ამბავი "რძალ-დედამთილისა" და ალისა, რომელიც დაქვრივდა - კვირის პალიტრა

ამბავი "რძალ-დედამთილისა" და ალისა, რომელიც დაქვრივდა

მსურდა ამ ქანდაკებებში ჩამედო ის, რაც მათთვის არის დამახასიათებელი: ფიგურა, მოძრაობა, განწყობილება, პლასტიკა...

სამსახურში მიმავალს ყოველდღე მიწევს ბარათაშვილის ხიდის გავლა. ამინდის მიუხედავად, ამ ხიდის ბინადარ ფიგურებთან მუდამ ვხედავ ტურისტებსა თუ ადგილობრივებს ფოტოაპარატით ხელში. ისინი სოციალურ სივრცეს ამ ფიგურებთან გადაღებული ფოტოებით ავსებენ.

ბოლო პერიოდში (ისევ სოციალურ ქსელში) გაჩნდა ფოტო სახელწოდებით "რძალ-დედამთილი", რომელიც ბევრმა გაიზიარა და სახალისო კომენტარიც დაურთო. მე კი სულ მაინტერესებდა, გამეცნო ამ ხიდის ბინადარი გოგონების ავტორი.

გია ჯაფარიძე (მოქანდაკე):

- ამ ქანდაკებების შექმნის იდეა 2005-2006 წლებში დამებადა. ამ ხიდზე ჩვენი ქალაქისთვის არატრადიციული ქანდაკების დადგმა მინდოდა. ეს თავისუფალი ახალგაზრდების ჯგუფია, მე "ახალგაზრდობას" ვუწოდებ.

გოგონების ბევრი ქანდაკება მაქვს გაკეთებული. სამი ქალიშვილი მყავს და მსურდა ამ ქანდაკებებში ჩამედო ის, რაც მათთვის არის დამახასიათებელი: ფიგურა, მოძრაობა, განწყობილება, პლასტიკა... ძალიან ბევრი რამ.

ძიების შემდეგ ფოტოს ავტორსაც მივაკვლიე. იგი ხელოვანი შალვა ლონდარიძეა.

- გადაღებული მაქვს 1500-ზე მეტი ფოტო, რომლებიც მხოლოდ თბილისს მივუძღვენი. ხშირად მეკითხებიან, როგორ ვიღებ ფოტოებს, რა პრინციპით? ჩემი პასუხი ორი სიტყვისგან შედგება: "შორს ვიხედები". ასე შეიქმნა ფოტო, რომელიც ჩვენს თანამედროვეობაში ორ ეპოქას ასახავს.

იცვლება ეპოქა, იცვლება ადამიანის აზროვნება და შეხედულება და იცვლებიან ქანდაკებებიც... ვფიქრობ, ჩემ მიერ შერჩეულმა კადრმა ეს პრინციპი კიდევ ერთხელ დაადასტურა. ერთ კადრში ორი ეპოქაა...

წარსული და აწმყო... ამ ფოტომ პოპულარობა პირველივე წუთებიდან მოიპოვა. რამდენიმე ბლოგერმა სპეციალური სტატიაც კი მიუძღვნა. ზოგი ფემინისტურ განწყობას ხედავდა მასში, ზოგიც ამტკიცებდა, რომ ეს ფოტო ქართველი ქალის სახეცვლილებასა და მის ხასიათს ცხადყოფს. ერთმა ფოტოს "რძალ-დედამთილი" შეარქვა. არ ვიცი, ეს ვისი ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ამ სათაურს, როგორც ფოტოს ავტორი, არ ვეთანხმები. აქ რძალ-დედამთილი არაფერ შუაშია, თუმცა ყველას თავისი შეხედულება აქვს...

ალი დაქვრივდა

"ალი და ნინოს" სკულპტურა, რომლის ავტორიც მოქანდაკე თამარ კვესიტაძეა, 2011 წელს ბათუმში დაიდგა და მალევე ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა... 2015 წლის 26 აგვისტოს ქანდაკების დემონტაჟი დაიწყეს...წინა დღეს კი ბათუმს სტიქიამ გადაუარა - წვიმამ მთელი ქალაქი დატბორა და სახლები დააზიანა. საკვირველია, ნაცვლად იმისა, რომ ბათუმის მერიას გაწმენდითი სამუშაოები ჩაეტარებინა და სანიაღვრე თუ საკანალიზაციო სისტემები მოეწესრიგებინა, "ალისა და ნინოს" იქვე ახლოს, 50 მეტრში ჩაჩოჩება გადაწყვიტა და... გადატანისას ნინოს სკულპტურა დაზიანდა (როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ალი დაქვრივდა). ძეგლის ადგილმონაცვლეობის მთავარ მიზეზად აჭარის მთავრობა სკულპტურის საძირკვლის დაზიანებას ასახელებს. თითქოს ნაპირთან მდგომ ქანდაკებას წყალი საძირკველს ურეცხავდა და სექტემბრისთვის მოსალოდნელი შტორმების შედეგად "ალი და ნინო" შესაძლოა, წაქცეულიყო ან სულაც ზღვას გაეტაცა...

გავრცელებული ინფორმაციით "ალი და ნინოს" გადატანისთვის ბიუჯეტიდან 234.975 ლარი გამოიყო. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია "არნაბი 21"-მა.

კომპანია "არნაბი 21"-ის წარმომადგენელი მამუკა ჟღენტი:

- "არნაბი 21"-ს ეს სამუშაო დაგეგმილი ჰქონდა და აგვისტოს ბოლომდე უნდა შეესრულებინა. ჩვენ გეგმით ვიმოქმედეთ.

- არ გეჩვენებათ, რომ 234.975 ლარი დიდი თანხაა ამ სამუშაოს შესასრულებლად?

- თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ. აღნიშნული სამუშაოსთვის ტენდერით გამოყოფილი იყო 234.975 ლარი. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ამ სამუშაოს შესრულება ხელშეკრულების შესაბამისად, 185.550 ლარად ვითავეთ. ამ თანხაში შედის რკინაბეტონის მოწყობის სამუშაოები პიედესტალისთვის, შემდეგ მისი ზედაპირული დამუშავება, გრანიტის ბორდიურით მოპირკეთება და ა.შ. ქანდაკება იდგმება ნაწრთობ შუშაში, რომლის გრძივი მეტრის ღირებულება 290 დოლარია. ჩვენ 50 გრძივი მეტრი გვჭირდებოდა. ჩასატარებელი იყო კიდევ ათასგვარი სამუშაო. მხოლოდ კონსტრუქციის დემონტაჟი, რომელსაც სპეცტექნიკა სჭირდება, ძალიან ძვირი ღირს - საათი 500 ლარი.

- რატომ დაზიანდა ნინო? ამბობენ, ტროსი გაწყდაო...

- ტროსი არ გაწყვეტილა, კონსტრუქციის გადაადგილებისას ქანდაკება ისე დატრიალდა, რომ დაზიანდა. ტროსი 20-25 ტონას უძლებს, ხოლო "ალისა" და "ნინოს" წონა ცალ-ცალკე 5-სა და 6 ტონას არ აღემატება. კონტრაქტის პირობებით, ნინოს აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო თანხას სრულად დაფარავს ჩვენი კომპანია.

- რა თანხაზეა საუბარი?

- ჯერ არ დაგვითვლია, სამუშაო პროცესში ვართ. თუმცა, დიდ თანხებზე არ უნდა იყოს საუბარი, რადგან "ნინო" მართლაც უმნიშვნელოდ დაზიანდა.

- ამ ეტაპზე რა სამუშაოებია შესრულებული?

- მთავარი მექანიზმი და "ალის" ქანდაკება უკვე დამონტაჟებულია. მიმდინარეობს პიედესტალის მოპირკეთება. ძირითადად, "ნინოს" ადგილზე მიტანის პროცესი დაგვრჩა შესასრულებელი.

- როდის მოხერხდება ეს?

- ხელშეკრულებით, ამ კონსტრუქციის ადგილზე დამონტაჟებისთვის 15 სექტემბრამდე გვაქვს დრო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, 5 სექტემბრისთვის ყველანაირი სამუშაო დასრულებული გვექნება.

ეკა სალაღაია