"ქართველები ჭყლეტას გადავურჩით" - რას ჰყვებიან მექაში საქართველოდან ჩასული პილიგრიმები?(ექსკლუზივი)
28-09-2015
"ქართველები ჭყლეტას გადავურჩით" - რას ჰყვებიან მექაში საქართველოდან ჩასული პილიგრიმები?(ექსკლუზივი)
"ეშმაკის ჩაქოლვისას" შენობის მესამე სართულიდან მომლოცველები მოულოდნელად გადმოცვივდნენ. ხალხის ერთი ნაკადი რატომღაც საპირისპირო მიმართულებით დაიძრა და მეორე ნაკადს შეეჯახა. საშინელი ჭყლეტა დაიწყო - ადამიანები გაქცევას ცდილობდნენ, მაგრამ გადაადგილებასაც კი ვერ ახერხებდნენ. ყველა ყვიროდა, ერთმანეთს ეჯახებოდნენ... ვხედავდი ადამიანები მოწყვეტით მიწაზე როგორ ეცემოდნენ, მაგრამ დახმარებასაც ვერ ვახერხებდით"

(იხილეთ ფოტოგალერეა - "ეშმაკის განდევნის” რიტუალს 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა)

ბოლო მონაცემებით, საუდის არაბეთში, ქალაქ მექასთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა,­ 800-მდე კი
მძიმედ დაშავდა. ტრაგიკული შემთხვევა ჰაჯის დროს მოხდა. "ეშმაკის ჩაქოლვის" რიტუალში 38 ქართველი პილიგრიმიც მონაწილეობდა. "კვირის პალიტრა" მექაში სწორედ ქართველი პილიგრიმების ხელმძღვანელ ბადრი შანთაძეს დაუკავშირდა, რომელიც ინციდენტის დეტალებს ექსკლუზიურად გვიყვება:

- მუსლიმთა პილიგრიმობის - ჰაჯის დროს, ათასობით მორწმუნე მინას ხეობაში ე.წ. ეშმაკის ჩაქოლვის რიტუალში მონ­აწილეობის მისაღებად
ჩადის. წელს ჰაჯიში ორ მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა. ისლამური ტრადიციებით, მომლოცველები მინას ხეობიდან ქააბას მიმართულებით მივემართებით, გზად კი, აუცილებლად არაფატის ველზე უნდა დავბანაკდეთ. პირველი ინციდენტი სწორედ ამ დროს მოხდა - "ეშმაკის ჩაქოლვისას" შენობის მესამე სართულიდან მომლოცველები მოულოდნელად გადმოცვივდნენ. ხალხის ერთი ნაკადი რატომღაც საპირისპირო მიმართულებით დაიძრა და მეორე ნაკადს შეეჯახა. საშინელი ჭყლეტა დაიწყო - ადამიანები გაქცევას ცდილობდნენ, მაგრამ გადაადგილებასაც კი ვერ ახერხებდნენ. ყველა ყვიროდა, ერთმანეთს ეჯახებოდნენ... ვხედავდი, ადამიანები მოწყვეტით მიწაზე როგორ ეცემოდნენ, მაგრამ დახმარებასაც ვერ ვახერხებდით.

- ჭყლეტისას ქართველი პილიგრიმებიდან არავინ დაშავებულა?
- მექაში საქართველოდან 38-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა. საბედნიეროდ, არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. დღეს დაღუპულების სულებისთვის ვლოცულობთ. ბუნებრივია, როდესაც ასი ათასი ადამიანი ერთდროულად მოძრაობს, ერთი შეცდომაც კი, შეიძლება ფატალურად დასრულდეს. არაორგანიზებულობის გამო ცოტა ხანში მეორე ინციდენტიც მოხდა, მომლოცველების ტალღა ისევ არასწორი მიმართულებით გაუშვეს.

- ვინ იყო ნაკადის დარეგულირებაზე პას­უხისმგებელი და თუ დაიწყო გამოძიება?

- როგორც გვითხრეს, მომხდარს სახელ­მწიფო უკვე იძიებს და უახლოეს მომავალში დამნაშავეებსაც გამოავლენენ. შესაძლოა უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. სამწუხაროდ, მექაში ჭყლეტა ბევრად მასშტაბური იყო. მართალია, ქართველ პილიგრიმებს მოლოცვის რიტუალი უკვე დასრულებული გვქონდა, მაგრამ მაინც საშინელი სურათის მომსწრე გავხდით.
შეშინებული ხალხის ყვირილის ხმა ახლაც ჩამესმის. ირგვლივ საშინელი ქაოსი იყო. მთავრობამ შემთხვევის ადგილზე 4000-ზე მეტი რეანომობილი და მაშველი გამოგზავნა, საქმეში ვერტმფრენებიც ჩაერთნენ, მაგრამ მათ ხალხის დახმარება ვერ შეძლეს. ირგვლივ ისეთი პანიკა იყო, უბედურების თავიდან აცილება შეუძლებელი გახდა. შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან 800-ზე მეტი დაშავებული დღესაც საავად­მყოფოშია.

დაღუპულთა ძირითადი ნაწილი აფრიკიდან ჩამოსული მომლოცველია. ასევე, 49 ირანელი და 10-მდე თურქი დაიღუპა. ქართველები ამ ინციდენტსაც გადავურჩით დაახლოებით და ორ კვირაში საქართველოში დავბრუნდებით. მექაში მოლოცვა ისლამის ხუთი პრინციპიდან ერთ-ერთია. ვისაც ფიზიკური და მატერიალური შესაძლებლობა აქვს, სიცოცხლეში ერთხელ მაინც აქ მოსალოცად უნდა ჩამოვიდეს.
მსგავსი ტრაგედია გასულ წლებშიც არაერთხელ მომხდარა. მახსოვს, 90-იან წლებში 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევებისგან დაცულები არ ვართ, ეს მოულოდნელობაა, რომელსაც წინასწარ ვერ განსაზღვრავ.

- მექაში ქართველების ბედით სახელმწიფო თუ დაინტერესდა?
- როგორც ვიცი, ხელისუფლება საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დაუკავშირდა. ჩვენც ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ახლობლებს ვაცნობეთ, რომ ჭყლეტას გადავურჩით და უსაფრთხო თავშესაფარი გვქონდა.

რუსუდან შელია
o.k.
01 ოქტომბერი 2015 18:07
გაგვაგებიე ერთი რომელია ჭეშმარიტი ისლამი შიიტების, სუნიტების, სალაფიტების, სუფიზმი, ხარიჯიტები, ყურანისტები .. არ შევცდეთ ჩვენ ცოტა არ იყოს ჯერ ვერ ვერკვევით..
gega
30 სექტემბერი 2015 16:55
ასლანა ბაბუ. შენ უკბინე ხანოს როცა მოეფხანოს,ჭეშმარიტი რელიგია არ დაგეკარგოს არსად
ქრისტიანი
30 სექტემბერი 2015 16:33
დაფიქრდით! ვინ იქნა ჩაქოლილი?! ასეთი შემთხვევით არ ხდება!

რედაქტორის რჩევით