"საქართველოში ძალიან მაღალია შვილისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა" - კვირის პალიტრა

"საქართველოში ძალიან მაღალია შვილისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა"

საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, ხოლო ქართველი ერი რამდენიმე  ათეული წლის შემდეგ შესაძლოა საკუთარ მიწა-წყალზე უმცირესობაში აღმოჩნდეს - ამგვარ დასკვნამდე მიდიან დემოგრაფები, როცა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან. იმის საილუსტრაციოდ, რომ შობადობა მართლაც შემცირებულია, მხოლოდ ერთი ციფრის მოხმობაც საკმარისია: თუ გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში წელიწადში ასი ათასამდე ბავშვი იბადებოდა, 2000-იან წლებში მათი რიცხვი თითქმის განახევრდა.

პროფესორი ანზორ თოთაძე მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი ძირითადად, მიგრაცია და ეკონომიკური სიდუხჭირეა:

"ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ბევრი კი საზღვარგარეთ არის გადახვეწილი და მთელ ოჯახს იქიდან არჩენს. ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობის გამრავლებაზე. საერთოდ, ყველა დროში და ყველა ქვეყანაში 100 გოგონაზე იბადება 104-106 ვაჟი. ეს არის კანონზომიერება, რომელიც მე-14 საუკუნეში აღმოაჩინა ფლორენციელმა მემატიანემ ჯოვანო ვილანიმ.

სხვათა შორის, შუა საუკუნეების ფლორენციაში არსებობდა ასეთი ჩვეულება: გოგონას მონათვლისას თეთრი მუხუდოს მარცვალს აგდებდნენ სპეციალურ ყუთში, ხოლო ვაჟის ნათლობის შემდეგ - შავი მუხუდოს მარცვალს. ჯოვანო ვილანი დაინტერესდა და ნახა, რომ ყოველ წელიწადს ას გოგონაზე 105-106 ვაჟი იბადებოდა. დემოგრაფებმა ვიცით, რომ ეს კანონზომიერება ახლაც დაცულია მთელ მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ ცხოველთა სამყაროშიც დაახლოებით ასეთი თანაფარდობაა, მაგრამ რადგანაც მამრები უფრო რისკიანები და ხიფათიანები არიან, ბევრი მათგანი სრულწლოვანებამდე იღუპება. როცა გამრავლების ასაკს მიაღწევენ, ას ქალზე უკვე ასი ვაჟი მოდის. ასე რომ, სქესთა თანაფარდობა თვითონ ბუნებამ დაარეგულირა. ჩვენთან კი რა ხდება? - ბევრი ქართველი გოგონა უცხოეთში მიდის და იქ თხოვდება, მათ არც ვაჟები ჩამორჩებიან და ჩვენი გენოფონდი სადღაც, უცხო ქვეყნებში გაედინება. საქართველოში ძალიან გაიზარდა სიკვდილიანობა და კრიზისულ ზღვრამდე შემცირდა შობადობა."

ანზორ თოთაძის აზრით, ეკონომიკურმა კრიზისმა თვით ყველაზე განვითარებული ქვეყნების მკვიდრთა გამრავლებაზეც იქონია გავლენა: "აშშ-შიც კი შემცირდა შობადობა, რადგან ბავშვები ამერიკელების საოჯახო ბიუჯეტის ყველაზე ხარჯვით ნაწილს წარმოადგენენ. ეკონომიკური ფაქტორი რომ გადამწყვეტია, ამაზე კარგად მეტყველებს საჩხერის რაიონის მაგალითიც; იქ ბუნებრივი მატება გაცილებით მაღალია, ვიდრე მეზობელ რაიონებში. ამას ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობას უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც ყველანაირად უწყობს ხელს თავისი რაიონის მოსახლეობას სოციალური პრობლემების მოგვარებაში, ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს, რის გამოც საჩხერეში ყოველწლიურად იზრდება შობადობა, იქვე, მეზობლად მდებარე ჭიათურაში კი სიკვდილიანობა მატულობს და მოსახლეობა თანდათან მცირდება.

იგივე მდგომარეობაა იმერეთის სხვა რაიონებშიც. საქართველოდან მილიონზე მეტი კაცი ემიგრაციაშია წასული და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ის ხალხი დაკარგული გვყავს. საგანგაშო ტენდენციად მიმაჩნია ისიც, რომ ძალიან შემცირდა გოგონების რაოდენობა: თუ 1985-1995 წლებში საქართველოში დაახლოებით 456 ათასი გოგონა დაიბადა, 1995-2004 წლებში მათი რიცხვი 238 ათასამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ მომავალი დედების რიცხვიც განახევრდა".

ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი არჩილ ხომასურიძეც მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოგრაფიული ზამთარი უკვე კარგა ხანია დგას:

"დემოგრაფიული თვალსაზრისით საქართველოში უმძიმესი სიტუაციაა. ასე თუ გაგრძელდა, საშიშროება ელის ჩვენი ერისა და ქვეყნის მომავალს. მოწამლული ჰაერი, უხარისხო საკვები გამრავლების უნარზე მოქმედებს. კიდევ ერთი მიზეზი უშვილობისა გახლავთ მეტაბოლური დარღვევები, სიმსუქნე, როგორც კაცებში, ასევე ქალებშიც.

საქართველოში, 4,4-მილიონიან ქვეყანაში, 240-დან 350 ათასამდე ნარკომანია. ნარკომანია რომ ღუპავს რეპროდუქციულ ფუნქციას, ეს ცხადზე უცხადესია. თუ ასე გაგრძელდა, ქართველები უმცირესობაში აღმოვჩნდებით.

სპეციალისტთა აზრით, საქართველო დემოგრაფიული პროცესების თვალსაზრისით განეკუთვნება ევროპული ტიპის ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, სადაც ყველაფერი აქვთ და ცხოვრების დონეც ძალიან მაღალია. წარმოიდგინეთ, ყველაფერ ცუდს რომ გადმოვიღებთ ხოლმე: ჩვენშიც ისეთივე პროცესებია, როგორიც საფრანგეთსა და ინგლისში - სწორედ ევროპული ტიპის ქვეყნებისათვის არის დამახასიათებელი შობადობის შემცირება და მოსახლეობის გადაბერება.

ყველაფერი აქვთ, მდიდრებიც არიან, მაგრამ ბავშვები არ უნდათ, ასეთია განწყობა. ალბათ იცით დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიაც და ისიც, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის განწყობას - ოჯახს რამდენი ბავშვიც უნდა, ქვეყანა რომ დაინგრეს, იმაზე მეტს მაინც არ გააჩენს. დღესდღეობით ქართველები აჩენენ 1,1 ბავშვს. იმისათვის, რომ მოსახლეობა გამრავლდეს და ბავშვების რაოდენობამ შეცვალოს მშობლების რაოდენობა, ოჯახზე უნდა მოდიოდეს 2,2 ბავშვი. 25 წლის ასაკისთვის ეს 2,2 ხდება 2, რადგან ზოგიერთი ბავშვი ავადმყოფობისაგან იღუპება, ზოგი ტრავმისგან და საბოლოოდ 2 ბავშვი მოდის 2 მშობელზე, ეს არის რესტიტუციის ზღვარი, ე.ი. ორი მშობლის ნაცვლად რჩება 2 შვილი, ანუ არ არის მატება. საქართველოში, სადაც მოსახლეობის 20 პროცენტი არაქართველია, გამრავლება ძირითადად არაქართველების ხარჯზე ხდება. შესაბამისად, ქართველების რაოდენობა თანდათან მცირდება".

ამავე პრობლემის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას:

"ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც, ადამიანი თავს დაუცველად გრძნობს და არა აქვს იმის განცდა, რომ თავისი შვილების მომავალს უზრუნველყოფს. ქორწინებათა უმრავლესობა ან ძალიან ნაადრევი ასაკისაა, ან ძალიან ნაგვიანევი. ნაადრევი ასაკის ქორწინებები, როგორც წესი, მოკლევადიანია, ხოლო ნაგვიანევი ქორწინების შემთხვევაში ძლივს ახერხებენ ერთი შვილის ყოლას. ამასთანავე, საქართველოში ძალიან მაღალია შვილისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა და ეს ყველაფერი იმდენად არის დაკავშირებული ეკონომიკურ მხარესთან, რომ არსებობს არცთუ უსაფუძვლო შიში, რომ შვილებს ვერ მოუვლიან. თანამედროვე სამყაროში არ არსებობს სიმშვიდისა და სტაბილურობის შეგრძნებაც, რაც ადამიანს სტიმულს უკარგავს, რამდენიმე შვილი იყოლიოს".

ხათუნა ჩიგოგიძე