"მუშაობაზე არც კი ვოცნებობ... მე ვინ მამუშავებს?" - აქ ყველა ბავშვს თავისი მძიმე ისტორია აქვს
12-10-2015
"მუშაობაზე არც კი ვოცნებობ... მე ვინ მამუშავებს?" - აქ ყველა ბავშვს თავისი მძიმე ისტორია აქვს
აქ ყველა ბავშვს თავისი მძიმე ისტორია აქვს

"კაჭკაჭს მეძახიან, ბევრი ლაპარაკი მიყვარს და კარგად ვმღერი", - მეუბნება ეტლს მიჯაჭვული გოგონა და ხელებს ნერვიულად ამოძრავებს, მის გვერდით ეტლში მჯდარი ბიჭუნა კი ერთ წერტილს თვალს არ აშორებს. ოთახში კიდევ რადენიმე ბავ­შვია. ერთი კომპიუტერთან ზის, მეორე პიანინოსთან დგას და მუსიკის გაკვეთილის დაწყებას ელოდება... ყველა მათგანს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აქვს, თუმცა ყველას ეს თბილი კერა აერთიანებს... წნორის დღის ცენტრი "თბილი კერაა", სადაც 19 აღსაზრდელი
მთელი კვირის განმავლობაში დღის უმეტეს­ ნაწილს ატარებს. უმრავლესობას ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვს, ერთ გოგონას - დაუნის სინდრომი, ორი მოზარდი სმენადაქვეითებულია...

ნინო ღლიღვაშვილს ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვს.

ნინო ღლიღვაშვილი:
- 15 წლის ვარ. სახლში თითქმის სულ მარტო ვიყავი.­ რაც აქ დავდივარ, ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ეს ჩემი
სამყაროა, აქ ჩვენზე ზრუნავენ და გვახარებენ. არ მიყვარს უქმე დღეები. მძღოლს ყოველ დილით ველოდები, რომ აქ რაც შეიძლება ჩქარა მომიყვანოს.
- რაზე ოცნებობ?
- კომპიუტერზე. მუშაობაზე არც კი ვოცნებობ... მე ვინ მამუშავებს?

14 წლის გიორგი დოლენჯაშვილი ცერ­ებრალური დამბლის გამო ყავარჯნებით­ დადის. თითქმის მთელ დღეს სავარძელში­ ატარებს...


გიორგი დოლენჯაშვილი:
- მამა აგვისტოში, ჩემი დაბადების დღის წინადღეს გარდაიცვალა, მანქანა დაეჯახა. დედა საცხობში მუშაობს. ხუთი და მყავს,­ ერთი მონასტერში ცხოვრობს, მორჩილია. აქაურობა მიყვარს. საინტერესო გაკვეთილები გვაქვს, მიყვარს ძერწვა და კომპიუტერი. მინდა, ვისწავლო და პოლიციელი გავხდე.

ნიკა თენოშვილის დედა მძიმედ­ არის ავად... ნიკა უსინათლოა.

ნიკა თენოშვილი:
"- 14 წლის ვარ, მყავს მშობლები და სამი და. სკოლაში არ მივლია. აქაურობა ძალიან მომწონს. ყველაზე მეტად კომპიუტერი მიყვარს. ბავშვები ხანდახან მაბრაზებენ. ჩემი ოცნებაა კომპიუტერი და სათამაშო სნაიპერის თოფი..."


ოთახში მუსიკის მასწავლებელი შემოვიდა. ყველამ პიანინოსთან მოიყარა თავი. ძნელია იმ გრძნობის ფურცელზე გადმოტანა, რაც პატარების შემხედვარეს დამეუფლა. ყველაზე გულის ამაჩუყებელი სმენადაქვეითებული გოგონასა და ბიჭის ქართული ცეკვა იყო. არც ერთ მათგანს არ ესმოდა მუსიკა, ორივე პედაგოგის ხელის რიტმული მოძრაობით აღიქვამდა ტემპს.

სმენადაქვეითებულ ნინო ალექსიძეს 4 წლის ასაკში ჩაუტარდა იმპლანტაცია. იგი აპარატით სარგებლობს, თუმცა იმის გამო, რომ მოწყობილობა დაბალი ხარისხის ელემენტზე არ მუშაობს, ყურზე მიმაგრებული ხმის გამაძლიერებელი უფუნქციოა. 11 წლის გიორგი მახარაშვილსაც იგივე დიაგნოზი აქვს. უსახსრობის გამო ბავშვის მშობლები მისთვის იმპლანტის ჩადგმას ვერ ახერხებენ... აქ თითქმის ყველა ბავშვს აქვს თავისი მძიმე ისტორია, მათ ბავშვურ ოცნებებს კი ოჯახში არსებული მორალური და მატერიალური პრობლები ამსხვრევს.
ნანა გელაშვილი, დღის ცენტრის დირექტორი: - დღის ცენტრის დაარსების იდეა ბავშვობიდან მქონდა, რადგან ბაბოს, რომელსაც ჩემს აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის, კიდურების ატროფია ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ყველა საოჯახო საქმეს დამოუკიდებლად აკეთებდა. მან მასწავლა ხელსაქმე. ბაბო იყო ჩემთვის ნათელი მაგალითი იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.


- როგორ შეიქმნა დღის ცენტრი?
- სამი წლის წინ ქალბატონმა დალი მაქაცარიამ საკუთარი სახლი უსასყიდლოდ დაგვითმო. სახელმწიფო დაფინანსება დიდხანს ვერ მივიღეთ, რადგან არ აკმაყოფილებდა არსებული ინფრასტრუქტურა კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებს. ამიტომ, პირველ რიგში, პანდუსის გაკეთება­ დავიწყეთ. სამღებრო სამუშაო დაგვრჩა. დღის ცენტრში თავდაპირველად 2 ბავშვი­ ირიცხებოდა, შემდეგ 8 დაგვემატა, ახლა 19 ბენეფიციარი გვყავს. აქ ბავშვები ყოველ დილას მოდიან და 5 საათამდე რჩებიან...

- რა სირთულეებს აწყდებით მუშაობისას?
- თითოეულ ბენეფიციარს სახელმწიფო დღეში 11 ლარით აფინანსებს. ეს თანხა კვებისთვისაც კი არ არის საკმარისი. რომ არა კერძო სექტორის დახმარება, ვერ შევძლებდით ასეთი გარემოს შექმნას. შემოწირულობებით ვახერხებთ სატრანსპორტო ხარჯების დაფარვას. ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ მუსიკის, ხატვისა და ხელოვნების გაკვეთილები. ვასწავლით ისტორიასაც. კარგი მიღწევები აქვთ ინფორმატიკაში, თუმცა 2 კომპიუტერი არ გვყოფნის და ეს ხშირად კონფლიქტის მიზეზია ბავშვებს­ შორის. თვეში ერთხელ ბავშვები ექსკურსიაზე მიგვყავს.

- როგორია მათი კვების რაციონი?
- კვება ორჯერადია. დაწესებულების ბიუჯეტი ძალიან მცირეა.
11 თანამშრომელი­ გვყავს, არც ერთ მათგანს 3 წელია, ხელფასი არ აუღია. ჩვენი შენობა იპოთეკ­ით არის დატვირთ­ული, დავალიანება 10 000 აშშ დოლარს შეადგენს. ამიტომ განსახლების საფრთხე გვემუქრება.
ეზოს კეთილმოწყობაზე ვოცნებობთ. შენობაში არ არის საკანალიზაციო სისტემა, გვესაჭიროება ინვენტარი. განსაკუთრებით, სკამები. ამ დრომდე ჩვენი რაიონის მცხოვრებთა დახმარებით მოვედით. სხვადასხვა პროდუქტითა და ნივთით გვამარაგებდნენ. გარდა ბიზნესმენებისა, ერთ-ერთმა საჯარო­ მოხელემ კომუნალური დავალიანებები დაგვიფარა, მოგვამარაგა პროდუქტებითა და სამედიცინო ინვენტარით. კეთილი ადამიანების დახმარებით შევინარჩუნეთ დაწესებულება.

თამთა კუსრაშვილი, დღის ცენტრის ფსიქოლოგი: - აქ რომ მოვედი, ძალიან გამიჭირდა. შემდეგ, მუშაობის პროცესში დავრწმუნდი, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ბავშვებს ბევრი რამ ჩემზე უკეთ გამოსდით და ეს ძალიან მახარებს. ვცდილობ, ბიოლოგიური ოჯახები აქტიურად ჩაერთონ ბავშვების აღზრდასა და განვითარებაში.

- როგორ უხსნით მშობლებს მათი შვილებისათვის დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის აუცილებლობას?
- ვუხსნი, განვითარების რა შესაძლებლობები ეძლევათ მათ შვილებს დღის ცენტრში. ერთხელ ერთი ბავშვის მშობელმა გვთხოვა, მისი შვილისთვის საძერწი მასალა­ არ მიგვეცა, საამისო უნარ-ჩვევა არა აქვსო.­ აქტიური მუშაობის შედეგად, იგი ერთ-ერთი საუკეთესოა განვითარებით. ჩვენ თვალ­წინ ბევრი სტერეოტიპი იმსხვრევა.

P.S. ხუთი საათი ხდებოდა, როცა დაწესებულების კართან თეთრი სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა. ბავშვები შინ უნდა დაბრუნებულიყვნენ. გამომშვიდობებისას ვარდის ფურცლები პატარა ყრუ-მუნჯმა გოგონამ დამეგობრების ნიშნად გადმომცა. მანამდე მას წერილობით ვეკონტაქტებოდი. მასაც ორი დიდი ნატვრა აქვს: მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი.

თორნიკე ყაჯრიშვილი
zura
19 ოქტომბერი 2015 16:32
გამარჯობათ
ინო ალექსიძეს 4 წლის ასაკში ჩაუტარდა იმპლანტაცია. იგი აპარატით სარგებლობს, თუმცა იმის გამო, რომ მოწყობილობა დაბალი ხარისხის ელემენტზე არ მუშაობს

ამ სასმენი აპარატის მოდელი რომ მომწეროთ შესაძლებელია?
info.elarekaxeti@gmail.com -ზე
emigranti
12 ოქტომბერი 2015 15:27
მომეწონა ეს ტუ საქარტველოში ხდებოდა არ ვიცოდი მე მყავდა ასეტი ბავშვი მოსავლელად და დილიტ ტაქსიტ მივდიოდით სკოლაში საქართველოში კი მანქანა ემსახურებატ ძალიან კარგი.აქ ამ ბავშვებს დახმარებაც დიდი აქვტ როგორც პენსია მად კი არ ვიცი რა ხდება.
Jurnalists
12 ოქტომბერი 2015 12:11
Gviyvarxar shens mkitxvelebs. Magari xar...

რედაქტორის რჩევით