მეორე სიცოცხლე - ბიჭი, რომელმაც 14 წელი სიჩუმეში გაატარა - კვირის პალიტრა

მეორე სიცოცხლე - ბიჭი, რომელმაც 14 წელი სიჩუმეში გაატარა

"ამაზე მეტს ვერაფერს ვინატრებ"

თემურ მახნიაშვილი: "იმ სიჩუმეში, სადაც ოპერაციამდე ვცხოვრობდი, სულ სხვანაირად წარმომედგინა ბებიასა და პაპას ხმა. ოპერაციის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ თურმე ყველაფერი ხმას გამოსცემს. ახლა უკვე ძველ და ახალ სამყაროს ერთმანეთში ვაერთიანებ"

ზუსტად 14 წელი ყოველი დღე ანბანის გამეორებით იწყებოდა. ყველა ასოს ტუჩების მოძრაობით იმახსოვრებდა, მაგრამ მათი ჟღერადობა ყველასგან განსხვავებული იყო... არ ესმოდა არც ერთი ბგერა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა. არაერთ უშედეგო მცდელობას 2008 წელს დაესვა წერტილი. 14 წლის სმენადაქვეითებული თემურ მახნიაშვილის ცხოვრება აგვისტოს ომმა რადიკალურად შეცვალა. ყველაფერი კი პოლონეთსა და მის ყოფილ პრეზიდენტს, ტრაგიკულად დაღუპულ ლეხ კაჩინსკის უკავშირდება. ახლა 21 წლისაა. ამბობს, რომ შვიდი წლის წინ მეორედ დაიბადა. თემური ბებიასთან, პაპასა და ახალშერთულ მეუღლესთან ერთად ხურვალეთის კოტეჯებში ცხოვრობს. იანვარში ტყუპი გოგონას მამა გახდება. მახნიაშვილებს რამდენიმე დღის წინ ვესტუმრე. შინ ოჯახის უფროსმა, დიდმა პაპამ შემიპატიჟა.

თემურ მახნიაშვილი გამზრდელ ბებია-პაპასთან და მეუღლესთან ერთად ხურვალეთის დევნილთა კოტეჯში ცხოვრობს

ქეთევან მახნიაშვილი, თემურის ბებია: - პატარა ლიახვის ხეობიდან, სოფელ ვანათიდან ვართ. სამი შვილი მყავდა, ერთი ვაჟი და ორი გოგო. 1994 წლის 14 იანვარს ჩემი ბიჭი აფხაზეთიდან ჩამოვიდა. ეზოში შეშა დაჩეხა და მეორე სართულზე ამოჰქონდა, როდესაც ვიღაცამ უკნიდან ესროლა... 20 წლის ბიჭი მივაბარეთ მიწას. მაშინ თემური 24 დღის იყო. ერთი წლის ხდებოდა ბავშვი, როცა დედამისმა მიატოვა. მე, ჩემმა მეუღლემ და გოგონებმა გავზარდეთ. ერთი წლის რომ გახდა, შევატყვე, რომ ხმაურზე არ რეაგირებდა. მაშინვე წავიყვანეთ ექიმთან. გარანტია ვერ მოგვცეს, რომ ოპერაციის შემდეგ ბავშვს სმენა აღუდგებოდა.

მაშინვე გვითხრეს, რომ არსებობდა სკოლა, სადაც ასეთი პრობლემების მქონე ბავშვებს ჟესტიკულაციას ასწავლიდნენ, რაც დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი იყო, მაგრამ იმის საშუალება არ გვქონდა, რომ სოფლიდან თბილისში გადმოვსულიყავით საცხოვრებლად. სოფლის სკოლაში დამყავდა. ვერც მასწავლებლები აგებინებდნენ რამეს და არც ბავშვს ესმოდა მათი. წლები ემატებოდა და ვატყობდით, რომ სულ უფრო ნერვიული ხდებოდა. მეუღლეს ვუთხარი, რადაც უნდა დაგვიჯდეს, ბავშვი სმენადაქვეითებულთა სკოლაში აუცილებლად უნდა წავიყვანოთ-მეთქი. 2004 წელს შევიდა სკოლაში და დაამთავრა კიდეც. "

კონფლიქტი ოდესის პორტისა და საბაჟოში არსებული ქსელების გამო დაიწყო

"კვირის პალიტრა" რამდენიმე ნომრის წინ წერდა გორელ გოგონაზე, რომელიც იმ 300-მდე მოზარდიდან ერთ-ერთი იყო, ვინც 2008 წლის აგვისტოში პოლონეთის მთავრობის ინიციატივით ომის შემდგომი რეაბილიტაციისთვის ვარშავაში გაემგზავრა. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ გოგონას გულზე პრობლემები ჰქონდა და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებდა... მიუხედავად იმისა, რომ თემურს სმენა ომის დროს არ დაუკარგავს, გადაწყდა, რომ ორივე ქართველი მოზარდისთვის სასწრაფო ოპერაცია გაეკეთებინათ: ეკასთვის - გულის, თემურისთვის კი თავის ტვინში იმპლანტატი უნდა ჩაედგათ. იმის გამო, რომ ბავშვები ოპერაციის დროს ოჯახის წევრების გარეშე არ ყოფილიყვნენ, კაჩინსკიმ საკუთარი თვითმფრინავი გამოგზავნა საქართველოში და მათი ოჯახის წევრები სპეცრეისით ჩაიყვანა ვარშავაში. დღეს ეკას ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, თემურს კი 14-წლიანი ნატვრა აუხდა, ყველაფერი ესმის და თავადაც შეუძლია მეტყველება.

ქეთევან მახნიაშვილი: "- ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე თემური მამიდებთან ერთად გამოვუშვით თბილისში. მე 10 აგვისტოს წამოვედი სოფლიდან. თავიდან საავადმყოფოში შეგვასახლეს. ერთ საღამოს მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ და გვითხრეს, პოლონეთის პრეზიდენტს ბავშვები მიჰყავს თავის ქვეყანაში და თუ სურვილი გაქვთ, გავუშვებთო. რამდენიმე დღეში ჩემი შვილიშვილი, სხვა დევნილი ბავშვის მსგავსად, პოლონეთში წაიყვანეს. იქ გამოკვლევა ჩაუტარეს და ლეხ კაჩინსკის ინიციატივით გადაწყდა, თემურისთვის იმპლანტატი ჩაედგათ თავის ტვინში.

თემურ მახნიაშვილი, თემურის პაპა: - როდესაც 14 წლის ასაკში პირველად გესმის პაპა-ბებიას ხმა, გესმის წვიმის ხმა, მუსიკა, ბედნიერებაა. ოპერაციიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ლაპარაკი დაიწყო. თავიდან ყველაფერზე აკაკუნებდა. მერე გაოცებული შემოგვხედავდა, მესმისო. დღემდე პოლონეთის მთავრობა გვიგზავნის ყურის აპარატის ელემენტებს. სამწუხაროდ, ერთი აპარატი დაკარგა, მეორესაც რაღაც პრობლემები აქვს. იმედია, ამ პრობლემასაც მალე მოუგვარებენ."

ოპერაციის შემდეგ...

ყურზე მიმაგრებული აპარატის მეშვეობით მაშინ თემურმა პირველად გაიგონა სამყაროს ხმები. პირველი ემოცია შიშნარევი გაოცება იყო. 14 წლის შემდეგ პირველად უნდა გაეგონა გამზრდელი ბებიის ხმა. დღეს წარსულიდან მხოლოდ ყრუ და უფერული შეგრძნებები ახსოვს. ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე პოლონეთში კი ერთ თვეზე მეტხანს დარჩა. თემური ბებიასთან ერთად პოლონეთში საქართველოს ელჩთან ცხოვრობდა.

თემურ მახნიაშვილი:

-"ნარკოზიდან რომ გამოვედი, საშინელი ხმაური მესმოდა. ძნელია იმ განცდის გადმოცემა. მერე თანდათან ყველაფერი დალაგდა. მართალია, თავიდან ვერ აღვიქვამდი ბოლომდე, მაგალითად, წვიმას, ჩიტების ჭიკჭიკს, აქამდე მათ მხოლოდ ვხედავდი, ახლა უკვე მესმის ყველაფერი. არადა, იმ სიჩუმეში, სადაც ოპერაციამდე ვცხოვრობდი, სულ სხვანაირად წარმომედგინა ბებიასა და პაპას ხმა. თავიდან დავიწყე ცხოვრების შესწავლა. ოპერაციის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ თურმე ყველაფერი ხმას გამოსცემს. ახლა უკვე ძველ და ახალ სამყაროს ერთმანეთში ვაერთიანებ. ძალიან მიყვარს მუსიკა. ახლა რომ მკითხოთ, ყველაზე მეტად რა გინდაო, ამაზე მეტს ვეღარაფერს ვინატრებ. არასოდეს ვიქნები განვლილი ცხოვრების უმადური, იმიტომ, რომ ასეთი შეგრძნებები, რაც ახლა მაქვს, არასდროს მექნებოდა. მაქვს სამსახური, ოღონდ არასტაბილური, მყავს მეუღლე და 14 იანვარს ველოდებით ტყუპ გოგონას. მე და ნინომ ერთმანეთი სმენადაქვეითებულთა სკოლაში გავიცანით და შევუღლდით.

აგვისტოს ომის დროს საქართველოს ელჩი პოლონეთში კოტე ქავთარაძე იმ პერიოდს იხსენებს:

- მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის დროს დევნილი ბავშვები პოლონეთში ჩამოვიყვანეთ, ყველა მათგანს ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა. სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ 13 წლის ეკა ბერუაშვილს გულის, ხოლო 14 წლის თემურ მახნიაშვილს დაბადებიდან სმენასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ. ლეხ კაჩინსკის გადაწყვეტილებით, ორივეს სახელმწიფოს ხარჯით ჩაუტარდა ოპერაცია. მახსოვს თემურის განცდა, როდესაც ოპერაციის შემდეგ მოვინახულე კლინიკაში. მან თავიდან დაიწყო გარე სამყაროს აღქმა. მახსოვს, როგორ უხაროდა, როდესაც ავტომობილის საყვირის ან წვიმის ხმა ესმოდა.

ხშირად მეკითხებიან, რატომ იყო ლეხ კაჩინსკი ასე აქტიურად ჩართული საქართველოს საკითხებში, რატომ გარისკა რამდენჯერმე თავისი სიცოცხლე საქართველოსთვის (ომის დროს თბილისში ჩამოსვლა; ახალგორის ინციდენტი), ბოლოს და ბოლოს, იგი ხომ 40-მილიონიანი, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ გეოპოლიტიკასთან, ადამიანურ ღირებულებებთან არის დაკავშირებული. ცნობილია ისტორია იმ ქართველი იუნკრების და ოფიცრების შესახებ, რომლებიც 1921 წლის თებერვალში გმირულად იცავდნენ თბილისს ბოლშევიკური რუსეთის აგრესიისგან და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იძულებული იყვნენ, დაეტოვებინათ სამშობლო. დაახლოებით 200-კაციანი ჯგუფი მაშინ პოლონეთის მმართველ იუზეფ პილსუცკის მიწვევით პოლონეთში ჩავიდა. პილსუცკიმ ისინი პოლონეთის არმიის შემადგენლობაში ჩარიცხა, როგორც საკონტრაქტო ოფიცრები. 1920, 30-იან და 40-იან წლებში პოლონეთის არმიის ქართველმა ოფიცრებმა ქვეყნის ყველა სამხედრო კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა. პოლონეთის თავისუფლებისთვის ბრძოლა მათთვის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას ნიშნავდა. მათი ნაწილი იბრძოდა 1944 წლის ვარშავის აჯანყების დროსაც. იმ აჯანყებაში მონაწილეობდა ლეხ კაჩინსკის მამაც, რომელიც მეგობრობდა ქართველ ოფიცრებთან. ერთ-ერთი ჩვენი შეხვედრისას ლეხ კაჩინსკიმ მითხრა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მამამისი მას და მის ტყუპისცალ ძმას ხშირად უყვებოდა ქართველი ოფიცრების შესახებ. აღნიშნავდა, თუ როგორი შეუპოვრები იყვნენ ისინი, ხაზს უსვამდა მათ არისტოკრატულობას და იმ ფაქტს, რომ ქართველები პოლონეთის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

პირველად გაიგონა ხმები

ეს პატარა ბიჭუნა დაბადებიდან ყრუ-მუნჯი იყო. ექიმებმა შეძლეს და 6 წლის ასაკში აპარატის მეშვეობით სმენა ნაწილობრივ დაუბრუნეს. ეს კადრიც სწორედ მაშინ არის გადაღებული, როდესაც პატარამ პირველად გაიგონა სამყაროს ხმები. ფოტო პოსტერის სახით ამერიკაში ყველა ოტოლარინგოლოგის კაბინეტის კედლებს ამშვენებს.

თორნიკე ყაჯრიშვილი

იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე