ვინ იყო მედეა - ტრაგიკული ქალი თუ სამშობლოს მოღალატე? - კვირის პალიტრა

ვინ იყო მედეა - ტრაგიკული ქალი თუ სამშობლოს მოღალატე?

გამომცემლობა "პალიტრა L" მკითხველს საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის მორიგ ტომს სთავაზობს

შვილების დახოცვის ეპიზოდი მითოლოგიაში მოგვიანებით ჩაემატა. ცალსახად ვერავინ დაამტკიცებს, რომ მედეამ შვილები დახოცა. ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს, რასაც მკითხველი "პალიტრა L"-ის გამოცემულ წიგნში დეტალურად ამოიკითხავს...

კაცობრიობის ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება მოვლენა, რომელსაც ისეთი დიდი კვალი დაემჩნიოს მსოფლიო ცივილიზაციისთვის, როგორც ეს 25-საუკუნოვანმა "ოქროს საწმისმა" და კოლხეთის მეფის ასულის, მედეას თავგადასავალმა შეძლო. თანაც არგონავტების მითი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიის თავფურცლადაც კი ითვლება. ამიტომ მნიშვნელოვანია, მასზე რეალური თუ არა, რეალობასთან მიახლოებული ინფორმაცია გვქონდეს. მოგეხსენებათ, მითის მიხედვით, მედეამ უღალატა სამშობლოს, მოსწყდა მშობლიურ კერას და საბოლოოდ, იასონის ღალატით შეძრწუნებულმა ქმრის ახალი სიყვარული მოკლა, შემდეგ შვილები დახოცა და თავადაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა... ფაქტია, მედეასა და კოლხეთზე ჩვენი წარმოდგენა ანტიკურ წყაროებს ეფუძნება.

და მაინც, ვინ იყო მედეა, ტრაგიკული ქალი თუ სამშობლოს მოღალატე? კოლხეთის მეფის ასულზე საზოგადოების აზრი ათასწლეულებია ვერ შეჯერდა. ძნელად თუ მოიძებნება ისტორიაში ისეთი პიროვნება, რომელსაც იმდენი მძიმე ცოდვა მიეწერება, რამდენიც მედეას. ყველაფრის მიუხედავად, ის ანტიკური ხანის ერთ-ერთ გამორჩეულ პერსონაჟად რჩება, კოლხეთი კი - უძლიერეს, ოქროს მწარმოებელ სახელმწიფოდ. მითში კარგად არის ასახული ბერძნების წარმოდგენა შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე კოლხეთის სამეფოზე: კოლხეთი უძლიერესი სახელმწიფო იყო, რომლის მეფე აიეტს ქვის მაღალი სვეტებითა და სპილენძის ქონგურებით დამშვენებული დიდებული სასახლე ჰქონდა. სასახლეში დაუშრეტელი შადრევნები ჩქეფდა, რომლიდანაც წყალთან ერთად რძე და სურნელოვანი ზეთი იღვრებოდა. აიეტს ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთმა ჰეფესტომ სპილენძისფეხებიანი ცეცხლის მფრქვეველი ხარები გამოუჭედა. მანვე დაუმზადა ფოლადის გუთანი... აიეტთანვე ინახებოდა ოქროს საწმისი - ვერძის ოქროსმატყლიანი ტყავი...

მედეას მითზე ისტორიკოსი ნოდარ შოშიტაშვილი დიდხანს მუშაობდა. გამომცემლობა "პალიტრა L" მისი ავტორობით მკითხველს საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის მორიგ ტომს სთავაზობს.

მკითხველი გაეცნობა ამ პერიოდის მთავარი მოვლენების ვიზუალურ რეკონსტრუქციასა და მნიშვნელოვან ფაქტებს. რაც უფრო თვალსაჩინოა წიგნში მოთხრობილი ამბავი, მისი წაკითხვაც მით უფრო სახალისო და საინტერესოა. წიგნის სიუჟეტი ორიგინალური და ავთენტურია, არ შეგხვდებათ კლიშეები და გაცვეთილი ფრაზები. ილუსტრაციები მოცულობითი, მოზაიკური კოლაჟებია, რომლებიც ძველი ფოტოების, ნახატებისა და ისტორიული არქივების მიხედვით არის შედგენილი. რაც მთავარია, წიგნში, ტექსტის წაკითხვის გარეშე, ბავშვიც შეძლებს სიუჟეტის ამოცნობასა და მოვლენების აღქმას. შესაბამისად, მედეას თავგადასავლით ბავშვებსაც მარტივად დააინტერესებთ.

ნოდარ შოშიტაშვილი, ავტორი: - წიგნში თითქმის ყველა მასალა და წყაროა გამოყენებული, რომელიც ამ თემატიკას მიეძღვნა. მოგეხსენებათ, არც ისე დიდი ხნის წინ ექსპერიმენტი ჩატარდა: არგონავტების თავგადასავალი მითია თუ რეალობა, ან საერთოდ, ინახებოდა თუ არა კოლხეთში ოქროს საწმისი. ექსპერიმენტის მიხედვით, მითი რეალური აღმოჩნდა. სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა. ითქვა, რომ მოვლენები ჭოროხთან განვითარდა და არა კოლხეთში, თუმცა, საბოლოოდ, ეს ვერსიებიც გაქარწყლდა და დამტკიცდა, რომ ყველაფერი ფაზისში, აიეტის სამბრძანებლოში ხდებოდა. ფაქტია, რომ კოლხეთი მაშინ სიმდიდრით სხვა სახელმწიფოებისგან გამოირჩეოდა. კოლხები ოქროს დაჩვრეტილი ვარცლითაც მოიპოვებდნენ, ოქრო კი მდინარეს მოჰყვებოდა. ამასთან, ცნობილია ოქროს ცხვრის ტყავით მოპოვების მეთოდიც. ესეც განვითარების მაღალ დონეზე მიანიშნებს. რაც შეეხება მედეას, არავის არ შეუძლია იმის მტკიცება, რომ ის უარყოფითი ან დადებითი პერსონაჟია. ფაქტია, გონიერი ქალი გახლდათ, რომელიც ხალხურ მედიცინაშიც ძალიან გარკვეული იყო. არავინ იცის, რა ცოდნა წაიღო მან საბერძნეთში. თითქოს მან სამშობლოს უღალატა, მაგრამ იმხელა ცოდნას ფლობდა, რომ მცირე სივრცეში ვერ ჩაიკეტებოდა, მისი ცოდნა სამყაროსთვის იყო განკუთვნილი... შვილების დახოცვის ეპიზოდი კი მითოლოგიაში მოგვიანებით ჩაემატა. ცალსახად ვერავინ დაამტკიცებს, რომ მედეამ შვილები დახოცა. ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს, რასაც მკითხველი "პალიტრა L"-ის გამოცემულ წიგნში დეტალურად ამოიკითხავს.

რუსუდან შელია