"გეოგრაფიული" სკანდალი - კვირის პალიტრა

"გეოგრაფიული" სკანდალი

"გამიჩნდა მთავარი კითხვა: სად იყურება განათლების სამინისტრო?"

მოსკოვში გამოცემულ სასკოლო წიგნში, კერძოდ, მეშვიდე კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოსა და ატლასში მსოფლიოს რუკაზე სახელმწიფოები ნომრებით არის აღნუსხული. გრძელ სიაში თანამიმდევრობით ინაწილებენ ადგილებს აფხაზეთი (19), სამხრეთ ოსეთი (20) და საქართველო (21). ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულების გამო გასაკვირი არ არის, რომ ჩრდილოელი მეზობელი სკოლის მერხიდან ჩააგონებდეს მომავალ თაობებს, როგორ უნდა დაყონ და იბატონონ, რათა რუსული იმპერიალიზმი მარადიული იყოს. Gგასაკვირი ის არის, რომ ასეთი სახელმძღვანელოები საქართველოში, თბილისში, ისანში მდებარე კერძო სკოლა "ინტელექტში" მეშვიდეკლასელებს დაურიგდათ.

ინფორმაცია ამ სახელმძღვანელოს შესახებ სოციალური ქსელით გავრცელდა. "ფეისბუკზე" გიორგი შენგელიამ საკუთარ გვერდზე განათავსა მოსკოვში დაბეჭდილი ოკუპაციური შინაარსის სახელმძღვანელოს ფოტოები.""გეოგრაფიის წიგნი, მე-7 კლასი, რუსული სკოლა, თბილისი, საქართველო. აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელი ქვეყნებია, ყირიმი კი - რუსეთი. განათლების სამინისტრო, ვერ გავიგე?!"" - წერდა გიორგი ფოტოების გასწვრივ.

გიორგი შენგელია: - ჩემი მეგობარი უცხოელია და საქართველოში ცხოვრობს ოჯახით, ბავშვები კერძო სკოლა "ინტელექტში" მიიყვანა. აღმოჩნდა, რომ ჩემი სტუმრობის დღეს (სწავლის დაწყებამდე) სკოლამ სახელმძღვანელოები მიჰყიდა მშობლებს. რახან წიგნები რუსულენოვანი იყო, დამაინტერესა, რა ეწერა გეოგრაფიის სახელმძღვანელოში, რომელიც მოსკოვშია დაბეჭდილი. სახტად დავრჩი, როდესაც დანომრილი რუკა და მის გვერდით - ქვეყნების ნუსხა ვნახე.

რუკაზეც დაჭრილია საქართველო - ცალ-ცალკეა აფხაზეთი და სამაჩაბლო. ასევე დაჭრილია უკრაინა: ყირიმი ცალკეა მონიშნული, რუსეთის ფერად.

ისე აღვშფოთდი, რომ ისტორიის სახელმძღვანელო აღარ მინახავს, არადა, ალბათ იქაც იქნება ის, რასაც არსად, სკოლებში არ უნდა ასწავლიდნენ, როგორც ისტორიულ სიცრუეს. მართლა გამაკვირვა ამ ფაქტმა და გამიჩნდა მთავარი კითხვა: სად იყურება განათლების სამინისტრო? ნუთუ ამ ტიპის წიგნები შეთანხმებული არ უნდა იყოს საქართველოს განათლების სამინისტროსთან? აქ დარღვევაა როგორც სკოლის, ისე სამინისტროს მხრიდან. მეტი სიფრთხილე რომ გვმართებს, ხომ უნდა ხვდებოდნენ?

ჩემმა მეგობარმა მაცნობა, რომ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ სკოლამ წიგნები უკან წაიღო და სასწავლო პროცესში აღარ ჩაეშვება, მაგრამ რომ არ მენახა, ხომ დაუბრკოლებლად ისწავლიდნენ ბავშვები - საქართველო, აფხაზეთი და სამაჩაბლო ერთი კი არა, ცალ-ცალკე ქვეყნები რომ ყოფილა და ხომ გახდებოდნენ რუსული იმპერიალისტური იდეოლოგიის მსხვერპლი?"

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა რუსულ სკოლა "ინტელექტს". დირექტორმა ორესტ პესჩანენკომ კატეგორიული უარი განაცხადა კომენტარზე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელ ნიკოლოზ ჩხარტიშვილთან დაკავშირება მირჩია.

ნიკოლოზ ჩხარტიშვილი: - ჩვენი სკოლა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ეროვნულ გეგმას მიჰყვება და, შესაბამისად, ჩვენ ვიყენებთ სამინისტროს მიერ დამტკიცებულ, გრიფირებულ სახელმძღვანელოებს, თუმცა კანონი გვაძლევს საშუალებას, დამატებითი სახელმძღვანელოები და მასალები გამოვიყენოთ.

სახელმძღვანელო, რომლითაც მეშვიდეკლასელები სწავლობენ გეოგრაფიას, წლების წინ შემოვიტანეთ, ოღონდ 2007 წლის გამოცემა, იმდროინდელი, როდესაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ჯერ კიდევ ცნობდა. ასეთი შეცდომები იმ წიგნში არ ყოფილა. ამჯერადაც გამოწერილი გვქონდა იგივე სახელმძღვანელო, მაგრამ მომწოდებელმა ახალი, 2015 წლის გამოცემის გამოგზავნა ამჯობინა. სამწუხაროდ, ამ წიგნებში აღმოჩნდა უსიამოვნო უზუსტობა. 20-მდე წიგნია ასეთი და მათ სრულად ამოვიღებთ.

- სწავლა რომ არ დაწყებულა, როგორ მოხვდა ისინი ბავშვებთან?

- წიგნები ახალი მიღებული გვაქვს. ამასთან, 2 სექტემბერს, მშობელთა კრებაზე, კლასის ხელმძღვანელებმა ყველა სახელმძღვანელო დაურიგეს მშობლებს. წიგნები უკვე გამოვითხოვეთ. ეს არ არის განათლების სამინისტროსთან შეთანხმებული გრიფირებული სახელმძღვანელოები, საკუთარი ინიციატივით შემოტანილი დამხმარე მასალაა.

- დამატებითი მასალა უნდა შეესაბამებოდეს ძირითად გრიფირებულ სახელმძღვანელოებს. ამას გიკონტროლებთ ვინმე?

- ჩვენ გავდივართ ავტორიზაციას მუდმივად და ყველაფერი მოწმდება...

"კვირის პალიტრა" განათლების სამინისტროს დაუკავშირდა და სთხოვა, განემარტა, ატარებს თუ არა მონიტორინგს კერძო სკოლებში მიმდინარე სასწავლო პროცესზე, მოწმდება თუ არა, რა დამხმარე სახელმძღვანელოებს იყენებენ, ხომ არ არის საფრთხე, რომ კერძო სკოლის საფარით რომელიმე ორგანიზაციამ ან გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალამ ისარგებლოს საკუთარი იდეოლოგიის გასავრცელებლად. განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნატა ასათიანმა განაცხადა:

- ეს სკოლა ხომ კერძოა, განათლების სამინისტრომ რატომ უნდა გააკონტროლოს? მით უფრო, თუ საქმე ისეთ წიგნებს ეხება, რომლებიც გრიფირებული არ არის.

- არ უნდა იცოდეს სამინისტრომ, რა ხდება კერძო სკოლებში?

- მე დეკრეტულ შვებულებაში ვარ და ნათია პაპავა განგიმარტავთ კანონს.

პაპავამ სატელეფონო ზარს არ უპასუხა და როდესაც მივწერე, რომ რედაქციიდან ვაწუხებდი, სხვა თანამშრომელთან გამგზავნა, რომელმაც, დავიწყე თუ არა ახსნა, რისი გაგებაც მინდოდა, საუბარი შემაწყვეტინა, - ინტერნეტში სისულელე გავრცელდა, შეუძლებელია, ასეთი წიგნი საქართველოს რომელიმე სკოლაში იყოს დაშვებულიო, არადა, მასთან დაკავშირებამდე ერთი საათის წინ "ინტელექტში" დამიდასტურეს, რომ ეს წიგნი სკოლამ დაურიგა მოსწავლეებს. განათლების სამინისტროსგან გვაინტერესებდა პასუხი კითხვაზე, როგორ არის დაცული კერძო სკოლები, რომ ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგიის ნებსით თუ უნებლიეთ გამავრცელებლები არ გახდნენ.

დამპირდნენ, დაუყოვნებლივ გიპასუხებთო... ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ სამინისტრომ გაავრცელა ზოგადი განცხადება, სადაც რატომღაც ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სოციალური ქსელით გავრცელებული დეზინფორმაციას, თითქოს მე-7 კლასის გეოგრაფიის რუსულენოვან სახელმძღვანელოებში საქართველო, აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებადაა მოხსენიებული. მსგავსი ლიტერატურის საგანმანათლებლო სისტემაში ჩაშვებას სამინისტრო კატეგორიულად გამორიცხავს. საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლობენ მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შედგენილი გრიფირებული სახელმძღვანელოებით, რომელშიც მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არსად არის დაფიქსირებული. სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რომელიმე რუსულენოვანი ლიტერატურა საქართველოში ნამდვილად გაჩნდა, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ის სასწავლო პროცესისთვის არის განკუთვნილი... სამინისტრო ხაზგასმით განმარტავს, რომ კერძო სკოლების საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი. შესაბამისად, მსგავსი მასალის სასწავლო პროცესში ჩაშვების შემთხვევაში, ამ სამსახურების მიერ აუცილებლად იქნება გამოვლენილი და სკოლას შესაბამისი სანქციები დაეკისრება", - ნათქვამია განცხადებაში.

ჩვენ დავუკავშირდით განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრსაც, სადაც გვითხრეს, რომ ყველა კითხვაზე პასუხი ორშაბათს, ანუ გაზეთის გამოსვლის დღესვე გაგვცემენ.