ძაღლის დამარხვის მომსახურებაში კატაფალკაც შევა?
19-10-2015
ძაღლის დამარხვის მომსახურებაში კატაფალკაც შევა?
თბილისში, აფრიკის ტერიტორიაზე, ძაღლ­ების სასაფლაო გაიხსნება.

ეს ახალი ამბავი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელსაც ძაღლების ობელისკები ნაკლებად წარმოუდგენია. მით უფრო, იმის ფონზე, რომ სულ უფრო მატულობს უპატრონო­ მიცვალებულთა რიცხვი, რომელთაც სასახლის გამკეთებელიც არავინ ჰყავთ...

სანამ სასაფლაოზე ვისაუბრებდეთ, ისიც გავიხ­სენოთ, რომ შინაური ცხოველებისთვის (ვისაც მზრუნველი პატრონი ჰყავს), უამრავი თავშესაფარი და სასტუმრო კეთ­დება. დიახ, სასტუმრო! აპარტამენტებით, სადაც მიბარებულ ძაღლში პატრონი დღეში 20 ლარს იხდის. ზოგ სასტუმროს ზოომაღაზია, სილამაზის სალონი და ლეკვებისთვის ბაღი და
სკოლაც აქვს. მოკლედ, იქ "ადამიანურად" ცხოვრების ყველა პირობაა, თუმცა ერთი განსხვავებით, - ამ სასტუმროების უმეტესობაში, ძაღლების გარდა, ცხვირს არავის აყოფინებენ. მათ შორის, არც ჟურნალისტებს, რასაც ცხოველების პატრონები ამგვარად ხსნიან...

ნონა ჭყონია: - ჩემი მეტისი ბავშვივით გამოვზარდე, ის ყველაზე ლამაზი "გოგოა". როცა დედა გარდამეცვალა, იძულებული გავხდი,
რამდენიმე ღამე სასტუმროში მომეთავსებინა. ამისთვის ბევრი ფული გადავიხადე - დღე-ღამეში 20 ლარი. წამოსაყვანად რომ მივედი, ისე ურეაქციოდ შემხვდა, მაშინვე მივხვდი, დამამშვ­იდებელი ჰქონდა დალეული. აბა, როგორ წარმოვიდგინო, რომ ჩემი ძაღლისთვის ეს ბუნებრივი ემოცია იყო, როცა ყოველ საღ­ამოს, როცა შინ მივდივარ, სიხარულით აღარ იცის, რა ქნას... აი, ამიტომაც არ ახედებენ პატრონებს სასტუმროებში, ფულს იღებენ და ძაღლებს დამადებილებელი წამლებით ჭყეპენ.

ამის მიუხედავად, ასეთი სასტუმრ­ოების ფასი დღითი დღე იზრდება, პარალელურად იზრდება ცხოველთა მომსახურების ფასიც. მაგალითად, ძაღლების გრუმინგი (გაკრეჭა) 50 ლარი ღირს, მაგრამ თუკი პატრონმა ძაღლის დაბანაც მოისურვა, მაშინ ფასი 60 ლარამდე იზრდება.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი თეიმურაზ ფხალაძე: "აქამდე თბილისში ძაღლების დასამარხად მხოლოდ ერთი ადგილი არსებობდა - "ბეიკერის ორმო" ნორიოს ნაგავსაყრელზე. აბა, როგორია, როცა ძაღლი ოჯახის წევრივით გიყვარს, ადგე და ამ ორმოში ჩააგდო, ისიც ნაგავსაყრელზე, თანაც, მისი დაკრძალვისას იქ შესვლის­ უფლებას პატრონს­ არ აძლევენ. ჰოდა, გაჩნდა ალტერნატივა და ძალიანაც კარგი­. ძაღლების სასაფლაოები უცხოეთშიც­ ბევრგანაა!"

სასაფლაოს მოწყობა სარიტუალო სამსახურ "ჰერმესს" დაევალა. "ჰერმესის" დირექტორი მიხეილ ძაძამია: - "ჰერმესი" დაკრძალვას უწევს ორგანიზებას,­ შესაბამისად, ცხოველების დამარხვის ორგანიზებაც ჩვენ მოგვანდეს. რადგან ქალაქის­ შიდა რეზერვი იწურება, ცხოველების სასა­ფლაო გარეუბანში გაიხსნება - აფრიკის დასახლების ველზე. იქვეა უპატრონო მიცვალებულთა სასაფლაოც...

- მომსახურებაში რას გულისხმობთ, კატაფალკებსა და სატრანსპორტო მომსახურებას?
- საორგანიზაციო საკითხები ჯერ არ დაზუსტებულა. მომსახურებაში ყველაფერი შევა, რასაც პატრონები მოისურვებენ.

- მხოლოდ ძაღლები დაიკრძალებიან?

- როგორც ამბობენ, კატებიც.

- რა ფართობზე იქნება სასაფლაო?
- ესეც დასაზუსტებელია, ალბათ, ერთ ჰექტარზე...

- არ შეიძლება ძაღლების კრემაცია?
- ამასაც კანონმდებლობა სჭირდება. ჯერჯერობით ცხოველთა დამცველებმა ასე გადაწყვიტეს.

სენბერნარ "ბარის" მონუმენტი პარიზში, ძაღლების სასაფლაოს შესასვლელთან

დაკრძალვის ფასი ძაღლის წონით განისაზღვრება


სარიტუალო სამსახურის უფროსმა ძაღლების დაკრძალვის სავარაუდო ფასიც დაასახელა, - 60 კგ-მდე 50 ლარი, 60-ის ზევით - 80 ლარი. არ დაზუსტებულა რიტუალის სხვა დეტალებიც, რომელიც ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, სულ უფრო მრავალფეროვანი გახდება... სამუდამო გზა კი ცხოველებისთვისაც ერთია და მას ვერც ძაღლების საფლავზე დადგმული ძვირფასი მარმარილო შეცვლის.

ძაღლების სასაფლაო

ძაღლების პირველი სასაფლაო 1896 წელს აშშ-ის ქალაქ ჰარტსდეილში გაიხსნა. დღეისთვის ამერიკაში დარეგისტრირებულია 500-ზე მეტი მსგავსი ადგილი.

ძაღლების მეორე სასაფლაო საფრანგეთში, პარიზთან ახლოს, მდინარე სენის სანაპიროზე 1899 წელს გაიხსნა. ამ სასაფლაოზე 40 000 ძაღლია დასაფლავებული. 1900 წელს შესასვლელში დადგეს სენბერნარ "ბარის" მონუმენტი, რომელიც ლეგენდარული წმინდა ბერნარის მონასტერში ცხოვრობდა და 40 კაცი გადაარჩინა სიკვდილს.

არქეოლოგებმა უძველესი აცტეკური ძაღლების სამარხები მეხიკო-სითის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსის საძირკველშიც იპოვეს. ექსპერტების აზრით, ეს ძაღლების უძველესი სასაფლაოა მსოფლიოში. აცტეკებს სწამდათ, რომ მიცვალებულებს იმ ქვეყნად სწორედ ეს ცხოველები მიაცილებდნენ და იცავდნენ.

დავით
19 ოქტომბერი 2015 14:33
მერე თქვე რჯულძაღლებო ძაღლების და კატების ერთ სასაფლაოზე დაკრძალვა შეიძლება ??? ხომ აიკლებენ საიქიოს ყეფა-კნავილით და იქნება ერთი გნიასი !!! :)
BOBI BRAUNI
19 ოქტომბერი 2015 12:22
რატო ტო? ნიკორას საკალბასე აღარ იბარებს? თუ გლდანის საშაურმემ გაფიცვა გამოაცხადა....

რედაქტორის რჩევით