"სექტემბრისთვის შესაძლოა "მარცხენა" სახელმძღვანელოები გამოჩნდეს" - კვირის პალიტრა

"სექტემბრისთვის შესაძლოა "მარცხენა" სახელმძღვანელოები გამოჩნდეს"

"ეს ისეთი სისულელე იყო, რომ არც კი დაგვიანგარიშებია, რა დაჯდებოდა ყდების ბეჭდვა. 22 წელია გამომცემლები ვართ და ასეთი რამ მსოფლიო მასშტაბით არ გამიგია"

უკვე გადაწყდა, რომ საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს იწყება. საქართველოს საჯარო სკოლებში წლეულს 496 978 მოსწავლე მივა და მათთვის განათლების სამინისტრომ მხოლოდ 41 844 ახალი სახელმძღვანელო დაბეჭდა. ეს ნიშნავს, რომ ყველა შესაძლო მარაგის გამოყენებითაც კი, მოსწავლეთა 90%-ს ყველა საგანში ძველი, მეორადი და ზოგ შემთხვევაში დაზიანებული სახელმძღვანელოებით სწავლა მოუწევთ. ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვაფრთხილებდით განათლების სამინისტროს, რომ ეს ბაზარზე სახელმძღვანელოების დეფიციტს გამოიწვევდა და გააქტიურდებოდა ე.წ. შავი ბაზარი, რის შესახებაც უკვე გამომცემლებიც საუბრობენ.

ბოლო 2-3 თვის განმავლობაში განათლების მინისტრი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ სამინისტროს ვარგისი სახელმძღვანელოების საკმარისი მარაგი აქვს და ახალი სახელმძღვანელოების დაბეჭდვა საჭირო არ არის. ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო _ სამინისტროს ყოველი ნაბიჯი მხოლოდ საპირისპიროში გვარწმუნებს. წლეულს, 31 ივლისს, რამდენიმე გამომცემლობამ ელექტრონული ფოსტით განათლების სამინისტროსგან წერილი მიიღო. სამინისტრო იტყობინებოდა, რომ იწყებს ბაზრის კვლევას ყდების ბეჭდვასთან დაკავშირებით. ამ წერილიდან ირკვეოდა, რომ სოფელ დიდი ლილოს საწყობში მოგროვებული იყო 30 ათასზე მეტი სახელმძღვანელო, რომელთა შიგთავსის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს, ხოლო ყდები დაზიანებული ჰქონდათ. გამომცემლობებს უნდა შეედგინათ ხარჯთაღრიცხვა, რა ფასად დაბეჭდავდნენ ყდებს და მათ წიგნებს გამოუცვლიდნენ.

დაურიგებენ თუ არა მოსწავლეებს ახალ ყდაში ჩასმულ ძველ წიგნებს, სექტემბერში ვნახავთ. ახლა კი დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე მშობლების ერთით მეტი პრობლემა ექნებათ მოსაგვარებელი.

კახმეგ კუდავა, "გამომცემლობა" ინტელექტის ხელმძღვანელი: "განათლების სამინისტრომ წერილობით მოგვმართა რამდენიმე გამომცემლობას, ძირითადად მათ, ვისაც თავისი სტამბა აქვს. სამინისტროდან გვწერდნენ, რომ ლილოში შეგროვებული აქვთ 33-34 ათასი სახელმძღვანელო, რომლებსაც მხოლოდ გარეკანი აქვთ გაფუჭებული. წერილს ახლდა ამ წიგნების ჩამონათვალიც. მათ შორის მხოლოდ 2-3 დასახელების წიგნისთვის აღწევდა დასაბეჭდი გარეკანების რაოდენობა 1000 ერთეულს, დანარჩენ შემთხვევებში კი ტირაჟი 100-400 ცალის ფარგლებში მერყეობდა. ვინც ერკვევა საგამომცემლო საქმეში, იცის, რომ მაგალითად 125 ერთეული წიგნის გარეკანის დაბეჭდვა ძალიან ძვირი დაჯდება... წერილში ასევე მითითებული იყო, რომ შესაძლოა გარეკანების დასახელებული რაოდენობა კიდევ ამდენით გაზრდილიყო. გვთხოვდნენ გვეანგარიშა, რა დაჯდებოდა ეს ყველაფერი. ასევე ითხოვდნენ, ჩვენი სახსრებით წაგვეღო ეს სახელმძღვანელოები ლილოდან, მოგვეხსნა გარეკანი, ახალი გარეკანი ჩაგვეცვა და კვლავ ლილოში მიგვეტანა. გახსოვთ ფილმი "ქეთო და კოტე", სადაც ხანუმას საპატარძლო კაბაში გამოაწყობენ? დაახლოებით ასეთი რამ უნდა გაგვეკეთებინა.

ჯერ ერთი, 100 წიგნს რომ გარეკანს მოხსნი, იქიდან 10-15 მაინც გაგიფუჭდება. დავუშვათ, არც ერთი წიგნი არ გაგვიფუჭდა. აქვე დავაზუსტებ, ჩვენ არ გვევალებოდა გარკვევა, როგორი იყო წიგნის შიგთავსი. წიგნს რომ გარეკანს მოხსნი, ყუაზე აუცილებლად დარჩება წებოს ნარჩენები. ახალი ყდისთვის მოსამზადებლად წებოს ნარჩენები უნდა ჩამოსუფთავდეს და ჩამოიჭრას, რაც ნახევარი სანტიმეტრის ჩამოჭრას მოითხოვს. ეს ყუაჩამოჭრილი წიგნი და გარეკანი ხომ უნდა აიკინძოს თერმულად, მაგრამ მათი ზომები ერთმანეთს აღარ დაემთხვევა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყდისა და წიგნის ზომები ერთმანეთს რომ დაემთხვეს, შესაძლოა წიგნის საღი მხარის ჩამოჭრაც გახდეს საჭირო და ტექსტიც კი წაიყოლოს. მოკლედ, ეს ისეთი სისულელე იყო, რომ არც კი დაგვიანგარიშებია, რა დაჯდებოდა ყდების ბეჭდვა. 22 წელია გამომცემლები ვართ და ასეთი რამ მსოფლიო მასშტაბით არ გამიგია. 400 ათასი მოქმედი სახელმძღვანელო გვაქვს ნაშთის სახით. ძველი წიგნებისთვის ყდების გამოცვლას არ ჯობია, მოგვწეროს განათლების მინისტრმა და ვაჩუქებთ საჭირო რაოდენობის წიგნებს. დავითვალეთ და ყდების გამოცვლას 3-4 ათასი წიგნისთვის აპირებენ, რომელთა მიწოდებაც ჩვენ შეგვიძლია. ყდაგაფუჭებული წიგნები მაკულატურაში ჩააბარონ და ბავშვებს ნუ დაურიგებენ.

არ არის რთული განსაჭვრეტი, რა მოხდება სექტემბერში. ჩვენ კი გვაქვს ნაშთები, მაგალითად, პირველი კლასის მათემატიკა 15 ათასი წიგნი გვაქვს, მაგრამ მეშვიდე კლასის კონკრეტული საგნის წიგნი მხოლოდ 3 ათასი ცალი გვაქვს. ვიცი, რომ დეფიციტი შეიქმნება, მაგრამ რადგან ბოლო წლებში გამომცემლობები ძალიან დავზარალდით, რისკზე ვერ წავალ და კიდევ რამდენიმე ათას ახალ სახელმძღვანელოს წინასწარ ვერ დავბეჭდავ. არადა, იმ დღეებში, როცა დეფიციტი გამოჩნდება, ვერ მოვასწრებთ წიგნების ბეჭდვასა და ბაზარზე გამოტანას. ამიტომ სახელმძღვანელოების დეფიციტი გარდაუვალია".

თამარ ლებანიძე, გამომცემლობა "დიოგენეს" ხელმძღვანელი: "არსებობს ყველა წინა პირობა, რომ ახალ სახელმძღვანელოებზე მოთხოვნა გაჩნდება. ნაშთები კი გვაქვს, მაგრამ მე იმის შიში უფრო მაქვს, რომ შესაძლოა "მარცხენა" ტირაჟები გაჩნდეს. ჩვენი დამხმარე სახელმძღვანელოები დიდი რაოდენობით არის გაყალბებული. არ არის გამორიცხული, იგივე განმეორდეს სახელმძღვანელოებზე. ზოგჯერ ისე თავხედობენ, რომ გაყალბებულ წიგნებს უფრო მაღალ ფასში ყიდიან. მაგალითად, შარშან ჩვენი დამხმარე სახელმძღვანელო გეოგრაფიაში ღირდა 6,5 ლარი, ხოლო "მარცხენა" 8 ლარად იყიდებოდა. ამ შემთხვევისთვის განათლების სამინისტრო არ ფლობს მექანიზმს არაკეთილსინდისიერი გამომცემლების გასაკონტროლებლად. ამის უფლებამოსილება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს აქვს. გასულ წელს მივმართეთ ამ უწყებას, მივიტანეთ კიდეც ჩვენი გამოცემის გაყალბებული წიგნების ნიმუშები, მაგრამ ამას აბსოლუტურად არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმაც იცის. რეგიონებში კიდევ უფრო მაღალია სახელმძღვანელოების გაყალბების მაჩვენებელი. გვაქვს ინფორმაცია, რომ გლდანში ე.წ. "მარცხენა" ტირაჟების ბირჟაც კი მოქმედებს, საიდანაც ისინი მოვაჭრეებს გააქვთ. განათლების სამინისტრო კი თავისი უმოქმედობით მოვლენათა ასეთ განვითარებას უწყობს ხელს".