"ამ "კვარტეტიდან" დავრჩით მხოლოდ მე და დათო" - ერთი ფოტოს ისტორია - კვირის პალიტრა

"ამ "კვარტეტიდან" დავრჩით მხოლოდ მე და დათო" - ერთი ფოტოს ისტორია

"ადრე მეგონა, რომ სიკვდილი სიბერეა. აღმოჩნდა, რომ სიკვდილს არა აქვს ასაკი და როცა უნდა, მაშინ მოდის"

ამ ფოტოს შემთხვევით წავაწყდი. დათო ევგენიძე, დათო გომართელი, ირაკლი ჩარკვიანი, გეგა კობახიძე - მათი მეგობრობა ღრმა ბავშვობიდან იწყება. ფოტოს ისტორიას დათო ევგენიძე იხსენებს.

- მე და ირაკლი ჩარკვიანმა ერთმანეთი სოლოლაკში, დაბადების დღეზე გავიცანით. მეექვსეკლასელები ვიყავით მაშინ. რომ მივედი, ირაკლი უკვე პიანინოსთან იჯდა. გვერდით მივუჯექი და ოთხ ხელში დავუკარით. მერე ჩვენ ოთხნი ერთად წამოვედით. მე რუსთაველზე ვცხოვრობდი, დათო - ვერაზე, ირაკლი - პეკინზე, გეგა - კანდელაკზე, ყველაზე შორს და ამიტომ პირველი ის მივაცილეთ. ფეხით მოვდიოდით "ჩიჩოტკის" ცეკვით, ერთმანეთს რიტმით ვესაუბრებოდით. მე და ირაკლის, მე და გეგას, მე და დათოს ცხოვრებაში არსებობს ის, რაც ჩვენ ერთმანეთს ვაჩუქეთ - დაუსრულებელი რიტმით სიარული ჩვენს ქალაქში.

- დათო გომართელზე რას მიამბობთ?

- ისიც სულ ჩვენთან იყო, ჩვენს რიტმებში. დათო აგრძელებს ცხოვრებას, იმ გზას... ჩვენ გავჩერდით - ზოგი სიკვდილით, ზოგიც უბრალოდ გაჩერდა. დათომ მითხრა: მე და შენ მაკარტნი და რინგო სტარი ვართ, - ჰარისონი და ლენონი მოგვიკვდაო...

ერთხელ მე, გეგა, ირაკლი და დათო მოვდივართ. ახლა რომ კაზინო "ევროპაა", მაგ დაღმართიდან ჩავდივართ გმირთა მოედანზე. დგას მანქანა, რომელიც ასფალტს ასწორებს, ე.წ. "კატოკი" და შეყენებული აქვს ქვა, რომ არ დაგორდეს. ეს ქვა გამოვაცალეთ და დაგორდა. ვერც კი მივხვდით, რა ჩავიდინეთ. "კატოკმა" მთელი მოედანი გადალახა და თერთმეტსართულიანთან გაჩერდა. საბედნიეროდ, არავინ გაუბრტყელებია... ჩვენი ბავშვობაც, როგორც ის ასფალტის გასაბრტყელებელი მანქანა, სადღაც გაჩერდა...

ჩვენს ცხოვრებაში იყვნენ გამორჩეულად ლამაზი გოგონები. ისეც ხდებოდა, რომ ერთი გოგო გვიყვარდა, მაგრამ ერთმანეთზე არ გავბრაზებულვართ. ჩვენთვის მთავარი იმ გოგოს არსებობა იყო, გოგოსი, რომელსაც ვუძღვნიდით სიმღერებს, ლექსებს. ჩვენში არ არსებობდა სიბინძურე, დრო გვკარნახობდა, რომ სისუფთავე აგვერჩია. იმ გოგოებს, რომლებიც ახლა უკვე ბებიები არიან, დღესაც უყვართ გარდაცვლილი - ირაკლი, გეგა და ცოცხალი - 2 დათო.

- როდის გეწვიათ პირველი სიყვარული?

- ირაკლის პირველი სიყვარული იყო ქეთი ქობულია (მომავალში მისი მეუღლე). სკოლიდან ვიპარებოდით და ერთმანეთს ფილარმონიის წინ, მუზასთან ვხვდებოდით. ირაკლი სულ აგვიანებდა, ჩვენთან შეხვედრამდე ქეთისთან გარბოდა, მაგრამ არ გვიტყდებოდა...

გეგას ცხოვრებაშიც იყო ერთი გოგო, რომელიც ძალიან უყვარდა და ცოლადაც მოიყვანა, ჩვენ გავაპარეთ ისინი. ეს გოგო მასთან არ დატოვეს, ხელიდან გამოჰგლიჯეს და კანადაში გაგზავნეს. მახსოვს, რა დღეში იყო გეგა... მერე თინა გამოჩნდა - სიყვარულის ძებნაში ნაპოვნი სიყვარული.

იმ დღეს ქორწილი ჰქონდათ. ჩვენ ცოტა ადრე წამოვედით. გეგა გამოგვეკიდა, საღამოს შენთან მოვალო, მითხრა. ვერ დავიჯერე, რადგან ვიცოდი, მეორე დღეს ის და თინა საქორწინო მოგზაურობაში მიდიოდნენ. შინ გვიან მივედი, ირაკლიც მახლდა. კარზე წერილი დამხვდა: "ვიყავით - გეგა, თინიკო და კომპანია". ირაკლის ვუთხარი: რადგან ქორწილიდან მოგვაკითხეს, გამოდის, ჩვენი ნახვა ძალიან უნდოდათ-მეთქი და მათთან წავედით. თინიკო იწვა, გეგა საცვლით დაგვხვდა. ადგნენ და ყველანი ჩემთან წავედით. გეგა მთელი საღამო დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა. მე და ირაკლიმ არ ვიცოდით, სად მიდიოდნენ. დილით სახლში რომ მივაცილეთ, ძალიან მაგრად ჩაგვეხუტა. გამიკვირდა, რა სჭირს-მეთქი. მე ხომ არ ვიცოდი, სად მიდიოდა... …

დათო გომართელი ხუჭუჭა ბიჭი იყო. ისეთი ოჯახიდან არის, შემიძლია ვთქვა - ის სიმღერასთან ერთად დაიბადა.

- ეს ფოტო სად გადაიღეთ?

- ჩემი სახლის ქვემოთ, რუსთაველის 44-ში ფოტოატელიე იყო. ორი ფოტოგრაფი მუშაობდა: ალიკა და თამაზა. ხშირად ჩავდიოდით მათთან. ფოტოატელიეში ხომ ჰქონდათ ტელეფონი, მარაო, სათვალე და რაღაც ნივთები... ერთხელ ირაკლიმ ყურმილი აიღო... მას შემდეგ არსებობს ეს ფოტო.

ამ ოთხეულიდან დავრჩით მხოლოდ მე და დათო. ადრე მეგონა, რომ სიკვდილი სიბერეა, აღმოჩნდა, რომ სიკვდილს არ აქვს ასაკი და როცა უნდა, მაშინ მოდის.

ეკა სალაღაია

ფოტოზე მარცხნიდან: - გეგა კობახიძე, დათო ევგენიძე, დათო გომართელი,

ტელეფონის ყურმილით - ირაკლი ჩარკვიანი