სვანეთის რკინის ქალაქი - ქრისტემდე რამდენიმე საუკუნით ადრინდელი მეტალურგიული სახელოსნოს ნაშთები
05-10-2015
სვანეთის რკინის ქალაქი - ქრისტემდე რამდენიმე საუკუნით ადრინდელი მეტალურგიული სახელოსნოს ნაშთები
"სვანეთის მთებში შეფენილ უზარმაზარ მეტალურგიულ ქალაქს 3 დიდი კრემაციული მოედანი ემსახურებოდა ძვირფას მიცვალებულთა დასაწვავად და იმ ქვეყნად გასაცილებლად"

ერთმა აქაურმა რამდენიმე­ წლის წინ ახალი სახლის მშენებლობა წამ­ოიწყო. ტრაქტორი მიწის გასწორებისას მოულოდნელად უზარმაზარ ორმოში­ გაუჩინარდა - ქრისტემდე რამდენიმე საუკუნით ადრინდელი მეტალურგიული სახელოსნოს ნაშთები იყო. სწორედ ამ სახლის გვერდზე აღმოვაჩინეთ ტყუპი ქურა. ცხადია, სახლი რკინის სახელოსნოზეა აშენ­ებული, მაგრამ ამ კაცს სახლს ხომ არ დავუნგრევთ. ჭუბერის ხეობაში, სოფელ ლარილარში, კიდევ ერთი სახლი ინახავს­
საიდუმლოს...

გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში, როცა ბობოქარი ენგური ოდნავ­ მიწყნარდება, ვინმე ბედნიერმა მის რიყეზე შეიძლება ოქროც კი იპოვოს...­ ამჯერად არა ოქროზე, არამედ სვანეთის სხვა სიმდიდრეზე - რკინაზე გიამბობთ. ბრინჯაოს, სპილენძისა თუ ოქრო-ვერცხლის ხანის შემდეგ გამძლე რკინა იქცა კაცობრიობის მდიდრებად და ღარიბებად დაყოფის მახედ - გამდიდრდნენ
ისინი, ვის ხელშიც ის აღმოჩნდა, ამიტომ შეფასდა რკინა ოქროზე მეტად. კოლხებს მაშინდელ კაცობრიობაში ძალიან გაუმართლათ, აქ რკინაც უხვად მოიპოვებოდა და ნიჭიერებაც - ხალიბები რკინის დამუშავებაში ისეთი ბრწყინვალენი აღმოჩნდნენ, რომ მათზე ძვ.წ. პირველი ათასწლეულის დამდეგიდან ჯერ ურარტუელები წერდნენ, მერე კი ელინები. XX საუკუნის არქეოლოგებმა კი კოლხეთში­ უძველესი რკინის სადნობი ქურებიც აღმოაჩინეს, თუმცა არა იმდენი,­ რომ ხალიბთა ოსტატობის ლეგენდა ჩვენ თვალწინ მართლაც გაცოცხლებულიყო. გამოცანად რჩებოდა, თუ სად ან როგორ ადნობდნენ­ იმდენ რკინას კოლხები, რომ მაშინდელი კაცობრიობა იცნობდა მას და ყიდულობდა! 5 წელიწადია, რაც ამ საიდუმლოს ფარდა სვანეთში ეხდება.

წლევანდელი აღმოჩენებით აღტაცებ­ას ვერც არქეოლოგები მალავენ - მხოლ­ოდ ჭუბერის ხეობაში, 50-60 ჰა-ზე, მიწიდან "ამოიწვერა" ხალიბთა ოსტატობის და მსოფლიოში განფენის სიმბოლო - დაახლოებით ძვ.წ. VII-VI საუკუნის მეტალურგიული ცენტრი თავისი სიმდიდრით, სამსხვერპლოებითა და კრემაციული სამა­როვნებით. სვანეთის მთებში შეფენილ უზარმაზარ მეტალურგიულ ქალაქს 3 დიდი კრემაციული მოედანი ემსახურებოდა ძვირფას მიცვალებულთა დასაწვავად და იმ ქვეყნად გასაცილებლად.

ზვიად კვიციანი, არქეოლოგი, პროფესორი, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი:

- ძვ.წ. IV-III ათასწლეულების ბრინჯაოს თუ სპილენძის ნივთებს გვიან შემოდგომაზე ენგურის ხეობაში ოქროს მაძიებელი­ ე.წ. "შავი არქეოლეოგები" დღესაც პოულობენ (მაგალითად, სპილენძისა და ბრინჯაოს ცულებს­, შუბისპირებს, სატევრებს...), რომელიც, თუ ბედმა გაგვიღიმა და არ გაიყიდა, მუზეუმში გადაინაცვლებს. ჩვენი ვარაუდით, ეს ნივთები ენგურში იმიტომ­ მოხვდა, რომ მათ ადგილობრივი­ მოსახლეობა წყლის ღვთაებას სწირავდა! ხოლო ის, რომ აქ ხალხს მრავალღვთაებათა საკულტო ტაძრები ჰქონდა და მათ მსხვერპლს სწირავდა, არა მხოლოდ ჩვენ დავადასტურეთ საოცარი აღმოჩენებით, არამედ ის ხალხის ჩვეულებებშიც არის შემორჩენილი - გაზაფხულის დადგომისას, როცა სვანს პირუტყვი პირველად გაჰყავს საძოვარზე, შინიდან აუცილებლად რაიმე მცირე რკინის ნაჭერს გაიყ­ოლებს, მდინარეში გადააგდებს და წყლის ღვთაებას შესთხოვს, რომ პირუტყვი შინ უვნებელი დაუბრუნოს და დიდი წველადობა მისცეს.

ჩვენი აღმოჩენის მიხედვით - სვანეთში რკინის წარმოების მთელი "ქალაქი"­ ყოფილა­. 80-იან წლებში პირველი გათხ­რები აქ არქეოლოგმა შოთა ჩართოლანმაც­ ჩაატარა და 2 კრემაციული სამარხიც აღმ­ოაჩინა, მაგრამ ბოლო წლებში აღმოჩენილმა გაგვაოგნა.

ჭუბერის ხეობა რკინის სადნობი ქურებით არის გაძეძგილი. მხოლოდ ხაიშში 10-მდე არქეოლოგიური ძეგლი გავთხარეთ და ძვ.წ. VII-IV საუკუნეების ანტიკური საკულტო კომპლექსის ნაშთებიც აღმოვაჩინეთ ქურუმთა სამსხვერპლოთი­, მსგავსი საკულტო კომპლექსები მთელ ელინურ სამყაროში იდგა და ქურუმი ქალები ღვთაებებს მსხვ­ერპლს სწირავდნენ, ძირითადად სამ­კაულებს ანდა ნაყოფიერების სიმბოლოს - კვერცხის მსგავს რიყის ქვებს. შემდეგ სამსხვერპლოში ცეცხლს ანთებდნენ და ამ ნივთებს წვავდნენ ღვთაებისადმი პატივისცემის ნიშნად.
კვერცხი დღესაც ითვლება გამრავლებისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ, თუმცა­ ამ აღმოჩენაში საოცარი ის არის, რომ მთელ მსოფლიოში სამსხვერპლოდ შეწირული ქვის კვერცხებია აღმოჩენილი. სვანეთში, ქვის კვერცხებთან"ერთად, აღმოჩნდა გამომწვარი თიხის კვერცხებიც. "სვანურმა" კვერცხმა გაგვაოგნა - გატყდა. ანუ ეს ქვა არ იყო, ეს იყო კვერცხის ფორმის თიხა, რომელშიც კიდევ თიხის კვერცხი იდო; ესე იგი, აქ საქმე იმ დონემდე მივიდა, რომ სამსხვერპლოდ უკვე გამომწვარი თიხის კვერცხებსაც კი სწირა­ვდნენ. სხვათა შორის, მსგავსი სამსხვერპლოები ეცერსა და უშგულშიც არის აღმოჩენილი. ამაზეც ეტყობა, რა ურთიერთ­ობები გვქონდა მაშინდელ ცივილიზებულ სამყაროსთან - რაც იყო ათენში, იგივე­ იყო უშგულშიც. არც არის გასაკვირი. მთელ ჭუბერის ხეობაში, 60-50 ჰა-ზე­, კირქვით შებათქაშებული მეტალურგიული სახელოსნოები, რკინის სადნობი ქურებია გაშლილი, შიგ რკინის ნაღვენთიც არის დარჩენილი. სოფელ ლახამში ტყუპი ქურაც კი აღმოჩნდა.

ანტიკური ხანის ქვის მეტალურგიული ყალიბი

აქაურმა გოგა ჩხეტიანმა რამდენიმე­ წლის წინ ახალი სახლის მშენებლობა წამ­ოიწყო. ტრაქტორი მიწის გასწორებისას მოულოდნელად უზარმაზარ ორმოში­ გაუჩინარდა - ქრისტემდე რამდენიმე საუკუნით ადრინდელი მეტალურგიული სახელოსნოს ნაშთები იყო. სწორედ ამ სახლის გვერდზე აღმოვაჩინეთ ტყუპი ქურა. ცხადია, სახლი რკინის სახელოსნოზეა აშენ­ებული, მაგრამ ამ კაცს სახლს ხომ არ დავუნგრევთ.­ ჭუბერის ხეობაში, სოფელ ლარილარში, კიდევ ერთი სახლი ინახავს­ საიდუმლოს...

ეზოში მაჩუბის ასაშენებლად მიწა გათხარეს. წარწერიანი სტელა ამოიღეს და სახლის კედელს ჩაატანეს. ამ ოჯახის ამჟამინდელი მეპატრონის, გია ჯაჭვლიანის ბიძას ფურცელზე ზუსტად გადმოუტანია სტელაზე ნაკვეთი ფიგურები. მისი გარდაცვალების შემდეგ ჩანაწერი დაიკარგა. არავინ იცის, რა საიდუმლოს ამოხსნა შეუძლია ამ სტელას.

არქეოლოგმა შოთა ჩართოლანმა 80-იან წლებში სოფელ ლარილარში ძვ.წ. VI-IV და IV-III საუკუნეების ორი კრემაციული სამაროვანი აღმოაჩინა, წელს ამ სამაროვნიდან 50 მეტრში კიდევ ერთი კრემაციული მოედანი დავაფიქსირეთ.

- ეს ნიშნავს, რომ ჩვენი წინაპრები მიცვალებულებს წვავდნენ.
- დიახ და ეს იყო უმაღლეს დონეზე აყვანილი პატივსაცემი რიტუალი. კრემაციულ მოედანზე მიცვალებულის იმ ქვეყნად დაწვით გაცილება იაფი არ იყო, ამიტომაც მხოლოდ მდიდრებს ფერფლავდნენ, ფერფლში კი მათი ძვირფასი სამკაულები რჩებოდა, რისი მოძიებაც შეიძლება.

- რამხელაა კრემაციული მოედნები?
- ერთი დაახლოებით 50 მეტრი სიგრძისა და 15 მეტრი სიგანის არის, მეორე - 30 მეტრი სიგრძის და 10 მეტრი სიგანისა... მესამე ჯერ შესასწავლია. იმის თქმა შეიძლება, რომ სვანეთი, თავისი ცივილიზაციით, თანამედროვე კაცობრიობის ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი იყო - ჰქონდა ყველაფერი, რაც დანარჩენ მსოფლიოს, მისი "მეტალურგიული ქალაქი" ხალიბთა სხვა მეტალურგიულ ცენტრებთან ერთად (რკინა დნებოდა რაჭის, აფხაზეთის, სამეგრელოსა და ჭოროხის ხეობებში) არა მხოლოდ კოლხეთს, არამედ­ მთელ წინა აზიას ამარაგებდა და სიმდიდრით ბრწყინავდა.


ნატვრისთვალი - ხვითო

კვერცხი ძველ ცივილიზაციაში ნაყოფიერების სიმბოლო იყო. კვერცხის ფორმისაა კერა - ყვერბი, ანუ ქალური საწყისი. კერა ოჯახის ცენტრში იყო გამართული, იქ ცეცხლი არასოდეს ქრებოდა, კერასთან თავს იყრიდა მთელი ოჯახი. კერაზე ჯაჭვი ეკიდა ზეცისა და დედამიწის კავშირის ნიშნად. აქ ბინადრობდა ადგილის დედა, ფუძის ანგელოზი. ნაყოფიერების ხთონურ (მიწის) ღვთაებას ზოომორფული სახე ჰქონდა, ეს იყო თეთრი გველი, მეზირი, ოჯახის "თვალილდი" - ნატვრისთვალის პატრონი. ნატვრისთვალი კვერცხის ფორმისა იყო. წელიწადში ერთხელ, შუაღამისას, მეზირის ზეიმზე, მროკავი გველთა დედოფალი სტომაქიდან ნატვრისთვალს ამოსტყორცნიდა და ათამაშებდა. კაცთაგანი თუ მოახერხებდა მის ხელში ჩაგდებას, ისე უნდა გადაემალა, რომ მეზირს არ ეპოვა, თორემ ნატვრისთვალსაც დაიბრუნებდა და გამტაცებლის ოჯახსაც დაგესლავდა. ნატვრისთვალს, ანუ ხვითოს, მალავდნენ ფქვილის კოდში, საბუდარში, ფულის ქისაში, რათა ოჯახს ბარაქა არ დალეოდა. მსგავსი ხვითოები - ქვის, მარმარილოს, ბროლის, კაჟისა - მრავლადაა სვანეთის ოჯახებსა და მუზეუმში.

მეზირი ბინადრობდა სახლში. მთელი ოჯახი პატივს მიაგებდა მას, უვლიდა, ერიდებოდა. დღესასწაულს უმართავდა, მას "ქორა ლემზირი" ერქვა. კერის გველს მხოლოდ ზრდასრული, შვილიერებისთვის (ნაყოფიერებისთვის) მზა ქალები ემსახურებოდნენ, უცხობდნენ საგანგებო ლემზირებს. ამ წესის აღსრულებისას მამაკაცს არ იკარებდნენ - ოჯახის მფარველი არ გაჯავრდესო. კერასთან არ შეიძლებოდა ჩხუბი, უშვერი ლაპარაკი - სვანურში ფაქტობრივად არ არის გინება.

შემდგომში ზოომორფულმა (კვერცხი, გველი) ხთონურმა ღვთაებამ სახე იცვალა და ქალად ჩამოყალიბდა (ნაპოვნია კერაში ჩაფლული მეზირის და ქალის ფიგურები). შემდგომში ფუძის ანგელოზი ანუ ოჯახის მფარველი ღვთისმშობელმა ჩაანაცვლა.
თენგიზი,
10 აპრილი 2017 17:25
მამაჩემი იტყოდა ხოლმე რომ სვანეთში რკინის მოპოვებასა და გვარ - ბერეჟიანებს - შორის რაღაც პარალელი უნდა იყოსო. ალბათ ყველამ იცის რომ ბერეჟიანები წარმოშობით სვანეთიდან არიან, რომელიც წარმოსდგება სიტყვა ბერეჟი- დან, რაც რკინას ნიშნავს
ზაზა გოშუანი
15 დეკემბერი 2015 10:44
ფაქტია, რომ სვანეთი დღემდე შეუსწავლელია. კუთხე-კუთხე მოგლეჯილი არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ ჩატარებული კვლევები, რაოდენ ენთუზიაზმითაც არ უნდა იყოს წარმოჩენილი,ჩავთვალოთ რომ ზღვაში წვეთია!სვანეთის ძირფესვიანად შესწავლა გარკვეულ საკითხებში, ისტორიის ხელახლ გადაწერას გამოიწვევს, რაც სამწუხაროდ ვიღაც -ვირაცებს ნამდვილად არ აწყობთ! მე თვითონ ვმონაწილეობდი, სკოლის პერიოდში ჭუბერში, ლარილარის სამარხოვანის გათხრებში, რა თქმა უნდა მუშად. უამრავ ძვლებთან ერთად ვპოულობდით მზის შუქზე სხვადასხვა ფერებით მობრდღვიალე მძივებს და ერთ ადგილზე ვუგროვებდით არქეოლოგებს. ვნახეთ ოქროს პატარა ნაკეთობაც. მახსოვს, თუ როგორ შესთავაზა პატივცემულა შოთა ჩართოლანმა ზემოთ ხსენებული სახლის პატრონს პეტრე ჯაჭვლიანს, სტელის მონახვის მიზნით ძველებური ქვითკირის სახლის დემონტაჟი ახალი სახლის აშენების სანაცვლოდ. თუმცა მან უარი განუცხადა.როგორც მახსოვს უარის მიზეზი იყო პირობა რის მიხედვით, თუ სტელა ღურებული არ იქნებოდა, ახალ სახლ ვერ აუშენებდნენ. ამ პირობამ უარი ათქმევინა მოხუცს!
saqartvelo
16 ოქტომბერი 2015 13:39
ღმერთმა აცხონოს შოთა ჩართოლანის სული ღირსეული ქართველი დიდი ისტორიკოსი და დიდი პროფესორი,ნუთუ არ შეიძლება საქართველოს ტელევიზიამ აჩვენოს ამ კაცზე მისი ნამოღვაწარი და ნაჯაფარი არქეოლოგიის კუთხით საინტერესო გადაცემა მიუძღვნან და უზნეო გადაცემების მაგივრად ასეთ პიროვნებებზე გაუშვან გადაცემა

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები