"ჩემი შვილის კეთილდღეობაზე ვოცნებობ" - ცხოვრება ფარდულში - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილის კეთილდღეობაზე ვოცნებობ" - ცხოვრება ფარდულში

ორხევში, პეტრიძის ქუჩაზე, კერძო სახლებს შორის ქოხი დგას - ქსოვილის კედელი"და დიდი ღრიჭოები აქვს. სახელდახელოდ მოწყობილი სამზარეულოს, პირსაბანისა და საპირფარეშოს კარის მაგივრობას ფარდა სწევს...

8 წელია, ცისანა თათრიაშვილი ქალიშვილთან ერთად აქ ცხოვრობს, ამ 3 კვმ-იან სადგომში. "ოთახში" საწოლი არ იმართებოდა, დედამ მეზობლების დახმარებით ხის ტახტი დაამოკლა. ზამთარში დედა-შვილი შეშით თბება, თუმცა ყოველთვის არ უმართლებთ. ქალბატონი ცისანა 240-ლარიან ხელფასს ბანკში იღებს, ამიტომ ოჯახს სოციალური დახმარება არა აქვს.

ცისანა თათრიაშვილი: - გორის რაიონიდან ვარ. ქმარი კახელი მყავდა. თბილისში ქირით ვცხოვრობდით. ჩემი გოგონა 10 თვის იყო, როცა დავშორდით. მას შემდეგ მარტო ვზრდი. მშობლებიც გარდამეცვალნენ. ჩემს დას ხერხემლის პრობლემები აქვს, ძმამ შვილიშვილს ღვიძლის ფრაგმენტი გადაუნერგა, სამწუხაროდ, პატარა მაინც გარდაიცვალა...

- რამდენი წელია, ორხევში ცხოვრობთ?

- 2000 წლიდან. ამ ადგილას პატარა სახლი იდგა, რომელიც დაიწვა. აქაურობა ნაგავსაყრელად იქცა. მეზობლების დახმარებით გავასუფთავე და ნაჩუქარი ფიცრებით ავაგე ფარდული. 4 წლის წინ წყალდიდობამ დააზიანა სახურავი. გამგეობამ თუნუქით გადაგვიხურა, თუმცა წყალი არ კავდება. ზამთარ-ზაფხულ გაუსაძლისი პირობებია, ღრიჭოებში ქვეწარმავლები და მღრღნელები ძვრებიან, ზამთარში კი ყინვა არ გვაძლევს მოსვენებას. ბუნებრივი აირიც არ მაქვს. ელექტროენერგიაც არ გვქონდა, რადგან ძველი მცხოვრებლების დავალიანება ირიცხებოდა. განცხადებით მივმართე თელასს. მათ 119 თვეზე გადამინაწილეს დავალიანება და 12 ლარს ვიხდი ყოველთვე. ვმუშაობ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ინფრასტრუქტურულ განყოფილებაში, ხელფასი 240 ლარი მაქვს.

- მიგიმართავთ სოციალური დახმარების მისაღებად შესაბამისი დაწესებულებისთვის?

- მივმართე, თუმცა 240 ლარი საკმარისი ყოფილა ორისთვის... ბანკში დამიმზადეს 180-ლარიანი საკრედიტო ბარათი. საშეღავათო პერიოდის გასვლამდე ნასესხები თანხა შემქონდა, შემდეგ უკან გამომქონდა და ვალს ვაბრუნებდი. აი, ეს გახდა სოციალური დახმარების მიღმა დარჩენის მიზეზი...

მივმართე ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, წელიწადში მხოლოდ ერთჯერადი დახმარება მომაკუთვნეს - 180 ლარი, შეღავათიანი მგზავრობის ტალონი. არაერთხელ ვითხოვე შეშით უზრუნველყოფა. თბილისში იურიდიულ მისამართზე არ ხარ რეგისტრირებული და არ გეკუთვნის მერიის ბიუჯეტიდან დახმარებაო. მიუხედავად ამისა, გამგეობამ გამომიყო შეშის ვაუჩერი. ბუნებრივი აირი არ შემოჰყავთ, რადგან ჩემი ფარდული არასაცხოვრებელ ფართადაა შეფასებული. მძიმეა ჩვენი ცხოვრება, მაგრამ რა ვქნა?! ჩემს სალომეს დედობილი ჰყავს, ქალბატონი ნინო აბაშვილი. დიდ სიყვარულს ჩუქნის ჩემს შვილს. უფლის წყალობით სასწაულები ხდება დღესასწაულებზე. ყოველ ახალ წელსა და ჩემი შვილის დაბადების დღეზე მუდმივად მახარებს სატელეფონო გზავნილი ბანკიდან, შინაარსი კი ასეთია: "თქვენ დაგიმტკიცდათ საოჯახო ტექნიკა განვადებით"..."მივდივარ საბანკო დაწესებულებაში, ვაფორმებ განვადების ხელშეკრულებას და იქვე, გადამყიდველებთან ვყიდი ნივთებს, რა თქმა უნდა, ნახევარ ფასად. შემდეგ ნელ-ნელა ვფარავ დავალიანებას. გაყიდულ ნივთებში აღებული თანხით ვახარებ ერთადერთ ქალიშვილს.

ყველაზე მძიმე 2014 წლის 31 დეკემბერი იყო. შინ მხოლოდ ერთი ქილა მურაბა გვქონდა. შუადღე გადასული იყო, როცა ბანკიდან მორიგი შეტყობინება მივიღე... გაყიდული ტექნიკიდან აღებული ფულით ჩემს შვილს იმ წელს ახალი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ჰქონდა... სუფრას კი ნაჩქარევად დამზადებული კერძები ამშვენებდა...

ჩემი შვილის კეთილდღეობაზე ვოცნებობ. სალომეს ნატვრა კი საზღვარგარეთ სწავლაა. უყვარს ფანდურზე დაკვრა, ოცნებობს სტუდენტობაზე, მაგრამ არ ვიცი, როგორ შევძლებ მისთვის მომავლის უზრუნველყოფას. მივმართავ ეკონომიკის სამინისტროს, თუ არის შესაძლებელი, იქნებ პირად საკუთრებაში გადმოგვცენ ის ადგილი, სადაც ჩვენი ფარდულია. სასწაულების მჯერა, იმედი მაქვს, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით ყველაფერი კარგად იქნება.

P.S. ამ ქოხის ბინადრები კეთილი ადამიანების იმედად არიან. ცოტა ხნის წინ ერთმა კეთილმა ადამიანმა სალომეს ნოუტბუკი აჩუქა. მას კიდევ ბევრი ოცნება აქვს, თუმცა ყველაზე სანუკვარი - უსაფრთხო სახლია.

თორნიკე ყაჯრიშვილი

იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე