"ციხეში ხშირად მესიზმრებოდა, რომ პურს ვჭამდი..."
17-08-2015
"ციხეში ხშირად მესიზმრებოდა, რომ პურს ვჭამდი..."
ყოფილი პატიმრის ორიგინალურ იდეას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

საპატიმროში გატარებული წლები კათარზისი აღმოჩნდა ჩემთვის. ახლა ვფიქრობ, რომ ციხეში ყოფნა
ჩემთვის საჭირო ყოფილა, რომ გამეგო პურის ფასი...


რამდენიმე თვეა გლდანსა და მუხიანში ძველ პურს ნაგვის ურნაში კი არა, საცხოვრებელი კორპუსების პირველ სართულზე განთავსებულ სპეციალურ კონტეინერებში ყრიან. აქაურმა მობინადრეებმა იციან, რომ პურის ნარჩენებით იმ ფერმერებსა და ადამიანებს ეხმარებიან, რომლებსაც შინაური ცხოველის შესანახად საჭირო სახსარი­ არა აქვთ. ორიგინალურ წამოწყებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იდეის ავტორი
თერჯოლელი კობა გიგაშვილია, რომელსაც „კონტეინერების“ ქალაქში განთავსების სურვილი კარგა ხნის წინ, სასჯელის მოხდის დროს გაუჩნდა.
რამ შეცვალა წამალდამოკიდებული­ ადამიანის ცხოვრება რადიკალურად, პროე­ქტის ავტორი ჩვენთან საუბარს სწორედ ამ ისტორიის გახსენებით იწყებს:


კობა გიგაშვილი: - თერჯოლაში დავიბადე და გავიზარდე. საშუალო გან­ათლების მიღების შემდეგ ჩემი ცხოვრება­ სხვანაირად წავიყვანე.
წამალდამოკიდებულების გამო სამჯერ მოვიხადე სასჯელი. ბოლოს ამნისტია შემეხო და გამოვედი. პურის შემნახველი კონტეინერების შექმნის იდეა ციხეში ყოფნის დროს გამიჩნდა. ერთი რაღაც მახსოვს ბავშვობიდან: პაპა ომგამოვლილი კაცი იყო, შიმშილისა და გაჭირვების გამო სიბერეშიც კი თითოეულ ნამცეცს აგროვებდა... 90-იან წლებში კი ხალხს ოჯახების გამოკვება უჭირდა და ჩვენ საპატიმროში ვინ მოგვცემდა პურს? თითო ნაჭერს ვიყოფდით. პატიმრებს რომ ვაკვირდებოდი, ვხედავდი,­ როგორ ცდილობდნენ ერთი ლუკმით მეტი მოეპოვებინათ გაყოფისას. ხშირად მესიზმრებოდა, რომ პურს ვჭამდი...

საპატიმროში გატარებული წლები კათარზისი აღმოჩნდა ჩემთვის. ახლა ვფიქრობ, რომ ციხეში ყოფნა ჩემთვის საჭირო ყოფილა, რომ გამეგო პურის ფასი... ვარძიის მამათა და დედათა მონასტერში წავედი, კურთხევა ავიღე მოძღვრისგან და შევუდექი საქმეს. ჩემი ინიციატივის მთავარი ღირსება ის არის, რომ მოქალაქეებს არ ვთხოვთ თანხას, არა აქვთ არანაირი ვალდებულება. თუ იქნება კეთი­ლი ნება, ნარჩენი პურის ნატეხს მოათავს­ებენ კონტეინერში და ნაგავში არ გადაყრიან. ბევრი ბუნკერებში ეძებს საჭმელს არა მარტო თავისთვის, არამედ საქონლის გამოსაკვებადაც. ამ შემთხვევაში ეძლევათ­ შესაძლებლობა, მიზნობრივად მოიხმარონ­ გადასაყრელად გამზადებული პურის ნაჭრები.

კონტეინერიდან ნებისმიერს შეუძლია პურის ამოღება. ისეა დამზადებული,­ ავტომატურად იხურება-იხსნება სანიტარიულ­-ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით.

- როგორ დაიწყეთ პირველად კონტეინერების განთავსება თბილისში?
- პირველად გლდანის ტერიტორიაზე განვათავსე 10 ყუთი. გლდანი იმიტომ შევარჩიე, რომ მჭიდროდ დასახლებული უბანია და საქონელი ბევრი ჰყავთ კერძო­ სახლებში. ერთი წელი ვაკვირდებოდი, მაინტერესებდა, როგორ იმუშავებდა პროექტი. რისკი დიდი იყო: როგორ მიიღებდა ამ სიახლეს მოსახლეობა, ხომ არ შეეცდებოდნენ პურის დაბინძურებას სხვადასხვა ნივთის მოთავსებით კონტეინერებში, ხომ არ დააზიანებდნენ კონტინერებს? თუმცა ამ დრომდე არც ერთი მსგავსი ფაქტი არ ყოფილა.

- ვისთან ერთად საქმიანობთ?

- ჩემს მეგობარ დავით ბუბაშვილთან ერთად. ჩემთან ერთად იჯდა ციხეში. ერთმა ადამიანმა 500 ლარი გადმომცა საქმის დასაწყებად.
ჩვენ უკვე გვყავს ბენეფიციარები გლდანისა და მუხიანის ტერიტორიაზე. გვყავს­ მოხალისეები, რომლებიც შეგროვებულ პურს საწყობში ათავსებენ, აფასოებენ და შემდეგ ვაწვდით მომხმარებლებს.

- სულ რამდენი კონტეინერი გაქვთ?
- ამ დროისთვის გლდანისა და მუხიანის ტერიტორიაზე სულ 50 კონტეინერია. ჩემი დაკვირვებით, დღეში თითო კონტეინერიდან კილოგრამ პურს ვიღებთ.

- რა სახსრებით დაამზადეთ კონტეინერები?
- პირველი 10 კონტეინერის დამზადებაში მეგობრები დამეხმარნენ, შემდეგ ნელ-ნელა დავამატეთ. გვინდა მთელ დედა­ქალაქში დავდგათ. თითოეული კონტეინერი­ 40 ლარი გვიჯდება.

- სახელმწიფო ინსტიტუტები თუ გეხმარებიან?

- თბილისის მერია და გლდანის რაი­ონის გამგეობა გვეხმარება კონტეინერების დამონტაჟებაში, სამართლებრივად, ანუ ნებართვის მოპოვებაზე პრობლემა არ გვექმნება. დახმარების მიზნით იუსტიციის სამინისტროსაც მივმართე, გავაცანი ჩემი იდეა და პასუხს ველოდები. იმედია, გამო­ჩნდებიან ადამიანები, ვისაც დააინტერესებს­ ჩემი პროექტი.
მინდა სოციალური საწარმო გავხსნა, სადაც დასაქმდებიან ყოფილი პატიმრები, პრობაციონერები და ომის ვეტერანები.

თორნიკე ყაჯრიშვილი
lali
31 აგვისტო 2015 09:31
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ძალიან გამიხარდა, სულ მაწუხებს ის, რომ ასე უთავბოლოდ იყრება უამრავი ისეთი რამ, რაც სხვას ბევრს წაადგება, პურის ნაგავში გადაყრა კი საერთოდ დანაშაულად მიმაჩნია. ძალიან კარგი იქნება, თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც წამოიწყებს და ვინც დაეხმარება, რომ საერთოდ ნარჩენების დახარისხება მოხდეს, უამრავ რამეს ვყრით ისეთს, თანაც ტონობით, რისი გადამუშავებითაც ქვეყანაც იხეირებდა და ეკოლოგიასაც ძალიან წაადგებოდა, მაგალითად, პლასტმასის, მინის უამრავი ნივთი, ასევე ტანსაცმელი იყრება ისეთი, რომ გადამუშავდეს, დღეს რასაც ვყიდულობთ, იმ ჩინურ ნაწარმზე ბევრად უკეთესი ხომ იქნება მაინც, მთელი მსოფლიო ასე იქცევა და ხეირობს კიდეც ყველა, სულ გული მწყდება, რომ ჩვენთან ასე არ ხდება და გარდა ზარალისა, ნაგავს მიაქვს ქვეყანა და აბინძურებს მიწას თუ წყალს
30 წლის
22 აგვისტო 2015 13:50
არაჩვეულებრივი იდეაა, ძალიან მომეწონა. ციხეში არასოდეს ვყოფილვარ მაგრამ ისე გამჭირვებია სიზმარში მეც მიჭამია პური. ღმერთმა მოგიმართოს ხელი.
გავაზელი
21 აგვისტო 2015 18:44
რა მარტივია და რა გენიალური. თუ წარმოგიდგენიათ, რამხელა ეკონომიის მოტანა შეუძლია ამ წამოწყებას?

რედაქტორის რჩევით