"საქართველოში არავინ გვთხოვს ჰიჯაბის ჩაცმას, ლოცვას... ეს თავისუფლებაა" - ომს გამოქცეულები (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"საქართველოში არავინ გვთხოვს ჰიჯაბის ჩაცმას, ლოცვას... ეს თავისუფლებაა" - ომს გამოქცეულები (ექსკლუზივი)

"ვიდრე ფოტოაპარატს მოიმარჯვებ, ყველა გულღიად გიღიმის, მაგრამ ობიექტივში მოხვედრას გაურბიან, ამიტომაც თავშესაფარში გადაღებულ ფოტოკადრებში ადამიანები არ ჩანან, თუმცა, დერეფანი, სამზარეულო, საძინებლები, სამრეცხაო, ეზო მიგანიშნებთ, რომ აქ კარგა ხანია, ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები"

როგორც ცნობილია, აზიურ ქვეყნებში დაძაბული პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის გამო ემიგრანტთა ტალღა მთელ მსოფლიოში ეძებს თავშესაფარს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში ბედის საძიებლად 2 მილიონამდე ადამიანია წასული, სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. საქართველოში თავის შეფარების მსურველთა დიდი ნაწილი, ვიდრე მათი სტატუსის საკითხი განიხილება, საკუთარი სახსრებით ახერხებს ცხოვრებას. მარტყოფის 60-ადგილიან თავშესაფარში ამჯერად სხვადასხვა ასაკისა და სქესის 48 ლტოლვილია შეფარებული.

საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ 2013 წლიდან იმატა, მანამდე აქ მხოლოდ რამდენიმე ათეული ლტოლვილი იყო. მათი უმრავლესობა უკრაინიდან და ერაყიდან ჩამოვიდა. ლტოლვილები ჟურნალისტებს და კამერებს გაურბიან, მეტიც, ეშინიათ - ჰგონიათ, რომ მათი ფოტოები მოხვდება ისეთ გამოცემებში, რომელთაც მათ ქვეყნებში ნახავენ. ამბობენ, რომ გამოექცნენ ომს და გარემოს, სადაც სხვადასხვა მიზეზის გამო იდევნებოდნენ. მათ შორის არიან ეგვიპტელი ქრისტიანები, კოპტები, რომელთაც სამშობლოში რელიგიური ნიშნით დევნიდნენ.

უფროსები ეზოში მოთამაშე ბავშვებსაც მალავენ, ამიტომაც კადრში ცარიელი მინიატრაქციონი ხვდება

- მე არავინ უნდა მნახოს, არ გადამიღოთ, - სახეზე ხელებს იფარებს 40 წელს მიტანებული ქალი და ბავშვთან ერთად ოთახში იკეტება, მამაკაცი კი მაფრთხილებს, რომ თუ გადავიღებ, გაეროში მიჩივლებს.

მათ სიტყვა "ჟურნალისტის" გაგონებაც კი აკრთობთ. ვიდრე ფოტო ან ვიდეოკამერას მოიმარჯვებ, ყველა გულღიად გიღიმის, მაგრამ ობიექტივში მოხვედრას გაურბიან, ამიტომაც თავშესაფარში გადაღებულ ფოტოკადრებში ადამიანები არ ჩანან, თუმცა, დერეფანი, სამზარეულო, საძინებლები, სამრეცხაო, ეზო მიგანიშნებთ, რომ აქ კარგა ხანია, ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები.

- ჩვენ არ გვინდა ომი, არც ომში მონაწილეობა, მშვიდობა გვინდა, იმიტომ ვართ აქ, - ამბობს ერთი. "

საქართველოში არავინ გვთხოვს ჰიჯაბის ჩაცმას, ლოცვას... ჩემთვის ეს თავისუფლებაა. სიცოცხლე ისეთი მოკლეა, რომ თავისუფლების გარეშე ცხოვრება არ ღირს. ამიტომაც გამოვიქეცი იქიდან (თუმცა, არ ამბობს, საიდან), - ამატებს მეორე და ოთახში შედის.

თავშესაფარი 2010 წლიდან არსებობს. დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი გვეუბნება, რომ ახლა აქ თავს აფარებენ ავღანელები, ერაყელები, სირიელები, ირანელები და უზბეკები. არიან მარტოხელა ქალებიც, მარტოხელა კაცებიც და ბავშვებიანი ოჯახებიც. ოჯახები ერთ ოთახში ცხოვრობენ. ყველა საერთო სასადილოთი, სამრეცხაოთი, სათავსებით სარგებლობს. აქაც ოჯახური გარემოა, ოღონდ - ყველაფერი საერთოა.

ნიკოლოზ მაჭავარიანი:

- თავშესაფარში ცხოვრება ნებაყოფლობითია. აქ რომ მოდიან, ეცნობიან შინაგანაწესს და ემორჩილებიან მას. განსაკუთრებულიც არაფერია. აუცილებელია, ღამის 11 საათიდან დილის 8 საათამდე თავშესაფარში იყვნენ. შეუძლიათ, 5 ღამე არ მოვიდნენ, მაგრამ მერე მიზეზი უნდა გვითხრან. ობიექტურ მიზეზებს ვითვალისწინებთ, დანარჩენ შემთხვევაში წერილობით ან ზეპირად ვაფრთხილებთ, ან ვრიცხავთ მობინადრეთა სიიდან. თავშესაფრის მობინადრეებს აქვთ სპეციალური აიდი-ბარათი, დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. ამის საფუძველზე მათ უწევენ სამედიცინო დახმარებას - საყოველთაო სამედიცინო პროგრამის ფარგლებში, შეუძლიათ მიიღონ განათლება.

ბავშვები დადიან ადგილობრივ სკოლაში. უფროსებიც აქვე გადიან და დღიურ სამუშაოს ეძებენ - სოფლის მეურნეობაში ეხმარებიან აქაურებს. გვაქვს ქართული ენის შემსწავლელთა კლასიც, სადაც, ძირითადად, პატარები მეცადინეობენ, მაგრამ მათ შორის დროდადრო მოწიფულებსაც ნახავთ. უფროსები იმიტომ არ მოდიან, რომ სისტემატური ურთიერთობა აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან და ასე თუ ისე, იციან ქართული. "ქართული ენის სასწავლო ოთახში პედაგოგთან ერთად ქალბატონი და რამდენიმე მოზარდი დაგვხვდა. კამერის დანახვაზე ქალმა ხელით გვანიშნა, რომ ვიდრე ოთახიდან არ გავიდოდნენ, ფოტოები არ გადამეღო. მაგიდაზე დარჩა "დედა ენა", ჩანაწერებიანი რვეული. იქვეა ბავშვების ნახატების სტენდი, რომლითაც ვერ ამოიცნობთ ემიგრანტ ან არაემიგრანტ ავტორს, რადგან ყველა ბავშვი, მიუხედავად ეროვნებისა, ერთნაირ ბავშვურ ოცნებებს ხატავს.

გრძელ დერეფანში, ერთი ოთახის კართან, ქალისა და კაცის საშინაო ფეხსაცმელია მიყრილი. ეს იმის ნიშანია, რომ აქ ოჯახი ცხოვრობს. უფროსები ეზოში მოთამაშე ბავშვებსაც მალავენ, ამიტომაც კადრში ცარიელი მინიატრაქციონი ხვდება. როგორც შევიტყვეთ, თავშესაფრისთვის კიდევ ერთი სახლი აშენდა და მალე გაიხსნება.

აქ თავს აფარებენ ავღანელები, ერაყელები, სირიელები, ირანელები და უზბეკები. არიან მარტოხელა ქალებიც, მარტოხელა კაცებიც და ბავშვებიანი ოჯახებიც. ყველა საერთო სასადილოთი, სამრეცხაოთი, სათავსებით სარგებლობს. აქაც ოჯახური გარემოა, ოღონდ - ყველაფერი საერთოა

ირაკლი ლომიძე, მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსი:

- ახალი ცენტრი 72 ადამიანზეა გათვლილი. ის ოჯახებისთვის აშენდა, ძველი თავშესაფარი კი ქალებისა და მამაკაცებისთვის დარჩება.

მოქმედი ცენტრი 60-ადგილიანია, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციაში ორსართულიანი საწოლებით შეგვიძლია 120 ადამიანიც შევიფაროთ. შენობა, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, აშენდა ამერიკელთა და ევროპელთა დაფინანსებით და გაეროს მონაწილეობით, ახალი სახლის მშენებლობა კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააფინანსა და მშენებლობის პროცესს ამერიკის ევროპული სარდლობა ხელმძღვანელობს.

- თუ თავშესაფრის მაძიებელს სტატუსი არ ეძლევა, როგორ წარიმართება ლტოლვილის ბედი?

- თავდაპირველად ყველა სასამართლო ინსტანციამ უნდა გასცეს პასუხი. თუ სასამართლოებიც უარს ეტყვიან, მაშინ პირმა უნდა დატოვოს ქვეყანა. თუ ნებით არ დატოვებს, ჩაირთვება დეპორტაციის მექანიზმი.

- თავშესაფარში მცხოვრებთ პატრონაჟს სახელმწიფო უწევს თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიც ეხმარებიან?

- ამ ადამიანთა უფლებების დაცვა უპირველესად სახელმწიფოს მოვალეობაა. ფინანსურად კი დახმარებას გვიწევს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი.

ვიდრე ქვეყანაში თავშესაფრის ანუ ლტოლვილის სტატუსის მაძიებლები არიან, მათ სამინისტროს და გაეროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ეძლევათ ფინანსური დახმარება: ოჯახის უფროსზე - 80, ოჯახის თითოეულ წევრზე კი - 60 ლარის ოდენობით. თუ ისინი სტატუსს მიიღებენ (სტატუსი ორნაირია: ლტოლვილის და ჰუმანიტარული), დაენიშნებათ ყოველთვიური დახმარება ერთ პირზე 45 ლარის ოდენობით.

სტატუსი იოლად არ მიენიჭებათ, ამისათვის ხანგრძლივი კვლევები ტარდება. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ხალხი საკუთარი ქვეყნებიდან კეთილდღეობას არ გამოჰქცევია და მათ მხარდაჭერა და გამხნევება სჭირდებათ.

ოფიციალური სტატისტიკა

საქართველოს ტერიტორიაზე თავშესაფარი 2013 წელს 717-მა პირმა ითხოვა. ანალოგიური სურვილით 2014 წელს 1792-მა პიროვნებამ მიმართა შესაბამის სამსახურებს. მიმდინარე წლისთვის, უკვე 903 ადამიანი ითხოვს საქმის განხილვას.