წვიმა შლის ნაკვალევს - კვირის პალიტრა

წვიმა შლის ნაკვალევს

სათაფლიაში დინოზავრები "დაბრუნდებიან"

"ძვირფასო რედაქცია, თქვენი გაზეთის ფურცლებზე ბევრი პრობლემა წამოგიჭრიათ და მათი გადაჭრის გზებიც დაგისახავთ. ამიტომაც მეიმედებით, როცა ამ წერილს გწერთ. იქნებ ნახოთ, რა დღეშია სათაფლიის უნიკალური მღვიმე და მილიონი წლების წინ გადაშენებული დინოზავრის ნაკვალევი. ნაფეხურებს ქარი, წვიმა და თოვლი შლის. მე 55 წლის გახლავართ. 30 წელია პედაგოგი ვარ და მოსწავლეებს დავატარებ ექსკურსიაზე სათაფლიაში. ამ ხნის მანძილზე ნაფეხურების გამოსახულება თანდათან თხელდება. ალაგ-ალაგ კონტურები უკვე გაქრა. ნუთუ ეს ისტორია უნდა წაიშალოს? ნანული ც., ქუთაისი".

ამ წერილის წაკითხვის შემდეგ უძველესი ბუნებრივი ძეგლის სანახავად სათაფლიას ვეწვიე.  მეგზურობა ტურისტული კომპლექსის დირექტორმა ზაალ კვანტალიანმა გამიწია. თუმცა, არსებული სიტუაცია და წვიმა  თვალსაჩინოს ხდიდა ყველა პრობლემას.

KvirisPalitra.Geდინოზავრის დაახლოებით სამასამდე ნაფეხურის მხოლოდ ნაწილი ჩანს ღია ცის ქვეშ, ნაწილი მიწაში დაუტოვებიათ თავიდანვე. ასე უფრო მოსახერხებელია დაფარული ნაფეხურების კონსერვაციაო. საჩვენებლად გამოფენილი ნაკვალევი კი მართლაც მძიმე მდგომარეობაშია. სეზონურ ნალექებს და ქარს შესამჩნევად გამოუფიტავს კლდე, რომელზეც მილიონი წლების წინ გიგანტური ანაბეჭდები დარჩენილა.

ზოგან უკვე უფორმო ღრმული გვხვდება და რომ არა სპეციალური ნიშნული, ვერც მიხვდებით, რას ათვალიერებთ. მეგზურის განმარტებით, თუ ნაკვალევის კონსერვაცია დროულად არ მოხდა, მალე  ვერავის დავუმტკიცებთ, რომ ძველი ქუთაისის ტერიტორიაზე ოდესღაც დინოზავრები დააბიჯებდნენ. თანაც განა მარტო ერთი სახეობის, - სხვადასხვა ერაში აქ უცხოვრიათ მცენარეებით მკვებავ "ჰუმანურ" გიგანტებსა და  ხორცისმჭამელ დინოზავრთა სახეობებს. სათაფლიაში ორივე მათგანის კვალი შემორჩენილა. ეს პალეონტოლოგიური ძეგლი სწორედ ამით არის უნიკალური მსოფლიოში.

გიგანტური ნაფეხურებიდან 600 მეტრში სათაფლიის კიდევ ერთი უნიკალური ბუნებრივი, სპალეოლოგიური ძეგლი მდებარეობს. ულამაზესი კარსტული მღვიმის დარბაზები სრულფასოვნად ვერ აჩენენ თავიანთ ბრწყინვალებას. იმის გამო, რომ შესასვლელი ორი მხრიდან აქვს და ფარღალალა კარებში ჰერმეტულობა დარღვეულია, მღვიმის 900-მეტრიან დერეფანში ქარი დანავარდობს და მტვერი და ნაგავი შეაქვს. ამიტომაც ბუნებრივი ძეგლი ჭუჭყით ჩამუქებულა.

KvirisPalitra.Geსტალაქტიტებზე გადატარებულ ელექტროსადენებზე საცოდავად ბჟუტავენ ნათურები. გასული საუკუნის 70-იან წლებში გაყვანილ საცალფეხო ბილიკს (რომელზეც ფეხი სხლტება) ჯიუტად მივუყვები ძველისძველ, რკინის მოაჯირზე ჩაფრენილი. ზაალ კვანტალიანი ამბობს, რომ არ შეიძლება "ილიჩის" ნათურებით მღვიმის განათება, რადგან იგი სითბოს გამოყოფს და ტემპერატურის სახიფათო მატებას იწვევს, ჰაერი შრება და კედლებზე ხავსი ჩნდება, რომელიც კატასტროფულად აზიანებს ძეგლს. აფერხებს სტალაგმიტებისა და სტალაქტიტების ზრდას. ამიტომაც აუცილებელია მღვიმეში ზამთარ-ზაფხულ ტემპერატურა 18 გრადუსამდე იყოს შენარჩუნებული. აქ ამ აუცილებლობის დაცვას კი არა, სისტემატურ განათებასაც ვერ ახერხებენ. არეულობის წლებში ელექტროტრანსფორმატორი გაფუჭებულა. სახელმწიფოს მისი შეკეთების ნაცვლად მარტივი გამოსავალი მოუძებნია, მღვიმის განათება ცენტრალური ქსელიდან ჩაუჭრია და ახლა ტურისტული კომპლექსის ადმინისტრაცია ტურისტებს "დვიჟოკის" შუქზე ათვალიერებინებს უნიკალურ ძეგლს(!).

ეს მღვიმე სამკურნალო დანიშნულებითაც ერთ-ერთი გამორჩეული ყოფილა მსოფლიოში.  მღვიმეში იონიზაციის მაღალი ხარისხია, რაც შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა ასთმიანებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისთვის. რად გინდა მერე, მაინც მიგდებული და გავერანებულია. მიუხედავად ამისა, ტურისტთა ნაკადი მაინც არ წყდება. მარტო შარშან 65 ათასი დამთვალიერებელი მოსულა სათაფლიაში, მეუბნება ჩემი მეგზური. მისივე თქმით, მალე მღვიმეც დაიკეტება და ვეღარც დინოზავრის ნაკვალევს იხილავს დამთვალიერებელი. სახელმწიფო აქაურობის რეაბილიტაციას აპირებს. კომუნისტების ეპოქის ადმინისტრაციის ორსართულიანი შენობაც ისეა მორყეული, უთუოდ გადაიფიქრებთ შიგნით შესვლას. ამ ტერიტორიაზე რაღა თქმა უნდა, არც ტუალეტი არსებობს ტურისტებისთვის, ულამაზესი კოლხური ტყისკენ გასასვლელი ბილიკებიც ისეა მინგრეული, რომ გასეირნების სურვილი დაგეკარგება.

ნანახით შეძრწუნებულმა თბილისში დაბრუნების შემდეგ ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მივაკითხე. სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე ექსკლუზივზე დაგვთანხმდა და უკვე არსებული, თითქმის 7 მლნ ლარად შეფასებული სარეაბილიტაციო პროექტის საზოგადოების წინაშე გატანის უფლება დაგვრთო. მისი განმარტებით, 2010 წლის ბოლოს სათაფლიის კომპლექსი მთლიანად შეიცვლება.

გიორგი შონვაძე: - პროექტის თანახმად, აშენდება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა. დინოზავრების ნაფეხურები მთლიანად მოექცევა სპეციალური შენობის ქვეშ. ნაკვალევს მინის იატაკიდან სპეციალური განათებით დაათვალიერებს ტურისტი. მოეწყობა მუზეუმი, სადაც იმის გამო, რომ ჩვენ არ აღმოგვიჩენია დინოზავრის ჩონჩხი, შეიქმნება ხელოვნური ექსპოზიციები. წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო მასალები არა მხოლოდ დინოზავრების, არამედ აქაური ტყისა და მღვიმის შესახებაც. მნახველს შეექმნება სრული წარმოდგენა იმისა, თუ რა ხდებოდა აქ მილიონი წლების წინ. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა იურიული პარკი დინოზავრების ხელოვნური ფიტულებით. დიახ, სათაფლიაში დინოზავრები "დაბრუნდებიან". პეტრე ჭაბუკიანის საფლავზე დაიდგმება მემორიალი.

ტურისტს შეეძლება კომფორტული ბილიკებით სიარული. მღვიმე გაირეცხება სპეციალური ხსნარებით. დამონტაჟდება სპეციალური ფერადი განათება, რომელიც განსაკუთრებულ ეფექტს შექმნის და სითბოს გამოყოფით არ დააზიანებს კედლებს. მღვიმეშიც მთლიანად გამოიცვლება მოაჯირი და შეკეთდება სავალი ნაწილი. მღვიმის თავზე კი, დაახლოებით 500 მეტრის სიმაღლეზე გადმოეკიდება მინისგან დამზადებული გადასახედი ქუთაისზე, საიდანაც ძველ ქალაქს და გელათს დაინახავთ. ღამით აქ აინთება ორი უზარმაზარი სინათლის სვეტი, რაც ქუთაისში ჩამოსულ ყველა ტურისტს დააინტერესებს და განაწყობს მეორე დღესვე მის მოსანახულებლად. განახლებული სათაფლიის დათვალიერება  17 წლამდე ასაკის დამთვალიერებლებისთვის  უფასო იქნება.

ვიმედოვნებთ, პროექტი წარმატებით განხორციელდება და შევძლებთ არა მარტო უნიკალური ძეგლის გადარჩენას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც. ვვარაუდობთ, რომ ახალი ინფრასტრუქტურის მეშვეობით ძეგლი თვითონ შეინახავს თავს. მოგეხსენებათ, ახლა სათაფლიის ტერიტორიაზე ერთი კაფეტერიაც კი არ არის. ასევე არა გვაქვს სასტუმრო და ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილიც კი. სამწუხაროდ, აქ კომუნისტების ეპოქიდან დღემდე არაფერი შეცვლილა. ყველაფერი უნდა დასრულდეს წლის ბოლომდე. დრო ცოტა გვაქვს.

P.S პროექტი ქაღალდზე შთამბეჭდავია. ვიმედოვნებთ, განხორციელების შედეგსაც ანალოგიურს მივიღებთ და სათაფლიის რეაბილიტაციის ხარისხი არ გახდება მორიგი მწვავე განსჯის საგანი, ისე როგორც ეს ხშირ შემთხვევაში სჩვევია ჩვენს ხელისუფლებას, როდესაც მოკლე დროში რაღაცის მოსწრებას ცდილობს...