ყოველკვირა ერთი წიგნი, ერთ წელიწადში - მთელი საგანძური - კვირის პალიტრა

ყოველკვირა ერთი წიგნი, ერთ წელიწადში - მთელი საგანძური

ამას წინათ მეგობარი ვნახე, მომენატრა და მივედი. კარი გაღებული არ ჰქონდა, ნახევრად ცარიელი წიგნის თაროები მომხვდა თვალში, შესასვლელში რომ ჩამოეკიდა. რა კარგია, ახლა გააკეთებინე-მეთქი? - ვკითხე. ეჰო, ხელი ჩაიქნია და სასტუმრო ოთახისკენ გამიძღვა. მთელი საღამო ისე ვილაპარაკეთ, ერთ სპექტაკლში რომ არის, სულ "გახსოვს, გახსოვს?" ვეძახეთ ერთმანეთს...

- ეგ სამი თარო ახლა კი არა, რამდენი ხანია მაქვს. რამდენი წელია ვავსებ და ვერ შევავსე, ან რანაირად უნდა შემევსო? როცა ჩემი ნაშოვნი ფულით წიგნების ყიდვა მოვინდომე, ქვეყანაც მაშინ დაინგრა და დაიქცა თავის ქაღალდიან-წიგნიან-სტამბიანად. არ დამავიწყდება, იმ წლებში  ხშირად მიწევდა დიღომში გასვლა და ნერვები მაწყდებოდა, მრავალსართულიან სტამბას რომ გავხედავდი. ჯერ მინები ამოაცალეს, მერე ფანჯრის ჩარჩოები, მერე დაზგები წაიღეს და ჯართში ჩააბარეს, შენობაც გაიყიდა და ჩემი ოცნებაც გაქრა, ამ სტამბაში დაბეჭდილი "ქართული მწერლობის" 30-ტომეული მქონოდა. არადა, რა წვალებით გვქონდა ნაშოვნი ამ წიგნების ტალონი - ამაზე უკეთესს ხომ ვერაფერს შეიტან ოჯახში! მერე ვიღაცებმა კი გააგრძელეს შეწყვეტილი ტომების ბეჭდვა, მაგრამ ჩვენ რა? ჯერ სულ თითზე ჩამოსათვლელი ეგზემპლარი დაბეჭდეს და თანაც ვიღას ჰქონდა წიგნის ყიდვის თავი, მხოლოდ რამდენიმე ბედნიერს, -  ასე დაასრულა გაბრაზებულმა.

- რას იზამ, ჩემო კარგო, როგორმე უნდა შევეგუოთ, რომ წიგნის თაროები ცარიელი დაგვრჩა და შვილები სრულად ვეღარ წაიკითხავენ ქართულ მწერლობას, ისინი კიდევ თავის შვილებს ვერ წაუკითხავენ-მეთქი...

ასე კი ვუთხარი, მაგრამ როგორია ამასთან შეგუება?!

რამდენიმე დღის შემდეგ იმ მეგობარმა დამირეკა, ცოტა ხნის წინ რომ ვესტუმრე. აღელვებული მეჩვენა: "კვირის პალიტრაში" წავიკითხე, თურმე ჟურნალ "გზასთან" ერთად ქართული რჩეული პროზის ტომების შეძენას შევძლებ, თან ძალიან იაფად და გეხვეწები, მითხარი, წიგნი რა ეღირებაო?

- ფასი მეც სულ ახლახან შევიტყვე და შენც გაგახარებ, - ვუთხარი, - თითო წიგნი დაახლოებით 300-გვერდიანია და 3 ლარი ეღირება! აბა, შენ იცი, ყურადღებით იყავი, არც ერთი ტომი არ გამოგრჩეს-მეთქი.

იმ დღეს სამსახურში წასვლამდე წიგნის მაღაზიაში შევიარე. გამიხარდა, ძველი ნაცნობი რომ დავინახე, 12 წლის ანანო და ხუთი წლის ლიკა ახლდნენ. ანანო წიგნებს ათვალიერებდა და ჩემდა გასაკვირად, ყიდვას არ ითხოვდა, ლიკა კი წიგნების თაროების ქვეშ შემძვრალიყო, სანამ ცხოველებზე წიგნს არ მიყიდი, არ გამოვალო. ძლივს გამოვიყვანეთ. დედამისმა, თხოვნას აზრი არა აქვს, რაც ფული მქონდა, უკვე ვუყიდე წიგნებიო. მერე მითხრა, "პალიტრა L "-ისა და "გზის" პროექტის შესახებ მითხრა მეუღლემ, ეს რა კარგი რამ წამოგიწყიათ, საAშვილიშვილო საქმე გაკეთდება, წიგნი დაგვიბრუნდება და ჩვენი შვილები მართლაც "საგანძურს" ეზიარებიანო.

"ქართული პროზის საგანძურის" პრეზენტაცია 4 მარტს 16 საათზე გაიმართება ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში და თუ მოხვალ, კიდევ ერთ ლამაზ დღეს ეზიარები-მეთქი. სიაMმოვნებითო, მერე ანანოს მიუბრუნდა, ამ ოთხშაბათს გურამ დოჩანაშვილის წიგნის პრეზენტაცია იქნება და ჟურნალ "გზასთან" ერთად გიყიდიო! ეგ ვინ არისო, - ჰკითხა ანანომ.

ვინა და, "წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ", - აი, ასე რომ წერს-მეთქი, ვუთხარი.

- რააა?

- რა და, ამ ოთხშაბათს როცა პრეზენტაცია იქნება, დედას წამოჰყევი და გაიცნობ, ვინც არის.

- მართლა? - გაუხარდა ანანოს და მეც ვუთხარი, აუცილებლად მოგეწონება, როცა მის წიგნებს წაიკითხავ, კიდევ უფრო მეტად. მერე სხვა კარგ მწერლებსაც გაიცნობ და "გზასთან" ერთად იმათ წიგნებსაც იყიდით-მეთქი. ხომ უყიდი, ნინო? - ვკითხე ჩემს ნაცნობს. მეტ სიმდიდრეს რას დავუტოვებ შვილებსო და წავიდნენ... და მე კიდევ დიდხანს ვფიქრობდი, რამდენი ადამიანის გულს გაახარებს ყოველ ხუთშაბათს "გზასთან" ერთად დიდი მწერლების ნაწარმოებების შეძენა.

P.S. ჰოდა, დავიწყოთ გურამ დოჩანაშვილის "ჭიქით" ("სამოსელი პირველის" ჭიქაზე ვამბობ): წყაროდან ნუ წამოვიღებთ, უბრალოდ, ავიღოთ, შევავსოთ ცოდნით და დავეწაფოთ. ამ ცოდნას ერთი წლის განმავლობაში ჟურნალი "გზა" და "პალიტრა  L" თავიანთი გამოცემული წიგნებით მოგვაწვდიან. წყურვილის მოკვლა ჯერ ქართველი მწერლებიდან დავიწყოთ და  მერე სხვაც იქნება. იმ სხვაზე მერე მოგითხრობთ...