რამდენჯერ უნდა ამოთხარონ?! - კვირის პალიტრა

რამდენჯერ უნდა ამოთხარონ?!

"მიხეილ სააკაშვილს ზვიად გამსახურდიას გადმოსვენებით ქულების ჩაწერა უნდოდა"

"მართლმადიდებლობის თანახმად, ცხედარს არ უნდა შევეხოთ. თუ მაინც დადგებოდა ამის აუცილებლობა, რადგან ზვიად გამსახურდია პატრიარქის კურთხევით დაიკრძალა მთაწმინდაზე, ისევ პატრიარქის კურთხევით შეიძლება მის საფლავთან შეხება"

გასულ კვირას საზოგადოება შემაძრწუნებელი ფაქტის მომსწრე გახდა, - საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვრივმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ მთაწმინდის პანთეონიდან ზვიად გამსახურდიას ნეშტის კოლხურ კოშკში გადასვენება სცადა. მძიმე მარხვის პირველ კვირაში ექსპრეზიდენტის ქვრივის თანამოაზრეებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავი ნახევრად გათხარეს. მათ შეჩერებას ამაოდ ცდილობდა მთაწმინდის მამადავითის ტაძრის წინამძღვარი მამა იოანე. ექსპრეზიდენტის ქვრივსა და მის თანამოაზრეებს განზრახვაზე ხელი მხოლოდ საქმეში პოლიციის ჩარევამ ააღებინა.

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას უკიდურესი პროტესტის მიზეზი მისი ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი გახდა, რომელზეც არჩვაძის ინფორმაციით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოეტანათ.

მომხდარს საზოგადოების უკიდურესი აღშფოთება მოჰყვა. როგორც ზვიად გამსახურდიას ყოფილმა თანამებრძოლმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, "აღმაშფოთებელია როგორც ხელისუფლების ქმედებები ცოტნე გამსახურდიას მიმართ, ისე მანანა არჩვაძის საქციელიც. ყველას, ვისაც ქართული ფილმი "მონანიება" უნახავს, ასოციაციები გაუჩნდება. როგორ შეიძლება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტთან ასე მოპყრობა?! ზვიად გამსახურდია, როგორც უდიდესი ისტორიული პერსონა, მთელ საქართველოს ეკუთვნის და არა მარტო მის ოჯახს".

"კვირის პალიტრა" ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლ ელიზბარ ჯაველიძეს ესაუბრა:

- ცოტნე გამსახურდია მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარია.  სააკაშვილს შევარდნაძისეული მართვის სტილი აქვს. ერთი ძმა პარლამენტში მოახვედრა და სახელი გაუტეხა, მეორე კი საპატიმროში გამოკეტა და იმით გაუტეხა სახელი, რომ მეგობრის დაჭრა დააბრალა. ეს ხელისუფლება ებრძვის ქართულ ტრადიციულ ოჯახს, ქართველი კლასიკოსის, დიდი კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილებს. სააკაშვილს სურს ჩრდილი მიაყენოს კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიებს. საზოგადოებისა და ჭეშმარიტი ქართველი კაცისათვის  გარდაცვლილი ზვიად გამსახურდია გაცილებით ავტორიტეტულია, ვიდრე ცოცხალი მიხეილ სააკაშვილი. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კი ვის მიიჩნევენ ავტორიტეტად, ამას მნიშვნელობა არა აქვს ხალხისათვის.

მიხეილ სააკაშვილს ზვიად გამსახურდიას გადმოსვენებით ქულების ჩაწერა უნდოდა, ისევე როგორც ქაქუცა ჩოლოყაშვილის გადმოსვენებით. ამით სააკაშვილს უნდოდა წარმოეჩინა, რომ ეროვნული მოღვაწეა.

- ამბობენ, რომ სწორედ ზვიად გამსახურდიას გადმოსვენების დროს მოხდა კონფლიქტი მიხეილ სააკაშვილსა და ცოტნე გამსახურდიას შორის.

- სააკაშვილს უნდოდა ზვიად გამსახურდია პიარით დაეკრძალა, მაგრამ ცოტნე გამსახურდიამ ამის საშუალება არ მისცა. ცოტნეს სურვილი იყო, ზვიად გამსახურდიას ცხედარი საქართველოს სამხედრო გზით, მანქანით წამოეყვანათ და მას თავისი ხალხი შეჰგებებოდა. ზვიად გამსახურდიას დაკრძალვის დღეს სააკაშვილმა ჩვეული რიხით სცადა სიტყვის წარმოთქმა, ელოდა, "მიშა მაგარიას" დაიძახებენო, მაგრამ ხალხმა "ზვიადი" დაიქუხა! სააკაშვილი გველნაკბენივით გავარდა. კარგად ვიცი მისი ხასიათი. ასეთ რამეს ყოველთვის გულში იმარხავს და როგორც კი მომენტი დაუდგება, შურს იძიებს.

- როგორ შეაფასებთ ზვიად გამსახურდიას კოლხურ კოშკში გადასვენების მცდელობას?

- თავზარდამცემი იყო ამის ნახვა. კაცს, რომელმაც საქართველოს თავისუფლება მოუტანა და საქართველოს სიყვარულს შეეწირა, სიცოცხლეშიც დევნიდნენ და არც მის ცხედარს აძლევენ მოსვენებას. რამდენჯერ უნდა ამოთხარონ? არ კმარა, რომ მისი ცხედარი ხუთჯერ ამოთხარეს? კმარა! ძლივს პოვა მთაწმინდაზე განსასვენებელი, მთაწმინდაა მისთვის ღირსეული ადგილი. ზვიად გამსახურდია საქართველოს პირველი და ერთადერთი ლეგიტიმური  პრეზიდენტი იყო. ის საქართველოს ეკუთვნის, ქართველმა ხალხმა აირჩია და თუკი ისეთი ტრაგიკული ჟამი დადგება, რომ პრეზიდენტის საფლავიდან ამოსვენება გახდება საჭირო, აზრი ქართველ ხალხს უნდა ვკითხოთ.

ზვიად გამსახურდიას საფლავიდან ამოსვენების მცდელობა პროტესტი კი არა, მისი ნეშტის შეურაცხყოფაა. ამან ძალიან შემაშფოთა, რამდენიმე ღამე არ მიძინია.

ქალბატონმა მანანამ უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლება თავს დიდად არ მოიკლავდა იმის გამო, თუ ზვიად გამსახურდიას ცხედარს საფლავიდან ამოთხრიდნენ. ეს ქრისტიანულ-მართლმადიდებლური წესის უგულებელყოფაა. მართლმადიდებლობის თანახმად, ცხედარს არ უნდა შევეხოთ. თუ მაინც დადგებოდა ამის აუცილებლობა, რადგან ზვიად გამსახურდია პატრიარქის კურთხევით დაიკრძალა მთაწმინდაზე, ისევ პატრიარქის კურთხევით შეიძლLება მის საფლავთან შეხება.

ცოტნე შიმშილობდა, ძალიან მძიმედ იყო და გასაგებია დედამისის გულისტკივილიც. დამჯდარ გონებაზე ქალბატონი მანანა თავადვე მიხვდება, რომ ზვიად გამსახურდიას საფლავიდან ამოსვენება არ შეიძლება. სადაც მერაბ კოსტავა განისვენებს, იქვე უნდა იყოს მისი სულიერი ძმის, ზვიად გამსახურდიას სამუდამო განსასვენებელიც.

ჩემთვის, ზვიად გამსახურდიას ბავშვობის მეგობრისა და თანამებრძოლისთვის, მიუღებელია მისი ცხედრის შეურაცხყოფა.