"მერაბი ჩემი შვილის გადარჩენას შეეწირა" - გმირობის კიდევ ერთი მაგალითი და სასაკლაო ფოთის სანაპიროზე
"მერაბი ჩემი შვილის გადარჩენას შეეწირა" - გმირობის კიდევ ერთი მაგალითი და სასაკლაო ფოთის სანაპიროზე
"ჩემი შვილი ბრძოლის ველზე რომ დაღუპულიყო, ალბათ, ასე არ ვინერვიულებდი, სიკვდილს ბრძოლის ველზე გადაურჩა და აქ დამეღუპა"

"საოცრად თბილი იყო მერაბი, სიყვარულს ყველას უნაწილებდა. უზომოდ უყვარდა თავისი მეუღლე, მას მოფერებით "მზეს" ეძახდა, სულ ასე მიმართავდა ხოლმე, შენ ჩემი სულის ნაწილი ხარო"


სამწუხაროდ, წელს ზღვასა და მდინარეებზე გახშირდა ადამიანთა დახრჩობის ფაქტები. მორიგი საბედისწერო შემთხვევა ფოთში მოხდა: 22 წლის გიორგი ღუბელაძე ზღვაში ხალხის თვალწინ დაიხრჩო, ახალგაზრდა შველას ითხოვდა, მისი გადარჩენა ორმა მამაკაცმა
სცადა, ოზურგეთელმა მერაბ ცინცაძემ და მისმა მეგობარმა, მაგრამ ვერ შეძლეს. 48 წლის მერაბ ცინცაძეც დაიხრჩო, ხოლო მისი მეგობარი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

ლუარა კვარაცხელია, გიო­რგი ღუბელაძის დედა:

- 17 სექტემბერს ჩემი გიორგი 23 წლის გახდებოდა. მასზე ფეხმძიმე ვიყავი აფხაზეთის ომის დროს. გაჭირვებაში გავზარდე, ხომ იცით, დევნილთა
ცხოვრება როგორია. გიორგი უფროსი შვილი იყო, მერე მარიამი გაჩნდა. გიორგი პატარაობიდან სულ გვერდში მედგა. სკოლა რომ დაამთავრა, სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო, რადგან გადასახადს ვერ გადავიხდიდით. სულ ამბობდა, სამხედრო კარიერას გავიკეთებ, საქართველოს ღირსეული ჯარისკაცი ვიქნებიო. საკონტრაქტო სამსახურში დაიწყო მუშაობა. ავღანეთში მისი წასვლის წინააღმდეგი ვიყავი, შვილო, ტყვიას აფხაზეთში ძლივს გადაგარჩინე და ახლა ავღანეთში საბრძოლველად ვერ გაგიშვებ-მეთქი. მითხრა, შენ არ იცი, იქ საქართველოსთვის რამხელა საქმე კეთდებაო.

წვრთნა გერმანიაში გაიარა და ყველაზე ცხელ წერტილში, ჰილმენდის პროვინციაში გაგზავნეს. იმ პერიოდში, როცა ჩვენი ბიჭები დაიღუპნენ, გიორგი იქ იყო. ძალიან განიცდიდა მათ დაღუპვას, სულ ამბობდა, ყოველ დილას გვიწევს იმ ადგილას გავლა, ვჩერდებით და პატივს მივაგებთ­ მათ ხსოვნასო.
სულ იმის ფიქრში ვიყავი, დღეს ნეტავ ჩემი შვილი გადარჩა თუ დავიღუპე-მეთქი. მის სულს ვფიცავ, ბრძოლის ველზე რომ დაღუპულიყო, ალბათ, ასე არ ვინერვიულებდი, სიკვდილს იქ გადაურჩა და აქ დამეღუპა.

- ცურვა იცოდა?

- ბავშვობიდან კარგად ცურავდა. 22 აგვისტოს შეყვარებულთან ერთად წავიდა ზღვაზე. ის ადგილი სასაკლაოა, ფოთისა და გრიგოლეთის საზღვარზე, მდინარე მალთაყვისა და სუფსის შენაკადი უერთდება ერთმანეთს. ბოლო წლებში იქ ათობით ახალგაზრდა დაიღუპა. არავითარი მინიშნება არ დგას, რომ ბანაობა აკრძალულია. სანაპიროდან ხედავდნენ, როგორ ითრევდა მორევი ჩემს შვილს. ოზურგეთელი მერაბ ცინცაძე და მისი მეგობარი მიშველებიან. ამბობენ, ცინცაძე ყოფილი ხელბურთელიაო, წარმოიდგინეთ, ისიც რომ ჩაითრია წყალმა, ეს რა ადგილი იქნება. ოზურგეთში მის ოჯახში სამძიმარზე თავდახრილები მივედით, ჩემი შვილის გადარჩენას შეეწირა ის ახალგაზრდა.

განადგურებული დედა ვარ. მძიმე მდგო­მარეობაშია მისი შეყვარებული გოგონა. მან უყურა როგორ დაიხრჩო ჩემი გიორგი.
სულელურად დამეღუპა შვილი, ამას ვერ ვინელებ. გული იმაზეც მწყდება, რომ ფოთის მერიის არც ერთი წარმომადგენელი სამძიმარზე არ მოსულა. ჩვენს ეზოში კაცი ვერ შევიდოდა, გზაც კი არ არის იქამდე მისასვლელი, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ესვენა ჩემი შვილი...


მერაბ ცინცაძე, მეუღლესთან ერთად
გიორგი ღუბელაძის გადასარჩენად დაუფიქრებლად შევარდა ზღვაში 48 წლის მერაბ ცინცაძე, ის საერთოდ არ იცნობდა გიორგის, მაგრამ როგორც კი გაიგონა ნაპირზე გოგონას განწირული კივილი, მაშინვე შევარდა გოგონას შეყვარებულის გადასარჩენად. არც მერაბის მეგობარს დაუხევია უკან, ისიც გადაეშვა ზღვაში. მეგობრები ცდილობდნენ როგორმე ახალგაზრდა ბიჭი გადაერჩინათ, თუმცა უშედეგოდ. თვითმხილველების თქმით, მერაბი წინ მიიწევდა, გიორგის გადარჩენას ცდილობდა, თითქოს მიუახლობდა კიდეც მას, მაგრამ უცებ ორივე გაიტაცა ზღვამ, რამდენიმე წუთში არც მერაბი ჩანდა და აღარც გიორგი.  სამწუხაროდ, ღუბელაძესთან ერთად, მის გადასარჩენად შესული მერაბიც დაიხრჩო. მისი მეგობარი კი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, მაშველებმა წამებში მიუსწრეს და უკვე ძალაგამოლეული ტალღებს გამოსტაცეს.

როგორც ამბობენ, ზოგადად ფოთის ზღვა ქვიშიანია, ხშირად კეთდება ორმოები და ამიტომაც ხდება უბედური შემთხვევები, სავარაუდოდ, ბიჭები ორმოში ჩაცვივდნენ და დაიხრჩვნენ.


მერაბ ცინცაძის საქციელი მის მეგობრებს და ახლობლებს არ გაჰკვირვებიათ. ამბობენ, ის უშიშარი, კაცთმოყვარე, ყველას გვერდში მდგომი და დამხმარე ადამიანი იყო და რა გასაკვირია ადამიანის გადასარჩენად ზღვაში თუ შევარდაო. თუმცა მომხდარით ძალიან შეძრულები არიან. ექსპერტიზის შემდეგ მერაბის ცხედარი მშობლიურ კუთხეში, ოზუგრეთში გადაასვენეს. უამრავმა ადამიანმა მიაგო პატივი მის ხსოვნას. ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, ყვავილების ზღვა იდგა, ყველა მისი ახლობელი თვალცრემლიანი მიაცილებდა მას უკანასკნელ გზაზე. იგი ოზურგეთში დაკრძალეს.

მერაბი ოზურგეთში დაბადებული და გაზრდილი იყო. ფოთში რესტორან "არაგვში" მენეჯერად მუშაობდა და იმ საბედისწერო დღეს მეგობართან ერთად სანაპიროზე იჯდა. როგორც გვითხრეს, მან ოჯახი 5 წლის წინ დიდი სიყვარულით შექმნა, დიდხანს უყვარდათ ერთმანეთი ქეთევან სანიკიძეს და მერაბს, მერე წყვილმა იქორწინა. სამწუხაროდ, ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყავდა. მისი მეუღლე, ქეთევან სანიკიძე ოზურგეთის გამგეობაში მუშაობს, ერთმანეთი წყვილს თურმე სულ ენატრებოდა, რადგან მერაბი ფოთში მუშაობდა. როგორც კი დროს გამონახავდა მეუღლესთან მოიჩქაროდა, ამ ბედნიერ წყვილს რომ ვუყურებდით, ჩვენც გვიხაროდაო, - ამბობენ ქეთევანის მეგობრები. "საოცრად თბილი იყო მერაბი, სიყვარულს ყველას უნაწილებდა. უზომოდ უყვარდა თავისი მეუღლე, მას მოფერებით "მზეს" ეძახდა, სულ ასე მიმართავდა ხოლმე, შენ ჩემი სულის ნაწილი ხარო", - მითხრა ოჯახის ახლობელმა. ქეთევანი უმძიმეს მდგომარეობაშია და მას წარსულ დროში მეუღლეზე ლაპარაკი უჭირს. მერაბი ძალიან მორწმუნე ადამიანი ყოფილა, მოძღვარი ფოთში ჰყავდა, რომელიც საგანგებოდ ჩავიდა ოზურგეთში, რათა ოჯახისთვის სამძიმარი ეთქვა და გამომშვიდობებოდა მის სულიერ შვილს. "მამაომ ისეთი სიყვარულით და ისე ისაუბრა მერაბზე, ჩვენ კიდევ არ ვიცოდით თურმე გვერდით რა ადამიანი გვყავდა", - მითხრა ქეთევანის დამ.
მერაბ ცინცაძე ყოფილი ხელბურთელი იყო, ფიზიკურადაც ძლიერი იყო. კარგად ცურავდა. ახლობლებს არ უკვირთ, ადამიანის გადასარჩენად თავი რომ გაწირა, ამბობენ, სხვისი დახმარება მის სულში იყო, სული ტკივილით გვაქვს სავეს, მაგრამ ამავდროულად ამაყები ვართ, რომ ასეთი სულის იყო ჩვენი მერაბი და სამწუხაროა, რომ ის ჩვენს გვერდით აღარ იქნებაო.

მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ფოთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროს თენგიზ ხაზალიას:

- ბანაობა ფოთში მხოლოდ მალთაყვის ტერიტორიაზეა დაშვებული. მოსახლეობა მაინც შედის სხვა ადგილებში, შედიან ღრმად და არ ფიქრობენ შედეგზე. ფოთის ზღვა ქვიშიანია, ხშირად კეთდება ორმოები და ამიტომაც ხდება უბედური შემთხვევები. როგორც ჩანს, გიორგი ღუბელაძესაც ორმოში ჩაუვარდა ფეხი, მის დასახმარებლად მისული ადამიანიც დაიხრჩო, სავარაუდოდ, ისიც ორმოში ჩავარდა.

კიდევ ერთი ტრაგედია ამ დღეებში ფოთის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. იქაც არ შეიძლება ბანაობა, ქვები მოლიპულია, სრიალებს და საშიშია. 8 წლის ბავშვის დაღუპვის მიზეზი სრული დაუდევრობა იყო. იმ დღეს არ შეიძლებოდა ზღვაში ბანაობა, წინადღეს ისეთი წყალდიდობა იყო ფოთში, რომ ქუჩები დაიტბორა, ღელვაც 3 ბალამდე იყო, ამის მიუხედავად, დედამ შვილები წყალში შეუშვა.

- წელს რამდენი კაცი დაიხრჩო ფოთში?

- სამწუხაროდ, ოთხი შემთხვევა იყო ზღვაზე, ერთი მამაკაცი კი მდინარე რიონის გადაცურვას ცდილობდა და მაშინ დაიხრჩო.

- ამბობენ, რომ ტრაგედიის ადგილას აკრძალვის ნიშნები არ დგას. რატომ არ არის მითითებული, რომ იქ ბანაობა არ შეიძლება?
- იდგა აკრძალვის ნიშნები, მაგრამ ხალხი არაფრად აგდებდა და ის ნიშნებიც მოსპეს. ახლა ვგეგმავთ ნიშნების დადგმას.

- ამბობენ, რომ ფოთის სამაშველო სამსახური ვერ აკონტროლებს სიტუაციას, იმ დღესაც არ ყოფილან იქ მაშველები, თორემ შეიძლებოდა ბიჭების გადარჩენაო.

- იქ ვერ იქნებოდნენ მაშველები, რადგან არ არის საბანაო ზოლი. ფოთის სანაპიროს სანაპირო დაცვა იცავს, ისინი აკონტროლებენ სიტუაციას. აღჭურვილები არიან კატერებით, ჰყავთ მყვინთავები, აქვთ სასუნთქი აპარატები და გადიან შემთხვევის ადგილზე.
ფოთში, ალბათ, მალე შეიქმნება სამაშველო განყოფილება. ამისთვის მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში. მომავალში გვეყოლება სათანადოდ აღჭურვილი სამსახური. მთავარი ის არის, რომ მოსახლეობა არ მოიქცეს დაუდევრად და იბანაოს იქ, სადაც დაშვებულია ბანაობა.

ფოთისა და გრიგოლეთის საზღვარზე, მდინარე მალთაყვისა და სუფსის შენაკადი უერთდება ერთმანეთს. ამ წლების მანძილზე იქ ათობით ახალგაზრდა დაიღუპა, ძალიან საშიში ადგილია

თეა ხურცილავა
ლუარა კვარაცხელია
04 ნოემბერი 2015 14:41
მერიის წარმომადგენელი? სად არიან ისინი? ჩაბღაუჭებულები სკამებს ელოდებიან მარიფათიანი საქმეების გამოჩენას, ვინიცობაა ცაკენკი გადაუყარონ ან დაითრიონ როგორმე არამი ლუკმა. მანამ არ გაიღვიძებენ სანამ მათი შვილებიც ისე არ ამოწყდებიან! მესამეს მაშველებმა მიუსწრესო. მიუსწრეს კი არა გონდაკარგული ადამიანი განგების ძალით გადარჩა. ესენი ვისი მშველელები არიან! ერთი საათის შემდეგ მოსული მეხანძრეები რისი გამკეთებლები იყვნენ?! ან რატომ ჰქვია სახანძრო სამსახურს საგანგებო სიტუაციების სამმართველო? ლოთი ხაზალიაა ვინმეს მშველელი? ჩემი შვილი ნახევარი საათი ებრძოდა ზღვას, ნახევარი საათი იხრჩობოდა და 112-მა წყალკანალსა და სახანძროს დაურეკა რომლებიც ერთი საათის შემდეგ გამოცხადდნენ. გიორგისა და მერაბის ცოდვით არ გაიხარეტ თქვენ!
ლუარა კვარაცხელია
18 ოქტომბერი 2015 21:22
უპატრონო ქალაქის უპატრონო მტავრობამ (ძველმაც და ახალმაც) მოინელეს ჩემი სიცოცხლი სავსე შვილი და საწყალი მერაბი. და განა მარტო ისინი?! დღემდე ყურს არავინ იბერტყავს. მიკვირს იმ ოჯახების ვისაც შვილები იმ ადგილაც დაეღუპა, რატომ დუმან. ხალხნო გამოიღვიძეტ, ჩვენი შვილების პატრონი არავინაა, ვინიცობაა ვინმეს ფეხი გადაუბრუნდეს, ლამისაა ქრისტეს ჯვარცმა აჰკიდონ ბრალად! აქ კი რა ხდება, მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მილიონები ჩადეს და ტურისტულ გარემოს აშენებენ, იმ დაწყევლილ ადგილას კი ერტი გამაფრტხილებელი წარწერა არ დადგეს. გეშინოდეტ მშობლებო, შვილები არ გაუშვატ მალტაყვის პლიაჟჟე, იქ სასაკლაოა! განზრახ ხომ არ აკეტებენ ყურადღების პირადულზე გადასატანად?!
mariami
10 სექტემბერი 2015 20:18
გამაფრთხილებელი ნიშნები რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ რომ გიორგი არ შევიდოდა ზღვაში და არც ეს უბედურება დატრიალდებოდა...

რუბრიკის სხვა სიახლეები