ბანკში დაგირავებული საფლავები - სკანდალური დავის დეტალები - კვირის პალიტრა

ბანკში დაგირავებული საფლავები - სკანდალური დავის დეტალები

ნინო გურასპიშვილმა მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და რუკა გვაჩვენა. სწორედ იმ დროს მესაფლავეები შევნიშნეთ, ახალ საფლავს თხრიდნენ. როცა შეიტყვეს, ჟურნალისტები ვიყავით, სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას

”ბანკმა არ იცის, რომ ახლა აქ სასაფლაოებია. მაშინ იმიტომ დავაგირავეთ მიწა, რომ მაღალფასიანი მიწის ნაკვეთი იყო, დღეს აქ სასაფლაოა”

”პოლიციამ მოგვწერა, ვერ ვადგენთ, დაკრძალულები ვინ არიანო. ეს არის პასუხი?”

”კვირის პალიტრის” 37-ე ნომერში სასაფლაოების გამო ატეხილ უპრეცედენტო დავის დეტალებზე ვწერდით. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ირკვევა, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე სასაფლაოზე მიცვალებულები უნებართვოდ არიან დაკრძალული. რაც ყველაზე გამაოგნებელია, სასაფლაოს ტერიტორია ერთ-ერთ ბანკშია დაგირავებული და ბანკი ამ ინფორმაციას ჩვენი გაზეთიდან შეიტყობს.

შეგახსენებთ, ამ ზაფხულს სასაფლაოებზე გაჩნდა წარწერები, რომლებითაც ჭირისუფლებს ატყობინებდნენ, რომ მათი მიცვალებულები კერძო პირის კუთვნილ მიწაზე არიან დაკრძალული და მეპატრონე სასწრაფოდ დარეკვას სთხოვდა. მიწის მფლობელებსა და მიცვალებულების ახლობლების შორის ურთიერთობა დაიძაბა.

მიწის მეპატრონეები მიცვალებულების ამოთხრით იმუქრებიან, ჭირისუფლები კი აცხადებენ, რომ ამის უფლებას არ მისცემენ. ბევრი მათგანის თქმით, როცა ოჯახის წევრს იქ მარხავდნენ, არანაირი დოკუმენტი არ აუღიათ და მხოლოდ მესაფლავეებს გადაუხადეს გაწეული სამუშაოს თანხა. რამდენიმე კი ამბობს, რომ ვიღაცას ფული მისცა, თუმცა მას ვერ პოულობს.

ნინო გურასპიშვილი, მიწის მფლობელი:

- 2006 წელს 1500 კვმ მიწა შევიძინეთ, სახლის აშენებას ვგეგმავდით. ჩვენგან მოშორებით დევნილები ცხოვრობენ და ქვედა ტერიტორიაზე მიცვალებულების უკანონოდ დასაფლავება დაიწყეს. რაც დრო გადიოდა, საფლავები მატულობდა. ქვედა ტერიტორიის მიწის მფლობელი ებრძოდა ამ ხალხს, მაგრამ ვერაფერს გახდა. როცა მივხვდით, რომ ზევით მოიწევდნენ, გადავწყვიტეთ, ჩვენი ნაკვეთი შემოგვეღობა და ასე შეგვეჩერებინა მათი შემოჭრა. ამიტომ ბეტონის ღობე შემოვარტყით, მაგრამ ერთ დღეს გადანგრეული დაგვხვდა. ბევრმა ის ბეტონი საფლავის ამოსაშენებლად გამოიყენა.

შემოღობვის მერე მშვიდად ვიყავით, კარგა ხანს არ ავსულვართ. ერთ დღეს ავედით და ვნახეთ, რომ უამრავი ადამიანი დაეკრძალათ.

მივმართეთ თბილისის მერიას, რადგან ტერიტორია სასაფლაოდ იქცა, ბუნებრივია, იქ სახლს ვერ ავაშენებდით. მერიას ვთხოვდით, ლიცენზია მოეცა, კერძო სასაფლაო გაგვეკეთებინა, ჩვენ თვითონ გაგვეყიდა ის ტერიტორია და ამ გზით მიწაში გადახდილი თანხა მაინც აგვეღო. მერიამ არ დააკმაყოფილა ჩვენი განცხადება იმ მოტივით, რომ ამ ადგილას პროექტით გათვალისწინებული სახლი უნდა აშენებულიყო.

ამის შემდეგ მივმართეთ სამართალდამცავებს, მაგრამ პოლიციამ გვიპასუხა, საფლავების პატრონების მისამართებს ვერ ვადგენთო. მოკლედ საკუთარ მიწაზე ახლა ერთი დიდი სასაფლაოა.

- საფლავებზე წარწერები თქვენ დატოვეთ?

- 34 საფლავია უკვე ჩვენს კუთვნილ მიწაზე. სახელმწიფოს დახმარების იმედი ამოგვეწურა და გადავწყვიტეთ თავად მოგვეძებნა ჭირისუფლები. ყველა საფლავზე განცხადება მივაკარით, რომ ეს არის კერძო ტერიტორია და ვითხოვდით დაკავშირებას. რამდენიმე მოქალაქე დაგვიკავშირდა და განგვიცხადეს, არც არაფრის გადახდას არ ვაპირებთ და არც მიცვალებულების სხვაგან გადასვენებასო.

- როგორც შევიტყვეთ, ტერიტორია ბანკში გქონდათ ჩადებული. ბანკმა იცის, რომ იქ მიცვალებულები მარხია?

- 2011 წლიდან კრედიტის გადასახადსაც ვეღარ ვიხდით. ბანკმა არ იცის, რომ ახლა აქ სასაფლაოებია. მაშინ იმიტომ დავაგირავეთ მიწა, რომ მაღალფასიანი მიწის ნაკვეთი იყო, დღეს აქ სასაფლაოა. ახლა ”ჰერმესიც” შემოვიდა მიმდებარე მიწებზე. მაშინ სახელმწიფომ მიისაკუთროს ეს ადგილიც და იმავე ღირებულების მიწის ნაკვეთი სხვაგან გამოგვიყონ. რის საფუძველზე ასაფლავებდა ეს ხალხი აქ მიცვალებულებს? სრული განუკითხაობაა, სამართალს ვერ ვპოულობთ. სხვა სასაფლაოდანაც გადმოასვენეს აქ რამდენიმე მიცვალებული. ერთმა გვითხრა, ჩემი ოჯახის წევრი სხვა სასაფლაოდან გადმოვასვენე, ხელახლა შევიძინე სასახლე და გავწიე ხარჯი, ახლა მეტის გადამხდელი არა ვარო. არც ერთ მათგანს არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია, რომ მიწაში თანხა გადაიხადა. სასამართლოში სარჩელი რომ შევიტანოთ, ბაჟიც არის გადასახდელი, ესეც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ადვოკატიც ხომ დაგვჭირდება?

ნინო გურასპიშვილმა მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და რუკა გვაჩვენა. სწორედ იმ დროს მესაფლავეები შევნიშნეთ, ახალ საფლავს თხრიდნენ. როცა შეიტყვეს, ჟურნალისტები ვიყავით, სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას.

მიწის მესაკუთრემ პატრული გამოიძახა. ტელეფონით ჭირისუფალსაც ესაუბრა, ის კი უმტკიცებდა, ეს ტერიტორია ჩემიაო. მიწის მფლობელს ისღა დარჩენოდა, საფლავი ისევ მიწით ამოევსო.როგორც გაირკვა, იმავე ტერიტორიაზე სხვა მიწის მფლობელებიც დაზარალდნენ. ერთ-ერთი მათგანია ვახტანგ ჭიჭინაძე, რომელსაც 3 ჰექტარი მიწა აქვს.

ვახტანგ ჭიჭინაძე, შპს ”ბიურო 7”-ის დამფუძნებელი და დირექტორი: - ჯერ კიდევ 90-იან წლებში დავარეგისტრირეთ ეს მიწა, მაშინ კოოპერატივები იყო და ტერასულ განაშენიანებას ვაპირებდით. ქვედა ზოლში კი კერძო სახლები ავაშენეთ, მსურველს მიწას ვუყოფდით, პროექტს ვუმტკიცებდით, ვაშენებდით სახლის კარკასს და მერე პატრონი თვითონ აგრძელებდა მოპირკეთებას და შიდა სამუშაოებს. ბევრი ხელის შემშლელი პირობა იყო, ”ნაგავტრესტს” ნაგავი რომ დაეფარა, ზემოდან გრუნტს აყრიდა. ჩვენს მიწაზე უამრავი ნაგავი ყრია. ამას დაემატა სასაფლაოები.

ორი საფლავი როგორც კი შევნიშნეთ, მაშინვე მივმართეთ ზედამხედველობის სამსახურს, პოლიციას, მაგრამ უშედეგოდ. ნაცვლად იმისა, აეკრძალათ აქ დასაფლავება, დღეს ჩვენს ტერიტორიაზე უკვე 14 მიცვალებულია დაკრძალული. ჩვენს მიწაზე ვიღაცამ პატარა სახლიც ჩადგა. ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ სახლის მფლობელი დააჯარიმეს, მაგრამ ეს ჩვენთვის რა შეღავათია? წლიურად მიწის გადასახადს 9.500 ლარს ვიხდი. პოლიციამ მოგვწერა, ვერ ვადგენთ, დაკრძალულები ვინ არიანო. ეს არის პასუხი? უUკანონოდ სხვის მიწაზე ადამიანის დაკრძალვა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული? საოცრებაა ისიც, რომ ჩვენ აქ კორპუსები უნდა აგვეშენებინა, მერიამ კი ამ რაიონს ზონა შეუცვალა და სასაფლაოდ აქცია. ”ჰერმესიც” შემოსულია უკვე და ყიდის მიწებს. ამით ხომ უზარმაზარი ზარალი მივიღეთ, სასაფლაოს გვერდით კორპუსში ცხოვრება ვის მოუნდება?!

იხილეთ სტატია : "ვწუხვართ, რომ მისი მეუღლეც გარდაიცვალა, მაგრამ მას იქ არ დავასაფლავებინებთ" - სკანდალური დავა

თეა ხურცილავა

იხილეთ ვიდეო