გურამ ფირცხალავა: "მეც ვიდგები იქ, სადაც ხალხი და სიმართლეა" - კვირის პალიტრა

გურამ ფირცხალავა: "მეც ვიდგები იქ, სადაც ხალხი და სიმართლეა"

"არ შეგვეშინდეს და დავცხოთ ყველას, ვინც ხელს გვიშლის საქართველოს გაძლიერებაში!"

აივანზე ასული ვაზი, რომელიც ოთახში მწვანე შუქად შემოდიოდა, მისი ხასიათის ბოლო შტრიხად აღვიქვი. ლაღად მხარგაშლილი და ძველებურად ომახიანი იდგა ფანჯარასთან. ბევრი არც სჭირდება ადამიანს - ცოტა ღვინო, ცოტა პური, ზვარი მსხმოიარე... ზვარი თუ არა აივანზე ასული ვაზი მაინც და მშვიდი ცხოვრება საკუთარ სამშობლოში.

ველოდი, რომ ზღვის პირას გაზრდილ გურამ ფირცხალავას აგვისტოში თბილისში ვერ ვნახავდი - ზღვისკენ გაუწევდა გული... შევცდი. შინ იყო...

- ზღვა კი მენატრება, სიამოვნებით გადავხედავდი ზღვისპირეთს, მაგრამ წყალში ალბათ არც შევიდოდი...

- რატომ, არ გიყვართ ცურვა?

- მიყვარს და კარგადაც ვცურავდი, ხან ზღვაში, ხან რიონზე დავდიოდით საბანაოდ. ეტყობა, იმდენი ვიბანავე და ვიცურავე, რომ "დავნაყრდი". ამ სიბერეში მთისკენ უფრო მიმიწევს გული. 1984 წელს ვიყავი იქ გადაღებებზე. "დღეს ღამე უთენებიას" ვიღებდით. როგორ შეიძლება ეს არ ნახო, არ გიყვარდეს და არ გენატრებოდეს... მარტო მთათუშეთი კი არა, მთელი საქართველო მენატრება. ჩოხში "ადამიანთა სევდას" ვიღებდით. იმ უბრალო გარემოში კომფორტზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, მაგრამ ვის უნდოდა კომფორტი... მსგავსი კარგი მოგონებები იშვიათად დარჩება ადამიანს.

- წელს არ მიბრძანდებით მთაში?

- მალე წავალ მესტიაში. გია კაჭარავა იღებს კომედიურ ფილმს "მაიტა ნასოსი". წინასწარ არ მინდა რამე ვთქვა, მაგრამ ვფიქრობ, კარგად იცინებთ, ფილმი რომ გამოვა.

- კომედიური ჟანრის ფილმები ძალიან სჭირდება საზოგადოებას განტვირთვისთვის.

- მართლაც ასეა... ზაფხულის დადგომას შარშანდელს მერე უსაშველოდ განვიცდი. არაფრის ხალისი აღარ მაქვს. მსახიობებს ძალიან გვიყვარს გადაღებებზე სიარული, ახლა თავს ვაიძულებ, რომ გავმაგრდე და ძველებური ეშხი არ დავკარგო, იმედი არ ჩამიქრეს. არ შეგვეშინდეს და დავცხოთ ყველას, ვინც ხელს გვიშლის საქართველოს გაძლიერებაში!

- ეგ განწყობა, მგონი გაქარწყლდა ხალხში, პოლიტიკური ვნებები ჩაცხრა.

- არაფერიც. უბრალოდ, ხალხი ქალაქიდან გავიდა, სოფლებში საქმეს მიუბრუნდნენ... გავა ზაფხული და ვნახოთ. არ შეიძლება საკუთარ ხალხთან არ იდგე. მეც ვიდგები იქ, სადაც ხალხი და სიმართლეა.