შუაფხოს მზე - "მე ჩემი მიწა მაძლევს ძალას" - კვირის პალიტრა

შუაფხოს მზე - "მე ჩემი მიწა მაძლევს ძალას"

"მიდიოდა წელში გაუტეხავი და მხნე, თითქოს მთისა და ბარის სინდისი მხრებით მიჰქონდა, ოღონდ ძალიან მსუბუქად, ჩაუხრელად. მასაც თავზე მზე ედგა "

"87 წლის ქალს ქათმებიც მყავს, ცხვრებიც, 9 ძროხაც. რძეც მაქვს, ყველსაც ვაკეთებ და "ფშავლების პასპორტს" - დამბალ ხაჭოსაც... არც იმის მეშინია, რომ ვინმე რამეს წამართმევს. როცა მოსატაცებელი ვიყავ, მაშინ არ დამჭირვებია დაცვა და ახლა რად დამჭირდება! იარაღი ახლაც მაქვს და ადრეც მქონდა"

ფშავში, შუაფხოს მივდივარ... ვისაც სიყვარულში დაბრუნება მონატრებია, აქ უნდა ამოვიდეს, აქ სული ფრენას იწყებს. მაგრამ დარდიც მომდევს, დაცლილია ფშავის სოფლები - ბალახაბიბინებული ნასახლარები გამთენიისას მხოლოდ მზეს ელოდებიან სტუმრად, ღამით კი მთვარეს; თუმცა იმედიც არის: შუაფხოში აქა-იქ ახალაშენებული სახლები ჩანს, ვიღაც დაბრუნებულა. მე ამ იმედის გარეშე არ შემიძლია, ჩემზე მეტად ჩემს მეგზურს - გოგი ჭინჭარაულს.

შუაფხოში თეკლე ბადრიშვილთან ავდივართ. "თეკლე ჩემი მასწავლებელი იყო სკოლა-ინტერნატში. ეგ ქართველი ქალის ხატია, ქვეყანა უნდა იცნობდეს", - მეუბნება გოგი და თან ჩანთაში ყველს, პურსა და არაყს აწყობს - ჩვენგან არაფერი სჭირდება, 87 წლის ქალს თავისი შრომით ყველაფერი აქვს, მაგრამ წესი წესიაო.…

ვისაც სიყვარულში დაბრუნება მონატრებია, შუაფხოში უნდა ამოვიდეს, აქ სული ფრენას იწყებს

თეკლეს მთის ძირას წავაწყდით. ლარივით წელში გამართული შემოგვეგება - მაღალი და თხელი. ერთი შეგვათვალიერა, მერე ხელები ცისკენ ასწია: "დაგლოცათ მაღალმა ღმერთმა, ლაღ იახსარმა, დედაღვთისმშობელმა, მთაწმინდის წვერის ანგელოზმა, არხოტის სალოცავმა… მოგცეთ ჭკუა-გონება, ყისმათი, დავლათი,…ბედ-იღბალი; გმირი კოპალა გფარავდეთ მეგზურობაში, სახლში, კვალში და სამსახურში, იცოცხლეთ და იხარეთ, რომ თქვენი ნახვის ღირსი გამხადეთ, რა კარგები მომიხვედით". მერე გულში სათითაოდ ჩაგვიკრა. ყელში ბურთი გამეჩხირა, შემოჯარულ მთებს თითქმის ატირებულმა გავხედე და ლოცვა გულში უნებურად დავაბოლოვე: ამინ! ასე თავისთავად მოხდა, აქ რომ ხარ, შეუძლებელია, უძველესი იდუმალება არ მოგერიოს, ლაპარაკის უნარსაც ის გართმევს.

დუმილს ისევ თეკლე არღვევს და თან რანაირად: გოგის გულში იკრავს და - "დავბერდი? არა! ლექსების ფერებს ახლავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს, სულზე უტკბესო!" "აი, თურმე როგორი ყოფილა შენი თეკლე", - ჩუმად ვეუბნები გოგის, ჩუმადვე მპასუხობს:

- ჰო, ეგეთია. როგორიც სიყმაწვილეში იყო, დღესაც ისეთივეა. დილიდან ბინდამდე მუხლჩაუხრელად შრომობს და ღამით წიგნებს კითხულობს, იმიტომ იცის ამდენი, იმიტომაც მიყვარს.

მამაც, ბიჭურ ბადრიშვილიც, თავისავით ღვთის შვილი ჰყავდა, უკანა ფშავის ხევისბერი იყო და 12 თემი უსიტყვოდ ემორჩილებოდა...

დანარჩენს თავად დეიდა თეკლეც გვიამბობს, - ამბობს გოგი და თეკლეს სახლისკენ მიმიძღვება. დეიდა თეკლეს რაც გააჩნია, ყველაფერი მოაქვს - მიირთვითო, თვითონ კი ჯდება, ხელებს კალთაში იწყობს და ბედნიერი შემოგვყურებს:

- ამ სახლში მამაჩემის ანგელოზის სულია. როგორც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, მამაც ისე ელაპარაკებოდა ანგელოზებს. თუ შევესწრებოდი, მეტყოდა, - შვილო, რაც ნახე, არავისთან წამოგცდესო. ანგელოზებთან ლაპარაკით ყველაფერი წინასწარ იცოდა,

უკანა ფშავში რომ ბალღი ავად გახდებოდა, მამას ეტყოდნენ, გვიშველეო და ისიც კურნავდა. ერთხელ მეც გამიხდა ბიჭი ავად. ერთი თვე იწვა საავადმყოფოში თბილისში. პროფესორებმა - ვერ გავიგეთ, რა სჭირსო. მამამ შემომითვალა, - აქ ამომიყვანე ბალღიო. წავუყვანე. რა ვიცი, რა გაუკეთა, ბიჭი მეორე დღესვე ფეხზე დამიდიოდა.

იმიტომაც მამაჩემის სიტყვას უკანა ფშავში ძირს ვერავინ დააგდებდა. იახსარის თავხევისბერს ხევისბრის დროშა ჰქონდა ჩაბარებული, - ერთხელ ხატობის შემდეგ ერთი პატიოსანი კაცისთვის უთქვამს, მე ცოტახანს დავრჩები, დროშა შენ წაიღეო. მასაც აუღია და წასულა. ამ დროს მამა წამოვარდნილა და გაჰკიდებია, - ეგრე არ გამოვა, მომეცი ეგ დროშა, ჩემი სატარებელიაო. წაუვლია დროშისთვის ხელი და ღმერთს შეხვეწნია, - არ გამაქილიკო მე ბეჩავიო! ანგელოზებმა არ მისცეს ნება, დროშა სხვისთვის ჩაებარებინა. მეც არ მომცეს ალბათ ჩემმა ანგელოზებმა ნება, რომ სხვა მიწაზე მეცხოვრა, - აქ დავიბადე, აქ მოვკვდები და აქვე დავიმარხები იახსარის სალოცავის განგებულებაში.

- აგრეა. იახსარის ძალამ იმ ქვეყნადაც უნდა დაგვიფაროს. ჩვენი იახსარის სალოცავი მაღალ მთაზე ჟამთა სვლას სულ დალეული და დანგრეული ჰქონდა და ჩემმა ვაჟმა გურამმა ააშენა თავიდან, - ქვები თავადაც ზურგით აიტანა და სხვებსაც ეგრე აატანინა. ჩემი გურამის ქალს, ჩემს შვილიშვილს, შვილი წლობით არ ეძლეოდა და იახსარი რომ ააშენა, ჩვენებურ ფილიპე ბალიაურს სიზმარი ენახა, - თუ გურამი ხოშარის თამარ დედოფლის ეკლესიასაც დახურავს, მაგის ქალს შვილი ეყოლებაო. ამან ჩემი გული მზით გაანათა. მაგრამ ამ გულში ჩემი ძმის, ღვთისოს წილი სამუდამოდ არის დაბნელებული - სანამ ის მომიკვდებოდა, მანამდე ვიყავი ბედნიერი, მერე აღარ - უბისთავში, კარატეს სალოცავთან მომიკვდა (ამბობენ, ახლა იქ გზა კეთდებაო, თუ ვიცოცხლე, უნდა ავიდე და ვილოცო).

ჩემი ძმა და კიდევ ერთი მწყემსი, პატარძეულელი მესტვირიშვილი შაქრო იქ ცხვარში იყვნენ. ქოხში შესულიყვნენ. ქოხს მეხი დასცემოდა და ორივე მოკლა. მამამ ჩემი ძმა ჩვენებურებს გამოატანა, - მიმიხედეთო და თვითონ შაქროს გაჰყვა პატარძეულში, - ამისი დედაც რომ არ მოკვდეს, იქ უნდა ვიყო, როცა შვილს მიუსვენებენო. აი, ასეთი მამა მყავდა.

- გათხოვილიც შუაფხოში იყავით?

- არა, თვალივში. მაგრამ იქ არ დავდექი, წამოვედი მამასთან და წამოვიყვანე ჩემი 2 ბიჭიც. მამამ, -15 ქმარი რომ გყოლოდა, ვერ გაგამტყუნებდი, შენ ისეთი ხარ, მთას მთასთან მიიტან, ალბათ ეგრე იყო საჭიროო. იმან, სტუდენტი ვიყავ და სასწავლებლად არ გამიშვა. დაუსწრებლად ვისწავლი-მეთქი და არაო, გამექცევიო. დავანებე თავი და უმისოდ კიდეც ვისწავლე და კიდეც შვილები გავზარდე, არსადაც არ გავქცეულვარ, შუაფხოში მოველ. თან იმის გახსენებაში ვიყავ - ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცნია ღმერთადაო. ქალაქს წასულები მეპატიჟებიან, მაგრამ - თუ ჩემი ნახვა გინდათ, თავად ამოდით-მეთქი. მოდიან კიდეც. ახლაც მაგას ვეუბნები, რომ არც სოფელი ვარგა უქალაქოდ და არც ქალაქი უსოფლოდ. ამჟამად ბუნება იმგვარად მობრუნდა, ისე დასცხება, რომ სოფელს ყველა გაიჩენს, - ეს ყველაფერი ბუნების კანონით არის - სოფელი არ უნდა დაიცალოს, ადამიანი მიწასთან ახლოს უნდა იყოს და ასე იმიტომაც ხდება.

მე ჩემი მიწა მაძლევს ძალას, - 87 წლის ქალს ქათმებიც მყავს, ცხვრებიც, 9 ძროხაც. რძეც მაქვს, ყველსაც ვაკეთებ და "ფშავლების პასპორტს"

- დამბალ ხაჭოსაც...

- ამ ყველაფერს მარტო უვლით?

- მარტო. ჩემი ხელებით. არც იმის მეშინია, რომ ვინმე რამეს წამართმევს. როცა მოსატაცებელი ვიყავ, მაშინ არ დამჭირვებია დაცვა და ახლა რად დამჭირდება! იარაღი ახლაც მაქვს და ადრეც მქონდა. ერთხელ ავჭალაში ძროხები გვყავდა წაყვანილი გასაყიდად. თბილისში სხვა მანქანაზე გადავსხედით და ვუყურებ, შოფერმა გზიდან გადაუხვია, - გავისეირნოთო.დავუძვრე ნაგანი, - აბა, ერთი მანქანა უკან დასწიე და წესიერი გზით იარე-მეთქი! ავი კაცი არ მიყვარს. როგორც თქვენი დანახვა გამიხარდა, ისე გაიხაროს თქვენმა გულმა. მამაჩემსაც ასე უყვარდა სტუმარი, - რიგი მიდიოდა და რიგი მოდიოდა. ერთხელაც ვუთხარი, - კარგი, რა, მამა, დავიღალე-მეთქი და ასე მომიგო: "პურადსა ჰკითხეს, პურადო, პურადობისა რა გერგო?/ ნეტავი ჩემი სასახლე შუა შარაში ამეგო,/ გაყინულ ცეცხლით გამეთბო, მშიერი პურით გამეძღო,/ ამდენი ცოდვის მოქმედსა სულ ამით მაინც მამეგო!"…- მიპასუხა თეკლე ბადრიშვილმა და ვერც კი გავიგეთ, დრო როგორ გავიდა.

არაგვს იქით, იახსარის ციცაბო ქედთან მზე გადაწვერილიყო და თეკლე ბადრიშვილის წინაპართა საფლავების ლოდებს დასდგომოდა. იქ რომ წავიდე, გამომყვებით-მეთქი? შენ გაიხარე, ჟამი ვერ ვნახეო. მისმა ვაჟმა, გურამმა, წაგვიყვანა (დედის სანახავად მოსულს სტუმრები შევრჩით ხელში). უფსკრულის თავზე გაწოლილ სასაფლაოზე ასვლისას მე გული მიმდიოდა, თეკლემ კი ყველას გაგვისწრო და წინაპართა საფლავებს აჰყვა, - მიდიოდა წელში გაუტეხავი და მხნე, თითქოს მთისა და ბარის სინდისი მხრებით მიჰქონდა, ოღონდ ძალიან მსუბუქად, ჩაუხრელად.

მასაც თავზე მზე ედგა. ამ მზის დანახვისას გავიფიქრე, რომ ეს ყველაფერი უეჭველად მარადიულად დარჩება, - ენით აუწერელი სილამაზე, წინაპართა საფლავები და წინაპართა სახელზე დარჩენილი, გაუტეხავი ქართველი ქალები, თეკლე ბადრიშვილი ნამდვილად არის მათი სახე.