”კულტურა სჭირდება ხალხს, სანახაობა კი მონებს”
22-02-2010
წიგნის პოპულარიზაციისაკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა. ამიერიდან ჟურნალ "გზისა" და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ერთობლივი პროექტით, ჟურნალ "გზის" ყოველ ნომერთან ერთად ჩვენი მკითხველი შეიძენს ერთი ქართველი მწერლის პროზაული ნაწარმოებების 300-320-გვერდიან წიგნს. თითოეული ტომის სიმბოლური ღირებულება ხელმისაწვდომი იქნება წიგნის მოყვარულთა და წიგნთან დამეგობრების მსურველთათვის.

ჩვენი სოციალური პროექტის მიზანიც ეს გახლავთ - წიგნი დავუბრუნოთ მკითხველს, ახალგაზრდა თაობას კი განუმეორებელ სამყაროსთან შესახვედრად გზა გავუხსნათ. ამ ეროვნულმა პროექტმა უკვე პოვა გამოხმაურება.

თამაზ ჭილაძე: -
მივესალმები გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ინიციატივას, - მისცეს მკითხველს საშუალება, როგორმე ისევ წიგნის, ანუ სულის მშობლიურ სამყაროს დაუბრუნდეს.

აშკარად ქმედითი ნაბიჯია გადადგმული - ჩვენმა დაუმსახურებლად გაღატაკებულმა მკითხველმა შეძლოს შეიძინოს სასურველი წიგნი, რაც დღევანდელ პირობებში დიდ სიძნელ
ეს წარმოადგენს და რაც თანდათანობით აშორებს კიდეც ერთმანეთისაგან წიგნსა და მკითხველს.

ეს არის აშკარად კეთილშობილური, მე ვიტყოდი - ჭეშმარიტად მამულიშვილური ცდა - მოახედოს დღევანდელი ადამიანი იმ უძვირფასესი საგანძურისაკენ, რასაც თხუთმეტსაუკუნოვანი ქართული მწერლობა ჰქვია და ამით ჩაუნერგოს არა მარტო სიამაყის გრძნობა, არამედ იმედიც.

კულტურაზე, კერძოდ ეროვნულ მწერლობაზე, ზრუნვა ერთ-ერთი უპირველესი სახელმწიფოებრივი პრობლემაა ყველა მაღალკულტურულ ქვეყანაში. ჩვენში კი სამწუხაროდ, პრიორიტეტულ საკითხად არ აღიქმება და ისევ სახელმწიფოს მიერ. სხვათა შორის, ეს გამოიხატება, როგორ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, ეროვნულ ბიზნესთან დამოკიდებულების დროსაც, რამდენადაც ბიზნესი, ფაქტობრივად, კულტურის მამობილია ყველა დროისა და ყველა წყობილების სახელმწიფოში.

ჩვენს ბიზნესს ჩანასახშივე გადასახადი კი არა, ხარკი ადევს, რაც იგივე სახელმწიფო რეკეტია. იმის ნაცვლად, რომ მისთვის გვეცლია ფეხზე წამოდგომა, წელში გაშლა, ყოველგვარი გზა მოვუჭერით განვითარებისა. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ქართველი საქმოსნები პოლიტიკურ პარტიად უფრო ადვილად ჩამოყალიბდნენ, ვიდრე ბიზნესმენებად. საქართველოში კი, როგორც მოგეხსენებათ, ყველა პარტიას მწერლობისადმი ერთნაირი პოზიცია აქვს, ანუ მათთვის საერთოდ არ არსებობს ეროვნული მწერლობა.

დღესაც, როდესაც ჩვენში სანახაობა ბატონობს კულტურაზე, აუცილებელია წიგნისკენ მობრუნება. არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ კულტურა სჭირდება ხალხს, სანახაობა კი - მონებს! არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ მსოფლიოში ამჟამად შექმნილი ვითარების პირობებში ჩვენ გადავრჩებით მხოლოდ მაშინ, თუკი ჩვენს ტრადიციებს, ეროვნულ თავისებურებებს, მათ ერთადერთობას და განსაკუთრებულობას შევინარჩუნებთ. ეროვნული შეგნება კულტურის, მისი სინონიმის - წიგნის წიაღიდანაა ამოზრდილი.

არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ ჩვენ წიგნის ქვეყანა ვართ, წიგნმა გადაგვარჩინა და მოგვიყვანა აქამდე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკური თავისუფლება ეროვნულ ენერგიად გარდაქმნილმა ჩვენმა უნიკალურმა კულტურამ მოგვიტანა. ეს ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავისებურებაა. უსათუოდ დადგება მომენტი, როდესაც მწერლობა აღმოჩნდება ევროპულ ოჯახში ჩვენი დაბრუნების გარანტია.

ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებმა (ყველა როდი ფიქრობს, რომ ჩვენი სახელმწიფო ენა ინგლისური უნდა იყოს!) ეტყობა, იგრძნეს და შეწუხდნენ კიდეც იმის გამო, რომ დღეს სხვა ქვეყნებში უფრო აინტერესებთ ჩვენი მწერლობა, ვიდრე საქართველოში. ეს რასაკვირველია, კურიოზული ვითარებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტია. ჩვენი საზოგადოების უკეთესმა ნაწილმა ეტყობა, ისიც იგრძნო,  რომ მწერლობისადმი ასეთი დამოკიდებულება არა მარტო სამარცხვინოა, არამედ საბედისწეროც.

ასე რომ, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ინიციატივა მისაბაძი მაგალითია ყველასათვის, ვისთვისაც სულერთი არ არის, როგორი იქნება ხვალინდელი ჩვენი ყოფა - ცოცხალი და აქტიური, "სავსე ქართული პატიოსნებით", თუ მეორადი, მიბაძვით შექმნილი მადამ ტიუსოს ექსპონატივით...
მარინა ყიფიანი
23 თებერვალი 2010 13:45
პალიტრა გვანებივრებს სიურპრიზებით! მოუთმენლად ველოდები ხუთშაბათს...გაიხარეთ!ღმერთმა დაგლოცოთ!
გიორგი შენგელია
22 თებერვალი 2010 16:34
დიდი მადლობა პალიტრას

div>
რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?