”ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოჰყვეს ამ ქორწინებას მითქმა-მოთქმა” - კვირის პალიტრა

”ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოჰყვეს ამ ქორწინებას მითქმა-მოთქმა”

მომღერალი გია ბაღაშვილი დაოჯახდა. მისი რჩეული - ყოფილი მოცეკვავე, 18 წლის თამუნა ტაბატაძე სტუდენტია. წყვილმა ჯვარი უკვე დაიწერა და საქორწინო მოგზაურობაშიც ქალაქ ბოდრუმში იყო წასული. იგრძნობა თუ არა წყვილს შორის 19-წლიანი ასაკობრივი სხვაობა, მომღერალი თავად გვეტყვის.

- გია, რა ასაკში დაიწყეთ გოგონების "თვალიერება"?

- ძალიან ადრე - საბავშვო ბაღში. ჩემი ინტერესის ობიექტი საახალწლო ზეიმზე დედოფლად აირჩიეს. ფიფქიას ტანსაცმელში ძალიან ლამაზი მეჩვენა და მაშინვე შემიყვარდა. ნინო თვალჭრელიძეს მალევე დავშორდი, რადგანაც ძალიან "ტრაგიკულად" განვითარდა მოვლენები. მე ჩემი "კუბიკები" მქონდა, უცხოეთიდან ჩამოტანილი, და მხოლოდ ნინოს ვათამაშებდი ხოლმე. ერთხელაც, ბაღში დამაგვიანდა, მივედი და რას ვხედავ: ის ჩემი შეყვარებული, ჩემი "კუბიკებით" ვიღაც ბიჭს არ ეთამაშება?!. სასწრაფოდ უნდა მიმეღო ზომები: ავიღე "კუბიკი" და იმ ბიჭს თავში ჩავარტყი. მას თავი გაუტყდა. ბაღში ჩემი მშობლები დაიბარეს და იყო ერთი ამბავი... სხვათა შორის, ერთხელ მშობლები საბავშვო ბაღში ჩემს მუსიკალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებითაც დაიბარეს. მორიგ ზეიმზე ბატონი კოტე მახარაძე მოიწვიეს (ვიცოდი, ვინც იყო ბატონი კოტე) და ის დღე ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა... კონცერტზე გიტარაზე ვუკრავდი, ვმღეროდი. ბატონი კოტე ჩემი სიმღერით მოიხიბლა და ყოველი სიმღერის დასრულებისთანავე მეუბნებოდა: კიდევ იმღერეო. არადა, 3 სიმღერაზე მეტი არ ვიცოდი. ერთხელაც რომ მითხრა, იმღერეო, შემრცხვა, მეთქვა, მეტი არ ვიცი-მეთქი. მერე უეცრად მამაჩემი გამახსენდა, ერთი სიმღერა ჰქონდა ამოჩემებული, სახლში სულ იმას ღიღინებდა და მეც ის დავიწყე: "კუპიტე ბუბლიკი, გარიაჩიე ბუბლიკი"... "ბლატნოი" სიმღერა იყო, საკმაოდ ბევრი უწმაწური სიტყვით; რაც მეტ კუპლეტს ვმღეროდი, ვამჩნევდი, მით მეტად იძაბებოდა დირექტორი და მით მეტად ბჟირდებოდა ბატონი კოტე. ბოლოს მაკოცა, მითხრა, - შენ გაიხარე, ასეთი კარგი დრო დიდი ხანია, არ მიტარებიაო, - და წავიდა. მეორე დღეს დედაჩემი დაიბარეს და უთხრეს: ძალიან ნიჭიერი ბავშვია, ასეთი ბავშვები ყველაფერს ღრუბელივით ისრუტავენ და ყველაფერს ნუ მოასმენინებთო.

- საოცნებოდ, უცნაური პროფესია თუ გქონიათ ბავშვობაში?

- ასეთი არაფერი მახსენდება. თუმცა თავიდანვე მუსიკაზე არ მიფიქრია. ძალიან მიყვარდა ტექნიკური საგნები, მაგრამ მუსიკის თეორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მთელ ფაკულტეტზე ერთი ბიჭი ვიყავი; ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ რა უნდა გამოვსულიყავი, წარმოდგენა არ მქონდა: მუსიკის თეორეტიკოსი, დიდი-დიდი, სოლფეჯიოს პედაგოგი. მერე, როცა საოცარ ადამიანს, პროფესორ კუკური ჭოხონელიძეს შევხვდი, მივხვდი, რომ მთლად ასე ცუდადაც არ იყო საქმე. ფოლკლორისტად მან ჩამომაყალიბა და გამიღო კარი იმ საოცარ სამყაროში, რომელსაც ქართული ხალხური სიმღერა ჰქვია.

- ხასიათის რა თვისება შემოგრჩათ ბავშვობიდან?

- ძალიან ბევრია ასეთი: სიჯიუტე, შეუპოვრობა, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება; საკმაოდ სწრაფად ვფეთქდები, მაგრამ შემდეგ, მობოდიშება შემიძლია.

- როგორია გაბრაზებული გია ბაღაშვილი?

- უი, ცუდი, ისე ვმძვინვარებ, რომ... ერთი პერიოდი, მობილურებზე ვიყავი გადამტერებული: 3 მობილური მაქვს დამტვრეული; მერე მივხვდი, რომ ასეთი გაბრაზება ძვირი "სიამოვნებაა" და ჯობია, მამაპაპური, "ცხრასართულიანი" კახურით შემოვიფარგლო - უფრო იოლადაც იცლები ბრაზისგან და იაფიც ჯდება.

- შეყვარებული გია ბაღაშვილი როგორიღაა?

- თბილი, ყურადღებიანი. ეს თვისებები განსაკუთრებით გამძაფრებული მაქვს ახლა, რადგანაც შეყვარებული გახლავარ.

- აქვე უნდა მოგილოცოთ გაბედნიერება და გკითხოთ: ღირდა 37-წლიანი ლოდინი თამუნასთვის?

- ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი ოჯახი ორ რამეზე ყოფილიყო დაფუძნებული - სიყვარულსა და თანამოაზრეობაზე. მოსიყვარულე და თანამოაზრე ადამიანი შემხვდა. რომ მეკითხებოდნენ, რატომ არ მოგყავს, ბიჭო, ცოლი და რას უცდი აქამდეო? - ახლა ამ კითხვაზე არგუმენტირებული პასუხი მაქვს: აქამდე რომ მომეყვანა, ე.ი. საბავშვო ბაღიდან უნდა გამომეყვანა და დამიჭერდნენ-მეთქი.

- მართლაც რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის... როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება 20 წლის შემდეგ?

- კიდევ უფრო უკეთესი, შვილებით დახუნძლული!

- რამდენი შვილის ყოლას აპირებთ?

- თამუნა ამბობს, 4 შვილის მერე ვიფიქრებთო...

- შვილებს მშობლების სახელებს დაარქმევთ?

- არ ვიცი. ამაზე მამაჩემმა კარგი რაღაც თქვა: არც მე და არც თამუნას მამას ქართული სახელი არ გვქვია (ჯემალი და ტრისტანი) და მაინცდამაინც ჯემტრისტას ნუ დაარქმევთ შვილს, არ არის აუცილებელიო.

- ახლა მითქმა-მოთქმა მოჰყვება თქვენს ქორწინებას...

- ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოჰყვეს ამ ქორწინებას მითქმა-მოთქმა. ჩემი წინაპრების ცხოვრების ისტორიას რომ გადავხედე, ორივე - დიდი ბებიებისა და ბაბუების ქორწინებაც სწორედ დიდი ასაკობრივი სხვაობით გამოირჩეოდა. მტკიცე ოჯახები ჰქონდათ და ამ ოჯახების დანგრევის არანაირი პირობა არ ყოფილა. ასე რომ, ურთიერთობისას მთავარი - სიყვარული და ფასეულობებია, სხვა დანარჩენი - მეორეხარისხოვანია.