ლაითური - საბჭოთა სოფლების "მექა" - კვირის პალიტრა

ლაითური - საბჭოთა სოფლების "მექა"

იქნებ ჩვენში არც იყოს სოფელი, სადაც ნგრევის ძალა იმგვარად იგრძნობოდეს, როგორც ოზურგეთის სოფელ ლაითურში.

ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ ათეული წლების წინ სწორედ ეს სოფელი აქციეს საბჭოთა სოფლის აღმშენებლობის სიმბოლოდ - გაუვალი ტყე, რომელსაც სამალავად იყენებდნენ ტყვეთა გამყიდველი ქართველი მოღალატეები და თურქები, 30-იან წლებში გაკაფეს, 1700 ჰექტარზე ჩაი, 200 ჰექტარზე ტუნგოსა და 114-ზე - ციტრუსის პლანტაციები გააშენეს, ეკომიგრანტები ჩამოასახლეს და მშენებლობა გააჩაღეს. ე. წ. სტალინური არქიტექტურა - ჩაის ფაბრიკები, კორპუსები, მარმარილოთი მოპირკეთებული შადრევნები მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

90-იან წლებში საჩვენებელმა სოფელმა "საჩვენებელი ნგრევა" დაიწყო - ჩაის განადგურებასთან ერთად განადგურდა ჩაის ფაბრიკები, კორპუსები, შადრევნები, დაინგრა გზები, უშემოსავლოდ დარჩენილი მოსახლეობა კი გაღატაკდა...

"ამ სკვერში სიცოცხლე დუღდა, შადრევანიც არასოდეს დამშრალა, ირგვლივ უამრავი ყვავილი იყო, ყველა მოვლილ-გახარებული" ახლახან, ლაითურში წასვლა გადავწყვიტე. ახლობლებმა გამაფრთხილეს, - წვიმიან დღეს მაინც წადი, თორემ ისეთი გზა აქვთ, მტვერი დაგახრჩობსო. ესე იგი, არც გზა აქვთ-მეთქი? ჰქონდათ, მაგრამ 3 წლის წინ ხიდი ჩაინგრა და გზა მოეჭრათ, - რაც მაგ ხიდის აღდგენაზე ფული შეიჭამა, ერთი ქალაქი აშენდებოდა, მაგრამ ისევ აუშენებელიაო! მოკლედ, ამ "საამო" ინფორმაციით საბჭოთა სოფლების "მექაში" გავემგზავრე და მიკროავტობუსის ფანჯრებიც საიმედოდ დავგმანე. ამაოდ: გზაზე მრავალჯერ შევჩერდით ორმოებისა და ქვა-ღორღის გამო. ბოლოს კი მძღოლს ვკითხე, - ამ თხრილების ფუნქცია ამიხსენი-მეთქი. მოძრაობის შესანელებელი ბარიერებიაო!

- ეგ როგორ?!

- რაც ხიდი ჩაინგრა და სამანქანო გზა მოგვეჭრა, მას შემდეგ ლაითურში ამ გზით დავდივართ და გზის აქეთ-იქით მცხოვრებლებს მტვრით ვახრჩობთ. გაგიჟდნენ საცოდავები - წყალი მაინც ჰქონდეთ, რომ დამტვერილი ტანსაცმელი დაირეცხონ. გუბერნატორის კარზეც კი იარეს, - ან წყალი მოგვეცით, ან გზაზე ასფალტი დაგვიგეთო. ვერაფერს მიაღწიეს და ამიტომ ეს ერთადერთი გზაც გადაკეტეს. მაშინ კი მობრძანდა გუბერნატორი, - მე ახალი გუბერნატორი ვარ, თქვენი პრობლემისა არაფერი ვიცოდი, ახლა ყველაფერს მოგიგვარებთო. მერე ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.

შეღონებულმა ხალხმა ბარი და თოხი გამოიტანა და გზაზე ორმოები დათხარა, რომ მანქანებმა მოძრაობა შეანელონ.

- ამდენ დავიდარაბას არ ჯობდა, ჩანგრეული ხიდის აღდგენა მოგეთხოვათ?

- მაგ ხიდის აღდგენაში, ნარმანია რომ იყო გზების მინისტრი, მისი თამადობით ოზურგეთის ყველა ხელისუფალია ჩარეული, მაგრამ რად გინდა, შემოიდებენ დოინჯს, გაივლ-გამოივლიან - არიქა, მშენებლობას ვაგრძელებთო. 2-3 კაცს ამუშავებენ, მერე ისევ მიატოვებენ. ამ მისვლა-მოსვლაში 2 335 578 ლარია დახარჯული...

ამასობაში სოფელშიც შევედით. სკვერის დანგრეულ კარიბჭესთან თაღებჩაქცეულ სვეტებს კარგა ხანს სევდიანად შევყურებდი - ნგრევა მართლაც საშინელი სანახავია! ამ დროს ქალბატონიც გამომელაპარაკა.

ლოლა გობრონიძე:

- აქაურობა ოდესღაც ისეთი ლამაზი იყო, გურიაში უკეთესს ვერაფერს ნახავდი. ჩვენი მშობლები ჩაის პლანტაციიდან ისეთი დაღლილები მოდიოდნენ, შინამდეც ვერ აღწევდნენ და აქ, შადრევანთან, ჩამოსხდებოდნენ. თან მასლაათობდნენ, თან ჩვენ გვიყურებდნენ, პარკში როგორ ვთამაშობდით. აქ სიცოცხლე დუღდა, შადრევანიც არასოდეს დამშრალა, არც წყალი წყდებოდა და არც შუქი... ირგვლივ უამრავი ყვავილი იყო. იმ კულტურის სახლში, რომელიც ახლა ასე გამოშიგნულია, კონცერტები ტარდებოდა... ზოგი შენობა გარედან რომ ვერ დაანგრიეს, შიგნიდან გაძარცვეს - იატაკსა და ფანჯრებს ჩეხდნენ და ცეცხლს ანთებდნენ... რაც ჩაი განადგურდა, ხალხი ისე გაღარიბდა, პურის ფული უჭირს. სოფელში 3500 კაცი ცხოვრობს და თითქმის ყველა უმუშევარია. ან რა სამსახური გვინდოდა, მიწები შეგვრჩენოდა - ახლა გურიას თხილი პატრონობს და იმას დავრგავდით, მაგრამ მიწები გაგვიყიდეს. გვეუბნებიან, თქვენ რომ გეძინათ, სახელმწიფო ინტერნეტით ყიდდა თქვენს მიწებსო. სულ ტყუილია ეს - ვინც მიწებს ყიდდა, კარგადაც იცოდა, რომ სოფელმა ინტერნეტის ინჩიბინჩი არ იცოდა... წყალი მაინც შემოეყვანათ, მილიონჯერ დაგვპირდნენ, მაგრამ... ზოგიერთმა ჭის ამოთხრა შეძლო და იქიდან ვეზიდებით. მთელი ჩვენი კორპუსი, 20 ოჯახი, აი, ამ ჭაზე დადისო, - ხელი იქით გაიშვირა და ნერვებაშლილი დამემშვიდობა.

ამ სევდიანი საუბრის შემდეგ, გზაზე ცხენის ორთვალაც შემომხვდა - ზედ ლაითურელები ისხდნენ. ცხენი დაბაში ძირითადი ტრანსპორტია.

აღარაფერი გვინდა, ოღონდ მთავრობამ წყალი შემოგვიყვანოს, ჩვენი ხიდისა და წყლის ფული იმდენჯერ შეიჭამა, იმედია, ყველა დაკმაყოფილდა, ახლა იქნებ ხალხის ჯერიც დადგესო - და გულდამძიმებული გამეცალნენ.

არც მე ვიყავი გუნებაზე. მაგრამ ჩვენმა მძღოლმა ყველაფერი დამავიწყა, - ლამის ყველა სახლთან ბლოკნოტს დააძრობდა - ქალაქში მყოფი ლაითურელებისგან ოჯახებისთვის გამოგზავნილ პურს, ზეთს თუ სხვა პროდუქტს სიის მიხედვით არიგებდა... რასაკვირველია, მძღოლი ამისთვის გასამრჯელოს არ ითხოვდა - სოფელი ერთმანეთს რომ უდგას მხარში, იმიტომაც დგას ფეხზე!

ეთერ ერაძე