ზოოპარკი სტუმრებს ჯერჯერობით ძველ მისამართზე ელის - კვირის პალიტრა

ზოოპარკი სტუმრებს ჯერჯერობით ძველ მისამართზე ელის

"ახალი ზოოპარკი მზად არის ახალი სიცოცხლისთვის. მთავარია, გაკეთდეს გენერალური გეგმა და გაირკვეს,

სად რას ვაშენებთ"

ზოოპარკი უკვე დასუფთავებულია. მაშველების შემდეგ ადგილობრივი ძალები გამალებით მუშაობდნენ, რომ მისთვის პირვანდელთან მიახლოებული სახე დაებრუნებინათ. სექტემბრიდან აქაურობა ისევ ახმაურდება... ადმინისტრაციული შენობის უკანა მხარეს მტაცებლების ვოლიერების კვალიც კი აღარ ჩანს. ბალახს წაუშლია ყველაფერი, რაც ტრაგედიამდე და მას შემდეგ იყო. ბუნება მალე იშუშებს იარებს.

13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს პირველად ვხვდები მის კაბინეტში. განსაკუთრებით მხვდება თვალში კედელზე დაკიდებული ფოტო: რამდენიმე წლის წინ ფირზე ერთად აღვბეჭდე ზურაბი და მისი საყვარელი უსურიული ვეფხვი სალიმა. სალი სულ ბოლოს იპოვეს - "ლაგუნასთან" ექსკავატორის"კლანჭი მოხვდა გაგუდულსა და დამეწყრილს...

ზურაბ გურიელიძე:

- ვოლიერების ნაწილი აღვადგინეთ. მარტივად მოსავლელი ცხოველებისთვის ახალ ვოლიერებსაც ავაშენებთ და შესაბამისად, ახალ მობინადრეებსაც დავიმატებთ. სექტემბრის დამდეგს აუცილებლად გავხსნით ზოოპარკს.

- ბეჰემოთ ბეგლარის დაბინავებას თბილისის ზღვაზე აპირებდით...

- ზამთარს სპილოების მეზობლად გაატარებს, აქვე ავუშენებთ დროებით სადგომს, რომლისთვისაც მერიამ გამოგვიყო თანხა... ასევე გამოიყო თანხა ახალი ზოოპარკის შემოსაღობადაც. 48 ჰექტარ ფართობს სამი კილომეტრის პერიმეტრზე ოთხმეტრიანი რკინაბეტონის ღობე დაიცავს. ველოდებით ახალი ზოოპარკის კონცეფციის ავტორს, კომპანია "არუპი და ჰასელის" ჩამოსვლას. დეტალების შეთანხმების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე, რომელიც, ალბათ, გაზაფხულზე დაიწყება. თუ ყველაფერი თანამიმდევრულად განვითარდა, 3-დან 5 წლამდე პერიოდში დასრულდება ახალი ზოოპარკის მშენებლობა. შემოდგომაზე გაირკვევა საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერის დეტალები. თუმცა, ბევრი რამ უკვე ცნობილია. ისევე, როგორც ეაზა (ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაცია), ევროპის ზოოპარკები მოწადინებული არიან, დაგვეხმარონ. ჩეხეთისა და სლოვაკეთის ზოოპარკების ასოციაციამ სატვირთო ავტომობილი გვაჩუქა. რიგის ზოოპარკმა შემოგვითვალა, რომ აქლემებს, იაკსა და ხარებს გამოგვიგზავნის. სანამ ახალი ზოოპარკი აშენდება, ბევრი მობინადრე შემოგვემატება. მათ შორის პინგვინებიც. ათი კი გადაურჩა წყალდიდობას, მაგრამ სტრესის გამო არ ჭამდნენ და დაიღუპნენ, მხოლოდ ოთხი გადარჩა.

ახლა ბეჰემოთის ვოლიერის მშენებლობაა საშური... მარტორქის ზამთრის სადგომსაც მოვაწესრიგებთ.

ნიანგები უკვე დავაბინავეთ. რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე. მიუხედავად იმისა, რომ ერთი კუბელია, მეორე ნილოსელი და თანაც ერთი მამალია და მეორე დედალი, ერთად ვერ გავუშვებდით, ზომებით განსხვავდებიან და შესაძლოა, დიდს პატარა შეეჭამა.

გაზაფხულზე პავიანებსა და მაკაკებს ჩამოვიყვანთ. მათთვის მარტივი ვოლიერები შენდება და დიდ ძალისხმევას არ ითხოვს.

სამი დათვი გადარჩა და მათ დიდ ვოლიერს გავუკეთებთ ახალ ზოოპარკში. ჩვენი საპატრონოა სამი ბელიც, რომლებიც ტრაგედიის დღეებში მიაგდო ვიღაცამ.

ზოოპარკი მზად არის ახალი სიცოცხლისთვის. მთავარია, გაკეთდეს გენერალური გეგმა და გაირკვეს, სად რას ვაშენებთ.

- ეკოლოგიური პირობები როგორია თბილისის ზღვაზე?

- ზოოპარკში პირობებს თვითონ ქმნი. სხვანაირად სად გინახავთ, რომ თეთრ დათვსა და სპილოს, ან ბეჰემოთს ერთი და იგივე პირობები აკმაყოფილებდეთ?

- ახალ ზოოპარკთან ახლომდებარე აეროპორტის ხმაური დისკომფორტს შეუქმნის ცხოველებსო...

- კვლევისას ხმაურიც გავზომეთ, არანაირი პრობლემა არ არსებობს. მსოფლიოში ბევრი ზოოპარკია აეროპორტის ახლოს.

ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე უკვე ბინადრობენ ჩვენი ცხოველები. გვაქვს კავკასიური ნაგაზების საშენი. ათ ძაღლს ვზრდით გასამრავლებლად. გვაქვს ილიას უნივერსიტეტის ნაჩუქარი კარგი თავლა საოცარი ცხენებით. თავლა მთელი ზაფხულის განმავლობაში იღებდა მხედრებს, რომელთაც შეეძლოთ ექირავებინათ ცხენები და ესეირნათ.

- ჩვენი გაზრდილი ცხოველები უცხოეთის ზოოპარკებში ბინადრობენ?

- საკმაოდ ბევრი, მათ შორის მტაცებლებიც, თეთრი ვეფხვები, იაგუარები და მაიმუნები. ექვსი მტაცებელი წყალდიდობამდე ორი კვირით ადრე წაიყვანეს. თეთრი ვეფხვის მოზრდილი ბოკვერი ბარბარა ერევნის ზოოპარკს უნდა წაეყვანა ივლისის შუა რიცხვებში.

ბარბარას ვოლიერი დახურული იყო, მაგრამ სახურავი ხის მორებმა გაანგრია და ჯერ კიდევ ბოკვერმა ამოძრომა შეძლო... ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

წითური ლომის, სიმბას ოჯახის ახალ ვოლიერში გადაყვანაც გვქონდა დაგეგმილი. იაგუარებისთვისაც ძალიან კარგი ვოლიერი გვქონდა. შესანიშნავი წყვილი გვყავდა, ულამაზესი ბოკვრით, სამწუხაროდ, რკინით ბოლომდე დახურულ ვოლიერებში დაიხრჩვნენ.

საუბარს ზოოპარკის ტერიტორიაზე ვასრულებთ, ლომების შემინულკედლიან ვოლიერთან. აქ ხუთი ულამაზესი თეთრი ლომი ცხოვრობს: მამა სემუელი, დედა კლეოპატრა, ერთიც პრინცი და ორი პრინცესა. ოჯახი ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე გადაიყვანეს ახალ ვოლიერში... გვერდით ლეოპარდები ბინადრობენ. ორივე ხვადია და პატარძლების ჩამობრძანებამდე ერთად იცხოვრებენ. სტუმრებს ელოდება ბეჰემოთი ბეგლარიც, რომელსაც წყალდიდობის შემდეგ მოპოვებული პოპულარობის გამო სულაც არ დამართნია ვარსკვლავური დაავადება და ისევ ისეთი სტუმართმოყვარეა. სამწუხაროდ, ზოოპარკში აღარ არის შუმბა, მაგრამ მოინახულებთ მის მეგობარ კარაკულას, რომლის წაყვანის მსურველი ბევრი ყოფილა, მაგრამ ზოოპარკი ვერ შეელია ძუ ძაღლს, რომელიც ლომთან მეგობრობდა. აქ გელოდებათ დახვრეტას გადარჩენილი ორი მგელი, რომელთა თვალებში ჯერაც ამოიკითხავთ გადატანილ შიშს.

თითქმის განახევრებული, მაგრამ ძალიან საინტერესო ამბებით გელით ზოოპარკი, რომელსაც ისე, როგორც არასდროს, სჭირდება თქვენი სტუმრობა და გამხნევება.

იმ დღეს, როდესაც თბილისის ზოოპარკი მოვარდნილმა მდინარე ვერემ წალეკა, კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფოუერის" თანამშრომლებმა ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონის მე-15 კორპუსის მიმდებარედ, ნაგვის ყუთში დათვის ბელები იპოვეს. თავიდან ცხოველები ზოოპარკიდან გაქცეულები ეგონათ, მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი უცნობმა პირმა ქუჩაში მიატოვა