"გიკვირთ, საქართველოში რომ ჩამოვედი?" - აფრიკელი ქრისტიანის თვალით დანახული საქართველო - კვირის პალიტრა

"გიკვირთ, საქართველოში რომ ჩამოვედი?" - აფრიკელი ქრისტიანის თვალით დანახული საქართველო

კლარა: "მიხარია, როცა ადამიანებს ვალამაზებ და მათ კმაყოფილ სახეებს ვხედავ"

სამსახურში მიმავალს სილამაზის სალონთან მიწევს ხოლმე გავლა. კარი ყოველთვის ღიაა და ვხედავ: კლიენტს"ფერადკანიანი სტილისტები თმას როგორ უწნავენ. ორი დღის წინ ამ სალონთან მეგობარს უნდა შევხვედროდი. აგვიანებდა. ამასობაში სალონის თანამშრომლებს გამოველაპარაკე. სალონის მეპატრონე და მთავარი სტილისტი აფრიკელი კლარა აღმოჩნდა, რომელმაც გვარი არ გაგვიმხილა.

კლარამ პირველად ეს ბიზნესი ბათუმში წამოიწყო და შემდეგ თბილისში გადმოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისი სალონების "სიმცირეს არ განიცდის, ამბობს, რომ მუდმივი კლიენტურა" ჰყავს.

რა ღირს აფრიკული ნაწნავები და რამდენად მომგებიანია საქართველოში ამ ტიპის სილამაზის სალონები, ამის თაობაზე კლარას ვესაუბრე.

კლარა: "ჯერჯერობით დიდი კლიენტურა არ მყავს, მაგრამ ნელ-ნელა იზრდება მათი რიცხვი. ვერ ვიტყვი, რომ უცხოელისთვის ადვილია საქართველოში ბიზნესის აწყობა, მაგრამ უკან არ ვიხევ. აქ უძრავი ქონება ძვირია, ანაზღაურება მკვეთრად დაბალი. სხვა სალონებთან კონკურენციაც რთულია, რადგან ბევრი სილამაზის სალონია და ყველას თავისი მუდმივი კლიენტი ჰყავს. თუმცა ჩემი სალონი სტილისტის მაღალპროფესიონალური მომსახურების გარდა, კლიენტს სთავაზობს ბუნებრივი ექსტრაქტებით დამზადებულ თმის მოვლის საშუალებებს. თუ თმას სწორად მოუვლით და აფრიკულ ნაწნავებს გაიკეთებთ პროფესიონალთან, ნახავთ, რომ ყველაზე ურჩი თმაც მინიმუმ 6 თვეს გაძლებს.

- რა ღირს აფრიკული ვარცხნილობა?

- მინიმალური პაკეტი 50 ლარიდან იწყება. მაქსიმალური ფასი კი დამოკიდებულია კლიენტის მოთხოვნასა და ვარცხნილობის სირთულეზე. მაქვს როგორც ხელოვნური, ისე ბუნებრივი თმის სხვადასხვა სიგრძისა და ფერის მზა ნაწნავები, ასე რომ, ნებისმიერი კლიენტის მოთხოვნის შესრულება შეგვიძლია.

- აფრიკაში წარმატებულია ეს ბიზნესი?

- აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში ამ ტიპის სალონები ისეთივე ჩვეულებრივია, როგორიც თქვენი სილამაზის სალონები.

ეს სტილი აფრიკული კულტურის ნაწილია და ტრადიციის სახე აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში აფროსალონებს მხოლოდ ფერადკანიანები არ სტუმრობენ, იქ შეხვდებით უამრავ თეთრკანიან ადგილობრივსა და ტურისტს, ყველას, ვისაც მოსწონს ეს სტილი და ვინც ცდილობს იმიჯის შეცვლას.

იქ სალონების შემოსავალი, გაცილებით მაღალია, მაგრამ მე საქართველოს ბიზნესგარემოთი იმიტომ დავინტერესდი, რომ აქ არ არის აფროსტილი გავრცელებული.

- საიდან ხართ?

- აფრიკელი გახლავართ. მყავს მეუღლე და შვილი. თუმცა, შვილი მშობლებთან დავტოვე გაურკვეველი დროით. ქრისტიანულ ოჯახში გავიზარდე. მშობლები საშუალო სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან, არც უჭირთ და არც მდიდრები არიან, მაგრამ შეძლეს ის, რომ ყველას მოგვცეს განათლება. პროფესიით ეკონომისტი გახლავართ, უნივერსიტეტი ბელგიაში დავამთავრე, ჩემი პროფესიით მიმუშავია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციაში. ალბათ გიკვირთ, რატომ ჩამოვედი საქართველოში და რატომ ვმუშაობ სტილისტად, ეს ჩემი ჰობია. თმაზე მუშაობა არ მღლის, არ მბეზრდება და მიმაჩნია, საინტერესოა, როცა ადამიანების ვიზუალის შეცვლაში უშუალოდ მონაწილეობ, ალამაზებ და ხედავ მათ კმაყოფილ სახეებს.

აქ ერთი დამხმარე მყავს, მარტო მუშაობას ნამდვილად ვერ შევძლებდი. საქართველოში რამდენ ხანს დავრჩები, დამოკიდებულია ჩემი საქმის წარმატებაზე.

- როგორ მოხვდით საქართველოში?

- მეუღლე ტურისტულ კომპანიაში მუშაობდა და საქართველოში 2009 წელს თავის საქმეებზე ჩამოვიდა. შემდეგ მეც ჩამოვედი, როგორც ტურისტი, მაშინ 2 კვირა დავრჩი, მაგრამ რამდენიმე თვეში დავბრუნდი და საქმიანობას შევუდექი.

- როგორია აფრიკელი ქალბატონის თვალით დანახული საქართველო?

- უცხოელისთვის არც ერთ ქვეყანაში არ არის ადვილი ცხოვრების დაწყება, მაგრამ მიხარია, რომ ქრისტიანულ ქვეყანაში მოვხვდი. თუმცა ძალიან მიკვირს, როცა ქუჩაში ახალგაზრდები ბილწ სიტყვებს ხმარობენ, მშობლებს ატყუებენ, თავს თავისუფლად ცხოვრების უფრო მეტ უფლებას აძლევენ, ვიდრე ამას ქრისტიანული მოძღვრება გვასწავლის. ვფიქრობ, საქართველოში მწვავედ დგას განათლების პრობლემა. მე არ ვგულისხმობ აკადემიურ განათლებას, აქ არ აძლევთ ბავშვს საბაზო ცოდნას რწმენის თვალსაზრისით.

საქართველოში ყველგან ნამყოფი ვარ, ზღვისპირა სოფლებშიც კი, მაგრამ გამოვარჩევდი ბათუმს. ეს ქალაქი ჩემს მშობლიურ ქალაქს მაგონებს.

ვარცხნილობა 500 მილიონად!

ცნობილმა ბრიტანელმა იუველირმა ლოურენს გრაფმა მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ვარცხნილობა შექმნა, რომლის ფასი 500 მილიონი დოლარია. მან მოდელ დალიუ გიუნტერის თმებში ჩაამაგრა უძვირფასესი ნაკეთობები ალმასებისა და ბრილიანტებისგან. ძნელი სათქმელია, ვინ მოისურვებს ვარცხნილობაში 500 მილიონის გადახდას, მაგრამ გრაფმა მოდის მოყვარულებზე შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა.

თორნიკე ყაჯრიშვილი