ენდჰაუსი - რა საფრთხე იმალება მის უწყინარ ფასადს მიღმა?
14-09-2015
ენდჰაუსი - რა საფრთხე იმალება მის უწყინარ ფასადს მიღმა?
"პალიტრა L" მწერლის მეოთხე წიგნს - "საფრთხე ენდჰაუსში", შემოგთავაზებთ, რომლის წაკითხვის შემდეგ დაუვიწყარი შთაბეჭდილება დიდხანს გაგყვებათ

15 სექტემბერს "დეტექტივების დედოფალს" 125 წელი შეუსრულდება, ამიტომ მსოფლიომ 2015 წელი სწორედ აგათას წლად გამოაცხადა


საშუალოზე დაბალი, მსუქანი, ასაკოვანი მამაკაცი, კვერცხის ფორმის თავითა და იდეალური ულვაშით, სახელგანთქმული გამომძიებელი ერკიულ პუარო და კაპიტანი ჰასტინგზი ზღვისპირა ქალაქ სენტ-ლუში დასასვენებლად ჩადიან. პირველივე დღეს სასტუმრო "მაჟესტიკის" ტერასაზე პუაროს ყურთან ფუტკარი ბზუილით ჩაიფრენს და ამ დროს მომხიბლავი ქალიშვილი გამოჩნდება
- მადმუაზელ ნიკი ბაკლი - ენდჰაუსის მფლობელი, მხიარული, უზრუნველი და ცოტათი დაბნეული...
მალე მკვლელობაც მოხდება და გამოძიებაც გახვრეტილი შლაპიდან იწყება. სიუჟეტის მთავარი ხაზი კი სწორედ ენდჰაუსზე გადის. ენდჰაუსი - სახლი ქალაქის განაპირას, რა საფრთხე იმალება მის უწყინარ ფასადს მიღმა?
ვინ არიან სინამდვილეში იქ მცხოვრები ადამიანები? ვინ არის მკვლელი, რესპექტაბელური ვექილი, უმწეო "დედილო", მოსამსახურეები თუ სტუმრები? რა საიდუმლოს მალავს იდუმალი ლამაზმანი ფრედერიკა რაისი? ვინ აიღო რევოლვერი სამალავიდან? - ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად პუარო გამოძიებას იწყებს.

რომანში რამდენიმე სიუჟეტური ხაზი ერთდროულად ვითარდება და უცნაურად უკავშირდება ერთმანეთს - სასიყვარულო სამკუთხედი, ცნობილი მფრინავის დაღუპვა, ანდერძი, წერილები, მეტსახელი... დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას კარგად გახსოვთ ერკიულ პუაროს უცნაური თვისებები, მათ შორის, მისი გამოძიების მეთოდოლოგიაც - როგორც განმარტავს,­ არ არის საჭირო, თავად ეძებოს ნაფეხურები თუ სხვა სამხილები, სავარძელში მოკალათებული ბევრს ფიქრობს და საქმეებსაც სწორედ ასე ხსნის... ამჯერადაც ცნობილი დეტექტივი პუარო გრანდიოზულ ფინალურ სპექტაკლს გაითამაშებს - გარდაცვლილით მთავარ როლში...
ალბათ, ამქვეყნად მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებზეც ლეგენდარული მაძებრის, ერკიულ პუაროსა და ახირებული მის მარპლის უჩვეულო თავგადასავლებს დაუვიწყარი შთაბეჭდილება არ მოუხდენია -აგათა კრისტის დეტექტივები დღემდე მსოფლიო ბესტსელერების ლიდერია და ეჭვგარეშეა, რომ მისი შემოქმედება კიდევ არაერთ ასწლეულს გაუძლებს!

ცნობილია, რომ აგათას ლაპარაკი ბავშვობიდანვე არ უყვარდა და აზრების გადმოცემა წერით უადვილდებოდა, თუმცა შიშის მომგვრელი სიუჟეტების გამო, პირველი ნამუშევრები მშობლებმა დაუწუნეს და გოგონამაც თხზულებების წერაზე ხელი დიდი ხნით აიღო... საყვარელი საქმიანობის გახსენება კი მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცოლად სამხედრო მოსამსახურეს გაჰყვა და შინ მარტო დარჩენილს თავისუფალი დრო გამოუჩნდა. აგათა ამბობდა, რომ სიუჟეტებს ჭურჭლის რეცხვისას, სააბაზანოში და ვაშლის ჭამის დროს იგონებდა. პირველი - მის გონებაში მორიგ მკვლელობას ბადებდა, ვაშლი კი სიუჟეტის განვითარებას აჩქარებდა.

თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში აგათა კრისტიმ 78 დეტექტიური რომანი, 19 პიესა, ასევე მოთხრობები და ლექსები დაწერა. ის 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. უკანასკნელად გამოსცა წიგნი "ფარდა", რომლის გამოქვეყნებას დიდხანს აყოვნებდა, თითქოს გრძნობდა, რომ ეს მისი რეკვიემი უნდა ყოფილიყო.
2015 წლის 15 სექტემბერს "დეტექტივების დედოფალს" 125 წელი შეუსრულდება, ამიტომ მსოფლიომ 2015 წელი სწორედ აგათას წლად გამოაცხადა.

მის იუბილეს არაერთ ქვეყანაში აღნიშნავენ, დიდ ბრიტანეთში კი ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იგეგმება, მათ შორის სასაჩუქრე წიგნების გამოცემა, მწერლის ძეგლის გახსნა, კონკურსების ჩატარება და 11-20 სექტემბერს გრანდიოზული საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც აგათას მშობლიურ მხარეში, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ტორკიში გაიმართება. ფესტივალზე იგეგმება აგათას საინტერესო ისტორიების მოთხრობა მკითხველისათვის, მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმობების განხილვა, ლიტერატურული კარიერის გაცნობა სტუმრებისათვის და სხვა­დასხვა გასართობი ღონისძიება. როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, ფესტივალი 10 000-მდე კაცს უმასპინძლებს, მათ შორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ არაერთ ცნობილ სახეს.

მსოფლიო მასშტაბის ლიტერატურულ მოვლენაში საქართველო და გამომცემლობა "პალიტრა L"-ც ჩაერთო. მოგეხსენებათ, "პალიტრა L"-მა 27 აპრილს აგათა კრისტის საუკეთესო რომანის გამოსავლენად სხვადასხვა ვებგვერდზე დაიწყო ხმის მიცემა, რომელიც სექტემბერში შეჯამდა და აგათა კრისტის საუკეთესო დეტექტივად "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში" დასახელდა.

საქართველოშიც აგათას მკითხველების უპრეცედენტო რაოდენობისა და გამოხმაურების გამო, "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა, დეტექტივების მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი შეეთავაზებინა: გამომცემლობამ ბრიტანეთში "დეტექტივების დედოფლის" ოფიციალური წარმომადგენლობისგან საქართველოში საიუბილეო სერიის გამოცემის უფლება ექსკლუზიურად მოიპოვა და მის დეტექტივებს პერიოდულად გამოსცემს! ამჯერად "პალიტრა L" შემოგთავაზებთ მწერლის მეოთხე წიგნს - "საფრთხე ენდჰაუსში", რომლის წაკითხვის შემდეგ დაუვიწყარი შთაბეჭდილება დიდხანს გაგყვებათ. მიუხედავად იმისა, რომ "დეტექტივების დედოფალმა" რომანი 1935 წელს დაწერა, ერთ-ერთ დეტექტივს - "საფრთხე ენდჰაუსში" დრომ ვერაფერი დააკლო. ის აგათას შემოქმედების მოყვარულებისთვის კვლავ ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწარმოებად რჩება!

რუსუდან შელია
მიხა
17 სექტემბერი 2015 23:17
უნდა ითქვას, რომ ამ სერიის ”მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში” სუსტადაა თარგმნილი. თქვე კაიხალხო, მშვენიერი თარგმანი მოიძევებოდა უშანგი ბახტაძისა და რატომ უგანეთ? იგივე ”საფრთხე ენდჰაუსში” თარგმნილია კლარა ჯაბუას მიერ (სახელწოდებით ”ენჰაუზის საიდუმლოება”). თავისუფლად შესაძლებელია, სწორედ ეს ვერსია ჩაირთოს სერიაში...

რედაქტორის რჩევით