სვეტიცხოველი - ქვეყნის გაუტეხლობის სიმბოლო! - კვირის პალიტრა

სვეტიცხოველი - ქვეყნის გაუტეხლობის სიმბოლო!

"არსებობს ბოლო ჟამის წინასწარმეტყველება, რომ მაცხოვარი თავის კვართს მოაკითხავს, სიდონიაც კვართთან ერთად აღდგება..."

"1911 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია დაკარგა და ქვეყანაში ეგზარქოსი მოგვევლინა, პირველ რიგში, სვეტიცხოვლის გათხრა დაიწყეს. ბუნებრივია, მტრებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და კვართსაც ვერ მიაგნეს, თუმცა საზოგადოების მოსატყუებლად მიწაში სხვა სუდარა ჩადეს და გამოაცხადეს, უფლის კვართს მივაგენითო. მოგვიანებით, მათ მიერვე დამალული სუდარა რუსეთში გაიტანეს. სხვათა შორის, რუსებს დღესაც სჯერათ და გვეკითხებიან, თუ თქვენთან მაცხოვრის კვართიინახება, რუსეთში რას ვინახავთო?"

ჩვენს წელთაღრიცხვამდე I ათასწლეულში საქართველოს ტერიტორიაზე ორი სამეფო ჩამოყალიბდა: იბერიის - აღმოსავლეთში და კოლხეთისა - დასავლეთში. ქალაქი მცხეთა 800 წელზე მეტი იბერიის სამეფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. ცნობების მიხედვით, მცხეთა დიდ საქარავნო გზაჯვარედინზე არსებობდა, რომელიც ხიბლავდა ბერძენ, რომაელ, ებრაელ, არაბ თუ ჩინელ სტუმრებს. ქრისტიანობის გავრცელებამდე მცხეთა ქვეყნის სულიერ ცენტრსაც წარმოადგენდა, რადგან ქალაქში არმაზის, ზადენის, გაცის, გაიმის, აინანას, დანანასა და აფროდიტეს კერპებიც იდგა. ამიტომ მცხეთა და მისი რეგიონი მდიდარია არქიტექტურული ძეგლებითა და არქეოლოგიური მონაპოვრებით. ქვეყნის ამ ნაწილში 200-ზე მეტი არქიტექტურული ძეგლია, რომელთა შორის ცენტრალური ადგილი მცხეთის საპატრიარქო ტაძარს - სვეტიცხოველს უკავია.

სვეტიცხოველი - ქართული კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი - არა მხოლოდ მხატვრული ღირსებით, დიდებულებითა და ჰარმონიულობით გამოირჩევა, ტაძრის მშენებლობის პერიოდიც საქართველოს ისტორიის მეტად რთულ და საინტერესო ეპოქას დაემთხვა. პირველი ნაგებობის მშენებლობა ქართლის სამეფოს მიერ ქრისტიანობის მიღებასა და ფეოდალიზმის ჩასახვის პირველსავე ხანას უკავშირდება. ტაძარი არაერთხელ შემუსვრილა მტერთა შემოსევების შედეგად, არაერთ დამპყრობელს უცდია მისი დანგრევაც, მაგრამ ძველი დიდებულებით კვლავაც აღმდგარა - სვეტიცხოველი ქვეყნის გაუტეხლობის სიმბოლოდ იქცა... ის პირველ რიგში, საქართველოს რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, ეკლესიის მეთაურთა რეზიდენცია გახლდათ. სწორედ სვეტიცხოველში აკურთხებდნენ ქართველ მეფეებსა და ეკლესიის მეთაურებს, იწერდნენ ჯვარს და ნათლავდნენ უფლისწულებს. ამავე ტაძარში კრძალავდნენ ქართველ მეფეებს, დედოფლებს, ბატონიშვილებსა და კათოლიკოს-პატრიარქებს. ტაძარში რამდენიმე საფლავი დღემდეა შემორჩენილი. მტრის შემოსევისას აქ აფარებდა თავს მცხეთისა და მისი შემოგარენის მოსახლეობაც.

მდიდარი ბიბლიოთეკით სვეტიცხოველი მწიგნობრობის გავრცელების კერასაც წარმოადგენდა. უძველესი წიგნები ტაძრის კედლებში მოთავსებულ სამალავ ოთახებში, სხვა ძვირფასეულობასთან ერთად ინახებოდა... XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა.

დეკანოზი ალექსანდრე ბეჟიტაშვილი: - მოგეხსენებათ, სვეტიცხოველში მაცხოვრის კვართი ინახება, რომლის მოპარვასაც საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ. 1911 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია დაკარგა და ქვეყანაში ეგზარქოსი მოგვევლინა, პირველ რიგში, სვეტიცხოვლის გათხრა დაიწყეს. ბუნებრივია, მტრებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და კვართსაც ვერ მიაგნეს, თუმცა საზოგადოების მოსატყუებლად მიწაში სხვა სუდარა ჩადეს და გამოაცხადეს, უფლის კვართს მივაგენითო. მოგვიანებით, მათ მიერვე დამალული სუდარა რუსეთში გაიტანეს. სხვათა შორის, რუსებს დღესაც სჯერათ და გვეკითხებიან, თუ თქვენთან მაცხოვრის კვართი ინახება, რუსეთში რას ვინახავთო? მოგვიანებით, ისტორიაც გადაიწერა და ფაქტების სწავლება აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებით გაგრძელდა. სვეტიცხოველში არაერთი სასწაული მომხდარა - რწმენას დიდი ძალა აქვს, ყოველივე მოგეცემა თუ გულით, და არა ანგარებითა და გამომცდელად ითხოვ. არსებობს ბოლო ჟამის წინასწარმეტყველება, რომ მაცხოვარი თავის კვართს მოაკითხავს, სიდონიაც კვართთან ერთად აღდგება...

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. მკითხველისთვის საჩუქარს გამომცემლობა "პალიტრა L"-იც ამზადებს.

ააშენეთ ტაძარი თქვენი ხელით

სპეციალურად სვეტიცხოვლობის დღესასწაულისთვის ქართული ეკლესიის უმთავრესი ტაძრის ე.წ. პაზლი გამოიცემა. პაზლი 30 ნაწილისგან შედგება და მისი აწყობის შემდეგ, 3D ფორმატში სვეტიცხოვლის ზუსტ ანალოგს მიიღებთ. პაზლი გასულ წელს "კვირის პალიტრასთან" ერთად იყიდებოდა და ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. მსურველები რედაქციაში გვირეკავდნენ და ითხოვდნენ, კიდევ გამოგვეშვა. "პალიტრა L" წელსაც აძლევს შესაძლებლობას ყველას, შეიძინონ პაზლი. ამჯერად ის გაზეთთან ერთად კი არა, დამოუკიდებლად გაიყიდება და მისი შეძენა სპეციალურ ფასად მხოლოდ 31 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი. ყველას ვურჩევთ, იჩქარონ და შეიძინონ!

რუსუდან შელია