ცოტა ახირებულია თორე... მოკლედ, სულ ასე აგდებს სელინს; ისიც მუსოსთან მიდის ხოლმე ბარში, დაჯდება იქ და ცხვირ-პირი ჩამოსტირის. გავა ორი დღე, მიბრუნდება ისევ რედთან და ყველაფერი თავიდან იწყება.

- სელინი მკვდარია. ჰემინგუეისთან ერთად მოკვდა, ერთ დღეს ერთი მოკვდა, მეორე დღეს - მეორე. ოცდათორმეტი წლის წინ დაიხოცნენ.

- ჰემინგუეი ვიცი. ჩემთანაა.

- დარწმუნებული ხართ, რომ ჰემინგუეია?

- დიახ, დარწმუნებული ვარ.

- მაშინ რანაირად ხართ დარწმუნებული, რომ ეს სელინი ნამდვილი სელინია?

- სულაც არ ვარ დარწმუნებული. რატომღაც ვერაფერი მოვუხერხე მაგ კაცს, აქამდე მსგავსი არაფერი დამმართვია. მგონი, მეტისმეტად დიდხანს შევრჩი ამ საქმეს. ჰოდა, ამიტომაც მოვედი თქვენთან. ბარტონმა მითხრა, თავისი საქმე კარგად იცისო.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ნამდვილი სელინი ცოცხალია? და მაგიტომაც გჭირდებათ?

- ძალიან, პატარავ.

- ბილეინი. ნიკ ბილეინი.

- კარგი, ბილეინ. მოკლედ, ასი პროცენტით დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ეს ნამდვილი სელინია და არა ვიღაც ნაჩქარევად გაკეთებული ორეული. მასეთები თავზე საყრელად არიან.

- აბა, აბა.

- მოკლედ, საფრანგეთის უდიდესი მწერალი მჭირდება. ისედაც დიდხანს ვიცადე.

მერე ადგა და გავიდა. ჩემს სიცოცხლეში მაგისაზე მაგარი უკანალი არ მინახავს. აი, რანაირად უნდა აგიწეროთ, ვერაფრით მოვახერხებ. ახლა თავი დამანებეთ, ამ უკანალზე უნდა ვიფიქრო.

მეორე დღეც გათენდა.

მე ჩემი გამოსვლა გავაუქმე პალმ-სპრინგსის სავაჭრო პალატის წინაშე. წვიმდა. წყალი ჩამომივიდა. ჭერში გამოატანა - წკაპ, წკუპ, წკაპ, წკუპ, წკაპ, წკუპ, წკაპ, წკუპ, წკაპ, წკუპ, წკაპ, წკუპ, წკაპ, წკუპ, წკაპ, წკუპ, წკაპ...

კბილს კბილზე ვაცემინებდი, ეგ იყო, საკე მშველოდა ცოტა. მშველოდა რა, არ ვიყინებოდი თორე. 55 წლის კაცს წესიერი ჭერი არ მქონდა თავზე, რომ წვიმა არ ჩამომსვლოდა. სულ მაფრთხილებდა მამაჩემი, სადმე არკანზასში ვიღაცის პარმაღთან ამოგხდება სულიო. თუმცა მოიცდიდა ეგ საქმე. ავტობუსები ყოველდღე დადიოდნენ იქით. მაგრამ, ჯერ ერთი, ავტობუსები კუჭში მკრავენ, მეორეც, შანსი არ არი, მანდ აყროლებულწვერიან, მხვრინავ ბებრუხანებს არ გადაეყარო. ჯობდა, ისევ სელინის საქმისთვის მიმეხედა.

სელინი სელინი იყო თუ სხვა ვინმე? ეგ კი არა, ხანდახან მე ვინ ვიყავი, ის არ მახსოვდა. მოკლედ, მე ნიკ ბილეინი ვარ. ოღონდ ძალიანაც ნუ მენდობით. ხომ შეიძლება, უცებ ვიღაცამ დამიძახოს: `ეი, ჰარი! ჰარი მარტელ!“ ჰოდა, სავსებით შესაძლებელია, მეც გავეპასუხო: `ჰო, რა იყო-მეთქი". იმის თქმა მინდა, ნებისმიერი ვინმე შეიძლება ვიყო - რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვიქნები ან რა მერქმევა, თორე კი.

რა უცნაური რამეა, არა, ცხოვრება?! ბეისბოლის გუნდში ყოველთვის ბოლო კაცად მირჩევდნენ, იცოდნენ, ისე მოვცხებდი იმ დედანაქაჩ ბურთს, დენვერი უკან მორჩებოდა. შურიანი ლაწირაკები იყვნენ და მეტი არაფერი.

ძალიან ნიჭიერი ვიყავი, ვიყავი რა, ვარ. ხანდახან საკუთარ ხელებს რომ დავხედავდი, ვხვდებოდი, შემიძლია, დიდი პიანისტი ან რამე ეგეთი გამოვიდე-მეთქი. არადა, რაზე ცდებოდნენ ეს ხელები? ყვერებს მფხანდნენ, ჩეკებს წერდნენ, თასმებს მიკრავდნენ, ტუალეტს რეცხავდნენ და ა.შ. და ა.შ. მეც ვიბანდი ხელებს, ტვინსაც ვირეცხავდი.

ვიჯექი და მაწვიმდა.

დარეკა ტელეფონმა. საგადასახადოს ძველი ქვითრით გავამშრალე ყურმილი, ავიღე.

- ნიკ ბილეინი გისმენთ, - ვუთხარი მე. ვაიდა, ჰარი მარტელი ვიყავი, მერე?

- ჯონ ბარტონი გელაპარაკებათ, - მითხრა ხმამ.

- დიახ, რეკომენდაცია გაგიწევიათ, დიდი მადლობა.

- თვალყურს გადევნებთ ხოლმე. ნიჭიერი ხართ. ცოტა გაუთლელიც, მაგრამ ერთგვარად გიხდებათ კიდეც ეგ გაუთლელობა.

- სასიამოვნოა ამის მოსმენა. ცუდად მიდის საქმე.

- თვალყურს გადევნებდით. მოგვარდება ყველაფერი, ოღონდ ცოტაც უნდა გაუძლოთ.

- მართალია. რით შემიძლია გემსახუროთ, მისტერ ბარტონ?

- წითელ ბეღურას ვეძებ.

- წითელი ბეღურა რაღა ჯანდაბაა?

- დარწმუნებული ვარ, არსებობს. ვიპოვო მინდა, თქვენ მინდა მიპოვოთ.

- ხელჩასაჭიდი გაქვთ რამე?

- არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სადღაც აუცილებლად უნდა იყოს.

- ამ ბეღურას სახელი არ ჰქვია, ჰო?

- რას გულისხმობთ?

- სახელს ვგულისხმობ. აი, ვთქვათ, ჰენრი, აბნერი, სელინი.

- არა, ჩვეულებრივი წითელი ბეღურაა და მჯერა, მოახერხებთ პოვნას.

- იაფი არ დაგიჯდებათ ეგ ამბავი, მისტერ ბარტონ.

- წითელ ბეღურას თუ მაპოვნინებთ, სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვე ას დოლარს გადაგიხდით.

- ჰმმ... მისმინეთ, მთელი ფული ახლავე რომ მომცეთ, არა?

- არა, ნიკ, გამაზავთ და წააგებთ მაგ ფულს სადმე.

- კარგი, მისტერ ბარტონ, ჩამაწერინეთ თქვენი ნომერი და მივხედავ საქმეს.

ბარტონმა ჩამაწერინა ნომერი და მითხრა:

- მართლა დიდი იმედი მაქვს თქვენი, ბილეინ.

და ყურმილი დაკიდა.

გაგრძელება წაიკითხეთ წიგნში "მაკულატურა".  წიგნზე ფასდაკლების კუპონი იხილეთ აქვე.