სად და როგორ ისვენებდნენ ჩვენი ქვეყნის პირველი პირები? - კვირის პალიტრა

სად და როგორ ისვენებდნენ ჩვენი ქვეყნის პირველი პირები?

ფიზიკური სიჯანსაღისა და ფსიქოლოგიური წონასწორობისთვის დასვენება და განტვირთვა აუცილებელია.

რაიმე ფასეულის შესაქმნელად როგორც რიგით მოქალაქეს, ისე ქვეყნის პირველ პირს სრულყოფილი დასვენება ესაჭიროება. "კვირის პალიტრა" დაინტერესდა, სად ატარებდნენ შვებულებას დამოუკიდებელი საქართველოს მმართველები:

ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს მეორე პრეზიდენტი თერთმეტწლიანი მმართველობის პერიოდში, ოფიციალურად შვებულებაში მხოლოდ ორჯერ გავიდა და მაშინაც საქართველოს ფარგლებს არ გასცდენია. ცნობილია, რომ განსაკუთრებით ლიკანსა და წინანდალში ყოფნა უყვარდა - შვებულებას ლიკანის სამთავრობო რეზიდენციაში ატარებდა, ოფიციალურ დელეგაციებს კი კახეთში მასპინძლობდა. მისი თანამებრძოლები იხსენებენ, რომ პრეზიდენტი ნასვამი მხოლოდ ერთხელ, ისიც წინანდლის რეზიდენციაში ნახეს. სახელმწიფო საბჭოს საქმეთა მაშინდელ მმართველს, ირაკლი ანდრიაძეს, თურმე წინანდალში საგანგებოდ პრეზიდენტისთვის მუხის კასრში დაყენებული არაყი ყოველთვის გადანახული ჰქონდა - შევარდნაძე ალკოჰოლურ სასმელს მხოლოდ წინანდლის რეზიდენციაში მიირთმევდა. ძალიან ჰყვარებია ლიკანის ულამაზესი ხედებით ტკბობა, განსაკუთრებით მწვანე მონასტერი.

მიხეილ სააკაშვილი

მას მოგზაურობა, საზღვარგარეთ შოპინგი და ვოიაჟი განსაკუთრებით უყვარდა, რის გამოც სკანდალშიც ხშირად ეხვეოდა. ცნობილია, რომ დასასვენებლად იტალიის ცნობილ კურორტებს არჩევდა. ის უნახავთ მერანოს ფეშენებელურ სასტუმროში, სადაც დღე-ღამის გატარება 1.350 ევრო ღირს. ექსპრეზიდენტი ტაილანდის ცნობილ ეგზოტიკურ კურორტზეც შენიშნეს, სადაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ისვენებენ. 2013 წლის გაზაფხულზე სააკაშვილი ოჯახთან ერთად ეგვიპტეში ისვენებდა. ცნობილია, რომ ძალიან უყვარდა აჭარასა და სვანეთში დასვენებაც, აჭარული და სვანური სამზარეულოც, განტვირთვისთვის კი ხშირად კახეთს სტუმრობდა.

ბიძინა ივანიშვილი

ყოფილი პრემიერი ძირითადად შეკვეთილში, თავის რეზიდენციაში, ისვენებს, სადაც მას ეგზოტიკური ცხოველებიც ჰყავს. მის რეზიდენციას სპეციალური სანაპირო ზოლი აქვს, სადაც უნებართვოდ უცხო პირი ვერ მოხვდება. ბიძინა ივანიშვილს მთის კურორტებიდან ლიკანი მოსწონს.

ირაკლი ღარიბაშვილი

როგორც კანცელარიაში გვითხრეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კუთვნილი შვებულებით ორი წლის განმავლობაში ოფიციალურად არ უსარგებლია. მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციაც მკაცრად გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახი ზამთრის არდადეგებზე დასასვენებლად ბაკურიანს არჩევს. როგორც ამბობენ, პრემიერი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში მშობლიურ სახლს ხშირად სტუმრობს.

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საყვარელი ადგილი დუშეთია, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად ძირითად დროს ატარებს. სამსახურშიც უმეტესწილად დუშეთიდან დადის. მარგველაშვილისთვის განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ეზოსა და ბოსტანში ფუსფუსია. ფაქტია, პრეზიდენტს მთაში ყოფნა განსაკუთრებულად უყვარს.

ზვიად გამსახურდია

საქართველოს პირველ პრეზიდენტს დასვენება ყაზბეგში უყვარდა - ცნობილია, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულ დისიდენტ ზვიად გამსახურდიას მაშინდელმა რეჟიმმა თბილისში ცხოვრების უფლება არ მისცა და ყაზბეგში გაგზავნა, სადაც არაერთი თანამოაზრე გაიჩინა. ის ხშირად იყო შირაქში. სხვათა შორის, იმ პერიოდში მწვავედ წერდა ქართველ მწყემსთა გაუსაძლის პირობებზე. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაბა წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე ცხოვრობდა და სამსახურშიც წყნეთიდან დადიოდა. ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა, გამსახურდია აფხაზეთს ხშირად სტუმრობდა - ბიჭვინთის მახლობლად, სოფელ ლიძავაში ისვენებდა, სადაც დღესაც დგას გასული საუკუნის 60-იან წლებში კონსტანტინე გამსახურდიას მიერ აშენებული ფაზენდა. მამისეულ სახლს დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა შეარქვა "აფსუა აბაყა" - აფხაზური სახლი.

რუსუდან შელია