"არ მინდოდა სერიალის დატოვება" - კვირის პალიტრა

"არ მინდოდა სერიალის დატოვება"

ნინო გაჩეჩილაძესთან რატომ უნდა მქონდეს ცუდი ურთიერთობა? როცა კატოს როლი შემომთავაზეს, ჯერ ნინოს დავურეკე. მან მეგობრულად მირჩია, ძალიან კარგი სერიალია და უარი არ თქვაო. სერიალში დაბრუნების შემდეგ მასთან ურთიერთობა არ მქონია... ნინო გაჩეჩილაძის დაბრუნება, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო. ნინო ძალიან უხდება ამ როლს და კარგადაც თამაშობს...

16 ოქტომბრიდან "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი, მერვე სეზონი დაიწყება. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კატოს როლზე სერიალში მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე დაბრუნდა. ნინომ სერიალი 3 წლის წინ დატოვა და მის როლზე ლელა მებურიშვილი აიყვანეს. ლელა წელს "იმედზე" დღის შოუს თანაწამყვანი გახდა.

სერიალის დატოვების შესახებ ლელა მებურიშვილი "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- ლელა, თქვენი სურვილით დატოვეთ სერიალი?

- დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ მე და "ფორმულა კრეატივის" წევრები მეგობრები ვართ. არ მინდოდა სერიალის დატოვება, მაგრამ მომიწია ამ გადაწყვეტილების მიღებამ. თუმცა, სერიალის შემქმნელებთან უთანხმოება არ მქონია. როცა "იმედმა" თანამშრომლობა შემომთავაზა, ეს ირაკლი საღინაძეს ვუთხარი. დაიწერა, ლელა მებურიშვილი "რუსთავი 2"-დან "იმედზე" გადაბარგდაო, რაც არასწორია. ერთ წელზე მეტია, რაც "რუსთავი 2"-ის თანამშრომელი აღარ ვარ. მე "ფორმულა კრეატივის" თანამშრომელი ვიყავი, რომელიც ქმნის სერიალს "ჩემი ცოლის დაქალები".

- კატოს როლზე ნინო გაჩეჩილაძის დაბრუნება მოულოდნელი იყო თქვენთვის?

- ნინო გაჩეჩილაძის დაბრუნება, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო. ნინო ძალიან უხდება ამ როლს და კარგადაც თამაშობს.

- "იმედზე" გადასვლის გამო გადაწყდა, რომ სერიალი დაგეტოვებინათ?

- ვერ ვიტყვი, რომ ამას მოჰყვა ეს გადაწყვეტილება. კმაყოფილი ვარ "იმედზე" მუშაობით. იმ თემებს ვაშუქებ, რაც აქტუალურია ჩემთვის. "იმედზე" ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს. ისინი პროფესიონალები არიან. ჩემი კარიერაც სიახლეს ითხოვდა და "დღის შოუ" სწორედ ეს სიახლეა. სხვა პროექტებზეც მაქვს შემოთავაზება, მაგრამ ჯერ ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ ნინო გაჩეჩილაძესთან?

- რატომ უნდა მქონდეს ცუდი ურთიერთობა? როცა კატოს როლი შემომთავაზეს, ჯერ ნინოს დავურეკე. მან მეგობრულად მირჩია, ძალიან კარგი სერიალია და უარი არ თქვაო. სერიალში დაბრუნების შემდეგ მასთან ურთიერთობა არ მქონია. დაიწყება თეატრში სეზონი და შევხვდებით.

- რა მოგცათ "ჩემი ცოლის დაქალებმა"?

- ძალიან მიხარია, რომ ასეთ კარგ ხალხს დავუმეგობრდი. დიდი გამოცდილება იყო სხვისი შექმნილი პერსონაჟის განსახიერება. ძნელია, სხვანაირი გახადო, შენი რაღაც შემატო. კმაყოფილი ვარ, რომ ამ სერიალში ვითამაშე. "შუა ქალაქი" ერთი ეტაპი იყო ჩემი ცხოვრების და დამთავრდა. კატო ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია და გამიხარდა, რომ დამიძახეს. მიხარია, რომ ეს ეტაპიც დროულად დამთავრდა და მხოლოდ კატო არ ვარ. ამიტომაც ჩემი გადაწყვეტილება დროული მგონია.

თამარ ბოჭორიშვილი