ჯარისკაცის ფასი... - კვირის პალიტრა

ჯარისკაცის ფასი...

"ჯარისკაცი იცავს ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენ კი მისი პიროვნული უფლებები უნდა დავიცვათ"

თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარში მოწყობილი მედიატურის შესახებ სტატიამ, "ჯარისკაცი ერთი კვირით","მკითხველი დააინტერესა. უამრავმა ქალმა დამირეკა. ჯარში სისუფთავე თუ არის? საკვები ეკოლოგიურად ჯანსაღია თუ არა? ღამე ყაზარმებში გაათიეთ? ჯარში ბანაობა, ტანსაცმლის გარეცხვა შეიძლება?"- მეკითხებოდნენ დედები, რომელთა შვილები ახლახან გაიწვიეს, ზოგიც ხვალ-ზეგ ამგზავრებს ბიჭებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში.

2001 წელს ჩემი უმცროსი ძმაც წავიდა ჯარში. მაშინ ერთ-ერთ პრესტიჟულად წოდებულ ნაწილში მოხვდა, თუმცა, დღემდე ვერ გამიგია, რა იყო პრესტიჟული ყაზარმაში, სადაც ბიჭებს ტილები ჭამდათ. ჯარისკაცები კვირაში ერთხელ ჯგუფურად დაჰყავდათ ყაზარმიდან კარგა მოშორებულ აბანოში. მხოლოდ საცვლების გამოცვლა შეეძლოთ, რადგან ერთი ხელი ფორმა ჰქონდათ, რომელსაც ვერ გარეცხავდნენ, თუ მეთაურები შინ არ გაუშვებდნენ. აღარაფერს ვამბობ მენიუზე...

თანამედროვე ჯარში ეს პრობლემები აღარ არსებობს. ყაზარმების დათვალიერებისას ყველგან დალაგებული საძინებელი და სუფთა ქვეშაგები მხვდებოდა. დასავლეთ საქართველოში, ზოგიერთ ბაზაში უწყლობა აწუხებთ, მაგრამ ბანაობა და პირადი ჰიგიენის დაცვა მაინც არ ჭირს.

ერთი მკითხველი "კვირის პალიტრის" საიტზე კომენტარებში მწერს: "შენ საბჭოთა ჯარში უნდა გენახა, რა პირობები იყო, კონდიციონერები მარტო გენერლებს ჰქონდათ. ირანის საზღვართან, ლენქორანსა და ასტარაში მომიწია სამსახურმა, სადაც ზაფხულში 50 გრადუსზე ნაკლები არ არის. კასპიის ზღვა რომ არ იყოს, სული შეგეხუთებოდა. დღეს ჩვენს ბიჭებს რა უჭირთ, საკუთარ ქვეყანაში მსახურობენ. რას იზამ, ჯარი ჯარია, ყველაფერს უნდა შეეგუო". ზოგიც გაოცებული მეკითხება, - შენ ყაზარმა სანატორიუმი ხომ არ გგონიაო? ნამდვილად არა მგონია, მაგრამ თუ გვინდა, ავაშენოთ კარგი ქვეყანა, ცნობიერებიდან უნდა აღმოვფხვრათ საბჭოთა კავშირის დროინდელი სტერეოტიპები. თუ ჯარისკაცობა პროფესიაა, რატომ არ უნდა ჰქონდეს ადამიანური პირობები ჯარისკაცს, ისევე როგორც ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს?

ხონში ნატოს სტანდარტებით გაწყობილმა სასადილომ აღმაფრთოვანა, თუმცა ამ შთაბეჭდილებების შემდეგ უსიამოვნო გამოდგა კოპიტნარში, საჰაერო თავდაცვის ბრიგადის ბაზის ნახვა - უზარმაზარ ტერიტორიაზე განთავსებული ბაზა უბადრუკი ჩანს როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე ტექნიკურ-მატერიალურად.

გოდოგნის სასწავლო ველი

სამხედრო საქმეში დილეტანტი კი გახლავართ, მაგრამ მაინც შესანიშნავად ვარჩევდი, სამიზნეების განადგურების დროს ვინ იყო ყოჩაღი და ვის ღალატობდა მარჯვენა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო გოდოგნის სასწავლო ველზე საგანგებოდ ჟურნალისტებისთვის დადგმული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნით სამიზნეების განადგურების სცენა, სადაც ყველაფერი ნამდვილს ჰგავდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ნამდვილი არ იყო. არადა, ათეულის ტაქტიკურ სწავლებას ისეთი ხიბლი ჰქონდა, მომინდა, ისევე ოსტატურად მცოდნოდა მტრის ლიკვიდაციის ყველა ხერხი, როგორც ჯარისკაცებს, რომლებიც სრული აღჭურვილობით და ყველა საბრძოლო წესის დაცვით, ცდილობდნენ, ეჩვენებინათ თავიანთი ოსტატობა...

ჩაი სარდალთან

სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაში ვცდილობ, ზედმიწევნით გავაანალიზო ნანახი და განცდილი. ბაზის სასტუმროში ჩაის მივირთმევ სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალთან, პოლკოვნიკ მიხეილ სადუნიშვილთან ერთად. ეს უჩვეულო მდგომარეობაა, რადგან იყო დრო, როდესაც სარდალს კი არა, რიგით ჯარისკაცსაც ეკრძალებოდა ჟურნალისტებთან გულახდილი საუბარი.

მიხეილ სადუნიშვილი: - 2005 წელს ერაყში, სამხედრო ბაზაში გავიცანი "ემერიქან ბანკის" (ამერიკული ბანკი) პრეზიდენტი. რეზერვის მაიორი იყო და ერთი წლით იმყოფებოდა ერაყში, როგორც რიგითი ჯარისკაცი. გავოცდი. მან კი გაიკვირვა, - აბა, როგორ უნდა ვცე სამშობლოს პატივი, როგორ უნდა იგრძნოს ჯარმა, რომ ჩვენ ერთნი ვართო?.. ამერიკაში, ევროპაში, ყველგან, სადაც კი მიმსახურია, ჯარს განსაკუთრებულ პატივს სცემენ სახელმწიფო და ხალხი. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ არის. როგორ უნდა იგრძნოს ჯარისკაცმა საყოველთაო პატივისცემა? უპირველესად შეღავათებით, რომლითაც მისი ოჯახი ჯარისკაცის სიცოცხლეშივე ისარგებლებს, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია.

ლევან ჯანგირაშვილი, სენაკის მეორე ბრიგადის 23-ე ბატალიონის სერჟანტი, ხვითის ცნობილი შეტაკების გმირი იხსენებს:

- ლატვიაში წვრთნებზე ყოფნისას მოხუცი ქალი მოვიდა და მითხრა: გმადლობთ, რომ მზად ხართ, თავი გაწიროთ ადამიანების გადასარჩენადო. მე ხომ თქვენი ქვეყნის ჯარისკაცი არ ვარ-მეთქი... ჯარისკაცს, რომლის მიზანიც არის, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იბრძოლოს ბოროტების, ტერორის წინააღმდეგ, არ აქვს ეროვნება, ის მსოფლიოს ჯარისკაცია და ძვირფასია ნებისმიერი ერისთვისო...

ჯარისკაცი და საზოგადოება

ჩვენი საზოგადოებისგან ჯარისკაცები ყურადღებას მოკლებული რომ არიან, თავისი მიზეზი აქვს: XX საუკუნის ბოლოს ჯარს სახე დაკარგული ჰქონდა. "ვარდების რევოლუციის" შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ ჯარის შენება გადაწყვიტა, მაგრამ ძალადობრივ მეთოდებს მიმართა - ჯარისკაცებს გინებით წვრთნიდნენ და უკრძალავდნენ სამოქალაქო პირებთან, მათ შორის, ჟურნალისტებთან კონტაქტს. ავღანეთში დაღუპული მუხრან შუკვანისა და შემდეგ სხვა დაღუპულების ახლობლებს ჟურნალისტებთან დალაპარაკება აუკრძალეს. მოგვიანებით მესტიაში საგანგებოდ წავედი მუხრან შუკვანის ოჯახის სანახავად. იმედი მქონდა, რომ ჯარისკაცის მშობლები უსიტყვოდ არ გამომაბრუნებდნენ იმის შიშით, რომ თავდაცვის სამინისტროდან სასჯელი არ ასცდებოდათ...

რამდენიმე თვის წინ, მინდია ჯანელიძის მინისტრობისას, ხვეწნა-მუდარით დავითანხმე ინტერვიუზე ჩემი მეგობარი, მაიორი ქალი, რომელიც იმ დროს ავღანეთში მსახურობდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურთან შეთანხმებით ვმოქმედებდი, მაიორ ქალბატონს ხელმძღვანელობამ ჟურნალისტთან კონტაქტი დანაშაულად ჩაუთვალა და პირად საქმეში მკაცრი საყვედური გამოუცხადა. კარგი საქმის გაკეთებას ვცდილობდი, მინდოდა საზოგადოებისთვის სამაგალითო ადამიანი გამეცნო და სიავე კი გამომივიდა...

მედიატურის ერთ-ერთი დანიშნულება ჟურნალისტებისთვის ჯარის გახსნილობა (დასაშვებ ზღვრამდე, რომელიც სამხედრო საიდუმლოების დაცვას გულისხმობს), საზოგადოებასთან დაახლოებაა. სამწუხაროდ, მედია ნაკლებ დროს უთმობს პატრიოტული სულისკვეთების პოპულარიზაციას. თუ ავღანეთში რაიმე ტრაგედია დატრიალდა, მაშინ ატყდება ამბავი, მიეჭრებიან დაღუპულის მშობლებს, აჩვენებენ გლოვას და ტირილს. დაკრძალავენ გმირულად დაღუპულს და... ხმაურიც მიცხრება. ჯარის პოპულარიზაცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხალხს ომისთვის აღაგზნებდე. ჯარისკაცის ცხოვრების წესი უნდა გამოიტანო სააშკარაოზე, უნდა დაანახო ხალხს მისი ღვაწლი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ჯარისკაცის ფასი.

ჯარის პოპულარიზაცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხალხს ომისთვის აღაგზნებდე. ჯარისკაცის ცხოვრების წესი უნდა გამოიტანო სააშკარაოზე, უნდა დაანახო ხალხს მისი ღვაწლი

P.S. სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზის შესასვლელში ომში დაღუპულთა მემორიალია. შემოსვლისთანავე თვალში გხვდება 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 35 მეორებრიგადელის ფოტო და ისეთი შეგრძნება გიჩნდება, რომ ისინი საპატიო დაცვასთან ერთად დგანან და ყოველდღე გვახსენებენ, რომ ჯარისკაცი იცავს ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენ კი მისი პიროვნული უფლებები უნდა დავიცვათ.