სახელმწიფო ტრანსპორტისთვის ბენზინი 60 თეთრია?!. - კვირის პალიტრა

სახელმწიფო ტრანსპორტისთვის ბენზინი 60 თეთრია?!.

"ხელისუფლება,  რეალიზატორები და იმპორტიორები ერთად უწევენ ექსპლუატაციას ქართველ მომხმარებელს"

"ხელისუფლება ბენზინის შემომტანებს წეწავს, ესენი კი მოსახლეობას ატყავებენ"

"როგორ ფიქრობთ, ნავთობშემომტანი კომპანიები შინ წასაღებ ფულს შეიმცირებენ?"

მოგეხსენებათ, ნებისმიერი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ცდილობს  ტრანსპორტი ისე გაძეძგოს, რომ ფეხზე დადგომას ვიღა დაეძებს, სუნთქვის საშუალებაც კი არ არის. ამაზე მძღოლებს ლაკონიური პასუხი აქვთ: აბა, რა ვქნათ, ბენზინი ისე გააძვირეს, იმდენი მგზავრი რომ ჩავსვათ, რამდენიც საჭიროა, ვიზარალებთ. ამ ყვითელ ავტობუსებს რომ უყურებთ, ეგენი ბენზინს 60 თეთრად ყიდულობენო. მძღოლების ნათქვამმა დამაინტერესა და რამდენიმე მათგანს ვკითხე, 60 თეთრად როგორ ყიდულობენ-მეთქი. თურმე არა მარტო ე.წ. ყვითელი ავტობუსებისათვის, საზოგადოდ, სახელმწიფო ტრანსპორტისთვის ავტოგასამართ სადგურებს სხვა ფასი - 60 თეთრი ჰქონიათ დაწესებული.

ამას მძღოლები ძალზე მარტივად, ეკონომიკური გათვლების გარეშე ხსნიან - ყველაფერს სახელმწიფო მაფია აკონტროლებსო. ერთმა მძღოლმა ძალზე გასაგებად "ამიხსნა": სახელმწიფო საწვავის იმპორტიორებსა და რეალიზატორებს "აწერს" ბენზინს 60 თეთრად, სამაგიეროდ ეუბნება, მიდი, ხალხი გაატყავე, რამდენადაც გინდა, იმდენად გაყიდეო! ამიტომაც დგახარ, ბიძია, ცალ ფეხზე ამ გაჭედილ "მარშრუტკაშიო"!

როგორც მოგახსენეთ, ბენზინის ფასი სინამდვილეში პოლიტიკასთან არის დაკავშირებული და ვინ რას თამაშობს და რა ინტერესი აქვს, ვინ იცის. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ  ხელისუფლებას არჩევნები აქვს ჩასატარებელი. თქვენ წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანელებიც კი ძალზე უკმაყოფილო არიან, რადგან ნავთობმომპოვებელ ქვეყანაში დღეს ლიტრი ბენზინის ფასი 60 თეთრის ეკვივალენტია.

ნოდარ ჯავახიშვილი, ეკონომიკის ექსპერტი: - არა მარტო ბენზინის, არამედ ყველაფრის ფასი, ფაქტობრივად, მონოპოლიზებულია. ლარის კურსი 2006-2007 წლებში მნიშვნელოვნად გამყარდა, ჩვენისთანა ქვეყანაში ეს ავტომატურად უნდა იწვევდეს ფასების დაწევას, მაგრამ პირიქით, მოიმატა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბაზარში ვიღაც ძალიან უხეშად ერევა. ეს ვიღაც კი ხელისუფლება და მისი წარმომადგენლები არიან. საქართველოში ამის შესაძლებლობა სხვას არავის აქვს. რაც შეეხება ბენზინის ფასს, ამას არც ეკონომისტობა უნდა და არც დიდი ნიჭიერება: როცა ბარელი ნავთობის ფასი 143-დან 40 დოლარამდე ჩამოდის და ქვეყანაში ბენზინი მხოლოდ 5 თეთრით იაფდება, ყველაფერი გასაგებია.

2-3 წელი ნავთობის ფასების მატება არ არის მოსალოდნელი, არც ნავთობის შემომტან კომპანიებს აქვთ საფუძველი, ბენზინზე ფასები არ დასწიონ, მაგრამ ფასებს მაინც ზრდიან, რატომ? ამაზე პასუხიც ადვილია: ნავთობკომპანიებს ხელისუფლებამ თავისი ჯიბის გადასახადი დაუწესა. ცოტა ხნის წინ სტუმრად ერთ უცნობ მამაკაცთან ერთად მოვხვდი. ახლობლებმა უსაყვედურეს, ბენზინზე ამისთანა ფასი შეიძლება იყოსო?  უპასუხა, ხელისუფლება გვწეწავს და რა ვქნათო. სინამდვილეში ხელისუფლება მათ კი არა, მოსახლეობას წეწავს. როგორ ფიქრობთ, ნავთობშემომტანი კომპანიები შინ წასაღებ ფულს შეიმცირებენ? რასაკვირველია, არც ერთ გამყიდველს არ აძლევს ხელს მაღალი ფასი და ამის გამო ბრუნვის შემცირება, მაგრამ ხელისუფლების წევრებს საიდან გადაუხადონ? ის, რაც დღეს ქართულ ბაზარზე ხდება - წამლები იქნება თუ პროდუქტები - ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის ბიზნესს შეწერილი აქვს დიდი გადასახადი, თანაც ნაბრძანები აქვთ, რომ რაიმე ფაქტორით (ვალუტის კურსის ვარდნა, თუ პროდუქციის გაიაფება მსოფლიო ბაზარზე) მიღებული ზემოგება  ხელისუფლებამ უნდა მიიღოს და არა გამყიდველმა.

- მძღოლებისაგან შევიტყვე, რომ ავტოგასამართ სადგურებს სახელმწიფო ტრანსპორტისთვის ბენზინის ფასად 60 თეთრი აქვთ დაწესებული, ეს რას ნიშნავს?

- გამორიცხული არ არის, კომპანიებისაგან თავად ამ ფასად იღებდნენ ბენზინს, სამაგიეროდ კი აძლევენ უფლებას, ბენზინი მომხმარებელს იმ ფასად მიჰყიდონ, როგორც მოესურვებათ. ქვეყანაში ფასების მონოპოლიზაცია აშკარაა. ბენდუქიძის მოთხოვნით გაუქმებულია ანტიმონოპოლიური კანონიც და ორგანოც და უკეთესს რას ელოდით? ვის რამდენი პროცენტი უკავია ბაზარზე, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბაზარი მონოპოლიისაგან დაცულია. ბაზარი მონოპოლიზებულია მაშინაც, როცა კომპანიები შეთანხმებული ფასებით ებრძვიან მომხმარებელს. როცა მომხმარებლის ინტერესების საზიანოდ ხდება შეთანხმება კომპანიებს შორის, სახელმწიფო ვალდებულია, ჩაერიოს ფასების რეგულირებაში, მაგრამ ხელისუფლება, რეალიზატორები და იმპორტიორები ერთად უწევენ ექსპლუატაციას ქართველ მომხმარებელს. გამოდიან ვიღაც-ვიღაცები და საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიან აბსურდული ახსნა-განმარტებებით.