რატომ დაკარგა გონება გადასაღებ მოედანზე ზაზა მაღალაშვილმა - "ოსკარზე" წარდგენილი ქართული ფილმის მორიგი წარმატება - კვირის პალიტრა

რატომ დაკარგა გონება გადასაღებ მოედანზე ზაზა მაღალაშვილმა - "ოსკარზე" წარდგენილი ქართული ფილმის მორიგი წარმატება

ზაზა მაღალაშვილი: მე სპეციალურ ცენტრში მიწევდა სიარული, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ვაკვირდებოდი და ეტლით სიარულს ვსწავლობდი"

წელს საქართველომ "ოსკარზე" ლევან თუთბერიძის ფილმი "მოირა" წარადგინა. ბედისწერის ქალღმერთის მოსახელე ეს ფილმი ჟანრობრივად სოციალურ დრამას განეკუთვნება და ბედის შეუბრალებლობაზე მოგვითხრობს. რამდენიმე დღის წინ "მოირა" სან-სებასტიანის 63-ე კინოფესტივალზე მთავარ საკონკურსო პროგრამაში იყო წარდგენილი, სადაც პირველი საერთაშორისო პრიზი - SIGNIS AWARD - დაიმსახურა. "მოირა" მესამე ფილმია თენგიზ აბულაძის "მონანიებისა"" და გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძულის" შემდეგ, რომელსაც ეს პრიზი აქვს მიღებული. ჩვენ საშუალება მოგვეცა, ფილმის მთავარ გმირებს, ზაზა მაღალაშვილსა და პაატა ინაურს გავსაუბრებოდით.

ზაზა მაღალაშვილი: - "მოირა" სოციალურ გაჭირვებაზეა. ზღვისპირა პროვინციული ქალაქის ერთი ოჯახის დიასახლისი საბერძნეთში შრომით ემიგრაციაშია; ქმარი ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული; ქმარსა და ორ ზრდასრულ ბიჭს ქალი არჩენს უცხოეთიდან. ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა თითქმის გაწყვეტილია. ქალს ოჯახში დაბრუნების სურვილი არა აქვს... მთავარი პერსონაჟი, მამუკა (ერთ-ერთი ვაჟი), ციხიდან გამოდის და ოჯახის გამთლიანებას პატიოსანი შრომით ცდილობს. დანარჩენს, როცა ფილმი გამოვა, თავად ნახავთ...

- როგორ გახდით ამ ფილმის პერსონაჟი?

- ლევან თუთბერიძემ სინჯებზე მიმიწვია. მომიწონეს და როლზე დამამტკიცეს. ოცდაორი წელია საქართველოში არ მიცხოვრია... კინოდებიუტი თვრამეტი წლისას მქონდა - "დემეტრე მეორეში" რატი სურამელი ვითამაშე.

- საქართველო რა მიზეზით დატოვეთ?

- ემიგრაციაში 1994 წლის დასაწყისში წავედი. მიზეზი შვილის ავადმყოფობა იყო. მას მერე ჰოლანდიაში ვცხოვრობ. იქ ჩამოვაყალიბე TV Video Studio, სადაც კლიპებს ვიღებდით კერძო შეკვეთებით. 2010 წლიდან სისტემატურად ჩამოვდივარ საქართველოში. საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით პროექტებს ვახორციელებ.

- ვინ არის "მოირაში" თქვენი პარტნიორი?

- ასეთი პარტნიორები უნდა ინატრო: ქეთი ცხაკაია და ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობები, პაატა ინაური და გიორგი ხურცილავა. მსახიობები თავდაუზოგავად ვმუშაობდით. მე სპეციალურ ცენტრში მიწევდა სიარული, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ვაკვირდებოდი და ეტლით სიარულს ვსწავლობდი. ეს იყო მაღალპროფესიული სტანდარტი მცირე ბიუჯეტით, რაც ლევან თუთბერიძის დამსახურებაა. აღარაფერს ვამბობ გადამღებ ჯგუფსა და ტექნიკურ პერსონალზე.

იყო ერთი ეპიზოდი, როცა ჩემი გმირი ყვირის, წამოდგომას ცდილობს და ეცემა. ამ სცენის გადაღებისას ფეხი ეტლში გამეჭედა, დავვარდი და მხარი ამოვიგდე. ტკივილისგან რამდენიმე წამი გონება დავკარგე. ლევანი აპირებდა ეს სცენა სხვა დღეს დაესრულებინა, მაგრამ კიდევ ერთი დუბლის გადაღება ვითხოვე, გადაღება მაინც ბოლომდე მივიყვანე... ამის მერე წამიყვანეს ბათუმის ტრავმატოლოგიურში.

- შესაძლოა, "მოირა" წელს "ოსკარზეც" წარადგინონ?

- "მოირა" "ოსკარზე" საქართველომ წარადგინა. ახლა ამერიკის კინოაკადემიის წევრები გადაწყვეტენ, შეიტანონ თუ არა ნომინანტთა სიაში.

- მანამდე იყო სან-სებასტიანის ფესტივალი, სადაც უკვე მოიპოვა აღიარება.

- სან-სებასტიანი ევროპული ფესტივალების ოთხეულშია, კანის, ბერლინისა და ვენეციის ფესტივალებთან ერთად. მთავარი პრიზია "ოქროს ნიჟარა". წლევანდელ ფესტივალს 180 ათასამდე მაყურებელი ჰყავდა და 35 ქვეყნის მედიაში გაშუქდა. არც ერთი ქართველი ჟურნალისტი არ ესწრებოდა, რაც უპატრონობის განცდას გიჩენს.

პაატა ინაური: - ჩემს პერსონაჟს მამუკა ჰქვია. ჩემი გმირის ისტორია ციხიდან გამოსვლით იწყება... ეს ჩემთვის მეორე ფილმია ზაზა ურუშაძის "დარჩი ჩემთან" შემდეგ. ასევე აბუ-დაბიში ქართველმა სტუდენტმა გადამიღო მოკლემეტრაჟიან ფილმში "დაკარგულები". მიხარია, რომ "მოირა" ჩემი ბიოგრაფიის ნაწილია.

ეკა სალაღაია