"რკინის შამილა" - "ვიცი, სიბერეში ისევ დავუბრუნდები მთას..." - კვირის პალიტრა

"რკინის შამილა" - "ვიცი, სიბერეში ისევ დავუბრუნდები მთას..."

შამილ ქორთოშიძე: "ბავშვობა მთაში რომ მაქვს გატარებული, მესმის ყველა ადამიანისა, რომელიც მოწყვეტილია სამყაროს და ზამთარ-ზაფხულ მთაშია. ზამთარში იქ ერთადერთი ტრანსპორტი ხომ შვეულმფრენია... მინდა მოვიკითხო, ხან წამალი მივუტანო, ხან ფქვილი..."

თუშეთში ყველაფერი სხვანაირია, ზეცა უფრო კამკამა, მდელო უფრო ხასხასა, ხალხი - სუფთა, გულწრფელი და სტუმართმოყვარე... ჩემი რესპონდენტიც თუში გახლავთ, იქაურ პურ-წყალსა და წეს-ჩვეულებებზე გაზრდილი, "რკინის შამილად" წოდებული პილოტი შამილ ქორთოშიძე. მან ავიაციაზე ოცნება მაშინ დაიწყო, როდესაც თუშეთში ფილმ "მიმინოს" გადასაღებად ავიდნენ.

შამილ ქორთოშიძე:

- "მიმინოს" რამდენიმე ეპიზოდი სოფელ ომალოში გადაიღეს. მაშინ 12-13 წლისა ვიქნებოდი, სოფლის სკოლა-ინტერნატში ვსწავლობდი. ერთ-ერთ კადრში - შვეულმფრენთან რომ ბავშვები დარბიან, მე და ჩემი უმცროსი ძმაც მოვხვდით. წარმოიდგინეთ, რა დაგვემართებოდა ბავშვებს, შვეულმფრენზე დაკიდებული ძროხა რომ ვნახეთ. ამ ფილმმა განსაზღვრა ჩემი მომავალი პროფესია - დიდი ავიაცია ოცნებად მექცა.

თუშეთში მხოლოდ ერთი სკოლა იყო - ომალოს რვაკლასიანი სკოლა-ინტერნატი, ჩემი მშობლები დიკლოში ცხოვრობდნენ. შაბათ-კვირას შინ მივდიოდით. ომალოდან დიკლომდე 10-12 კილომეტრია. დარში ამ გზას საათ-ნახევარში გავდიოდით, ზამთარში - 12-13 საათს მაინც ვუნდებოდით. სკოლაში 12 მოსწავლე ვიყავით და 7 მასწავლებელი გვყავდა. სხვათა შორის, ბარში სკოლაში შესვლის წინ ჩამომიყვანეს - ტანსაცმლის შესაძენად. მანამდე სატვირთო მანქანის საბარგულზე რომ დამსვამდნენ, თავი მეფე მეგონა, მსუბუქი ავტომანქანა თვალით არ მენახა, ამიტომ თავი უცხოდ ვიგრძენი...

სამხედრო სამსახური რომ მოვიარე, ერთი წელი თელავის აეროპორტში ვიმუშავე. შემდეგ უკრაინაში კრემენჩუგის საავიაციო სასწავლებელი დავამთავრე, საქართველოში დავბრუნდი და დავიწყე მუშაობა თბილისში, შვეულმფრენების ცალკეულ ესკადრილიაში მეორე მფრინავად. 1999 წელს ვალერი ჩხეიძის შეთავაზებით, სასაზღვრო ავიაციას ჩავუდექი სათავეში. შემდეგ სასაზღვრო და თავდაცვის ავიაცია გააერთიანეს და დაუქვემდებარეს თავდაცვის ავიაციას. ჩვენ მასში ცალკეული ესკადრილიის სტატუსით გაგვაერთიანეს. მე ამ ესკადრილიას ვმეთაურობდი. მოგვიანებით ბაზის მეთაურად დამნიშნეს. 2012 წელს ჩვენმა ერთმა შვეულმფრენმა ავარია განიცადა და მე, როგორც ბაზის მეთაური, გადამაყენეს თანამდებობიდან. მას შემდეგ ვმუშაობ ავიაკომპანია "თუშეთში".

"მიმინოს" გადაღებები სოფელ ომალოში მიმდინარეობდა. მაშინ 13-14 წლის ვიქნებოდი. წარმოიდგინეთ, რა დაგვემართებოდა ბავშვებს, შვეულმფრენზე დაკიდებული ძროხა რომ ვნახეთ" - ახლახან თუშეთში დღეობისთვის გიმასპინძლიათ...

- თუშეთში დღესასწაულები იწყება აღდგომის მეასე დღეს, პირველია ლაშარობა, ლაშარობიდან მეორე-მესამე დღეს კი ჩვენს სოფელში ვაკეობა და ბიჭეხობა ტარდება. შულტები, ანუ მორიგეები რიგრიგობით ხელმძღვანელობენ დღეობას. წელს მე ვიყავი შულტა. შულტები ვალდებული არიან, გაუმასპინძლდნენ მთელ სოფელსა და სტუმრებს, დაიცვან წესრიგი... შულტაზეა დამოკიდებული, როგორ ჩაივლის დღესასწაული.

მამაპაპისეული ტრადიციების მიმდევარი ვარ. მიყვარს სტუმარი. სახლი დიკლოში ისე ავაშენე, რომ ბევრი სტუმრისთვის მემასპინძლა.

ბავშვობა მთაში რომ მაქვს გატარებული, მესმის ყველა ადამიანისა, რომელიც მოწყვეტილია სამყაროს და ზამთარ-ზაფხულ მთაშია. ზამთარში იქ ერთადერთი ტრანსპორტი ხომ შვეულმფრენია... მინდა, რაც შემიძლია იმით დავუდგე გვერდში, მოვიკითხო, ხან წამალი მივუტანო, ხან ფქვილი...

- თქვენი ბავშვობის დროინდელი თუშეთი დიდად განსხვავდება დღევანდლისგან.

- კარგია, რომ კომუნიკაცია გაუმჯობესდა, ცუდი კი ის არის, რომ დავიწყებას ეძლევა მამაპაპისეული ტრადიციები. დაცლილია სოფლები. დღეს თუშეთში ტურისტი უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივი.

- დიკლო რატომ ჰქვია თქვენს სოფელს?

- ადრე ამ სოფელს თურმე გალავანი ერქვა. დიდი სოფელი ყოფილა, თუმცა ნელ-ნელა დიკლო, ანუ დაიკლოო. ამიტომაც დაექვა დიკლო.

- "რკინის შამილი" რატომღა დაგარქვეს?

- ალბათ, შვეულმფრენი რომ მიყვარდა. ბევრ სამაშველო ოპერაციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ღმერთმა არ დააჭირვოთ და დღესაც მზად ვარ, ყველას დავეხმარო.

რაც შეეხება ოჯახს: მეუღლე და 2 შვილი მყავს. ბიჭი ჩემს პროფესიას გაჰყვა: საბა საფრენ აპარატში არ არის დაბადებული, თორემ გაზრდილი მართლა მასშია. 12 წლის იყო, პირველად შვეულმფრენი რომ დამოუკიდებლად ააფრინა. გოგოსაც უნდოდა მფრინავობა, მაგრამ ძმამ დაუშალა.

ვიცი, სიბერეში ისევ დავუბრუნდები მთას...

ათნიგენობები

თუშეთში საშემოდგომო სამუშაოებს წინ უძღვის ზაფხულის საკულტო დღეობების ციკლი - ათნიგენობები, რომელიც იწყება აღდგომიდან მეასე დღეს და ორი კვირა გრძელდება. ამ დროს ყველა სოფლის მთავარ ჯვარში გარკვეული კალენდარული თანამიმდევრობით ტარდება კულტმსახურება. ათნიგენობის მასპინძელია შულტა, სოფლის მიერ ერთი წლით არჩეული ჯვარის ყმა. საათნიგენოდ რამდენიმე დღით ადრე შულტა შეჰკიდებს ქვაბს, მოხარშავს ლუდს, რაშიც მთელი სოფელი იღებს მონაწილეობას. შენობა, რომელშიც ლუდი იხარშება, საკრალურია და იქ დედათა წესის ასაკის ქალები არ შედიან.

ათნიგენობის, ანუ ჯვარისკრობის სარიტუალო ცერემონიებს უძღვება ხელოსანი ჯვარის მსახური. მხოლოდ მას აქვს უფლება, გამოაბრძანოს ჯვარის დროშა და ზარების ჟღრიალით ამცნოს მთელ საყმოს ათნიგენობის დაწყება. დროშის გამობრძანების შემდეგ ხელოსანი დალოცავს ალუდიან კოდს, დაამწყალობებს საყმოს, ჯვარის ყველა სტუმარს და სწყალობდესო, სამჯერ შესძახებენ დამსწრე მამაკაცები. ამის შემდეგ მიუსხდებიან ნაკურთხ სუფრას და დაიწყება პურმარილობა. კაცები ცალკე სხდებიან, ქალები ცალკე.

გართობისა და ლხინის გარეშე ათნიგენობა არ ჩაივლის. ათნიგენობაში იციან დოღი და ქორბეღელას გაკეთება. ხუთი კაცი მხარი-მხარს გადახვეული დადგება წრედ და მათ მხრებზე შეადგება სხვა ხუთი. ასე, წაღმა ტრიალით ააქვთ ქორბეღელა საჯარედან (თავმოყრის ადგილიდან) ჯვარისკარამდე (ხატამდე). აქაც სამჯერ შემოტრიალდებიან და ქორბეღელას დაშლიან. ქორბეღელა წარმოადგენს ასტრალური მნათობი ღვთაების მაგიურ რიტუალს.

პურობის შემდეგ იმართება გასართობი ხასიათის რიტუალური თამაშობანი. გავრცელებულია ჩათარაობა ქალებისა და მამაკაცების ურთიერთშებრძოლების, ტყვედ აყვანისა და გამოსყიდვის ცერემონიალი. ჩათარაობა სამყაროს შექმნის მაგიურ რიტუალს წარმოადგენს.

ათნიგენობის დამთავრების შემდეგ იწყება საშემოდგომო სამუშაოები - თიბვების და მოსავლის აღება-დაბინავების დაძაბული სეზონი.

გარდა ქეიფისა, ეს დღესასწაული ხალხური ხელოვნების დიდებულ ფესტივალსაც წარმოადგენს. დღეობის დროს სოფელში მოხვედრილ სტუმარს აუცილებლად მიიპატიჟებენ სუფრაზე და თუშები ამ დროს ყურადღებას არ აქცევენ, თუ რა აღმსარებლობისაა სტუმარი. ამასთან, თუშები არჩევენ, რომ საკულტო ქმედებები უცხოთა გარეშე აღასრულონ.

ეკა სალაღაია