ლიხაურის ციხის გასაჭირი - კვირის პალიტრა

ლიხაურის ციხის გასაჭირი

ლიხაურის ციხეზე შემთხვევით მოვხვდი - ჩემი მასპინძლის ეზოდან შევნიშნე და თვალი ვეღარ მოვწყვიტე.

რას უყურებ? - მკითხა მასპინძელმა, - ეგ ციხე IX საუკუნეშია აშენებულიო. საქართველოში ასე შენახული ციხე არ არსებობს, მაგრამ არც მასავით მიტოვებულია რომელიმეო. რა დააშავა-მეთქი. პასუხად ხელი ჩაიქნია... ამ ციხეზე უნდა წამიყვანოთ-მეთქი, ვთხოვე მასპინძელს. ასე დავადექით გზას ეკალ-ბარდსა და ბებერ ხეებს შორის. ასე მივუახლოვდით წარსულსა და სირცხვილს: - ტყეში მიმოფანტულ ხავსმოკიდებულ ციხის ნაშალს და კედლებზე მოდებულ ჯაგსა და უშველებელ ხეებს! ციხის შიგნით, სასწაულად გადარჩენილი პირმონგრეული ჭა დამხვდა.…მასპინძელმა კენჭი ჭაში ჩააგდო და ყური მიუგდო...

რომან დონაძე, ოზურგეთის სოფელ ლიხაურის მცხოვრები: - ხომ ხედავ, კენჭი ჭაში რა ახლოს დაეცა. მე კი მახსოვს, ბაბუაჩემი ჰყვებოდა, - ბავშვობაში, ლიხაურის ციხეზე თამაშისას, ჭაში რომ კენჭს ჩავაგდებდით, კაი ხნის შემდეგ ჩავარდებოდა წყალშიო.

ცნობილია, ვინც ლიხაურის ციხეს მოერეოდა, დანარჩენ საქართველოსაც გადაჯეგდა... ბოლოს აქ თურქებმა 1774 წელს დააყენეს სისხლის ტბა, შემდეგ ასკანა და ბუკისციხე დაიპყრეს. იმხანად გურიაში დიდი კაცი იჯდა მთავრად - მამაცობით ცნობილი მამია IV გურიელი. გადავიდა იმერეთის მეფე სოლომონ II-თან - თურქები მომაცილებინეო. სოლომონი ჭკვიანი მეფე იყო, გურიაში გათარეშებული თურქები ვერც მან აიტანა, ლიხაურის ციხეს ჯარით მიადგა და გამოყარეს იქიდან თურქები...

"გალავანს შიგნით თითქმის ყველა ზომისა და ფორმის ნიშია შენახული, ჩვენ კი ხავსსა და ბარდნარს მივუგდეთ დასაშლელად. სურო ჭამს და შლის ქვას..."

სამწუხაროდ, წარსულს ვერ ვუვლით; უფალმა თუ ბუნებამ ეს განძი თითქმის უცვლელად შემოგვინახა, - როგორც გარეთა კედლები, ასევე გალავანს შიგნით თითქმის ყველა ზომისა და ფორმის ნიშია შენახული, ჩვენ კი ხავსსა და ბარდნარს მივუგდეთ დასაშლელად. სურო ჭამს და შლის ქვას; გალავანსა თუ ქონგურებზე უშველებელი ხეებია ამოსული... გზაც ეკალ-ბარდითაა ჩახლართული, არადა, ტურისტულ მარშრუტშია შეტანილი. ამას წინათ ფრანგები იყვნენ ამოსული. შეწუხდნენ, - ამ საოცრების ასეთი მოუვლელობა როგორ შეიძლება, ჩვენი რომ იყოს, ყველა ქვა გაწმენდილი გვექნებოდაო. ძალიან შემრცხვა, - რამდენი წელია, ხელისუფლებას აქაურობის გაწმენდა არ გახსენებია, არადა, ციხე იშლება და ნადგურდება. 3-4 წლის წინ ახალგაზრდები მოვიდნენ და გზა გაწმინდეს - გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრიდან ვართო. ისინი რომ არა, დღეს ციხემდე მისვლაც შეუძლებელი იქნებოდა...

ამ ციხის მშენებლობისას ყოველდღე ორი კაცი კვდებოდა

პირველად ექვთიმე თაყაიშვილმა შეისწავლა ლიხაურის ციხე და აღწერას წინაპრების მონაყოლი ლეგენდაც მიაწერა: "ჩემი სოფლის ციხეს აჭისწყლის რიყის ქვით აშენებდნენ. ხალხი მდინარიდან ციხემდე კილომეტრზე იყო ჩამწკრივებული და ქვას ხელიდან ხელში გადასცემდა. ყოველდღე ორი კაცი კვდებოდა - რიყიდან ქვის პირველამღები და ის, ვინც ციხეზე დებდაო".... ციხე ციცაბო გორაზეა აშენებული და მდინარე აჭისწყლიდან იქ ქვების ატანა და აშენება უმძიმესი საქმე იქნებოდა. მაგრამ ციხე მაინც აშენდა და ის საუკუნეების განმავლობაში იფარავდა ჩვენს მხარეს. სულ ბოლოს ამ ციხემ 1828 წელს აღასრულა ვალი, - რუსებს გამოქცეული გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია გურიელის ქვრივი სოფიო და მისი ხუთი შვილი შეიფარა. სოფიოს მამა, რაჭის ერისთავი დიმიტრი სასტიკად შეეწინააღმდეგა რუსებს, მაგრამ მათ მაინც სძლიეს, შეუცვივდნენ სასახლეში და მოკლეს... მაშინ სოფიოს რუსებისთვის შეუთვლია, - მამა ხომ მომიკალით, მეც მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე თქვენი მსახური გავხდეო.

5 შვილი ჰყავდა საპატრონო, მაგრამ ყველაფერი დაივიწყა და ჯარის შეკრება დაიწყო. უზარმაზარ იმპერიასთან რას გახდებოდა... გარბოდა და რუსები ფეხდაფეხ მისდევდნენ. ლიხაურის ციხეში ძლივს შეასწრო. სოფიოს ყველა შვილის ოსმალეთის საზღვარზე გადაყვანისა შეეშინდა, ამიტომ სამი უმცროსი მეციხოვნეებს ჩააბარა, უფროსები - ეკატერინე და დავითი იახლა და ტრაპიზონის ახლო სოფელს შეაფარა თავი. ტრაპიზონის ფაშამ სოფიოს დახმარება ვერ გაუწია, ან რას გაუწევდა - 1828 წელს თურქეთმა რუსეთთან ომი წააგო; სამაგიეროდ, დავითი მხლებლებში ჩარიცხა და 16 წლის ეკატერინეს ცოლად შერთვა მოინდომა. ფაშას კოჭლი და შავყვითელა გოგო მიუყვანეს. გაოცებულმა ფაშამ ეკატერინეს ძმას, დავითს, გადახედა, რომელიც მომხიბვლელობით ანათებდა და დაეჭვდა. მიხვდნენ - ეკატერინე თავს განზრახ იმახინჯებდა. იძულებულნი გახდნენ, ფაშასთვის თავისი სახით წარედგინათ მშვენიერი ეკატერინე. გამწარებულმა ქალიშვილმა ახლა სიგიჟე მოიგონა... ეს ყველაფერი სოფიომ ვერ გადაიტანა და ერთ წელიწადში გარდაიცვალა. მისი საფლავი დაკარგულია. ფაშას გიჟი ეკატერინე აღარ სჭირდებოდა, ამიტომ როცა რუსეთმა სოფიოს შვილები შეიწყალა, ეკატერინე და დავითი სამშობლოში დაბრუნდნენ. დავითი შამილთან ოში დაიღუპა, ეკატერინეს კვალი კი გაქრა...