ომში დაბადებული რადიო მსმენელს არ ღალატობს - თქვენი სანდო თანამგზავრი 7 წლისაა - კვირის პალიტრა

ომში დაბადებული რადიო მსმენელს არ ღალატობს - თქვენი სანდო თანამგზავრი 7 წლისაა

2008 წლის მარტში "პალიტრამედიაში" რადიოს შექმნის იდეა გაჩნდა. გადაწყდა, რომ ქართულ რადიომაუწყებლობას სექტემბერში ახალი სიხშირე შემატებოდა. საომარმა ვითარებამ ჯერ დაუბადებელი რადიოს შემოქმედებით ჯგუფს განზრახვა შეაცვლევინა. აგვისტოს ცხელ დღეებში დაუგეგმავად პირდაპირ ეთერში პირველი საინფორმაციო გამოშვება გავიდა. ასე დაიბადა FM 103,9 - რადიო "პალიტრა"...

მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა. სირთულეების დაძლევამ, რისკმა და თავდაუზოგავმა შრომამ ახალი ბრენდი და სანდო თანამგზავრი შექმნა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ბაია ცანავა, IPN-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი: - პირველად დაუგეგმავად და საჭიროებისამებრ მაშინ შევდიოდით ეთერში, როცა საინფორმაციო გუნდი თვლიდა, რომ მსმენელისთვის უნდა მიგვეწოდებინა დაუყოვნებელი ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ. ეს იყო ურთულესი პერიოდი და დღეს სიამაყით ვიხსენებ ჩვენ მიერ გაწეულ სამუშაოს - პროფესიული თვალსაზრისით მაქსიმუმი შევძელით. ზუსტად ამ დროს, როდესაც ცაზე რუსული თვითმფრინავები და ბომბდამშენები დაფრინავდნენ, ჩვენი ტექნიკური მუშაკები ანძაზე მუშაობდნენ, რათა სამაუწყებლოდ გავსულიყავით. ჩვენი ჟურნალისტები იყვნენ ყველა ცხელ წერტილში. მე დღესაც რადიო "პალიტრის" გუნდს "ჩემსას"“ვეძახი, მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვმუშაობ ამ ჰოლდინგში.

მთავარი ღირსება იყო ჩვენი ტრადიცია - მსმენელისთვის მიგვეწოდებინა სანდო, დროული და გადამოწმებული ინფორმაცია. სიამაყით ვივსებოდი, როდესაც მესმოდა რადიო "პალიტრის" მაუწყებლობის ხმა სამარშრუტო ტაქსებიდან, ავტომობილებიდან, სახლებიდან. ამით ვხვდებოდი, როგორ იზრდებოდა მსმენელთა რიცხვი.

მიხარია, რომ რადიო "პალიტრა" ლიდერია ქართულ ბაზარზე, მას უსმენენ და ენდობიან. გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ, ძალიან დიდხანს გემეგობროთ ერთგულ მსმენელთან და ყოველთვის ყოფილიყავით პირველები. “

რადიო "პალიტრის" სამხატვრო ხელმძღვანელი თამარ ცაგარეიშვილი: - როცა რადიო "პალიტრამ" მაუწყებლობა დაიწყო, ქვეყანაში უკიდურესად დაძაბული სიტუაცია გახლდათ - საომარი მდგომარეობა. შემდეგ იყო წინასაარჩევნო პერიოდი... ასეთ დროს ჟურნალისტისთვის გამოწვევაა, შეინარჩუნოს ობიექტურობა და პიროვნული ღირსება. 2008 წლის აგვისტო მართლაც მნიშვნელოვანი დრო იყო ჩვენი ქვეყნისთვის, მძიმე, მაგრამ საინტერესო. მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვემტკიცებინა, შეგვეძლო თუ არა საქმის კეთება კრიტიკულ ვითარებაში. შევძელით. განვლილი ეტაპების შემდეგ ვდგებოდით ახალი ამოცანის წინაშე - ვყოფილიყავით წარმატებულები. მუდმივი ამოცანაა, შევინარჩუნოთ მსმენელი, რომელიც გვენდობა.

- დღევანდელი თვალით როგორ შეაფასებთ პირველ წლებს?

- არანაკლებად რთული იყო დასაწყისიდან 2012 წლამდე პერიოდში მუშაობა. ერთგული მსმენელი ნამდვილად დამეთანხმება, რომ ძალიან ღირსეულად გაიარა რადიო "პალიტრამ" ეს გზა. მაქსიმალურად ვცდილობდით, სწორი, სანდო და შემოწმებული ინფორმაცია მიგვეწოდებინა მსმენელისთვის. ამან განაპირობა სწორედ ჩვენი სლოგანის არსიც: "თქვენი სანდო თანამგზავრი". გარკვეული დროის შემდეგ დაიბადა "პალიტრა თV". მთავარი საკითხი დადგა - ტელევიზიასთან თანამშრომლობის ფონზე რადიოს წარმატებებისა და მიღწეული სიმაღლეების შენარჩუნება. ვფიქრობ, ჯერ კიდევ მუშაობის ეტაპზე ვართ. ზვიად დოლიძე, მერაბ მეტრეველი, ემა ტუხიაშვილი - ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც რადიოს ხერხემალს ქმნიდნენ და ამჟამად რადიოსა და ტელევიზიაში ერთნაირი წარმატებით აგრძელებენ მოღვაწეობას. თავიდან იყო სამი ტოქშოუ: "ჩვენ", რომლის ავტორი და წამყვანი მე გახლდით, ირინა თევდორაშვილის გადაცემა "ახალი დროით" და "რეზიუმე" - მერაბ მეტრეველსა და დიანა ტრაპაიძესთან ერთად. ნელ-ნელა დაემატა ახალი შემეცნებითი და გასართობი გადაცემებიც. “

პოლიტიკურ-ანალიტიკური, შემეცნებითი, გასართობი გადაცემები და გემოვნებიანი მუსიკა ყველა ასაკისა და ინტერესის მსმენელზეა გათვლილი.

რადიო "პალიტრის" გუნდი 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს, რათა მსმენელს სანდო ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს.

დეკემბრიდან რადიო "პალიტრა" გუდაურშიც მაუწყებლობს. წელიწადის ოთხივე სეზონზე დამსვენებლებს საჭირო ინფორმაციასთან ერთად სასიამოვნო მუსიკის მოსმენის შესაძლებლობაც აქვთ. უკვე მესამე წელია, რადიო "პალიტრის" მუსიკალურ ბადეს გიორგი ნაგელიშვილი ქმნის. ოქროს ჰიტებს, რომელიც დღის განმავლობაში ტრიალებს, შაბათ-კვირის ღამის ეთერში სხვადასხვა ჟანრის მუსიკა ცვლის.

საინფორმაციო სამსახურს, რომელიც ყოველ ნახევარ საათში, დილის 8-დან საღამოს 10 საათამდე მაუწყებლობს, ჟურნალისტი ირაკლი მაისურაძე ხელმძღვანელობს:

- ორი თვეა რადიო "პალიტრაში" ვარ, თუმცა მანამდეც ვიცოდი, რომ ჰოლდინგში პროფესიონალების ჯგუფი მუშაობდა. ამ რადიომ ქართულ მედიასივრცეში თავისი ღირსეული ადგილი უკვე დაიკავა და მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება ელოდება - ლიდერის სტატუსს რადიო "პალიტრა" კიდევ უფრო გაიმყარებს. ახალი სეზონიდან მსმენელს არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ. საინფორმაციო სივრცეც კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და  საინფორმაციო ფორმატის სხვა გადაცემებიც დაემატება. ასე რომ, მსმენელს მოვუწოდებ, რადიომიმღები FM 103,9 -ზე მომართონ და ჩვენთან დარჩნენ - ჩვენი გუნდისგან ახალ ამბებს პირველები შეიტყობთ.“

თორნიკე ყაჯრიშვილი