მერცხლის ერთი გაფრენა - "სიკვდილის წინადღესაც კომპიუტერს ეჯდა და წერდა"
24-08-2015
მერცხლის ერთი გაფრენა - "სიკვდილის წინადღესაც კომპიუტერს ეჯდა და წერდა"
"სიკვდილის წინადღესაც კომპიუტერს ეჯდა და წერდა. თან იმეორებდა - უნდა მოვასწრო, მთავარანგელოზის ფრთების შრიალი სულ უფრო ახლოს მესმისო"

"როცა ზაირა პირველად შემხვდა ამ 50-ოდე წლის წინათ, თვალში მომხვდა იმ დროისათვის უჩვეულო, ვარდისფერი, ფაშფაშა კაბა და რაღაცნაირი შუქით განათებული თვალები, - მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს შუქი ადამიანისა და საერთოდ სიცოცხლისადმი მისი დაუდგრომელი ინტერესის
ანარეკლი იყო"


მიხარია, რომ ერთად ჩამოვლიეთ ჩვენი წუთისოფელი"- ასეთი წარწერით მაჩუქა ზაირამ თავისი წიგნი "ქარი, ამწევი ფარდის". ეს
2013 წელს იყო. მაშინ ეს სიტყვები უტყუარი მეგონა, წუთისოფელიც ერთად ჩამოვლიეთ და ბოლომდეც ერთად უნდა გვევლო, მაგრამ ბედისწერამ სხვაგვარად ინება, ზაირამ უეცრად გადამასწრო, და მე ისღა დამრჩენია, ორიოდე სიტყვა მივადევნო ჩემი უახლოესი ადამიანის ამ ქვეყნიდან წასვლას.


თელავი. ნადიკვრის 22. ძველებური, ერთსართულიანი აგურის სახლი. ზაირას სახლი.
სახლი, რომელიც ჩვენად მიგვაჩნდა ზაირას მეგობრებს, მათ შვილებსა და შვილიშვილებს. აქ, 50 წლის მანძილზე, ზაფხულობით, მიედინებოდა ჩვენი - ერთმანეთს მიჯაჭვული მეგობრების - ერთად ცხოვრება... როცა ზაირა პირველად შემხვდა ამ 50-ოდე წლის წინათ, თვალში მომხვდა იმ დროისათვის უჩვეულო, ვარდისფერი, ფაშფაშა კაბა და რაღაცნაირი შუქით განათებული თვალები, - მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს შუქი ადამიანისა და საერთოდ სიცოცხლისადმი მისი დაუდგრომელი ინტერესის ანარეკლი იყო.
და მაშინვე, როგორც ერთი ნახვით შეყვარების შედეგი, დაიწყო ჩვენი საერთო ცხოვრება - ყოველდღიურობასა და შემოქმედებაში. პირველი სცენარი, რომელიც ერთად მოვიფიქრეთ და დავწერეთ, იყო "როცა აყვავდა ნუში" და მერე - ყველა სხვა. ჩვენი ერთად მუშაობიდან ყველაზე მეტად გააფთრებული ჩხუბები მახსოვს, - მაშინ ზაირას თვალებში ის, სიყვარულით განათებული სხივიც ქრებოდა და მრისხანება ისადგურებდა, - და ჩვენი გზებიც სამუდამოდ იყრებოდა... იყრებოდა იმისათვის, რომ მეორე დღესვე ახალი ენთუზიაზმით და შეხმატკბილებით შევდგომოდით ფიქრსა და წერას.

როცა ""რამდენიმე ინტერვიუმ პირად საკითხებზე" საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ძალიან გამიჭირდა ახალი სცენარის თემის მოფიქრება. და მაშინ ზაირამ თავისი მომავალი რომანის - "ვა, სოფელოს" შესახებ მიამბო: თელავი, მთათუშეთი. ზაირას წინაპრებისა და მისი ბავშვობის სამყარო. ბუნებასთან მიახლოებული ადამიანების ვნებების მომნუსხველი სიმძაფრე. ამ საფუძველზე შეიქმნა სცენარი "დღეს ღამე უთენებია". და როდესაც წელს, სან-ფრანცისკოსა, ვაშინგტონსა, სამხრეთ კორეასა თუ ბირმაში, ხალხით სავსე დარბაზებში, ფილმის ჩვენების მერე მაყურებლები სწორედ ვნებათა ამ სიმძაფრეზე ამახვილებდნენ ყურადღებას, მე სულ ზაირა მედგა თვალწინ.

ახლაც ვწერდით სცენარს. უნდა მოვასწროთო, მეუბნებოდა. ვერ მოვასწარით...

ზაირა არსენიშვილის პროზას, ჩემი აზრით, ქართულ ლიტერატურულ სინამდვილეში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. რომანები: "რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის", ""ვა, სოფელო", მოთხრობები: "როცა მძვინვარებს შიში და ძრწოლა", - იმ შავბნელი საბჭოთა დროის ნამდვილი მატიანეა...

მთელი ჩვენი ხანგრძლივი, ახალგაზრდობიდან მხარდამხარ გატარებული სიცოცხლის მანძილზე სულ მაკვირვებდა ზაირას ზღვარგადასული (როგორც მე მეჩვენებოდა) ცნობისმოყვარეობა ყველას და ყველაფრის, ყველა წვრილმანის მიმართ...

გვიან მივხვდი, რომ ეს იყო მისი მწერლური წარმოსახვის საზრდო, მას სჭირდებოდა სხვისი გამოცდილებაც, სხვისი თავგადასავალიც, სხვისი ცხოვრების დეტალებიც, რომ თავისი მეხსიერების შრეებში ჩაეფინა და მერე, ოდესმე, აემეტყველებინა კიდეც. მისი მეხსიერება კი მართლაც შეუზღუდავი იყო - თითქოს ჩალაგებული ჰქონდა თავში ამბები, თარიღები და ადამიანები - სიყვარულით დატენილები და მოღალატეები, თავგანწირულები და გამყიდველები, მედგარნი და შიშით ატანილები, სვებედნიერნი და უიღბლონი, და უმწეონი... და ავტორს კი ყველა ამ პერსონაჟისადმი თანაგრძნობა ამოძრავებს, ისეთი მძაფრი თანაგრძნობა, რომ ის შენშიც ყველა სხვა ემოციას თრგუნავს, თვით სიძულვილსაც კი იმის მიმართ, ვინც ბოროტებას განასახიერებს. Mმაგრამ მოვლენებისა და სისტემის მიმართ პროტესტი, იქნებ სწორედ სისტემის იარაღისა და იმავდროულად მსხვერპლის - ადამიანისადმი თანაგრძნობის გამო, მაინც უმთავრეს განცდად ილექება სულში.

თბილისის ოპერის ორკესტრი, სადაც მრავალი წელი უკრავდა ზაირა ვიოლინოზე, ე.წ. ორმო. აი, ეს ორმოა ზაირას პირველი რომანის, "რეკვიემის..." სარბიელი. ორკესტრი - სხვადასხვა ეროვნების, რჯულის, სქესის, ასაკის ადამიანთა ერთობლიობა, მათი ვნებების, მისწრაფებების, აღმაფრენის, გამყიდველობის თარეში. არ მეგულება არათუ ქართულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაშიც ასეთი მძაფრი ფერებით დახატული ეს ორგანიზმი, რომელიც ფეთქავს, ფორიაქობს, ბორგავს, ბობოქრობს, იცინის, დასცინის...

რომანის გამჭოლი სიუჟეტური ხაზი (დეტექტივისათვის დამახასიათებელი სიმძაფრით მოთხრობილი) 1937 წელს დაჭერილი და დაღუპული 20 წლის კომპოზიტორის ეჟი ხადაროვსკის "რეკვიემის" ძებნაა; ეს, ერთი შეხედვით მარტივი სქემა, დამძიმებულია და გამდიდრებული ზაირასათვის დამახასიათებელი, დროსა და სივრცეში უსასრული გადახტომებით, გადახვევებით, ჩართვებით, 1937 წლის ეპიზოდებით, ზმანებებით, ხშირად შემთხვევითი, პერსონაჟების მონათხრობებით, რათა საბოლოოდ შეიქმნას მატიანე - იმ ავბედითი დროის მატიანე, რომელიც ამავე დროს ჩვეულებრივი ადამიანური ვნებებით დატვირთული ცხოვრების ანარეკლიც არის. რომანი სავსეა მძაფრი მხატვრული სახეებით, მაგალითად, ასეთით: ჯერიკო ეძებს თავისი "გეპეუშნიკი" მამის მკვლელებს (რომლებიც სწორედ მამამისმა დააწიოკა), ეძებს, რათა შური იძიოს, და მტრის ნაცვლად პოულობს იმას, ვინც დარჩა მთელი განადგურებული ოჯახიდან: ფერდობზე ბებერი ქალი ჩამომჯდარა, დიდი გაჭირვებით სწევს მაღლა ხელს და ისე ამოძრავებს, თითქოს ასოები გამოჰყავს. და ჯერიკოს შეკითხვაზე პასუხობს: "ჩემი შვილების სახელებს ვაწერ ჩვენს მთა-ველსა, ხო უნდა დარჩეს ბეჭედი მათი სიცოცხლისა?!" "მერე, წვიმა-ქარი არ შლის დაწერილს?" "ყველას მაინც ვერა შლის, ზოგჯერ მისძრავ-მოსძრავს ხოლმე ასოებს, მოვალ და გავასწორებ აქა-იქა. Aაბა, გაიხედე, თუ სადმე მოინაკლისო, მითხარი"... და მოსისხლე მტერი, ჯერიკოც, იძულებულია, იკითხოს"ველ-მინდვრებზე და მთაგორებზე მიწერილი, მისი მამის მიერ მოკლული ბიჭების სახელები.

ბოლო ხანს ჩვენთან დამკვიდრდა აზრი: რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში არაფერი დაწერილა საბჭოთა დროის შესახებ, არც მაშინ, სისტემის მძვინვარების დროს, არც ახლა. თითქოს ის წლები არც გადაგვიტანიაო, რაც, ცხადია, ჩვენს საყოველთაო კონფორმიზმზე მიუთითებს. მე კი მეამაყება, რომ ზაირამ იმ ეპოქას ორი მაღალმხატვრული რომანი და რამდენიმე მოთხრობა მიუძღვნა. მოთხრობა, "როცა მძვინვარებს შიში და ძრწოლა", 1967 წელს არის დაწერილი, ამბავი იმის შესახებ, როგორ ჩამოვარდა და დაიმსხვრა ბიბლიოთეკაში სტალინის ბიუსტი და ამ საზარელი ამბის დასამალად როგორ დანაყა ბიუსტის ნაწილები ქვასანაყში შეშინებულმა ბიბლიოთეკის გამგემ, რაც გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო!

ცოტა მეგულება ადამიანი, ვისაც საქართველოს ისტორია ისე ჰქონოდა შესისხლხორცებული, როგორც ზაირას... ისე ჰყვებოდა ისტორიულ ფაქტებს, თითქოს იმ ამბების მონაწილე ყოფილიყო.

წავიდა ამ ქვეყნიდან ზაირა - მარად მბორგავი და მშვიდი, ჭვინტაკებიანი (როგორც იტყოდა თვითონ) და სულგრძელი, ფორიაქა დიდი და წვრილი ამბების გამო და ისე ბუნებრივად თავმდაბალი, ყველა გაჭირვებულის მოსარჩლე და ხელისგამწვდომი. და მაინც მის მთელ არსებობას ორი რამ განსაზღვრავდა: ერთი - ინტერესი და თანაგრძნობა ყოველი, ახლობელი თუ შორეული, კარგი თუ ცუდი, საინტერესო თუ ჩვეულებრივი ადამიანის მიმართ; და მეორე - წერის ჟინი. წერის გარეშე არსებობა არ შეეძლო... სიკვდილის წინადღესაც კომპიუტერს ეჯდა და წერდა. თან იმეორებდა, - უნდა მოვასწროო, მთავარანგელოზის ფრთების შრიალი სულ უფრო ახლოს მესმისო...

ზაირას ბოლო წიგნის სათაურია "თელავიდან თბილისამდე". ჩემთვის ნაჩუქარ ეგზემპლარს კი მისი ხელით აქვს მიწერილი: "მერცხლის ერთი გაფრენა". "თელავიდან თბილისამდე" და "მერცხლის ერთი გადაფრენა"... ერთმანეთზე გადაჯაჭვული ეს ორი გამოთქმა ადამიანისთვის განკუთვნილ მთელ სივრცესაც მოიცავს და დროსაც. სივრცე, ანუ ჩვენი პატარა ქვეყანა, სადაც თბილისიდან თელავამდე, ისევე, როგორც ბათუმიდან გორამდე, ქუთაისიდან მესტიამდე, ზუგდიდიდან ბიჭვინთამდე, და საერთოდ საქართველოს ერთი წერტილიდან მეორემდე სულ მერცხლის ერთი გადაფრენაა; და დრო, ადამიანისათვის ამქვეყნად განკუთვნლი, ისიც ხომ, მარადიულობის თვალთახედვით, მერცხლის ერთი გადაფრენაა.

ეს არის ჩემს აღქმაში ზაირას სიცოცხლე - "თელავიდან თბილისამდე" მერცხლის ერთი გადაფრენა, რომელიც რამდენ, ო, რამდენ ვნებათაღელვას, წუხილს, სიხარულს, მიტევებას, სინანულს, სიყვარულს და ქვეყნისათვის სასიკეთო ფიქრს და ქმედებას იტევს!

ზაირა არსენიშვილის ხსოვნას

ლანა ღოღობერიძე

ანა
27 აგვისტო 2015 22:55
დიდი მწერალი იყო ზაირა არსენიშვილი. დიდი ადამიანი. ძალიან დაგვაკლდა ქართველებს. ძალიან მოგვენატრება მეგობრებსა და ახლობლებს.
ლია
27 აგვისტო 2015 15:24
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!!! :(((((((((((((

რედაქტორის რჩევით