"მთვრალი ინტელიგენტი" რომ არ შემხვედროდა..." გიორგი დანელიას დღიურები
05-10-2015
"მთვრალი ინტელიგენტი" რომ არ შემხვედროდა..." გიორგი დანელიას დღიურები
ბევრი ჩვენგანი ჩაუფიქრებია, ბევრსაც გულიანად უცინია გიორგი დანელიას, როგორც თავად რეჟისორი უწოდებს, "ნაღვლიან კომედიებზე". მათი ყურება არასდროს გბეზრდება... როგორ იქმნებოდა ფილმი "არ დაიდარდო", ამის შესახებ რეჟისორი თავის წიგნში - "ჩიტო-გვრიტო" იხსენებს.

"მთვრალი ინტელიგენტი"
"ვგიკში ჩავაბარებინოთო, - ამბობდა­ მამაჩემი, როდესაც სკოლა დავამთავრე. რატომ ვგიკშიო? - დედა ეკითხებოდა. მაშ, სადღა მიიღებენ ამ სულელსო, - პასუხობდა­. მეტრომშენებელი მამაჩემი კინოს არასერიოზულ საქმიანობად აღიქვამდა­ და ვკიგსაც უკიდურეს ვარიანტად მიიჩნევდა. მე რეჟისორობა ისევე არ მიზიდავდა,­ როგორც
სხვა დანარჩენი, - გარდა ჯაზ­ისა. ჩემი მეგობარი არქიტექტურულზე აბარებდა და გადავწყვიტე, მისთვის კომპანიონობა გამეწია. ასე გავხდი არქიტექტორი­. სწავლის
დამთავრების შემდეგ ქალაქების პროექტირების ინსტიტუტში გამანაწილეს. თავიდან ენთუზიაზმით შევუდექი მუშაობას, მერე...

ერთ დღეს თანამშრომელთან ერთად მივსეირნობ და ვხედავთ, ღობის ძირას მთვ­რალი მამაკაცი წევს: ბერეტით, მაკინტოშით,­ სათვალით, ჰალსტუხითა და მაჯაზე საათით. უნდა გაგვეღვიძებინა, თორემ გაქურდავდნენ "მთვრალ ინტელიგენტს". ასეც მოვიქეცით. ინტელიგენტმა იუარა, მთვრალი კი არა ვარ, ვისვენებო! მეტი დამაჯერებლობისთვის გაზეთი სახეზე აიფარა.

შესაძლოა, ჩემი ცხოვრება სულ სხვა­გვარად წარმართულიყო, იმ დღეს ის "მთვ­რალი­ ინტელიგენტი" რომ არ შეგვხვ­ედროდა. იგი "კითხულობდა" "საბჭოთა კულტურას", რომელშიც მკვეთრი შრიფტით ეწერა: "მოსფილმი"აცხადებს მიღებას სარეჟისორო კურსების დასაკომპლექტებლად". გაზეთი ვიყიდე და შევიტყვე, რომ ამ კურსებზე მიიღებოდნენ მხატვრები, თეატრალები, მუსიკოსები... და არქიტექტორები".

"არ დაიდარდო"

"დედას საყვარელი წიგნი იყო ფრანგი მწერლის, კლოდ ტელიეს რომანი "ბიძაჩემი­ ბენჟამენი". პირველად ეს რომანი მეხუთე­კლასელმა წავიკითხე. მერეც ხშირად ვფურც­ლავდი. ერთ დღეს იღლ­იაში ამოვიდე და თბილისში ჩავფრინდი. დავურეკე ელდარ შენგელაიას, ქართველი სცენარისტი მჭირდება-მეთქი. ელდარმა სამი გვარი დამისახელა. სჯობს, სტუდიაში მოხვიდე და ყველას გაგაცნობო. საბედნიეროდ, პირველი რეზო გაბ­რიაძე მოვიდა. დანარჩენებს არც დავლოდ­ებივარ. წიგნი მას გადავეცი.

იმ შემოდგომაზე თბილისში სასტუმრო "საქართველოს" 501-ე ნომერში ვცხოვრობდი. რეზო დილით მოდიოდა და ვიწყებდით მუშაობას. საღამოობით ჩაიზე ვსტუმრობდით ხოლმე დეიდა ვერიკოს (დედის და) და ძია მიშას და ვსაუბრობდით ძველ თბილისზე. ამ საუბრების ნაწილი ფილმისთვის­ ვისესხე, ნაწილი კი უცვლელად გამოვიყენე. ერთ-ერთი ასეთი ამბავია "დირექტორის გასვენება". ამ ისტორიების, თბილისური მზისა და კეთილგანწყობის გარეშე ფილმი ისეთი ვერ გამოვიდოდა, როგორიც ახლაა".

"დირექტორის გასვენება"
"ჭიაურელის ნაამბობიდან: ოცდაათიან წლებში ტიფლისის კინოსტუდიის დირექტორი მძიმედ გახდა ავად. ექიმმა უთხრა, ძალიან ცოტა ხნის სიცოცხლე დაგრჩაო. დირექტორმა სასწრაფოდ პარტიული ბიუროს წევრები გამოიძახა საავადმყოფოში, რათა მისი გასვენება დაეგეგმათ.
ხმის მიცემის პრინციპით დასახელდა, თუ ვინ დაწერდა ნეკროლოგს, ვინ გამოვიდოდა სამოქალაქო პანაშვიდზე სიტყვით... დაამტკიცეს კუბოს ესკიზი. გადაწყდა, რომ შესრულდებოდა: ევროპული მუსიკა - სახანძროს სასულე ორკესტრი და ნაციონალური - ზურნა, დოლი და მომღერალი რანტიკა პლეხანოვის სახინკლიდან. განიხილეს ასევე, თანამდებობის პირთაგან ვის დაპატიჟებდნენ ქელეხში და ვინ იქნებოდა თამადა (თამადად მიხეილ ჭიაურელი დაუმტკიცებიათ). დარჩათ მხოლოდ იმის განსაზღვრა, თუ რომელი მარშრუტით იმოძრავებდა სამგლოვიარო პროცესია.

- წავიდეთ ვერეს ხიდით, შემდეგ გოლოვინის გამზირით, - ამბობდა დირექტორი.
- გოლოვინზე ახლა ყველაფერი გადათხრილია - ტრამვაის რელსებს ამონტაჟებენ. იქნებ პლეხანოვის ქუჩით...
- არა! - დირექტორმა კატეგორიული უარი თქვა, - პლეხანოვით არ მინდა!
ამ კრების შემდეგ დირექტორმა 5 წელ­იწადს იცოცხლა".

მეარღნე

"სანამ მე და რეზო სცენარს ვწერდით, რეზოს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა - დაქორწინდა. თამაზ მელიავამ ახალდაქორწინებულებს დუქნიდან მეარღნე მოუყვანა. სივიწროვის გამო მეარღნე სახლში მექორწილეებს ხელს უშლიდა და ამიტომ თამაზმა ფანჯრის მოპირდაპირედ ხის ტოტზე მოათავსა და იქიდან ამღერებდნენ".

მოუსმინე ქალს...


"მე და რეზომ სოფიკო (ბენჟამენის და) დავწერეთ სოფიკო ჭიაურელისთვის, მეარღნე - იპოლიტე ხვიჩიასთვის, მაგრამ რა ვუყოთ მთავარ პერსონაჟს - ბენჟამენს? რომანში ის მაღალი, ღია თმით, ცისფერთვალება და ზორბაა. მსახიობებს შორის რომ ვერ ვიპოვეთ, პროვინციებში განვაგრძეთ ძებნა. ამ დროს ბოტკინი დამემართა და საავადმყოფოში აღმოვჩნდი. ერთხელაც დედამ დამირეკა: გაიქეცი ტელევიზორთან, შენი ბენჟამენი­ მღერისო. გავედი ჰოლში - ტელევიზორში "ორერა" მღეროდა. ყველა სოლისტი დავათვალიერე, მერე დედას გადავურეკე, რომელს გულისხმობ-მეთქი. დასარტყამებზე უკრავსო. ისევ ჰოლში გავბრუნდი, დასარტყამებზე გამხდარი, კბილებდაკრეჭილი შავგვრემანი ბიჭი უკრავდა. ეს რანაირი ბენჟამენია? საავადმყოფოდან გამოვედი, ისევ ვეძებ ბენჟამენს. გამახსენდა დედას რეკომენდაცია და მეორე­ რეჟისორ დათო კობახიძეს ვკითხე: ხომ არ ვნახოთ ის "ორერას" წევრი-მეთქი.

არ გამოდგებაო, მითხრა, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ შეხვედრა. როგორც კი ფეხი შემოდგა, მივხვდი, რომ ის არ იყო, ვინც მე მჭირდებოდა. ზრდილობის გულისთვის მაინც გავესაუბრე. როგორც კი გავიდა­ და კარი გაიხურა: მგონი, მორჩა, როგორც იქნა, ვიპოვეთო, თქვა ჩემმა მეუღლე ინამ.

მე და დათომ ძებნა განვაგრძეთ. ვერ­ავინ­ ვერ ესადაგება როლს. ისევ შევხვდით კიკაბიძეს, რადგან ის დედასა და ინას მოსწონდათ. მივაწებეთ წვერ-ულვაში და ფოტოები გადავუღეთ. გრიმიორი თამარა მოვიდა: გილოცავთ გმირის პოვნას, მაგრამ წვერები არ უნდა, მარტო ულვაში საკმარისიაო. უცნაურია, დედას, ინასა და თამარას მოსწონდათ... მე ბუბა ჩაიზე დავპატიჟე დეიდაშვილებთან. იქ მისი დაქალ­ები დაგვხვდნენ. ბუბა ადრე წავიდა. ვიკითხე: "ავიყვანო მთავარ როლზე კიკაბიძე?" ყველამ ერთად მიპასუხა: "ბუბა? რა თქმა უნდა".
ამბობენ, მოუსმინე ქალს და პირიქით მოიქეციო, მაგრამ არ არსებობს წესები გამონაკლისის გარეშე. მე რომ მაშინ ქალების აზრი არ გამეთვალისწინებინა, კრიტიკოსები "არ დაიდარდოს" XX საუკუნის ას საუკეთესო ფილმს შორის არ შეიყვანდნენ. არც ფესტივალებზე აიღებდა პრიზს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის".

ზაქარიაძე


"ექიმ ლევანის როლზე სერგო ზაქარიაძე­ გვინდოდა. იმ დროისთვის სერგოს მთავარი როლი უკვე შესრულებული ჰქონდა სახელგანთქმულ "ჯარისკაცის მამაში". ზაქარიაძემ წაიკითხა და დამირეკა, თანახმა ვარო.

გადაღებების დაწყებამდე გამაფრთხილეს, ზაქარიაძე ხარბი მსახიობია, სურს, მისი გმირი, რაც შეიძლება, დიდხანს იყოს ეკრანზე. "ჯარისკაცის მამის" გადაღებისას,­ სცენაში, სადაც ჯარისკაცის მამა სხვა ჯარისკაცებთან ერთად მიცოცავს, ბატონმა სერგომ ისეთი სისწრაფით იცოცა, რომ სპეცრაზმელები უკან ჩამოიტოვა, პირველი აღმოჩნდა კამერის წინ და "ვაშა" პირდაპირ­ კამერაში დაიყვირაო. ამიტომ გადაღებები ისე უნდა წარვმართოთ, თითქოს ჩვენთვის მთავარია ზაქარიაძის გადაღებაო. ამ სიტყვების სისწორეში მალევე დავრწმუნდი. ზაქარიაძესთან მუშაობა ადვილი საქმე არ გამოდგა. სულ მინდოდა, "შემერბილებინა", "დამევარცხნა", მაგრამ არ მემორჩილებოდა. როდესაც დასრულებული ფილმი ვნახე, მივხვდი, ასეც უნდა ექნა".

სოფიკო

"სოფიკოსთან, ანუ ბენჟამენის დასთან არც ერთი შენიშვნა არ მქონია. ერთადერთი, რაც დამამახსოვრდა, ის იყო, რომ გადაღებებზე მზესუმზირა მოჰქონდა, თვითონ აწკაპუნებდა და სხვებსაც უმასპინძლდებოდა... კიდეც ვთხოვე, კიდეც დავემუქრე. ამბობდა, ამის გარეშე არ შემიძლიაო".

დაბოლოს...

"ბენჟამენის დისშვილი ვარლამი შემთხვ­ევით აღმოვაჩინეთ პურის მოედანზე, მანქანიდან დავინახე რიჟა, ცხვირა ბიჭუნა. აი, ვარლამი, გაიცანი-მეთქი, ვუთხარი დათოს. დათო მისკენ წავიდა. ბიჭი გაიქცა. დათო გამოუდგა. რომ დაბრუნდა, ხელი შუბლზე ჰქონდა მიდებული: ბიჭს თვალებს შორის იატაკის ჯოხი უთავაზებია. მის მშობლებთან მივედით და გადაღებაზე დავითანხმეთ. როგორც გაირკვა, ბიჭი ასე იმიტომ მოქცეულა, რომ მშობლებს ჰყავდათ დაშინებული, მიმნდობ ბიჭებს უცხოები იტაცებენ და მათგან საპონს ხარშავენო.
გადაღებებზე ბიჭები ამბობდნენ: რაღა ასეთი ცხვირა აირჩიეს, უფრო ლამაზი ვერავინ ნახესო? ვარლამი კი პასუხობდა, მე ცხვირის გამო კი არა, ჩემი ღირსებებისა და ნიჭის გამო ამირჩიესო".

ძველი მეგობრები

ელდარ შენგელაია:
- როცა ჩავდივარ მოსკოვში, პირველი რასაც ვაკეთებ, გიასთან მივდივარ. ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ. არაჩვეულებრივი დედა ჰყავდა - ქალბატონი­ მერი. იგი ვერიკო ანჯაფარიძის და გახლდათ. მე და ჩემი ძმა თენგიზი პირველად დედამ წაგვიყვანა დანელიების ოჯახში. სუფრა იყო გაშლილი. მაშინ გიამ ცოლი მოიყვანა, ქალბატონი ინა (მერე გაიყარნენ)... როდესაც დედა დაიღუპა, დავრჩი უსახსროდ, სტიპენდიით ვირჩენდი თავს. ხშირად მშიერიც ვყოფილვარ და ამიტომ დეიდა მერი თავისი განუმეორებელი კერძებით მიმასპინძლდებოდა ხოლმე.

- გია დანელიას რეზო გაბრიაძე თქვენ გააცანით?

- გია მოსკოვიდან ჩამოფრინდა. მითხრა: მინდა "ბიძაჩემი ბენჟამენის" მიხედვით გადავიღო ფილმი და ქართველი სცენარისტი მირჩიეო. შევახვედრე რეზოს. "არ დაიდარდო" გენიალური ფილმია. არაჩვეულებრივია მუსიკაც. გია ყანჩელიც მე გავაც­ანი გიას. მას შემდეგ როგორც ჩემი, ისე გიას ფილმების კომპოზიტორი ყანჩელია.

მე და გია ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე თბილისში გატარებულ დღეებზე, მაგრამ ყველაზე ხშირად დედებზე. გია მახსენებინებს ხოლმე ნატო ვაჩნაძესთან დაკავშირებულ ერთ ამბავს. ჩვენ ავტომანქანა "ემ ადინი" (როგორც ეძახდნენ) გვყავდა. ომი რომ დაიწყო, წაიყვანეს. ცოტა ხანში კი, როგორც ადამიანზე მოდიოდა უწყება, ჩვენც მივიღეთ ასეთივე: "თქვენი "ემ ადინი" ქერჩში დაიღუპა". ომის შემდეგ დაიწყო გერმანიიდან ჩამოყვანილი მანქანების დარიგება. დედამ ეს უწყება წარადგინა და მისცეს გერმანული "შტერი". მეგობრები ხუმრობდნენ, სამი შტერი ჰყავდა და ახლა მეოთხეც შეემატაო.

ეკა სალაღაია
ina
14 ივლისი 2017 15:27
აუცილებლად უნდა ითარგმნოს გია დანელიას მემუარები,მე წავიკითხე რუსულად და ძალიან მომეწონა.
lalo
22 ოქტომბერი 2015 08:46
ორი-სამი წლის წინ ჟურნალ ,,სარკეში,, რამდენიმე ნომრის მიყოლებით იბეჭდებოდა ბატონი გიორგის ავტობიოგრაფიული წერილები... ახლა ვნანობ, რატომ არ შევინახე, ნეტა ვინმემ გამოსცეს წიგნად, დამიჯერეთ, წაკითხვისას უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ და მეც ხომ სიხარულით შევიძენდი(
ana
15 ოქტომბერი 2015 07:44
კარგი იქნება გია დანელიას ავტობიოგრაფიული ზიგნი მისი იუმორის მოკვარული კარგი ქარტველი მტარგმნელი ტუ ტარგმნის ქარტულად.მივიგებტ დზალიან სასიამოვნო ზიგნს როგორიზ ზალიან აკლია დგევანდელ საზოგადოებას,მე ზავიკიტკჰე რუსულად ,ზალინ მომეზონა.

რედაქტორის რჩევით