ქართულ ფილმში გაპარული შეცდომები - კვირის პალიტრა

ქართულ ფილმში გაპარული შეცდომები

ჟურნალისტები არაერთ სტატიას უძღვნიან მხატვრულ ფილმებში გაპარულ შეცდომებს. თუმცა ამ სტატიებში რატომღაც ყოველთვის უცხოურ ფილმებს განიხილავენ ხოლმე. ჩვენ რამდენიმე ქართულ ფილმში გაპარულ შეცდომებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.

"მიმინო"

ავტომობილი 26-Б, როგორც მას ფილმის მთავარი გმირის, ვალიკო მიზანდარის, მოსკოვში შეძენილი მეგობარი რუბენ ხაჩიკიანი მოიხსენიებს, არ არსებობს. სინამდვილეში, მანქანას, რომელსაც კადრში ხედავთ ქართველი და სომეხი მეგობრების მოსკოვური თავგადასავლის თვალის დევნებისას, ჰქვია КРАЗ-256Б.

ფილმში მოხსენიებული Ту-144, რომლითაც დიდ საერთაშორისო ავიაციაში წასული ვალიკო მიზანდარი დაფრინავს, არასდროს გაფრენილა არც დელიში და არც სან-ფრანცისკოში და მით უმეტეს, არც თბილისში ყოფილა. სინამდვილეში, კადრში ИЛ-18-ის კაბინა ჩანს.

"სიყვარული ყველას უნდა"

მას შემდეგ, რაც ქეთოს დასანიშნად მისულ ხირხალას ქეთო "თონი ფიჩხისთვინ" გასული დახვდება, ის სახელდახელოდ იცვლის სიყვარულის ობიექტს. ბაბულას თითზე ქეთოსთვის გამზადებულ ბეჭედს წამოაცვამს, მიატოვებს სუფრას, რომელზეც ნახევრად სავსე ღვინის ბოთლი და ჭიქები დგას, და ახალ სიყვარულთან ერთად სახლიდან გადის. "ცეცხლი ჭამა თქვენმა პირმა", - ამბობს სამალავიდან გამოსული ქეთო და სუფრის ალაგებას იწყებს, რომელზეც რატომღაც ცარიელი ბოთლი და ჭიქა დგას.

"არ დაიდარდო"

როდესაც ლევანი და მისი მეგობრები თავადთან ბენჟამენის გადასარჩენად ცხენით მიიჩქარიან, კადრში პარალელურად მიმავალი ავტობუსი ჩანს, არადა, ლევანის ქალიშვილს თაყვანისმცემელი თავს აწონებს ავტოთი, რომელშიც იმ არემარეში ერთადერთი დადის და რაშიც სასიძომ მშობლების ნამემკვიდრევი თითქმის მთელი ქონება გადაიხადა.

"ცისფერი მთები"

საბჭოთა კავშირის ნგრევის მომასწავებელ "ცისფერ მთებშიც" გაიპარა უზუსტობა. ახალგაზრდა მწერლის, სოსოს ნაწარმოების განხილვაზე დაწესებულების ხელმძღვანელის, ვაჟა ზაზაევიჩის მაგიდა ერთსა და იმავე კადრში სხვადასხვაგვარად დგას.

ეკა სალაღაია