"ჩვენი ცხოვრება ზოგჯერ ანეკდოტს ჰგავს, ხომ გახსოვთ, სვანმა მემანქანეს მესტიაში რომ ააყვანინა მატარებელი..."
05-10-2015
"ჩვენი ცხოვრება ზოგჯერ ანეკდოტს ჰგავს, ხომ გახსოვთ, სვანმა მემანქანეს მესტიაში რომ ააყვანინა მატარებელი..."
"ადრე არცთუ ისე მოწესრიგებული იყო ვაგონები. ახლა მხოლოდ სიგარეტის მოწევის აკრძალვას აპროტესტებენ"

2008 წელს პარიზიდან მიუნხენში მატარებლით მგზავ­რობისთვის 6 საათიც კი არ დამჭირდა, თანაც ფრა­ნკფურტში მატარებელიც გამოვიცვალე. თითქმის იგივე დრო სჭირდება თბილისიდან ბათუმში რკინიგზით ჩასვლას. არადა, მანძილი პარიზიდან ბავარიის მთავარ ქალაქამდე ბევრად აღემატება საქართველოს დედაქალაქიდან ბათუმამდე სავალ გზას.

ეს თემა სპეციალისტებთან ერთად ცალკე განსასჯელია, ამიტომაც მოკლედ ვიტყვი, რომ თურმე შეუძლებელია თბილისიდან ბათუმამდე უფრო მოკლე დროში ჩასვლა, რადგან საქართველოს რელიეფი­ არ
იძლევა უფრო თავისუფლად ქროლის საშუალებას. დღეს სისწრაფის განვითარებას ხელს უშლის არა მხოლოდ ძველი ლიანდაგი, არამედ ისიც, რომ სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთ ლიანდაგზე მოძრაობენ.

რამდენიმე ნომრის წინ ვწერდით, თუ რა მდგომარეობა იყო თბილისი-ბორჯომის­ მატარებელში და რა აწუხებდათ მგზავრებს. სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მკითხველს აინტერესებდა, რა
ხდებოდა სხვა მარშრუტებზე. ამჯერად, თბილისი-ბათუმის­ რეისით ვიმგზავრეთ.

თვალში საცემია მატარებელში სისუფთავე, მიუხედავად იმისა, რომელი კლასით მგზავრობ. შესაძლოა, მეორე კლასში უფრო მშვიდად იმგზავრო, ვიდრე ბიზნესკლასში, სადაც იმ იმედით ყიდულობ ბილეთს, რომ მაგიდას მიუჯდები, ლეპტოპს გაშლი და გრძელ გზას საქმის კეთებაში გალევ. გააჩნია, ვინ იქნება თანამგზავრი. თბილისიდან ბათუმში მიმავალს არ გამიმართლა, აზიური წარმოშობის 25 წლამდე ოთხი მამაკაცი ღრიანცელით შემოვარდა კუპეში, მობილური ტელეფონები მოიმარჯვეს და ოთხივე ცალ-ცალკე უყურებდა ხმააწეულ ვიდეოჩანაწერებს. ერთს სკამის მდებარეობა არ მოეწონა და კინაღამ მოგლიჯა. როდესაც დაიღალნენ, ასაკეცი მაგიდები ჩამოსწიეს და ფეხები ზედ შეაწყვეს. ხმაურიანი იყვნენ რუსი ქალებიც. ერთ მათგანს ბავშვობის გახსენება რატომღაც ცნობილი მულტფილმის, "აბა, დამაცადეს" ნახვით მოუნდა და კურდღლის ოინებზე სიამოვნებით ხარხარებდა.

მატარებლის უფროსი და გამცილებლები ამბობენ, რომ მოლარე სალაროსთან,­ სადაც სხვათა შორის, რიგიც კი არ დგას (რიგის ელექტრონული სისტემის გამო), ვერ განსაზღვრავს, ვინ ყიდულობს ბილეთს, საქმიანი ადამიანი, ტურისტი თუ ის ადამიანი, რომელსაც არ ადარდებს, აწუხებს თუ არა მგზავრებს.
სამტრედიის სადგურს რომ გავცდით, უფრო მეტის გაგება მომინდა ქართული მატარებლების და მათი მმართველების შესახებ. გამიმართლა, მატარებლის უფროსი კომუნიკაბელური ადამიანი აღმოჩნდა, ქალბატონი მარიკა ქერქაძე 59 წლის არის, ერთი წელიც და, პენსიაში გავა. 21 წელია რკინიგზაში მუშაობს. 9 წელია ამ მატარებლის უფროსია.

მარიკა ქერქაძე: - აქ დრო არ გრჩება საკუთარი საფიქრალისთვის. ჩემი პროფესია იმდენად მიყვარს, რომ ის დღე ვერ წარმომიდგენია, აქედან რომ უნდა წავიდე.

- როგორი მგზავრები გყავთ, პრეტენზი­ულები?
- ადრე უფრო ჰქონდათ პრეტენზიები, როდესაც არცთუ ისე მოწესრიგებული იყო ვაგონები. ახლა მხოლოდ სიგარეტის მოწევის აკრძალვას აპროტესტებენ.

- ალბათ, რამდენი საინტერესო ამბავი გადაგხდათ თავს 21 წლის განმავლობაში.
- ხომ გახსოვთ "მოიტაცეს თამარ­ ქალი", მაგ ფილმის სცენარით გაიპარნენ ოზურგეთელი გოგო და ბიჭი. ეჭვობდნენ, რომ გოგოს მშობლები მოსდევდნენ, დავამშვიდე, მდევარი მატარებელშიც რომ შემ­ოვიდეს, დაგმალავთ-მეთქი. დაუვი­წყარი იყო ის დღე. პირველად ჩვენ დავლოცეთ წყლით სავსე ჭიქებით.

- საპირფარეშოებში ცუდი სუნი რატომ არის? არადა, ერთი შეხედვით ყველაფერი­ გაპრიალებულია.
- ეს ფართო მილების ბრალია, ქარი რომ უბერავს, ზემოთ ამოაქვს სუნი. კვამლის საწინააღმდეგო ხელსაწყოების დაყენების შემდეგ, ტუალეტში სიგარეტის მოსაწევადაც ვეღარავინ შედის.

- როგორც ვიცი, სავარძლები სპეციალური ტექნოლოგიით იწმინდება.
- რეისის შემდეგ მატარებელი დეპოში მიდის და თუ ძალიან დაბინძურებულია, ყოველი ცვლის ბოლოს გაწმენდენ, თუ არა და, ყოველი მეორე ცვლის შემდეგ იწმინდება. მატარებელს ყოველდღე საგანგებოდ ვალაგებთ.

ქალბატონი მარიკა მემანქანეებთან მიმიძღვება. სამი კაცი მართავს ამ უზარმაზარ რკინის მანქანას. მათ შორის, ყველაზე ახალგაზრდა ილია ხუციშვილია, რკინიგზაში მუშაობის სტაჟიც, 15 წელი, ყველაზე ნაკლები­ აქვს. მემანქანე-ინსტრუქტორი ვახტანგ სუდაძე უკვე 35 წელია რკინიგზელია, ტარიელ სულაშვილი კი ერთ წელიწადში ამ სფეროში მუშაობის 45 წელს იზეიმებს. ამბობენ, რომ როგორც მფრინავისთვის არის მომაკვდინებელი ფრენისთვის თავის დანებება, რკინიგზელისთვისაც ძნელია შპალის, მაზუთის სუნის გარეშე იცხოვროს, არ უყუროს რკინის ლიანდაგებში ჩაკარგულ გრძელ­ გზებს და ბედნიერი არ იყოს იმით, რომ მგზავრები მშვიდობით ჩაიყვანა­ დანიშნულების ადგილზე.

ვახტანგ სუდაძე: "მობილურმა ტელეფ­ონებმა დაღუპა ხალხი. განსაკუთრებით თინეიჯერები, გაიკეთებენ "ყურსასმენებს, აუწევენ მუსიკას და მიაბოტებენ ლიანდაგებზე. სამწუხაროდ, ამ მიზეზით ტრაგიკული შემთხვევები ხდება".

ილია ხუციშვილი: "მატარებლის მარ­თვა ნარკოტიკივით არის, დაჯდები და მიუყვები გზას. მე არ მოვსწრებივარ, მაგრამ წინა თაობა მოესწრო, როგორ შემოუცვივდებოდნენ შეიარაღებული დაჯგუფებების წევრები მემანქანეებს და მოითხოვდნენ მათი ბრძანებების მიხედვით ემოქმედათ".

ტარიელ სულაშვილი:
"ჩვენი ცხოვრება ზოგჯერ ანეკდოტს ჰგავს, ხომ გახსოვთ, სვანმა მემანქანეს მესტიაში რომ ააყვანინა მატარებელი... საბედნიეროდ, ახლა ასეთი ხიფათი წარსულის საკუთრებაა".

ბათუმის რკინიგზის ახალი სადგური თვალს ახარებს. მინდა ყველა სადგური ასეთი ლამაზი იყოს და ძველი სადგურებიდან ძველისძველი შენობები სევდიანად არ გამოიყურებოდნენ. მაშინდელი და ახლანდელი თბილისის ვაგზალი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ყველგან ტაბლოებია, გამცნობენ, რომელი რეისი როდის და სად შემოვა, როდის გავა და რამდენ ხანში იქნება ადგილზე.

ჯერ კიდევ თბილისიდან გამოსვლის წინ გამიკვირდა, რომ დილის მატარებელი მაშინ დაიძრა, როდესაც 9 საათს 15 წუთი აკლდა. ადგილზეც ზუსტ დროს ჩავედით.
თბილისის სადგურიც სუფთაა. ადმინისტრაციული და მოსაცდელი შენობა თანამედროვე სტანდარტებით არის მოწყობილი. ბაქანი მართლაც სანაქებოდ არის დასუფთავებული. ვაგონის კედელზე დამაგრებული მონიტორი იუწყება, რომ თბილისში დავბრუნდით, გარეთ არსებულ ტემპერატურასაც უჩვენებს, მანამდე კი დროდადრო გვატყობინებდა, რომელ სადგურს ვუახლოვდებოდით. მომსახურების ასეთი ფორმა კომფორტის განცდას იწვევს, კომფორტი კი - სიმშვიდეს. ამიერიდან ბათუმში მიმავალ სამარშრუტო ტაქსებს ნერვებს არ მოვაშლევინებ და მატარებლით ვიმგზავრებ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით