ხვამლის მთის გულში ხელუხლებელი მიწისქვეშა ქალაქია?
ხვამლის მთის გულში ხელუხლებელი მიწისქვეშა ქალაქია?
"ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა"

"გამოქვაბულში სპელეოლოგი ჩავუშვით, რომელმაც 5-6 მ-ზე ცენტრალური დარბაზი აღმოაჩინა, რომლის ფართობი დაახლოებით 15-20 კვმ-ია. ცენტრალური დარბაზი სხვა გამოქვაბულებში გადის. სამწუხაროდ, ყველა გასასვლელი ამოქოლილია"


ხვამლის მთავარ ციხე-ქვაბულში, მიწის პირიდან დაახლოებით 50 მ-ზე, 1939 წელს ცნობილი მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე ავიდა. მერე განაცხადა, - იქ არაფერიაო... მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად ასე როდია - ხვამლის ფანტასტიკურ კარს მიღმა ნამდვილად არის რაღაც მნიშვნელოვანი, რაც ჯერ არ ვიცით. 2007 წელს ხვამლი
არქეოლოგმა გურამ გაბიძაშვილმა დაზვერა და ხვამლის მთავარი ციხე-გამოქვაბულის კედლებზე დახატული ციურ მნათობთა სქემა აღმოაჩინა: ცხენზე ამხედრებული ძველეგვიპტური ისიდა და ოსირისი (ნაყოფიერებისა და წყლის ღმერთები). შემდეგ ხვამლის შესახებ რეჟისორმა დავით გოგუაძემ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სადაც სპეციალისტები ამბობენ, რომ
ეს სქემა 5604 ვარსკვლავის განლაგებას ასახავს, - სწორედ ეს წელიწადი მიიჩნევა ქართველების წელთაღრიცხვის დასაწყისად, ვიდრე ქრისტემდე. და კიდევ ამ ექსპედიციის ერთი საოცარი ნიუანსიც: როგორც ბერძნული მითები ჰყვებიან, ხვამლის მთაზე მიჯაჭვული პრომეთეს გასათავისუფლებლად გმირი ჰერაკლე გაიგზავნა. მას ებრძანა, რომ პრომეთეს საპოვნელად მდინარე ფასისს (რიონს) აჰყოლოდა, იქ გამოქვაბულიდან გადმომდინარე ჩანჩქერი უნდა გადაეგდო, გამოქვაბულში შესულიყო და პრომეთე გაეთავისუფლებინა - ადგილობრივებმა მართლაც მიასწავლეს ექსპედიციას გამოქვაბული, საიდანაც წყალი წელიწადის სხვადასხვა დროს ხან ცხენისწყლის ხეობისკენ გადავარდება, ხანაც რიონისაკენ. ამ ექსპედიციამ ზღვის დონიდან 1888 მ-ზე არქეოლოგიური ნიშნული გააკეთა, - იქ უცნაური რაღაც იყო. მიწის ზედაპირზე ოდნავ გამოკვეთილი ნახევრად წრიული ქვის ყორის მსგავსი, რომელსაც ზემოთ სამი მხრიდან პიტალო ეხები (კლდის მასივები) გადმოჰფარებოდა. თუმცა იქაურობას დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის ბალახი ფარავდა (ხალხი ამბობს, რომ ეს ბალახი იმ ადგილას ამოდის, სადაც ამირანის (პრომეთეს) სისხლი წვეთავდა). სულ ახლახან კი ხვამლზე მორიგმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გამაოგნებელი აღმოჩენები გააკეთა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ხვამლის ექსპედიციის ხელმძღვანელთან, არქეოლოგ დავით სულხანიშვილთან:

"მიწის ზედაპირზე ოდნავ გამოკვეთილი ნახევრად წრიული ქვის ყორის მსგავსს, დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის ბალახი ფარავდა. ხალხი ამბობს, რომ ეს ბალახი იმ ადგილას ამოდის, სადაც ამირანის (პრომეთეს) სისხლი წვეთავდა"
- ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა თითქოს არაფრისმთქმელი მიწისზედა წრიული რელიეფის გათხრისას მთელ კომპლექსს წავაწყდით. ის ორი წრიული და ერთი ნახევრად წრიული მშრალად ნაგები ქვის გალავნისაგან შედგებოდა. მსგავს წრიულ, ძვ.წ.-ით პირველი ათასწლეულის ნაგებობებს აფხაზეთშიც ვხვდებით, მაგრამ არა ისეთ დასრულებულ კომპლექსებს, როგორიც ხვამლის მთაზეა. რაც მთავარია, ყველა ეს კომპლექსი ებჯინება მღვიმე-გამოქვაბულს, რომლებიც ამჟამად ამოქოლილია.

ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე 11 კომპლექსი აღმოვაჩინეთ და ყოველი მათგანი დაახლოებით სიგრძით 1,5 მ, სიგანით 70 სმ და სისქით 40 სმ ლოდით არის ამოქოლილი. შემდგომში კი, საუკუნეების განმავლობაში, შესასვლელები მიწამ, ბალახმა და ეკლიანმა ბუჩქებმა დაფარა - ამ ადგილს შემთხვევით კი არ ეწოდება მაყვლოვნის გორა.

- დაახლოებით რაღაც ისეთს ამბობთ, რაც ზღაპრებშია აღწერილი.

- ზღაპრებში ძირითადად ის არის აღწერილი, რაც რეალობაში ხდებოდა. გამოქვაბულში სპელეოლოგი ჩავუშვით, რომელმაც 5-6 მ-ზე ცენტრალური დარბაზი აღმოაჩინა, რომლის ფართობი დაახლოებით 15-20 კვმ-ია. ცენტრალური დარბაზი სხვა გამოქვაბულებში გადის. სამწუხაროდ, ყველა გასასვლელი ამოქოლილია - ხვამლი კირქვოვანი მასისგან შედგება, რომელიც, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში დაიშალა.

- ეს აღმოჩენები ბუნებრივად მოითხოვს, რომ ხვამლის არქეოლოგიური შესწავლა გაგრძელდეს.
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდს გადაწყვეტილი აქვს ხვამლზე მომავალი ექსპედიციების დაფინანსება. მხარში გვიდგას კომპანია "არდი"... თუმცა მეფეთა განძის აღმოჩენაზე თავს ვერავინ დადებს. არა მგონია, რომ რასაც აქ მივაგნებთ ან უკვე მივაგენით, განძზე­ ნაკლები ღირებულებისა იყოს, - დასტურდება, რომ ჩვენი წინაპრები დაახლოებით ქრისტემდე VIII-VII საუკუნეებში თითქმის 2000 მ სიმაღლეზე მიწისქვეშა და მიწისზედა ქალაქებს აგებდნენ. ქვის ხანის სპეციალისტებმა დაახლოებით, მილიონ ორასი ათასი წლის ქვის იარაღიც აღმოაჩინეს. მასთან ერთად კი კერამიკის ჭურჭელი, ობსიდიანის დანა და ჰემატიტის საკულტო ქვაც იყო. ამ ყავისფერ ქვას ძველ საბერძნეთში, დელფოს სამისნოსა და ძველ ეგვიპტეში ამულეტად იყენებდნენ. თქმულებების მიხედვით ეგვიპტის ნაყოფიერების ღვათება ისიდას, ზეციდან მიწაზე დაშვებისას უბედურებისაგან სწორედ ეს ქვა იცავდა.

ჩვენი ხვამლის ქვა ხელოვნების ნიმუშია - დაახლოებით ერთსანტიმეტრიან ქვაზე 8 ოთხკუთხედი და 6 სამკუთხედია ამოკვეთილი, ამ უკანასკნელებში კი ფიგურებია ჩახაზული, რომელსაც ახლა ვშიფრავთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, - ველით, რომ ხვამლის მთა სულ უფრო მეტად გაგვიხსნის გულს და მეტ საოცრებებს დაგვანახებს.

ეს აღმოჩენები ბატონი გურამ გაბიძაშვილის ხსოვნას მივუძღვენით. სწორედ მას ეგულებოდა ხვამლის მთის გულში ხელუხლებელი მიწისქვეშა ქალაქი... ბედნიერება იქნება, თუკი ეს ასე იქნება და მისი აღმოჩენის მოწმე ჩვენ გავხდებით.

"ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს..."


ძველი ბერძნული მითები გვამცნობენ, რომ პრომეთე ღმერთებისთვის ცეცხლის მოპარვისთვის, ზევსის განჩინებით, კავკასიონის მთაზე იყო მიჯაჭვული. პრომეთე იგივე ამირანია, რომელსაც გულ-ღვიძლს ყორანი უკორტნიდა... ქრისტემდე III საუკუნეში აპოლონ როდოსელი წერდა, არგონავტებს მდინარე ფაზისის (რიონი) გადაცურვისას მთიდან პრომეთეს გმინვა ესმოდათო. იმ მთის აღწერილობა კი ხვამლისას ემთხვევა. XIX საუკუნის 50-იან წლებში პრომეთესა და არგონავტების კვალის აღმოსაჩენად ხვამლი იტალიელმა მკვლევარმა პიზაგალიმ დალაშქრა. ის წერდა, - გამაოცა იმან, რომ აქაურებმა მშვენივრად იცოდნენ პრომეთეს ამბავი და განუზომლად უხაროდათ, როცა ნადირობისას სვავებს ვხოცავდითო. არსებობს სხვა თქმულებაც: ხვამლს ნოეს კიდობანიც მიადგა და მის მიდამოებში ქართველების პირველი წინაპარი დაესახლა (ქართველები ნოეს ერთ-ერთი ძის, იაფეტის შთამომავალნი ვართ!). ვახუშტი ბატონიშვილი კი წერს: ხვამლის კლდეში არის "ქვაბი გამოკვეთილი, მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები... ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს". ხვამლის მისტიკამ ჟიულ ვერნიმდეც კი მიაღწია და თავის რომანში "შეუპოვარი კერაბანი" აღწერა. მიუხედავად ამისა, ხვამლი პროფესიონალურად არ შესწავლილა, ალბათ იმიტომ, რომ სტალინის ბრძანებით (ალბათ, სჯეროდა, რომ იქ განძი იყო გადანახული) ხვამლის მთავარ ციხე-ქვაბულში 1939 წელს ცნობილი მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე ავიდა, რომელმაც განაცხადა, - იქ არაფერიაო... მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად ასე როდია - ხვამლის ფანტასტიკურ კარს მიღმა არის რაღაც მნიშვნელოვანი, რაც ჯერ არ ვიცით.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (75)
ბრმა ექსპერტი.
10 მარტი 2019 01:32
მთავრობას არ გააგებინოთ, თორემ მერე ვერაფერს ვნახავთ, დააყაჩაღებენ.
Mediko kurashvili
19 თებერვალი 2019 00:49
Uflisgan dalocvili lechxumi
Oruel
13 თებერვალი 2019 11:42
ნუ ნერვიულობთ, როცა საჭირო იქნება თავად გაიხსნება დაფარული. პერიოდულად ამოტივტივდება ხოლმე, გაგვახსენებს თავს, თითქოს გვამოწმებენ დავივიწყეთ თუ გვახსოვს და მერე იკეტება.
ვაიმე
12 თებერვალი 2019 11:19
არა,არა და არა! გულში ყველა ვხვდებით მცოდნე და არამცოდნე რომ ჯერ არ შეიძლება ხვამლისთვის ხელის ხლება მაგრამ მაინც ვსულსწრაფობთ!ადამიანის ნებით ასეთი რამის გაკეთება არ ეგების .მადლობა ღმერთს ბევრი გაუხსნელი კარგი რამ გველოდება წინ ქართველებს და მოთმინება გვმართებს.სტალინს განა არ შეეძლო ამის გაკეთება გამონახავდა მაგისთვისაც დროს მაგრამ არ გააკეთა ,იცოდა რასაც აკეთებდა და იმიტომ.გავუფრთხილდეთ დრომდე
მეგრელი
11 თებერვალი 2019 19:14
ხვამლი/ხვამ,ლ/მეგრული სიტყვაა და დალოცვილს,კურთხეულს ნიშნავს...
ირაკლი კინწურაშვილი
10 თებერვალი 2019 21:36
არანაირი ხვამლის მთის შესწავლა, მით უფრო ამ საქმეში უცხოელების გარევას არ ვეთანხმები. ხვამლის მთის საიდუმლო არაკად დადის ხალხში და ისიც გვჯერა, რომ იქ მართლაც არის რაღაც უდიდესი საგანძური, მისი გახსნა და შესწავლა მხოლოდ ეროვნულად მოაზროვნე ხელისუფლების მოსვლის შემდეგ უნდა მოხდეს. სხვაგვარად შორს ბინძური და მომხვეჭელი ხელი ხვამლის მთისაგან.
დალი ფალიანი.
10 თებერვალი 2019 20:12
თქვენ წერთ ,,პრომეტეზე''როცა ჩვენ გვყავს ამირანი.რომელიც ნადირობის ქალღმერთ დალის შვილია.დალი სვანეთის მთებში ბინადრობს.ამირანი ხვამლის მთაზეა მიჯაჭვული.ხვამლი სვანური სიტყვაა მის სახელზე სვანეთში ლოცვა დღესაც აღევლინება.მაშინდელი დასავლეთ საქართველო მთლიანად სვანეთს წარმოადგენდა.დღევანდელი რაჭა-ლეჩხუმი მაშინდელი თაკვერია, და იგი სვანეთს წარმოადგენდა.სვანეთში ლენჯერში ლაშთხვერის მთავარანგელოზის ეკლესიის გარე კედლის მხატვრობა ,,ამირანის ბრძოლა ბაყბაყ დევთან.იქ არ არის ასახული პრომეთე არამედ ამირანია, ქართული ამირანი.ზევსის პანთეონიდან სვანეთში შემორჩენილია ჭინკების სახელწოდება მატ ,,შაშშარ''ჰქვიათ.ნოემბერ-დეკემბრის თვეებს უწოდებენ სვანები ,,შაშშობ''(ეს ყველაფერი სვანებისათვის ,,არ ახალია ძველია'')
natali
10 თებერვალი 2019 12:24
მეფეთა საგანძური ოქრო-ვერცხლია? :)))))ალბათ ის ცოდნაა, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება ახლა და რომელიც მართლა გადაგვარჩენს. გონების გახსნა-აი რა გვჭირდება. გონებას კი განათლება ხსნის. ნამდვილი განათლება, ანუ გონების გასხივოსნება და არა რაღაცეების დასწვლა-დაზეპირება.
რეზო
10 თებერვალი 2019 10:45
ნუ ამბობთ რომ იქ რამეა თორე ბიძინა ააფეთქებს.
დალი
10 თებერვალი 2019 07:17
სანამ ეროვნული ელისუფლება არ მოვა ქვეყანაში,სწორად არ მიმაჩნია ხვამლის გამოკვლევა.საერთოდაც ამ თემის წამოწევა და უცოელების იქ მიშვება.თავმოყვარე ერი სხვას არ აძრომიალებს თავის საგანძურში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა