გაიცანი საქართველო! - კვირის პალიტრა

გაიცანი საქართველო!

ფოტოალბომი 23 ნოემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იქნება ხელმისაწვდომი, პირველი ალბომი კი სრულად აჭარის რეგიონს მიეძღვნება. სერიის პირველ გამოცემაში განთავსებული ფოტოები ზღვისპირა რეგიონზე დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით

დროს, როდესაც საზღვარგარეთ მოგზაურობაზე ხშირად ოცნებობთ, ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულხართ, რამდენად კარგად იცნობთ საკუთარ ქვეყანას? თუ მოგივლიათ საქართველოს რომელიმე კუთხე ფეხით, ცხენით ან თუნდაც, მანქანით? თუ იცით, რამდენი ღირსშესანიშნავი ადგილია საქართველოში, მაგალითად, აჭარაში, მდინარე ჭოროხის შესართავთან, გონიოს ისტორიული ციხესიმაგრე თუ გინახავთ, ან აჭარის მთებში გიმოგზაურიათ და ბუნების საიდუმლოებებს ჩასწვდომიხართ? ალაზნის გადაღმა, გრემში ან ყვარლის რაიონში, ნეკრესში თუ ყოფილხართ, ან მარტვილის კანიონით დამტკბარხართ და დინოზავრის ნაკვალევზე გაგივლიათ? ან სვანეთში კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთები თუ დაგილაშქრავთ და მდინარე ცხენისწყლის ტალღები გაგიპიათ? ან... აქ შევჩერდები, რადგან საქართველოს ღირსშესანიშნაობათა ჩამოთვლა დაუსრულებლად შეიძლება. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ხშირად მათ შესახებ მხოლოდ გადმოცემით ვიცით, ან უარესი - ისტორიულ ძეგლებსა და ბუნების მრავალფეროვნებაზე, რომლითაც საქართველო გამოირჩევა, არასოდეს გვსმენია და გვინახავს. ქვეყანაში უამრავი ადგილია, რომელთაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ!

პარადოქსია, მაგრამ ხშირად საქართველოს კუთხეებსა და ღირსშესანიშნაობებს ადგილობრივებზე უკეთ უცხოელი ტურისტები იცნობენ. პირად გამოცდილებაზეც მოგიყვებით: ამ ზაფხულს ფრანგი ტურისტები გავიცანი, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყვნენ და თაფლობის თვის გატარება საქართველოში გადაეწყვიტათ. ქართულმა ცნობისმოყვარეობამ მძლია და მათი მარშრუტით დავინტერესდი. გაოცებას ვერ ვმალავდი, როდესაც რუკას დავხედე: ისეთი ადგილები ჰქონდათ მონიშნული, დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უმრავლესობა ამ ადგილებში ერთხელაც კი არ ყოფილა. მაგალითად, პირადად მე აბუდელაურის ტბებზე ფრანგი ტურისტების მოყოლილმა ისტორიებმა გამაკვირვა. დეტალურად იცოდნენ, რომ ამ ტბაში თევზი არ არის და თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით საზრდოობს. ამასთან, გამდინარეა და ტბის ირგვლივ ნამდვილი სამოთხეა. ანალოგიური სიზუსტით დიდხანს მიყვებოდნენ სხვა ღირსშესანიშნაობებზეც...

ვისაც მოგზაურობა, ლაშქრობა ან საკუთარ ქვეყანაზე მეტი ინფორმაციის მიღება გინდათ, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ახალი პროექტი საქართველოს უკეთესად გაცნობაში შეუცვლელ მეგზურობას გაგიწევთ. ილუსტრირებული წიგნების ახალი სერია საქართველოს კუთხეებსა და მის ღირსშესანიშნაობებს არა მხოლოდ გაგაცნობთ, საკუთარ ქვეყანას განსხვავებული რაკურსით დაგანახებთ.

ფოტოალბომი 23 ნოემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იქნება ხელმისაწვდომი, პირველი ალბომი კი, სრულად აჭარის რეგიონს მიეძღვნება. სერიის პირველ გამოცემაში განთავსებული ფოტოები ზღვისპირა რეგიონზე დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.

აჭარის შემდეგ კი გურიას, იმერეთს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, რაჭა-ლეჩხუმს, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთს, სვანეთს, ქვემო ქართლს, შიდა ქართლს, აფხაზეთსა და თბილისსაც ხელახლა გაიცნობთ.

გამომცემლობის მორიგი მასშტაბური პროექტი იმითაც გამორჩეულია, რომ მასში მონაწილეობა როგორც გამოცდილ, ისე დამწყებ ფოტოგრაფებსაც შეუძლიათ.

სოციალურ ქსელ Facebook-ში შექმნილ გვერდზე – Palitra L Publishing და ელექტრონულ ფოსტაზე Photopalitra@gmail.com ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძლია თავის მიერ გადაღებული ფოტოს გაგზავნა, რომელიც დიდი ალბათობით, "პალიტრა L"-ის უნიკალურ ფოტოალბომში მოხვდება. პარალელურად, გამარჯვებული ფოტოს ავტორსა და თავად ფოტოს ისტორიაზე ინფორმაცია გაზეთ "კვირის პალიტრაშიც" გამოქვეყნდება.

არ გამოტოვოთ უნიკალური შანსი, საკუთარი ნამუშევრები მთელ ქვეყანას გააცნოთ და, მეორე მხრივ, თანამოქალაქეებს საინტერესო აღმოჩენების გაკეთებაში დაეხმაროთ!

რუსუდან შელია