"მალე რაჭაში არავინ დარჩება"
28-09-2015
"მალე რაჭაში არავინ დარჩება"
ახალგაზრდა მუსიკოსი სოსო გეწაძე რამდენიმე წელია, თბილისიდან მშობლიურ ამბროლაურში­ წავიდა საცხოვრებლად. ჩასვლისთანავე საკუთარი ბენდი და საბავშვო მუსიკალური სკოლა-სტუდია დააარსა, სადაც არა მარტო ამბროლაურელი, არამედ რაჭის სხვა­დასხვა სოფლის ბავშვები იღებენ მუსიკალურ განათლებას.

- სამი წლის წინ მეგობრებთან ერთად­ ამბროლაურში ბენდი ჩამოვაყალიბე. მანამდე ამბროლაურში მხოლოდ ფოლკლორ­ული ანსამბლები იყო, საესტრადო ჟანრი არ არსებობდა. რაჭველები ნიჭიერი ხალხია,­ მაგრამ ახალგაზრდული ენერგია ყველაფ­ერს აკლდა. ამიტომაც დავარქვი ბენდს ART NEW LIFE. მასში ნახევარზე მეტი ჩემი პატარა მეგობრები,
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან. თავდაპირველად ვატარებდით კონცერტებს რაიონში, შემდეგ - რეგიონში, მერე - მთელ საქართველოში­, ახლა კი უცხოეთში გასტროლებისთვის ვემზადებით. რამდენიმე ხნის წინ მეღვინეობის­ ასოციაციის შეკვეთით დავწერეთ "ვაზის ჰიმნი", რისთვისაც ღირსების ორდენით დამაჯილდოეს. მერე გერმანულმა კომპანია GIZ-მა რაჭაზე ფილმი გადაიღო, რომლისთვისაც საუნდტრეკი ჩვენ დავწერეთ. ბენდში
10 წევრია. სიმღერებს, ძირითადად, ქართველი პოეტების ლექსებზე ვწერთ, ჩვენვე ვაკეთებთ ქავერებს არა მარტო ქართული, უცხოური სიმღერებისთვისაც, ვმუშაობთ ჯაზფოლკისა და ალტერნატიული როკის ჟანრშიც.

- თქვენს შექმნილ საბავშვო სკოლა-სტუდიაზეც გვიამბეთ...

- ამბროლაურის საბავშვო სკოლა-სტუდიაში ასამდე ბავშვი სწავლობს. ფუნქციონირებს ხალხური საკრავების, გიტარის­, საესტრადო და ქორეოგრაფიული ჯგუფები.­ ბავშვებს მთიანი სოფლებიდან სიარული უჭირდათ, ამიტომაც კვირაში ორჯერ, თოვლსა და ავდარში, მასწავლებლებს ავტომანქანით ვგზავნიდით ოჯახებში და ბავშვებს იქ უტარებდნენ მუსიკისა და ცეკვის გაკვეთილებს. გაზაფხულზე სლოვაკეთის რაჭაში მივდივართ გასტროლებზე, შემდეგ კი - ისრაელსა და რუსეთში.

- თბილისელ კაცს სოფლის ცხოვრებასთან შეგუება არ გიჭირთ?
- ძალიან მიყვარს ჩემი კუთხე, ჩემი სოფელი წესი. ნახევარი ცხოვრება რაჭაში მაქვს გატარებული. აქ არც ბაზა არსებობდა, არც - ადამიანური რესურსი, არც მუსიკალური ინსტრუმენტები და სარეპეტიციო დარბაზი გვქონდა. ბავშვებს ზამთარში გაყინულ დარბაზში უწევდათ მეცადინეობა, ახლა კი, მუნიციპალიტეტის დახმარებით, გვაქვს ინსტრუმენტები, სარეპეტიციო დარბაზი, მიკროავტობუსი, რომლითაც ბენდი დადის. ვგეგმავთ კლიპის გადაღებას, ვმუშაობთ ალბომზე და ვწერთ სიმღერებს...

ზოგიერთ სოფელში აღარავინ ცხოვ­რობს. მიგრაციის მიზეზი მძიმე სოციალ­ური ფონია, მაგრამ ადამიანები თუ მამა-პაპის­ დანატოვარს მოუვლიან და იშრომებენ, ეს სასიამოვნოც იქნება და სასარგებლოც. არ არის აუცილებელი, ყველა დიდ ქალაქებში ცხოვრობდეს, რაიონებშიც არის შესაძლებელი საყვარელი საქმის კეთება. დიდი შრომითა და მონდომებით თბილისშიც შეიძლება დაფასდე და რაჭაშიც.
ახალგაზრდობა გაიკრიფა, მოხუცების რაოდენობაც თანდათან კლებულობს. რაჭის რამდენიმე სკოლაში პირველი კლასი აღარ არის, ზოგან სკოლები დაიხურა. უწერის სკოლაში 300-400 ბავშვიდან დღეს 25 ბავშვი სწავლობს, ხოტევის სკოლას კი ორი მოსწავლე შემორჩა. რაჭაში სავალალო სიტუაციაა და თუ რამე არ ვიღონეთ, მალე ამ კუთხეში აღარავინ იქნება.

ნანა ფიცხელაური
kix
29 სექტემბერი 2015 23:04
ნამდვილად სამაგალითო კაცია სოსო გეწაძე. ასეთი ხალხი უნდა წახალისდეს. ყველას გვიყვარს თბილისი, მაგრამ მშობლიური კუთხეები არ უნდა დავივიწყოთ და მივატოვოთ. ქვეყნის განვითარების სტრატეგიაც უნდა შევცვალოთ. აი, ამაში კი უნდა მივბაძოთ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს, სადაც ქვეყნის ნებისმიერ ნაწილში ცხოვრება პრესტიჟულია.
Lela
29 სექტემბერი 2015 16:44
გული დაგეწვება ისეთი დაცარიელებულია სოფლები ... ასევეა ჩემი სოფელი ზემო იმერეთში ... იქნებ ის მაინც მოვახერხოთ, რომ ძვირადღირებულ სანაპიროებზე ზაფხულის გატარების ნაცვლად სოფელში ჩავიდეთ, ზაფხულობით მაინც ავახმიანოთ იქაურობა!
xmali
29 სექტემბერი 2015 11:56
გეცადზეები განტქმული გვარია რაცჰასჰი.გაიხარეტტ,გამრავლდიტ.

რედაქტორის რჩევით