ორი მეგობრის ტრაგიკული ისტორია
14-09-2015
ორი მეგობრის ტრაგიკული ისტორია
4 წლის იყო ზუკა, ქუჩაში ძაღლმა შეაშინა­ და თმა გასცვივდა. მას შემდეგ ქუდით დადიოდა, რაზეც ბაჩო სულ ეჩხუბებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მოიხადა ქუდი ზუკამ...

"მათ თითქოს ერთნაირი ბედისწერა დაჰყვათ..."


თბილისში კიდევ ერთმა ახალ­გაზრდა­მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თსუ-ის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი ზუკა კოკაია უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხიდიდან გადახტა... გადაწყვეტილების მიღებამდე კი სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

"...ვინც კარგად მიცნობს, იცის, თუ რამდენს ნიშნავდა ჩემთვის ბაჩო და რა რთულად (ჯერაც ვერ)
გადავიტანე მისი სუიც­იდი. ბაჩომ თავისი საქციელით პირადად მე წამართვა მომავალი, რადგან აწყობილი, დალაგებული და გათვლილი თუ მქონდა რამე, მასთან ერთად მხოლოდ... მისი თხოვნა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ შევასრულე - მოვისროლე ქუდი და უქუდოდ­ დავიწყე ცხოვრება... მისი წასვლის შემდეგ მეც გამიმძაფრდა სუიციდის სურვილი, მაგრამ მთავარი ისაა,
რომ მქონდა ამის სურვილი და დღემდე მომყვა. აი, ამას კი იმიტომ ვწერ, რომ თუ ვინმე ჭორიკანას დასჭირდა, გადამოწმება ადვილია, ადვილია და მოდი, გადაამოწმეთ, სანამ ჩირქს მოსცხებთ ჯესიკას... ნამდვილად არ მინდა, ის გამოიაროს, რაც ბაჩოს მარიამმა, როცა სუიციდი მას დაბრალდა. უბრალოდ, რამდენად მცირე უნდა იყო, რომ იფიქრო, გოგოს გამო ჩაიდინა სუიციდიო?!
ბაჩო აბრალავა
ყველაზე მეტად ზაფხულში მივხვდი, ბაჩო რას გრძნობდა მაშინ, იმ დღეებში. ბაჩო, რომელსაც ვერ ვუძმაკაცე, როცა სჭირდებოდა და ვუძმე, როცა არ სჭირდებოდა, მაგრამ მთხოვა...
რომ ვნახავ, საყვედურთან ერთად მადლობასაც ვეტყვი და ბოდიშსაც...
ვისაც სუსტი გეგონეთ, შეხედეთ, რა ძალა აღმომაჩნდა, ვისაც ძლიერი - თქვენც დააკვირდით, სისუსტემ მძლია...
იცოდეთ, გჯეროდეთ, რომ ჰეფი ენდი არსებობს, გწამდეთ, რომ ცხოვრება მშვენიერია და არასდროს დაკარგოთ ის ადამიანი, ვისაც უყვარხართ, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენში რაიმეს ვერ გადალახავთ...­ ცხოვრება იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე სიკვდილი, მაგრამ მე ცხოვრებისთვის არ გავჩენილვარ.
ჩემს სახელზე ბავშვს ვინმემ ალექსანდრო დაარქვით, მე ვერ ვქენი... 23"


ლიკა კაჭარავა, ზუკას მეგობარი: - 4 წელია, ზუკას ვიცნობ. მხიარ­ული, ნიჭიერი, ჭკვიანი, ძალიან კარგი და საიმედო მეგობარი მყავდა. 5 დღის წინ მამაჩემმა კინოში გადაიღო, "მაიტა ნასოსი 2"-ში. ისეთ განწყობაზე იყო, ვერ ვიფიქრებდი, თუ ამას ჩაიდენდა. როდესაც ცუდ ხასიათზე ვიყავი,­ სულ მეჩხუბებოდა - რა გჭირს, რა მოწყენილი ხარო? სხვებს ამხნევებდა და თვითონ როგორ გააკეთა ეს?! 5 წლის წინ მისმა ბავშვობის ძმაკაცმაც სუიციდით დაასრულა სიცოცხლე. ზუკა ძალიან განიცდიდა, მაგრამ ამ თემაზე იშვიათად ლაპარაკობდა.

- პრობლემები ხომ არ ჰქონდა?
- წერილში კი წერს, ჯესიკას ბრალი არ არისო, მაგრამ მისი ცუდად ყოფნის მიზეზი შეყვარებულთან დაშორება იყო. დიდ­ხანს იყვნენ ერთად და ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. შეყვარებულთან შესარიგებლად წავიდა ქობულეთში, მაგრამ შერიგების მცდე­ლობა წარუმატებლად დასრულდა...
5 წლის წინ ზუკა კოკაიას მეგობარმა,­ ახალგაზრდა პოეტმა ბაჩო აბრალავამ თვით­მკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მას ძალიან უყვარდა გალაკტიონი და ჰბაძავდა კიდეც. ალბათ­, ამის გავლენაც იყო, რომ მასავით ფანჯრიდან "გაფრინდა"...

შენ თუ გგონია, ასე სირბილი
ჩემგან შორიშორს რამეს გიშველის,
ძალზედ შემცდარხარ,
ჩემთვის სიკვდილი მხოლოდ ფაქტია,
ფაქტი შიშველი!
ხვეწნა-მუდარამ ძალზედ დამღალა,
ძალზედ მწარეა და ძალზე ძნელი,
ამაზე წერდა, იცოდე გალა...


თემურ შენგელია, ბაჩოს და ზუკას მეგობარი: - ერთ ქალაქში ვცხოვრობდით.­ ზუგდიდი პატარაა და იქ ყველა ერთმანეთს­ იცნობს. ზუკა ბაჩოსგან გავიცანი. მათ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ, განუყრელები იყვნენ... ბაჩო პირველი იყო ჩვენს სამეგობროში, რომელმაც დაგვანახა, რას ნიშნავს, როდესაც მეგობარს კარგავ. ის უნივერსიტეტის მეხუთე სართულიდან გადმოხტა...

- რა გახდა ამის მიზეზი?

- ერთდროულად ბევრი რამ... ბაჩო პოეტი იყო. პირველ კურსზე ვიყავით, ეს რომ გააკეთა. გვქონდა გეგმები, სწავლის, წინსვლის, ცხოვრების, მაგრამ... ბაჩოს ამ გადაწყვეტილებას ერთი კონკრეტული მიზეზი არ ჰქონია... პოეტები ბევრად ემოციურად, ზოგჯერ ბავშვურად და მძაფრად აღიქვამენ ყველაფერს. ბაჩოს კი არ უყვარდა, გიჟდებოდა გალაკტიონზე, ჰბაძავდა და მასავით დაასრულა სიცოცხლე.
ერთი რამ მინდა გაგიმხილოთ: როდესაც რაიონიდან თბილისში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოდიან, პირველ ხანებში არავის ულხინს - ახალი გარემო, ახლ­ობლებთან განშორება... ამას ზოგი მძაფრად აღიქვამს, ზოგიც - იოლად­. ახლა ყველას გვყავს სამეგობრო, მაგრამ თავიდან­ არის სიძნელეები, რომელთაც მხოლოდ ის ადამ­იანები გაიგებენ, ვისაც ეს გზა გაუვლია. ამას ემატება სიყვარული, თავისი პრობლემებით და სხვა სირთულეებით...

- ბაჩოს სიყვარული უპასუხო იყო?
- ბაჩოსა და იმ გოგოს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ მათი ურთიერთობის დეტალებზე საუბარი არ მინდა, რადგან ის გოგონა მაშინ ძალიან ცუდად იყო. არ მინდა, ტკივილი გაუახლდეს... ის კარგი ადამიანია და დღემდე ყველას ძალიან გვიყვარს. ზუკამაც დაწერა თავის წერილში, რომ ბაჩოს გარდაცვალება არ იყო იმ გოგოს ბრალი, ისევე, როგორც მისი წასვლის მიზეზი არ იყო სიყვარული... ბაჩოს დაკარგვით ვიგრძენით, რას ნიშნავს­ მეგობრის წასვლა. ზუკას შემდეგ არც ვიცი, რა ვთქვა. ვერ წარმომიდგენია, როგორ ვიქნ­ებით მის გარეშე, როგორ ვითამაშებთ­ ფეხბურთს, ვისაუბრებთ ლიტერატურაზე, პოეზიაზე...

- ბაჩოზე დიდი ტკივილით წერს ზუკა...
- ზუკა ჩვენზე პატარაა. ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სწავლობდა. სულ ერთად ვიყავით. როდესაც ბაჩომ უნივერსიტეტში ჩააბარა, ზუკა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე­ იყო და მის გარეშე ძალიან გაუჭირდა. იმდენად ცუდად იყო, თავი უნდა მოვიკლაო, ამბობდა... იქაური მეგობრები, რა თქმა უნდა,­ ჰყავდა, მაგრამ ბაჩოს გარეშე უჭირდა.­ 4 წლის იყო ზუკა, ქუჩაში ძაღლმა შეაშინა­ და თმა გასცვივდა. მას შემდეგ ქუდით დადიოდა, რაზეც ბაჩო სულ ეჩხუბებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მოიხადა ქუდი... როდესაც ზუკამაც ჩააბარა, თითქოს ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ, რადგან ისევ ერთად ვიყავით. ბაჩოს წასვლის შემდეგ ვერ აგიხსნით, რა ცუდად იყო ზუკა, მაგრამ გვეგონა, როგორღაც გადაიტანა. ერთი პერიოდი აქტიურად ცხოვრობდა, მან-სან-კანში თამაშობდა, "თქვენს შოუსა" და "სხვა კონცერტშიც" მონაწილ­ეობდა, "მაიტა ნასოსი 2"-ში იღებდნენ... 5 წელი გავიდა ბაჩოს გარდაცვალებიდან, მაგრამ ვხვ­დებოდით, რომ დრომ მონატრება გაუმძაფრა. გულით უზარმაზარ დარდს ატარებდა, მაგრამ მის გვერდით ვერ მოიწყენდი, სულ მხიარულობდა. ასეთი ადამიანები საკუთარ თავთან მარტო რომ რჩებიან, სხვანაირები ხდებიან. იმ საბედისწერო წერილში ზუკა ბაჩოს გარდაცვალებაში საკუთარ თავს ადანაშაულებს - მაშინ ვერ გიძმაკაცეო. მეც მის დღეში ვარ ახლა - ალბათ, ვერ შევძე­ლი, მისთვის გამეგო. მათ თითქოს ერთნაირი ბედისწერა დაჰყვათ...

ლალი პაპასკირი
ბუკი
20 სექტემბერი 2015 00:29
საქართელოში უაღესად სერიოზულად დგას მოსახლეობის, განსაკუთრებით ფსიქიკური ჯანმრთლეობის პრობელმა! დაბალი კულტურის ქვეყნებში ხდება ის რაც ქართულ ჯანდაცვის სისტემაშია, თანამედრვე ფსიქიატრია სრულიად უგულველყოფილი და ღვთის ანაბარა მიტოვებულია! საქართველოში ფსიქიატრიული დაავადება არსებიტად სულის დაავადებაა, სულიერი აშლილობაა და ამას მხოლოდ მამაოები ვერ განკურნავენ, მით უმეტეს ისეთი მამაოები, რომელთა ნაწილისთვის სულიერება უცხო რამ არის! საზოგადოება არის გაუნათლებლი, თუ შვილს პრობლემა აქვს, რად უნდა ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრუი, არიქა ვინმემ არ გაიგოს და ა.შ. შედეგი არის ის, რაც გვაქვს, სუიციდის ამდენი შემთვევა! ახლა ყველაფერს გალაქტიონს ნუ გადააბრალებთ! პრობლემები ამ საზოგადოების ცხოვრების არაჯანსაღი მიდგიმებიდან მომდინარეობს და კიდევ იმ სულელური სერიალებისაგან, რომელზეც გაიზარდა ამ ახლაგაზრდების თაობა და იზრდება ეხლანდელი, და რომლებიც ამბობდენ, არ ვუყურებდით და არ ვუყურებთო, მაგრამ ხომ ფაქტია, დიდ-პატარა მიმსხდარია მაგ სერიალოებს, თორემ ამ ტელეარხებს ასეთი შეჯიბრი არ ექნებოდათ, აბა ვინ უფრო მეტ თურქულ და ინდურ სერიალს აჩვენებს!
laqa
15 სექტემბერი 2015 14:05
ვითომ ტრაგიკული?!
vaaaaa
15 სექტემბერი 2015 14:01
ღთმერთმა მიუტევოთ! არ ვარგა ასეთი ამბების რეზონანსირება, სუსტი ფსიქიკის და ზედემტად დრამატული განცდების მქონე ახალგაზრდებისთვის მისაბაძ მაგალითებად ნუ გახდით!!!!!

რედაქტორის რჩევით