ააშენეთ ტაძარი თქვენი ხელით
28-09-2015
ააშენეთ ტაძარი თქვენი ხელით
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას ზეიმობს. ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში აღავლენს. დღესასწაულთან დაკავშირებით მკითხველებისთვის საჩუქარს გამომცემლობა ”palitra L”-იც ამზადებს. სპეციალურად სვეტიცხოვლობის დღესასწაულისთვის ქართული ეკლესიის უმთავრესი ტაძრის პაზლი გამოიცემა. ”პაზლი” 30 ნაწილისგან შედგება და მისი აწყობის შემდეგ, 3D ფორმატში სვეტიცხოვლის ზუსტ ანალოგს მიიღებთ.

3 ”პაზლი” სვეტიცხოვლობის კვირაში წიგნების მაღაზიათა ქსელ ”ბიბლუსში” გაიყიდება

ითვლება, რომ სვეტიცხოველი ქარ­თველთა უმთავრესი ტაძარია, რადგან ის ქრისტიანთათვის უდიდეს სიწმინდეს - მაცხოვრის კვართს
ინახავს. კვართი ღვთისმშობლის ხელით იყო ნაქსოვი. ბიზანტიელი ღვთისმეტყველისა და ეგზეგეტიკოსის, ეფთიმიოს ზიგაბენის მიხედვით, მაცხოვრის კვართი სახელოებიანი ყოფილა. ბაგრატიონთა გერბზეც სწორედ მოკლესახელოიანი კვართია გამოსახული. XVII საუკუნეში კი, იერუსალიმში გავრცელებული გადმოცემის თანახმად, უფლის კვართი ლაჟვარდისფერი, მანტიის მსგავსი, უსახელო, განიერი და გრძელი ყოფილა, თუმცა რისგან იყო მოქსოვილი, არავინ
იცის.

ცნობილია, რომ იერუსალიმში იესოს ჯვარცმისას საქართველოდან ებრაელები - ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი ჩავიდნენ. ეტყობა, მათ მაცხოვრის ჯვარცმისას განსაკუთრებით იაქტიურეს, რადგან უფლის კვართი წილად სწორედ მათ ერგო - ქართველმა ებრაელებმა მაცხოვრის სამოსელი მცხეთაში ჩამოაბრძანეს. მცხეთაში ჩამოსულ ელიოზს და, სიდონია შეეგება. მან გულში ჩაიკრა მაცხოვრის კვართი, ტირილითა და გოდებით მოისმინა ძმისაგან ჯვარცმის ამბავი და სული განუტევა. ეს სასწაული მთელ ქართლს სწრაფად მოედო. თურმე მცხეთის მეფე ადერკმა კვართით შემოსვაც კი მოინდომა, მაგრამ მაცხოვრის სამოსელი სიდონიას გაცივებულ მკლავებს ვერავინ მოაშორა და ელიოზმა და წმინდა კვართთან ერთად დაკრძალა. სიდონიას საფლავზე კვიპაროსის ხე ამოსულა, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს მოუჭრიათ და მისგან შვიდი სვეტი გამოუთლიათ. ამბობენ, ერთ-ერთის აღმართვა ხუროებმა არაერთგზის ცდის მიუხედავად, მაინც ვერ შეძლეს - სვეტი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედ­რების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. სწორედ ამავე ტერიტორიაზე აშენდა­ სვეტიცხოვლის ტაძარიც.

საუკუნეების განმავლობაში სვეტიცხოველი უამრავ სიწმინდეს ინახავდა: უფლის კვართს, სასწაულმოქმედ სვეტს, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენს... აქვე დაბრძანებულია ჯვარი, რომელიც წმინდა ნინომ სასწაულმოქმედი ხისგან შეაქმნევინა. სხვათა შორის, მეთერთმეტე საუკუნეში, თურქების შემოსევისას, სულთნის მეუღლე შაჰრი-ხათუნს მაცხოვრის კვართის ამოთხრა მოუნდომებია, მაგრამ ისტორია გვიამბობს, რომ სვეტის ძირიდან ამოვარდნილ ცეცხლს ფერფლად უქცევია ღვთის მგმობელი. მოგვიანებით, შაჰ-აბასიც გაკადნიერებულა და სვეტიცხოვლის საძირკვლის გათხრა უბრძანებია, მაგრამ ”მიწიდან ამოვარდნილ ცეცხლს კვლავ დაუწვავს ამ მკრეხელობის ჩამდენნი”. შაჰს შეშინებია, ტაძრისთვის მოკრძალებით გარს შემოუვლია, სვეტის წინ ულოცია და კათოლიკოსისთვის ხელშეუხებლობის გარანტიაც მიუცია.
თურმე თვით დიდ დავით აღმაშენებელსაც უთქვამს, რა ვიცით, რა არის სვეტიცხოვლის კოშკის გოდოლის ქვეშ, რას ვცემთ თაყვანს, იქნებ ეშმაკმა შეგვაცდინაო. როგორც ისტორია გვამცნობს, იმავე ღამეს მეფეს ძილში სვეტის თავზე მჯდომი მოხუცი დასიზმრებია, რომლისგანაც თვალისმომჭრელი ნათელი გამოდიოდა: ”დავით, დავით, - მიმართა მან გვირგვინოსანს, - არ იცი, ვინ ვარ. იცოდე, არც შენ და არც სხვას, ვისაც ჩემდა მომართ სასოება ექნება, არასდროს შერცხვება. ნუ ურწმუნოებ ჩემდამო, რამეთუ ვინც ურწმუნოებს, დაისჯება”. მეფეს შეშინებულს გაღვიძებია და სვეტიცხოველში ცისკრის ლოცვისას მისულა. ეკლესიაში მისული დავითი პირქვე დამხობილა და ეჭვისთვის ღვთისგან ცრემლით შენდობა უთხოვია...

ისტორიულ ცნობებში იმაზეცაა ლაპარაკი, რომ შაჰმა რუსეთის ხელმწიფეს­ 1625 წელს საჩუქრად უფლის კვართი გაუგზავნა. ეს ტილოს მოწითალო ნაჭერი ყოფილა, თითო მტკავლის სიგრძე-სიგანისა, რომელზეც თურმე ლათინური მანერით უფლის წამებისა და ჯვარცმის ეპიზოდები იყო გამოსახული. თუმცა კვართი დანაწევრებისას, ცხადია, დაიშლებოდა. შესაბამისად, შეუძლებელია, შაჰის საჩუქარი უფლის კვართი ყოფილიყო. კონსტანტინოპოლის დამხობის შემდეგ საქართველოში მრავალი სიწმინდე მოხვდა. ალავერდის ტაძარში დაცული გახლდათ ქრისტეს პერანგის ერთი ნაწილი, რუსთავის ფერისცვალების ტაძარში კი - ღვთისმშობლის სარტყელი. შესაძლოა, შაჰის საჩუქარი სწორედ ერთ-ერთი მათგანი ყოფილიყო. ამ ვერსიას 1639 წელს რუსეთის ხელმწიფისთვის გაგზავნილ წერილში თეიმურაზ I -იც გამოთქვამს...

რუსუდან შელია
rezo
13 ოქტომბერი 2015 23:05
aashene upatrono adamianebis tavshesapari sheni xelit. tadzari aris 5000 da tavshesapari ramdenia?
neli
02 ოქტომბერი 2015 10:59
dideba gvtismshobelsdamadloba kalbaton rusudans
vaska
29 სექტემბერი 2015 14:16
მალე გამოვა ასაწყობი მღვდლები და ასაწყობი მეუფე

რედაქტორის რჩევით