ხევსურული ჩანახატები - "როგორ გაჩნდა ჟვანია ბარისახოში, გონზე ვერ მოვედით" - კვირის პალიტრა

ხევსურული ჩანახატები - "როგორ გაჩნდა ჟვანია ბარისახოში, გონზე ვერ მოვედით"

"ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა იწვალოს, რომ ხევსურეთი ფეხზე დააყენოს, პირიქით კი გამოდის"

როცა ხევსურეთზე მეკითხებიან, როგორიაო, ვპასუხობ, - უნდა ნახოთ. არაგვის ხეობას აყოლილი ხევსურები თითქოს განგებამ დაადგინა საქართველოს საზღვრის მცველებად. ისინი ამ მისიას დღემდე ასრულებენ: წარსულში - იარაღით, დღეს მთაში ცხოვრებით, თან ისევ უმძიმეს პირობებში...

მასზე ლაპარაკით ბარისახოში მე და ბარისახოელ გოგი ჭინჭარაულს ლამის თავზე დაგვათენდა. დილითაც იგივე გავაგრძელეთ, ოღონდაც სიარულში - ყველაფრის ნახვა უნდა მომესწრო. გოგის დისშვილიც გამოგვყვა, ლელა. სანამ შინიდან გამოვიდოდით, გოგის დამ, თამარმა, ძროხის მოწველას თავი მიანება, მამაპაპეული კოშკი გამიღო - ჯერ აქ მოდიო და... უცებ სხვა ადამიანად იქცა, ისტორიას შეერია. ხევსურულ აკვანთან ჩამომჯდარმა აკვანზე ჩამოკიდებული ცხოველის ტყავი აიღო და პირქუშად შეათვალიერა: - ეს კვერნა სიცოცხლეს მიმწარებდა, ხაფანგი დავუგე და მოვკალო! მერე განაგრძო, - ამ კოშკის შენება პაპაჩემმა, სულხან ჭინჭარაულმა, დაიწყო, რომ მტერს არ ამოვეწყვიტეთ, ის რომ ქისტებს შეაკვდა, შენება მამამ, იმედა ჭინჭარაულმა, გააგრძელა, ახლა ჩემი ძმები თვალისჩინივით უვლიან, სანამ მოვკვდები, მეც ზედ დაველევი - აქ მამა-პაპათა სული მეგებებაო. მერე კოშკს ბოქლომი დაადო და გამოგვისტუმრა. გზაზე თორმეტიოდე წლის ბიჭი შემოგვეყარა. გოგიმ - ეგ ბიჭი გამთენიისას არის ამდგარი, მამას ახლდა სათიბში, უკვე გაუთიბია და მოდისო. ცელს როგორ ერევა-მეთქი. შენ ხევსურებს არ იცნობო, გამიღიმა და გზა გავაგრძელეთ. უცებ მოსახვევიდან ვიღაცის გაბრაზებული ლაპარაკი შემოგვესმა, - პოლიციას არაგვის ნაპირებიდან ქვიშის გამოტანა აუკრძალავს, ხალხმა სახლები როგორ ავაშენოთო! გოგის ვკითხე, - რასაც ეს კაცი ამბობს, ხომ არ მომესმა-მეთქი? თავი დამიქნია, - ეგ ამბავი მეც მითხრესო და ხელი ჩაიქნია: ხევსურეთისთანა ღვთისა და კაცისგან განწირული სხვა კუთხე არ მეგულებაო!

ცოტაც და, სოფლის ყველაზე ძველ ხევსურულ სახლს მივადექით, ფიქლით ნაგებს. გოგიმ - აქ ოდესღაც ჩემი მასწავლებელი ცხოვრობდაო. კარ-მიდამოს მოდარაჯე პატარა გოგო დაგვიხვდა. წარბი ვერ გავახსნევინეთ, ვიდრე მოყვრად არ დაგვიგულა. გოგიმ - გინდა, გითხრა, ვისი დამსახურებაა, რომ ხევსურეთი მთლად ცარიელი არ არის და ბალღებიც გვეზრდებიანო? ვისი და, ედუარდ შევარდნაძისო!

- ეგ როგორ?

- ვისაც ხევსურეთი გახსენებია და კარგი რამ გაუკეთებია, აქ ყველას ვუმადლით - მოკლე მეხსიერება კაცისთვის სირცხვილია.

შევარდნაძეს რომ 1995 წელს აქ სასაზღვრო პოლიცია არ ჩამოეყალიბებინა, ახლა მთელ ხევსურეთში 20 ოჯახიც არ იქნებოდა დარჩენილი. ბიჭებმა საზღვრის დაცვა დაიწყეს, ხელფასი დაენიშნათ, ოჯახები გაიჩინეს და დაფუძნდნენ. 1982 წლამდე ტელევიზიაც არ გვქონდა და ამასაც შევარდნაძემ მიხედა.

ერთ დღეს შეგვკრიბა, - რა გინდათ, რა გაგიკეთოთო. ქალებმა, - ტელევიზია გვინდაო. კი ბატონოო და გაიხუმრა, - ოღონდ შობადობას ხომ არ შეამცირებთო? მადლობა ასევე ცხონებული ზურაბ Fჟვანიას სულისთვის გვაქვს სათქმელი: 1992-ში მიწისძვრამ მამაპაპეული სახლები დაგვინგრია... არაფრის იმედი არ გვქონდა - ბიჭები აფხაზეთში სიცოცხლეს ტოვებდნენ, ჩვენი გოჩა ჭინჭარაულიც იქ მოგვიკვდა.

როგორ გაჩნდა ჟვანია ბარისახოში, გონზე ვერ მოვედით - თვითმფრინავი არ იყო, მანქანით წამოსულიყო, ბარისახოსთან 3 კილომეტრზე მეწყერს გაეჩერებინა და ფეხით ამოვიდა. იმის დანახვამ იმედი მოგვცა. რაც შეეძლო, ის გაგვიკეთა.

- გოჩა ჭინჭარაული თქვენი ნათესავი იყო?

- აქ ყველა ერთმანეთის ნათესავები ვართ.

გოჩა 21 წლისა იყო, ომში გაიპარა. დედამისი გუმანით ხვდებოდა, - ვიცი, ომშია წასულიო. დუშეთის ბატალიონი რომ ამოწყვიტეს, გოჩაც იქ იყო. სიკვდილის დამალვა როგორღა შეიძლებოდა. დედამისს ამბავი რომ მიუტანეს, უხმოდ შევიდა ოთახში, იარაღი მკერდზე მიიდო და შეინგრია...

მალე დედა-შვილის წყაროზეც მივედით (ხევსურთა წესით, მიცვალებულის სახელზე წყარო კეთდება, რომ საიქიოშიც იდინოს). დედაშვილური სიყვარულის სულისშემძვრელმა ამბავმა დამამუნჯა. გოგიმ განაგრძო: - ორი კაცი ხომ გითხარი, ვისაც სიკეთეს არ უვიწყებენ ხევსურები, ახლა მესამეც უნდა ვთქვა:

მიხეილ სააკაშვილის წყალობით, ხევსურეთში ტურისტმა მოიმატა... მაგრამ ხელს უგზოობა უშლით. ჟინვალის წყალსაცავიდან ბარისახომდე 46-კილომეტრიანი გზის გამოვლას 2 საათი სჭირდება, იმის იქით ხომ სულ ჯოჯოხეთია. ჩვენი სიცოცხლეც ბეწვზე ჰკიდია, ექიმები კი მოდიან, მაგრამ სანამ ავადმყოფამდე მოაღწევენ, უბედურებას უნდა ელოდო. ბარისახოში ისეთი ანგელოზი დავკარგეთ, მზეს უცინოდა - 6 წლის გოგო. თავი ასტკივდა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე მოკვდა.

არც ტრანსპორტი გვივარგა - 2006 წელს ავტობუსები რომ დაურიგეს დუშეთის სოფლებს, ისევ იმით დავდივართ. საბრალო მძღოლი ხან მის ქვეშ არის შემძვრალი, ხან სახურავზე მოექცევა, რომ ადგილიდან დაძრას. ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?

შარშან ჩვენებურმა კაცმა, ნოდარ ნაროზაულმა მითხრა, - ახლა ხალხს სახელმწიფო ეხმარება კოოპერატივის გაკეთებაში. მოდი, რძის გადამმუშავებელი კოოპერატივი შევქმნათ და ჩვენც და ხალხიც ამოვისუნთქებთო. სახელმწიფოს რომ ხელი შეეწყო, ისეთი გეგმა გვქონდა, ხევსურეთს ფეხზე დავაყენებდით - პირუტყვსაც გავზრდიდით, ხალხისგან რძეს ჩავიბარებდით, რომ რძის პროდუქტი გვეწარმოებინა. გაყიდვა კიდევ ძნელი არ იყო - ყველი 7 ლარი ღირს და თუ უფრო იაფად გავყიდდით, ვინ არ იყიდდა! შარშან პროექტი წარვადგინეთ. დარეგისტრირდა და მორჩა, სახელმწიფოს აღარ გავხსენებივართ!

ბარისახოს თემში 32 სოფელი იყო და აქედან 15 დაცლილია. თუ კოოპერტივებს ავაწყობდით, ხალხს ადგილზე ესეც დაამაგრებდა - ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა იწვალოს, რომ ხევსურეთი ფეხზე დააყენოს, პირიქით კი გამოდის.

კარგია, რომ სოციალური დახმარების თანხა გაიზარდა, მაგრამ რა ქნას მან, ვისაც არც ეს დახმარება აქვს და არც სასაზღვრო პოლიციაში მსახურობს?! ამ ხალხისთვის არის საჭირო კოოპერატივებიც და გზაც.

ბარისახოში დღემდეა შემორჩენილი ფიქლით ნაგები ძველი ხევსურული სახლი 2014 წელს გამობრძანდა ტელევიზიით ჩვენი პრემიერ-მინისტრი: - სულ მალე არხოტის გზის გაკეთებას დავიწყებთო. ხალხს გაუხარდა, - ამ თემში 3 სოფელია, რომელშიც 12 ოჯახი ცხოვრობს და უგზოობით მათაც აყრა უწერიათ; მაგრამ სად არის გზა?! თუ არ შეგიძლია, არც უნდა დაჰპირდე, რომ ხალხს გული არ გაუტეხო! - დაასრულა გოგი ჭინჭარაულმა და გზაზე ავარდნილი ბუღისაგან უნებურად თვალებზე ხელი აიფარა. როცა ბუღი გაიფანტა, მეტად საინტერესო სურათის მოწმე გავხდი, - რომელიღაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია იავარქმნილ გზაზე იავარქმნილი ხიდის მოაჯირს ღებავდა! გამიკვირდა, - ვერ მივხვდი, რა აზრი უნდა ჰქონოდა ფულის ხარჯვას არაფერში.

სწრაფად გავყევი გოგისა და ლელას უკეთესი სანახავისკენ, - ნათელა ბებოს დაქსოვილი ჭრელაჭრულა ხევსურული წინდები დავათვალიერე, ლიქოკელებთან ყველაზე ახალგაზრდა ხევსური, ერთი თვის ბექა გავიცანი. მთებიც მოვიარე, ზედ შესკუპული თივის კაჩხებით, ბოლოს, ყოველ ნაბიჯზე შემოყრილი ხევსურული წყაროს წყალი ისევ დავლიე, ჯერ მე და მერე ლელამ. მას საოცრად ლაღი "ხევსურული" ღიმილი აქვს. მე კი ამ ღიმილზე ერთი ხევსურული ლოცვა გამახსენდა: "დიდო მოწამეო წმინდა გიორგი!.. საქართველოზე მომიზნებული მახვილი ჩვენს მტერზე გადაატარე. ბარაქა დაგვიდევ ნახნავ-ნათესსა, ცხვარ-მეცხვარესა, ნაწველ-ნადღვებსა, ხარის ქედსა, ალალი კაცის მარჯვენასა!"

საგვარეულო კოშკში ხევსურულ აკვანთან ჩამომჯდარმა თამარმა აკვანზე ჩამოკიდებული ცხოველის ტყავი აიღო და პირქუშად შეათვალიერა: - ეს კვერნა სიცოცხლეს მიმწარებდა, ხაფანგი დავუგე და მოვკალო! მერე განაგრძო, - ამ კოშკის შენება პაპაჩემმა, სულხან ჭინჭარაულმა დაიწყო, რომ მტერს არ ამოვეწყვიტეთ, ის რომ ქისტებს შეაკვდა, შენება მამამ, იმედა ჭინჭარაულმა გააგრძელა, ახლა ჩემი ძმები თვალისჩინივით უვლიან, სანამ მოვკვდები, მეც ზედ დაველევი - აქ მამა-პაპათა სული მეგებებაო