"ნახეთ, როგორი ბავშვი მომიკლეს" - რა წერია გერმანელი მომვლელი ქალის ჩვენებაში
31-08-2015
"ნახეთ, როგორი ბავშვი მომიკლეს" - რა წერია გერმანელი მომვლელი ქალის ჩვენებაში
"ბავშვს მუდმივი ყურადღება სჭირდებოდა, რადგან სტომაში გროვდება ნახველი, რომელიც პერიოდულად უნდა ამოიტუმბოს, სხვა შემთხვევაში, ბავშვი გაიგუდებოდა. 4 წელი და 8 თვე ანდრიას სტომა ედგა და ჩვენთან არაფერი მოსვლია, მან იცოდა, რომ არ უნდა მოეგლიჯა, თორემ გაიგუდებოდა"

ანდრიას მამა, ვანო დვალიშვილი: "აღარ მყავს ჩემი ანგელოზი, ერთადერთი შვილის სიკვდილს არავის ვაპატიებ"ბავშვს მუდმივი ყურადღება სჭირდებოდა, რადგან სტომაში გროვდება ნახველი, რომელიც პერიოდულად უნდა ამოიტუმბოს, სხვა შემთხვევაში, ბავშვი გაიგუდებოდა. 4 წელი და 8 თვე ანდრიას
სტომა ედგა და ჩვენთან არაფერი მოსვლია, მან იცოდა, რომ არ უნდა მოეგლიჯა, თორემ გაიგუდებოდა"

ანდრიას მამა, ვანო დვალიშვილი: "აღარ მყავს ჩემი ანგელოზი, ერთადერთი შვილის სიკვდილს არავის ვაპატიებ"

22 აგვისტოს გერმანიაში გარდაცვლილი 4 წლის ანდრია დვალიშვილის ცხედარი სამშობლოში 28 აგვისტოს, მარიამობას ჩამოასვენეს. 19 აგვისტოს ოჯახმა ანდრია
გერმანიაში სამკურნალოდ გაგზავნა, მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ პატარა შინ ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდა.
ჯერჯერობით, გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უცნობია. გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელზეც საქმის ბედია დამოკიდებული.

4 წლის ანდრია ოჯახმა ასოციაცია "ჯანმრთელი ბავშვების დახმარებით" 19 აგვისტოს გერმანიაში გაგზავნა. ასოციაცია­ თანამშრომლობს ორგანიზაცია Friedensdorf--თან ("მშვიდობის სოფელი" - ბავშვთა­ საერთაშორისო ორგანიზაცია), რომელიც ომის ვეტერანებისა და მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახების შვილებს­ მკურნალობასა და ოპერაციის ხარჯებს (მათ შორის, მგზავრობის) სრულად აფინანსებს. თუმცა ერთი პირობით - ბავშვი მშობლების გარეშე მიემგზავრება და მკურნალობის განმავლობაში ბავშვთა სოფელში მარტოა.
ამ პირობაზე დათანხმდნენ დვალიშვილებიც. სამწუხაროდ, ანდრია გერმანიაში­ ჩასვლიდან მესამე დღეს გარდაიცვალა. ოჯახის თქმით, ისინი ოთხი დღე ეძებდნენ ბავშვის ცხედარს და მომხდარის შესახებ ინფორმაცია ვერ მოიპოვეს.
ასოციაცია "ჯანმრთელი ბავშვების" დამფუძნებლის, მედეა აბრამიას თქმით, ბავშვის ცხედარი არ დაკარგულა და სამშობლოში მისი გადმოსვენების გაჭიანურება ობიექტური მიზეზით იყო განპირობებული:

-"ბავშვი შაბათს, 22 აგვისტოს დილით გარდაიცვალა. შაბათ-კვირას გერმანიის ყველა სტრუქტურა ისვენებს. ამიტომ გადმოსვენება გაჭიანურდა.

- რა გახდა გარდაცვალების მიზეზი?

- ზუსტი დასკვნა ჯერ მეც არ მინახავს.­ ბავშვს ტრაქეის მძიმე ფორმის სტენოზი (სასუნთქი გზების შევიწროება) და თანდაყოლილი გულის მანკი ჰქონდა. ოპერაციის შემდგომ, რომელიც საქართველოში გაუკეთდა, ტრაქეოსტომა ჩაუდგეს. ოთხშაბათს ბავშვი ჩავიყვანეთ, ხოლო ხუთშაბათსა და პარასკევს გამოკვლევები ჩაუტარდა. ტრაქეოსტომა ჩაუდგეს, შედარებით დიდი ზომის, რომ მილი ოდნავ გაფართოებულიყო. ერთი წლის მერე ოპერაცია იყო დაგეგმილი. თუმცა, მოულოდნელად ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. მომხდარით ჩვენც შოკირებული ვართ. ჩვენი ასოციაცია 2005 წლიდან საქმიანობს და ამ ხნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, რომ სამკურნალოდ გაგზავნილი ბავშვი დაიღუპა.

"კვირის პალიტრა" გორში იმყოფებოდა. დვალიშვილების ოჯახში ენით აუწერელი ტრაგედია ტრიალებს. "ჩემი ანგელოზი,­ როგორ მომიკლეს, აღარ მყავს, ჩემი ერთა­დერთი შვილის სიკვდილს არავის ვაპატ­იებ","- თავჩაქინდრული, ცრემლიანი თვალებით გვესაუბრებოდა ანდრიას მამა, რომელიც ბავშვის სიკვდილში ასოციაცია "ჯანმრთელი ბავშვების" წარმომადგენელს ანა ბერულავასა და ფრიდენდორფის -ის პერსონალს ადანაშაულებს. მისი თქმით, ანდრია უყურადღებობით გარდაიცვალა.

ვანო დვალიშვილი, ანდრიას მამა:
- ოპერაციის შემდეგ ანდრიას სტომა ჩაუდგეს, ბავშვს მუდმივი ყურადღება სჭირდებოდა, რადგან სტომაში გროვდება ნახველი, რომელიც პერიოდულად უნდა ამოიტუმბოს, სხვა შემთხვევაში, ბავშვი გაიგუდებოდა. 4 წელი და 8 თვე ანდრიას სტომა ედგა და ჩვენთან არაფერი მოსვლია, მან იცოდა, რომ არ უნდა მოეგლიჯა, თორემ გაიგუდებოდა.
ბავშვს ხმა საერთოდ არ ჰქონდა, როცა სტომა ნახველით აივსებოდა, მორბოდა და ამის შესახებ ხელით გვანიშნებდა. ვერ აგიწერთ, როგორი ცოცხალი, მხიარული ბავშვი იყო.
როდესაც გერმანიაში გულის გამოსაკვლევად წაიყვანეს, გერმან­ელი ექიმები აღფრთოვანებული დარჩნენ ქართველი კოლეგების ნამუშევრით და განაცხადეს, რომ გულის ოპერაცია საჭირო არ იყო.

- თქვენი შვილის გარდაცვალების მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება.
- ამას ექსპერტიზა დაადგენს. როდესაც ანდრია ჩამოასვენეს, გერმანელი მომვლელი ქალის ჩვენება წამაკითხეს, სადაც ის ამბობს, რომ
22 აგვისტოს დილის 5 საათზე ანდრიამ გაიღვიძა, აფორიაქებული იყო და ვერ აწყნარებდნენ. მოგვიანებით ბავშვი დაამშვიდეს და დაიძინა, დაახლოებით დილის 6-ის ნახევარზე კი მომვლელი ოთახში­ რომ შევიდა, ბავშვი აღარ სუნთ­ქავდაო.
ჩემს შვილს დილის 5 საათზე არასდროს გაუღვიძია და თამაში არ მოუთხოვია, მე ვთვლი, რომ ჩემი შვილი უყურადღებობის გამო დაიღუპა. მის გარდაცვალებაში ბრალი­ მიუძღვის ანა ბერულავას (ასოციაცია "ჯანმრთელი ბავშვების" წარმომადგენელი). ის ანდრიასთან ერთად იყო, მან ფოტოებიც კი გამოგვიგზავნა, ფოტოზე ჩანს, რომ ბავშვს­ ახალი სტომა აქვს. ის სტომა ჩვენ გადმოგვცეს. როგორ შეიძლებოდა ბავშვისთვის იმხელა ზომის სტომა ჩაედგათ?

- გარეგნული დათვალიერებით ბავშვს დაზიანებები ეტყობა?
- არა. სტომა მოხსნილი აქვს, გაკვეთილი იყო. დანარჩენს ექსპერტიზა გვეტყვის.
გამოძიებამ ეს ადამიანები რომც გაამართლოს, მე არ ვაპატიებ. მათ თბილისში აღარ დაედგომებათ. ნახეთ, როგორი ბავშვი მომიკლეს. ისინი ანდრიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლები იყვნენ, ამიტომ პასუხიც უნდა აგონ.
სიმართლე მხოლოდ ანა ბერულავამ იცის, ვინც ჩემი შვილი გერმანიაში წაიყვანა. ანდრია მის ხელში მოკვდა. თავიდან თქვა, იქ ვიყავი, როცა ბავშვი დაიღუპაო. მან გარდაცვლილი ბავშვი მარტო დატოვა და იმავე დღეს საქართველოში წამოვიდა. არ გამოვრიცხავ, რომ იქ ბავშვის ორგანოებსაც იყენებდნენ, ეს უკვე ძალიან პირადული საკითხია და ამას მერე მივხედავთ. ეს ერთადერთი შვილი მყავდა და მის სიკვდილს არავის ვაპატიებ.

- საქართველოში ამ ოპერაციას არ აკეთებენ?
- არა, თურქეთში კი 41 ათასი ევრო მოგვთხოვეს. ამის შესაძლებლობა არ გვქონდა. დახმარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს, სხვადასხვა უწყებას მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ.
ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, 10 ათასს ჩაგირიცხავთ, თუ 31 ათასს თქვენ ჩარიცხავთო. ამდენი ფული რომ მქონოდა, ამათი დახმარება რად მინდოდა?
სხვა გამოსავალი აღარ დარჩა და ამიტომ წავედით ამ პირობაზე - ბავშვი გერმანიაში მარტო გავგზავნეთ. ეს ამ ორგანიზაციის აუცილებელი პირობა იყო."
"კვირის პალიტრამ" ოფიციალური წერ­ილით მიმართა ორგანიზაცია Friedensdorf--ს. გთავაზობთ მათ პასუხს: "ძვირფასო ქალბატონო გოგოხია, ანდრიას ოჯახი მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია. ანდრიას ძებნა საჭირო არ არის, რადგანაც მისი ადგილსამყოფელი ამ დროის განმავლობაში ცნობილი იყო და არის. საქმე განიხილება გერმანიის პროკურატურის მიერ. ჩვენ არა გვაქვს უფლება, საქმეში ჩავერიოთ. მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით საქართველოს კონსულთან ფრანკფურტში, რომელიც ინფორმირებულია მიმდინარე მოვლენების შესახებ. აგრეთვე, ინფორმაცია მივაწოდეთ საქართველოს საელჩოს­ ბერლინში. შემდგომი შეკითხვებით, გთხოვთ,­ მიმართოთ გენერალურ კონსულს ფრანკფურტში.

ჩვენ მაინის ფრანკფურტში საქართველ­ოს გენერალურ კონსულს, იოსებ ჩხიკვი­შვილს ვესაუბრეთ. მისი თქმით, მომხდარი Friedensdorf--მა"იმავე დღეს საკონსულოს წერილობით აცნობა:"
- ვინაიდან ბავშვი შაბათს გარდაიცვალა, უქმეებზე სამართალდამცველებთან დაკავშირება გაგვიჭირდა. ბავშვი გადაასვენეს პროზექტურაში, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდა. ცხადია, პროზექტურაში არავის, მათ შორის, არც ბავშვის ოჯახის ახლობლებს არ შეუშვებდნენ. ამიტომ
მცდარი ინფორმაცია გავრცელდა­, თითქოს ბავშვის ცხედარი დაიკარგა.  როგორც Friedensdorf--მა გვაცნობა, გარდაცვალებამდე ბავშვი გამოსაკვლევად ორ კლინიკაში: 20 აგვისტოს ქალაქ დუისბურგში გულის კლინიკაში, სადაც სონოგრაფია ჩაუტარეს და კვლევებმა დადებითი შედეგები აჩვენა, ხოლო 22 აგვისტოს ქალაქ მიუნხენგლადბახის საავადმყოფოში ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილებაში ჰყავდათ. რადგან სასუნთქი მილები ძალზე შევიწროებული იყო, ბავშვს ხელი არ ახლეს და მომავალი წლის თებერვალში გადაწყდა ოპერაციის გაკეთება. ამის შემდეგ ბავშვი ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად Friedensdorf--ში დაბრუნდა, სადაც გარდაიცვალა. საქმეში გერმანიის პროკურატ­ურაც ჩაერთო. იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული გამოიკვეთება, საქმეს მსვლელობა მიეცემა. ჩვენს საკონსულოს გარდაცვლილის ოჯახთან სისტემატური კავშირი აქვს. ბავშვის ოჯახს დღეში რამდენჯერმე ვესაუბრები. მათი მდგომარეობაც გასაგებია, ოჯახი შოკშია.

"კვირის პალიტრა" დუისბურგსა და მიუნხენ­გლადბახის საავადმყოფოებს დაუკავშირდა. სამწუხაროდ, გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, კლინიკებმა პაციენტების პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე უარი გვითხრეს.
ზოგიერთ კლინიკას იმეილითაც დავუკავშირდით. მათგან მხოლოდ ერთმა - დუისბურგის გულის კლინიკამ გვიპასუხა. კლინიკის ექიმმა რაფაელ ჰოლგერმა ანდრიას კლინიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურა.


"მადლობას მოგახსენებთ ამ საკითხით დაინტერესების გამო. სამწუხაროდ, თქვენს შეკითხვას ვერ ვუპასუხებ გერმანიის კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომელიც პაციენტების მონაცემთა დაცვის წესებს ითვალისწინებს. პატივისცემით, დუისბურგის ჰელიოს კლინიკის მენეჯერი, ექიმი რაფაელ ჰოლგერი".

გამოძიება საქართველოში 116-ე მუხლით (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა) მიმდინარეობს. უკვე დაჰკითხეს გარდა­ცვლილი ბავშვის მშობლები და ასოციაცია­ "ჯანმრთელი ბავშვების" დამფუძნებლები. ამ დროისთვის ორგანიზაცია დალუქულია, ხოლო მათი დოკუმენტაცია და ტექნიკური აღჭურვილობა - ამოღებული.


ნინო გერმანიაში მკურნალობას განაგრძობს

22 აგვისტოს საქართველოში დაბრუნდა ორი ბავშვი, რომლებმაც Friedensdorf--ის პროგრამით ისარგებლეს. ჩვენ ერთ-ერთი მათგანის, 5 წლის ნინი ჩხეტიანის ბაბუას, ჰამლეტ ჩხეტიანს ვესაუბრეთ:
-  ნინი 4 წლის იყო, როცა გერმანიაში გავგზავნეთ, მანამდე საქართველოში ორი ოპერაცია გაუკეთეს, ერთიც ონკოლოგიურში, მაგრამ უშედეგოდ. ძალიან გაგვიჭირდა ბავშვის მთელი წლით გერმანიაში გაგზავნა, სადაც უჩვენოდ ცხოვრობდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ეს ისევ მისი ჯანმრთელობის სასიკეთოდ გავაკეთეთ. ახლა თბილისშია, გარკვეული დროის შემდეგ, კვლავ გერმანიაში მიჰყავთ, ოპერაცია უნდა გაუკეთონ.

- ბავშვი უცხო გარემოს როგორ შეეგუა?
- ბავშვებთან თამაშობდა, ერთობოდა. ქართული თითქმის აღარ იცის, მარტო დედასა და მამას ამბობს. "ჯანმრთელი ბავშვების" დამფუძნებელ ქალბატონ მედეა აბრამიასთვის ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. რაც შეეხება 4 წლის ბავშვს, ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა. რა უნდა ვთქვათ? ოჯახი გამწარებულია, მას თანავუგრძნობთ.

სალომე გოგოხია
იხილეთ ვიდეო
..
16 სექტემბერი 2015 15:33
პოლიტიკა რა შუაშია.მაგის დამფუძნებელს ჭკუა არ ქონია.არ იციან რომ 4 წლის ბავშვი უდედოდ შეიძლება გადაირიოს.ჩემი აზრით მანდ დიდი ძაღლის თავია დამარხუული.
natia
06 სექტემბერი 2015 09:45
ია არ გრცხვენიათ მაგას რომ ამბობთ მშობლებზე მეტად ვის უნდოდა ანდრიას სიცოცხლე?დზალიან გთხოვთ კარგად დაფიქრდეთ მანამდე სანამ რამეს იტყვით.ანდრიას გარდაცვალებას გმერთი არ შეარჩენს იმ ადამიანებს ვინც უყურადგებოდ დატოვა.


.ის ახლა ანგელოზია უფალი შენთან ანდრი.
cd
05 სექტემბერი 2015 14:20
მშობლებს ფული რომ ჰქონოდათ ბავშვს მოარჩენდნენ,არ ქონდათ და ამიტომაც ბავშვის გადასარჩენად გაუშვეს სამკურნალოდ. მშობლების გული და სული ბავშვთან იყო! მაგ ორგანიზაციაში უამრავი ბავშვი გადის მკურნალობას, ვიცი რომ მინიმუმ 5 წლის წინ 1 გოგონა დაიღუპა აფრიკელი. მეტი არ ვიცი , შეიძლება არის წარუმატებელი ოპერაციებიც, მაგრამ მე როგორც მითხრეს ძალიან ბევრი ბავშვი გამოაჯანმრთელეს და რომ ოპერაციებს საუკეთესო ექიმები ატარებენ. ეს არის ინფორმაცია რასაც გასცემენ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები. ჩემი თვალით დანახული კი ისაა რომ ნაოპერაციებ ბავშვებს უნდათ 10ჯერ მეტი გაფრთხილება! ბავშები კი თამაშისას ერთმანეთს ეჩხუბებიან ხან ცემენ და ამდენი პერსონალი არაა რომ ყველას წესიერად მიხედონ. მერე ტკივათ ნაოპერაციები ადგილი, ზოგი ვერ ამბობს,ზოგი ამბობს,ექთნები კი ამოცმებენ ბავშვების მდგომარეობას,მაგრამ სად დედა რომ სულ თვალებში უყურებს ბავშვს და ატყობს რამე ისე თუ არაა და სად ეს. აქ ძირითადად მოხალისე ადამიანები მუშაობენ, პენსიონრები, ჩვეულებრივი ხალხი ვისაც უნდა უცხო და ავადმყოფ ბავშვებს დაეხმარონ, არიან ხალხი ვინც მანქანით ემსახურება ბავშვებს, გადაჰყავთ საავადმყოფოებშI,ზოგს ფუნთუშები მოაქვს, ძოგს წიგნების კითხვა შეუძლია მათთვის , ზოგი აკერინებს და ამას გერმანელი ხალხი აკეთებს უსასყიდლოდ! ექიმები და ექთნები კი პროფესიონალები არიან და ბევრი მათგანი უფასოდ ემსახურება ასეთ ბავშვებს. ეს ორგანიზაცია იაპონიისგან ფინანსდება ნაცილობრივ, მაგრამ დამიჯერეთ რომ ძალიან ბევრი ადამიანი უსასყიდლოდ და მთელი გულით და ენერგიით ეხმარება ბავშვებს, მაგრამ ნამდვილად პერსონალი აკლიათ ბავშვების რეაბილიტაციის დროს!!!!!!!! ზოგჯერ 1 ბავშვს 1 უფროსი უნდა აქ კი არ ვიცი და მგონი 1ზე 20 ბავშვი მოდის.

რედაქტორის რჩევით